Archive for January, 2011


კუუუ… ანუ საქართველო… ანუ ქვეყანა შეზღუდული შესაძლებლობებით. შესაბამისად, ქვეყანა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. გადაადგილების შეზღუდვა არ იწვევს აზრისა თუ იდეის თავისუფალი მიმოსვლისა თუ მიმოცვლის შეფერხებას… ფიზიკური ბარიერი არაფერია, მთავარია ადამიანის მენტალური შეზღუდვა (შეგნებულად არ დავიწყებ ერთი ადგილის ტკეპნას – მედიის, სიტყვისა და აზრის თავისუფალი გამოხატვის შესახებ ჩივილს). რაში შეიძლება გამოიხატოს, ან გამოვლინდეს მენტალური ჩარჩო? შეიძლება თუ არა ადამიანის მენტალურ ჩარჩოს ქმნიდეს შეზღუდული არჩევანი (ან არჩევნის შეზღუდვა)? რა თქმა უნდა, შეიძლება.

შეიძლება თუ არა პროფესიული ერთფეროვნება მიანიშნებდეს ქვეყნის შეზღუდულ შესაძლებლობებზე და მის შეზღუდულ პოტენციალზე? რა თქმა უნდა, შეიძლება. საქართველო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქვეყანაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ამის დასტურია ქვეყანაში მხოლოდ ერთი პროფესიის პოპულარიზაცია, მისი პროპაგანდა და აგიტაცია მცირეწლოვან ბავშვებში და ამავე ბავშვების რესურსის გამოყენებით. რატომ უნდა იყოს საქართველოში ყველაზე პოპულარული პროფესია პოლიციელი? სტერეოტიპულად რომ მივუდგეთ, იმ ქვეყანაში, სადაც პოლიციელი ყველაზე პოპულარული პროფესიაა, ყველაზე არაპოპულარული უნდა იყოს კრიმინალი. ხომ ასეა? რა თქმა უნდა, ასეა და მადლობა ღმერთს და შსს-ს, რომ ასეა! რახანია ქუჩაში თამამად ტოვებენ მანქანებს სიგნალიზაციის გარეშე; არ ეშინიათ გვიან ღამით ქუჩაში გამოსვლა და სკვერში გასეირნება და ა.შ. და ა.შ.

ახლა ისიც ვიკითხოთ, ეს ყველაფერი იმიტომ ხომ არ ხდება, რომ საქართველოში პოლიციელი ყველაზე პოპულარული (ანუ მასობრივი) პროფესიაა? ალბათ! ესე იგი, ვერ ვართ სულ მთლად მოწოდების სიმაღლეზე, თუ ქვეყანაში წესრიგი დამოკიდებულია არა სამოქალაქო საზოგადოებაზე და მოქალაქეობრივ პოზიციაზე (ყოველთვის მიმაჩნდა, რომ იძულებითი კანონმორჩილება ადამიანზე ალიკაპისა და ხელბორკილის გაკეთებას ჰგავს), არამედ პოლიციელების რაოდენობაზე. ესე იგი, თუ სტაბილურობა დამოკიდებულია რაოდენობრივ და არა ხარისხობრივ ასპექტზე, გამოდის, რომ ერთი ზღუდავს მეორეს, ანუ ქვეყანა და საზოგადოება იმყოფება უწყვეტი იერიშისა და მისი შეკავების პროცესში!  გამოდის, რომ პოლიცია ასრულებს საზოგადოებისთვის თავისებური პრევენციული ქამრის ფუნქციას. ხომ ასეა? კი, ბატონო, ასეა და აქედან გამომდინარე პოლიციის აუცილებლობა ეჭვგარეშეა (პოლიციის აუცილებლობა როგორ უნდა უარყო, როდესაც კაცობრიობა ბაქტერიის აუცილებლობასაც კი არ უარყოფს. მაგრამ აქ ლაპარაკია თანაფარდობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში იმუნური სისტემა ქვეითდება… ქვეითდება საზოგადოების იმუნიტეტიც).

მაგრამ რატომ უნდა იყოს ქვეყანაში პოლიციელი ყველაზე, მოდურად რომ ვთქვათ, რეიტინგული პროფესია? რატომ? იმიტომ, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქვეყანაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ვცხოვრობთ? თუ იმიტომ, რომ საზოგადოების ერთი ნაწილი ალიკაპს უნდა ატარებდეს?

მისიონერი

Posted: January 30, 2011 in PR & more

Nokia – Connecting people, ანუ ვისაც არა აქვს ნოკია – ის ვეჩნად ადინოკია. ნოკია მსოფლიოში მობილური ტელეფონების ბაზრის 40% მეტს ფლობს… იმიტომ, რომ აკავშირებს! ლიდერია და თანაც კომუნიკაციებში პირველი. პირველობის პრინციპი განსაკუთრებით მაშინ არის მნიშვნელოვანი, როდესაც შენი ბრენდი პირველი დღიდანვე (1865 წლიდან) მისიონერის როლს ასრულებს მსოფლიოში. დღეს უკვე ყველამ იცის, რომ Nokia-მ თავისი საქმიანობა ქაღალდის გადამამუშავებელი ქარხნიდან დაიწყო. ნოკიამ დაიწყო ქაღალდის წარმოებით, რომელიც იყო და რჩება კომუნიკაციის ყველაზე ძველი და ამასთანავე უნივერსალური ფორმის – წერილის უცვლელი რესურსი. წერილიდან – ტელეფონამდე გზა დიდზე-დიდია და განსხვავებულიც, მაგრამ ნოკიას ბრენდის მთავარი გზა ყოველთვის იყო და რჩება კავშირი ადამიანებს შორის. რა პრიზმაშიც არ უნდა გაატარო, თომას გედის 4D ბრენდინგის თუ ბრენდინგის სხვა თეორიის პრიზმაში, Nokia არის ბრენდი, რომელიც ინარჩუნებს ლიდერობას არა მხოლოდ იმის ხარჯზე, რომ ეს სახელი ასოციირდება ხარისხიან მობილურებთან, არამედ პირველყოვლისა (განვმეორდები, მაგრამ ძალიან მომწონს და რა ვქნა) იმიტომ, რომ Nokia – connecting people. ამდენი იმისთვის კი არ დავწერე, რომ დეტალურად მოგითხროთ ნოკიას შექმნის, აღმავლობისა და წარმატებული მენეჯმენტის შესახებ. არა, იმიტომ გავილექსე, რომ პატარა ქვეყანაში, რომელსაც სულ რაღაც 3 მილიონით უფრო მეტი მოსახლეობა ჰყავს, შეიქმნა მსოფლიო ბრენდი (მგონი საკმარისი მოტივაციაა და სტიმულიც, რომ საქართველოშიც იფიქრონ ბრენდინგზე), რომელიც fortune-ს სტატისტიკით დღესაც მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ბრენდების ოცეულში შედის. ეს რას ნიშნავს თუ იცით? ეს ნიშნავს იმას, რომ ნოკია გასცდა როგორც ლოკალურ მასშტაბს, ისე ლოკალურ აზროვნებას. ფიქრობენ ლოკალურად (ანუ ფიქრობენ ჰელსინკში), მოქმედებენ გლობალურად (ანუ ყოველწლიურად 5 მილიარდამდე სუფთა მოგება). რამდენი ქართული “ბრენდი” გასცდა ლოკალურ ორღობეს? რამდენი ქართული “ბრენდი” გაივლის 4D ბრენდინგის Face control-ს? რამდენ ქართულ “ბრენდს” შეუძლია თავმომწონედ განაცხადოს, რომ ის ბრენდია, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით? ჩვენთან მისიონერები ჯერ არ ჩანან. აქ ჯერ კიდევ გამყიდველები ქადაგებენ!

გუშინ საინტერესო ნიუსი წავიკითხე – “აშშ-ში 2011 წლის თებერვლიდან აშშ-ის სახლმწიფო დეპარტამენტი ოფიციალური დოკუმენტებიდან სიტყვა “დედას” და “მამას” ამოიღებს. მათ ნაცვლად ოფიციალურ ანკეტებში სიტყვა “მშობელი №1” და “მშობელი № 2” ჩაიწერება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განმარტეს, რომ გენდერული იდენტიფიკაცია -“დედა” და “მამა”, თანამედროვე აშშ-ის რეალიებს არ ითვალისწინებს. აშშ-ში ერთსქესიანთა ოჯახები მომრავლდა. ამიტომ, შტატებში მიიჩნევენ, რომ ამერიკელთა მთელმა თაობამ იმის გამო, რომ მათ “ორი მამა” ჰყავთ, თავი დაზარალებულად არ უნდა იგრძნოს.”

ზუსტად ვერ გეტყვით, რა ვიტამინები აკლიათ ორგანიზმში იმ ადამიანებს, რომლებიც ასეთ კანონებს იღებენ, მაგრამ შემდეგი ნაბიჯი იქნება შვილებისთვის სრული თავისუფლების მინიჭება, რომელიც გამოიხატება იმაში, რომ ისინი სრულწლოვნების მიღწევის შემდეგ თავად აირჩევენ საკუთარ სახელს. ამით ერთხელ და სამუდამოდ იქნება უკუგდებული მონური პრინციპი, როდესაც ადამიანები იძულებულნი არიან სიკვდილამდე ატარონ სხვის მიერ შერჩეული სახელი! ა, ხო, სულ დამავიწყდა – “სრულწლოვნების” შესახებ კანონიც მოითხოვს გადახედვას და სრულწლოვნად ჩაითვლება ის ადამიანი, რომელიც სხვისი ზეგავლენისა და დაძალების გარეშე აღიარებს იმას, რომ მზად არის დაამყაროს სქესობრივი კავშირი ნებისმიერ პარტნიორთან! ეს სურათი ტყუილად კი არ მიდევს – ასეთი კანონები შეუძლიათ თავად გამოიყენონ და ისიც ქაღალდის დეფიციტის დროს! ეს რა ხდება? მე დავბერდი და არ მესმის თუ პირიქით, ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ვარ და ვერ გამიგია?

ამერიკაში სხვადასხვა კონფესიის მოძღვრები უკვე ღიად აღიარებენ საკუთარ არატრადიციულ ორიენტაციას და მაინც ინარჩუნებენ ამა თუ იმ ეკლესიაში ქადაგებისა და წირვის ჩატარების უფლებას. რამდენად მისაღებია მღვდილს მხრიდან საკუთარი უფლებების შენარჩუნება იმაზე აპელირებით, რომ “იმისათვის, რომ ექიმმა უმკურნალოს დაავადებულ პაციენტს ექიმს არ მოეთხოვება თავად იყოს ჯანმრთელი”? არ არის სწორი და მომკალი! ერთი სხეულს კურნავს, მეორე სულს და თუ სულიერად გახრწნილია ადამიანი, როგორ შეიძლება ის სამაგალითო გახდეს რწმენის საკითხებში? (და ამას ვერ უშველის დედ-მამის ჩანაცვლება დანომრილი მშობლებით)!

საქართველოში თუ ვინმეს მოუნდა მსგავსი “ლიბერალური” კანონების შემოღება, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს აშშ-ს ამა თუ იმ შტატისა თუ კონკრეტული ქალაქის კანონი. რისთვის? იმისთვის, რომ იცოდნენ, ვიზე არიან ორიენტირებულნი. თავს ვერ დავდებ, რომ ეს კანონები დღემდე მოქმედებენ, მაგრამ ჩემს TOP 20-ს მაინც გთავაზობთ:

  1. ოჰაიოს შტატში პოლიციელს აქვს უფლება უკბინოს ძაღლს მისი გაჩუმების მიზნით!
  2. ამავე შტატში ქალებს აკრძალული აქვთ ლაკირებული ფეხსაცმლის ტარება, რათა მამაკაცებმა არ დაინახონ მათი საცვალი და ამრიგად არ მოახდინონ მათი პროვოცირება!
  3. ორეგონში იკრძალება წყალქვეშ სტვენა!
  4. ილინოისში ქალი შეიძლება დააპატიმრონ მაღაზიში თუ მას გასახდელში შეტანილი აქვს ერთ ჯერზე ექვსი კაბა!
  5. ფლორიდაში კანონით სპილოს პარკირებისას უფრო მეტი უნდა გადაიხადოთ, ვიდრე ავტომობილის პარკირებისას (სიტი პარკი იქნებოდა ცამდე გახარებული)
  6. ტეხასში აკრძალულია სხვისი ძროხის წველა ან მასზე საღებავებით დახატვა!
  7. ტენესის შტატში ადამიანს აქვს იმის ჭამის უფლება, რასაც მოიგერიებს საკუთარი მანქანით! (აუფ, ჩვენთან რას გაიხარებდნენ, განსაკუთრებით ქალაქში, შუქნიშნებთან)
  8. პენსილვანიაში უკანონოდ ითვლება ერთ ბინაში 16 ქალის ერთად ცხოვრება, თუმცა კანონი დასაშვებს ხდის 120 მამაკაცის ერთად ცხოვრებას! (No comment)
  9. ნიუ-ჯერსიში უკანონოდ ითვლება პოლიციელისთვის “მტრულად” გახედვა!
  10. მინესოტაში თვითფრინავს ეკრძალება პარკში დაშვება! (ჯანდაბას, გამონაკლისი იქნება ავარიული დაშვება!)
  11. მასაჩუსეტში ქელეხში ადამიანს უფლება აქვს შეჭამოს მხოლოდ 3 სენდვიჩი! (აბა რა, ასეც უნდა. აბა ჩვენთან რომ შილა ფლავში ეძინებათ…)
  12. კონეკტიკუტში პოლიციას უფლება არა აქვს გაგაჩეროთ თუ თქვენ მიდიხართ ველოსიპეტით საათში 65 კილომეტრი სიჩქარით (და სულ რამდენს კრეფს?!)
  13. ინდიანაში კონსერვების გახსნა ცეცხლსასროლი იარაღით კანონით აკრძალულია (როცა ასეთი რამე თავში მოგდის ჩვეულებრივი გასახსნელიც კი არ უნდა მისცე ხელში)
  14. დელავერში უკანონობაა ლომბარდში საკუთარი პროტეზის ჩადება!
  15. დასავლეთ ვირჯინიაში მამაკაცს არ ეკრძალება ცხოველებთან სქესობრივი (?!) კავშირის დამყარება თუ მისი წონა არ აღემატება 18 კილოგრამს (არადა ჩვენთან კანონი კრძალავს! აი, მაგალითად, მახსოვს 90-იანებში ერთი გაასამართლეს მამლის გაუპატიურებაზე… სოფელში)
  16. ალაბამაში, ჯასპერის ოლქში მამაკაცს შეუძლია გალახოს საკუთარი ცოლი ჯოხით თუ ჯოხის დიამეტრი არ არის მამაკაცის ცერა თითის დიამეტრზე დიდი!
  17. არკანზასში მამაკაცს შეუძლია ცოლის ცემა მხოლოდ თვეში ერთხელ (რა კოშმარია! მხოლოდ ერთხელ?!)
  18. ბალტიმორში თეატრში ლომებთან ერთად მისვლა აკრძალულია (რამხელა დარტყმა იქნებოდა “საქართველოს ბანკის” კლიენტებისთვის)
  19. ოჰაიოში იკრძალება სათამაშო ავტომატების დადგმა ტუალეტებში! (აბა რა! არავითარი თამაში – მხოლოდ საქმე!)
  20. ნებრასკაში მამაკაცებს ეკრძალებათ მკერდის გაპარსვა (ღმერთმანი!)

როგორ გამოვიყენოთ ასეთი კანონები? ამის პასუხი ფოტოზეა!

მარიონეტები

Posted: January 25, 2011 in Social

რეალ ტვ – 19.01.2011

http://www.myvideo.ge/?video_id=1192867

ინტერვიუ

უნდა გამკაცრდეს თუ არა კანონი ნარკომანიის წინააღმდეგ? აქ საინტერესო უფრო ის არის, რასთან არის გაიგივებული ნარკომანია საზოგადოებაში და ხომ არ არის ეს გამყარებული სტერეოტიპების მეშვეობით საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების მცდელობა? გამკაცრდეს კანონი ნარკომანიის წინააღმდეგ – ანუ გამკაცრდეს ზომები მომხმარებლების წინააღმდეგ თუ გამსაღებლის წინააღმდეგ? რატომ არ ხდება თავად ამ გადაცემაში ამ ორი თვისებრივად განსხვავებული სტატუსის გამიჯნვა. მე თუ მკითხე ნარკორეალიზატორი უნდა ისჯებოდეს კანონის სრული სიმკაცრით და წამალდამოკიდებული?

ინტერვიუში ნეგატივის გასამძაფრებლად ხდებოდა გარკვეული სტერეოტიპული სახე-ხატების ჩართვა – „ნარკომანი“, რომელიც „ბაიანით“ იღებს „პუზირიდან“ „წამალს“. „ნარკომანი“, რომელიც ჯერ „პრიხოდშია“, მერე „ტასკაშია“, მერე კიდურების განგრენა ეწყება… აგრესიულად წიხლავს საკუთარ ბეგობარს… „კუტოკში“ ტრიალებს (ისინი ბევრნი არიან! უუუუუ, მოვიდა ბუა!) და „პადიეზდში“ ძმაკაცი „უკეთებს“ „ცენტრალკაში“ „ზახოდს“… რისთვის? იმისათვის, რომ შემცირდეს იმ მერყევი კონტინგენტის რაოდენობა, რომელსაც უჭირს პასუხის გაცემა „უნდა გამკაცრდეს თუ არა კანონი ნარკომანიის წინააღმდეგ?“ (თუ ნარკომანების?) და გაიზარდოს ინტერაქტივში ხისტი პოლიტიკის მომხრეთა უხმო „დიახ“, ანუ გაიზარდოს, როგორც რუსები ამბობენ, молчаливое большинство.

გადაცემამ, რომელიც ერთი შეხედვით თითქოს წამალდამოკიდებულთა ადვოკაციას ისახავდა მიზნად და შესავალიც შესაბამისი ქონდა „როგორ უნდა დავეხმაროთ მათ, რომ შესძლონ საკუთარი თავის რეაბილიტაცია საზოგადოებაში?“, მოსალოდნელი ვექტორი მიიღო.

Knockdown

კითხვა: რა შეიძლება ჩაიდინოს ნარკომანმა ნარკოტიკების მოსაპოვებლად?

პასუხი: ყველაფერი!

მთავარი მესიჯი: ნარკომანი კრიმინალია – ნებისმიერი დამწყები კი პოტენციური ბოროტმოქმედი!

ქვეტექსტი: ნარკოტიკების გამო ნარკომანი ნებისმიერ დანაშაულს ჩაიდენს! გარდა ამისა, ის უღალატებს მეგობარს, უღალატებს ოჯახს, ის არასანდოა სამსახურში… მან შეიძლება უღალატოს ქვეყანასაც J სახელმწიფო პოლიტიკის მართლზომიერებაში ეჭვს ნუ შეიტანთ!

Knockout (KO)

კითხვა: თუ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ თქვენს კლინიკაში ნამკურნალები ადამიანი უკან მობრუნებულა თქვენთან?

პასუხი: კი…

მთავარი მესიჯი: ნარკომანია განუკურნებელი სენია – ნარკომანი განუკურნებელია!

ქვეტექსტი: კლინიკაში მათი მკურნალობა უმეტეს შემთხვევაში უშედეგოდ სრულდება და ისინი კვლავ დიდ საფრთხეს უქმნიან საზოგადოებას. საპატიმროში მოთავსებით სახელმწიფო ახდენს ამ საშიში დამნაშავეთა ჯგუფის იზოლირებას!

Split Decision

ჟურნალისტი – ანანო სირბილაძე: მოახდინდა და მოახერხა რეპრესიული და ხისტი პოლიტიკის მართლზომიერების ადვოკაცია.

რესპონდენტი – ზურა სიხარულიძე: მართალია ისიც ათქმევინეს, რაც გულით უნდოდა, მაგრამ ისიც გამოსძალეს, რაც უნდოდათ. შესაბამისად – Draw 114-114, ანუ სიხარულიძის ადვოკაციის შემდეგ მაყურებლის ერთი ნაწილისთვის მთავარი თემა იყო ნარკომანი, მეორისთვის – წამალდამოკიდებული (ანუ კრიმინალი – დაავადებული).

ასე ხდება საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება – როცა გამოკითხვა გაქვს „უნდა გამკაცრდეს თუ არა კანონი ნარკომანიის წინააღმდეგ?“ გჭირდება დანაშაულებრივი ასპექტის პედალირება.

(more…)

ტურისტები

Posted: January 23, 2011 in Garbage

ვერ იცანით? მოკლედ, გადამრევთ რა თქვენ! მართლა ვერ იცანით? ეს თითოეული ჩვენთაგანია – ქართველი ტურისტი, რომელიც ანვითარებს “შიდა ტურიზმს”. აღარ მახსოვს ზუსტად რომელმა ტელეარხმა გადასცა სიუჟეტი სვანეთში ახალი ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, თუმცა ზუსტად მახსოვს რესპონდენტების სტატუსი – ზუგდიდელი იყო თუ ბათუმელი, თბილისელი თუ ლანჩხუთელი, ტურისტის სტატუსი ყველას მოარგეს. დიახ, ჩვენ ყველანი სტუმრები ვყოფილვართ საკუთარ ქვეყანაში! ყველანი ვყოფილვართ ტურისტები!

ვის სურს და, გაცილებით საინტერესოა ალბათ, რატომ სურს, რომ ჩვენ თავი ვიგრძნოთ სტუმრებად? ქართლ-კა­ხე­თი, იმე­რე­თი, გუ­რია და სამ­გრე­ლო – ყვე­ლა ჩე­მი სამ­შობ­ლოა, საყ­ვა­რე­ლი სა­ქარ­თვე­ლო? ამის თქმის უფლება აღარ გვაქვს… ტურისტებს! ეს სიტყვები თვისებრივად სხვა ერს ეკუთვნის – მასპინძელ და არა მოსამსახურე ერს. გვაქვს თუ არა ამ ეტაპზე სრულიად საქართველოზე პრეტენზიების გამოთქმის თუნდაც მორალური უფლება? მედია ვითომ ტვინს არ აყოლებს რა შენელებული მოქმედების ნაღმს გვიდებს ფეხქვეშ, მაგრამ ჩვენ ხომ მშვენივრად ვაცნობიერებთ, რომ თუნდაც აფხაზეთში (და განსაკუთრებით აფხაზეთში) ჩასულმა აღარ უნდა განვაცხადოთ ამ მიწაზე ჩვენი “კანონიერი” უფლებების შესახებ, რადგან ადგილობრივები, ახალგაზრდები, რომლებსაც წლებია კვებავენ გესლიანი ფსევდოისტორიით “საქართველო – აფხაზეთის ასწლიანი ომი” აუცილებლად გვეტყვიან – “თქვენ აქ მხოლოდ სტუმრები ხართ! მორჩება ტურისტული სეზონი და დაახვევთ უკან!”

ტურიზმის განვითარება არა მხოლოდ პრიტორიტეტული, არამედ სპეკულაციური თემაც გახდა მათთვის, ვინც საკუთარი კეთილდღეობისთვის უადგილოდ აკეთებს აპელირებას ტურიზმის განვითარებაზე. მაგალითად, ქართველი კინემატოგრაფისტი – გიორგი კაჭარავაც აცხადებს უკვე, რომ მისი “ახალი მუსიკალური ფილმი ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას”… გამიშვით უკრაინაში, ან სადაც გნებავთ, ჩავალ, იმდენ პოტენციურ ტურისტს მოვიზიდავ და დავაორსულებ ამ იდეით… მერე ტურიზმის განვითარება თავისთავად მოხდება – ჩამოვლენ ხოლმე მოსანახულებლად. მეც მინდა შიდა ტურიზმის განვითარება! მოკლედ, იცოდეთ, ეს მე ვარ ამ ფოტოზე გამოსახული… და თქვენც… და თქვენი შვილებიც, რადგან იქ, სადაც ჩვენ ტურისტებს გვიწოდებენ სწორედ ასე უნდა ვიგრძნოთ თავი – უცხოდ!

ჩემი მეუღლე ელენე უნივერსალური დამგროვებელია, რომელსაც მგონი ყველა შესაძლებელი და საქართველოში არსებული დაგროვებითი ბარათი აქვს. ახალ წელს ამ ბარათების მფლობელის უპირატესობა აშკარა იყო – სასურველ საჩუქარს უფასოდ იძენდნენ. ამ მხრივ ყველაზე დიდ შესაძლებლობებს unicard-ის დაგროვებითი ბარათი იძლევა. დღეს მე და ელენე მაღაზია Delfos-ში შევედით, გვაინტერესებდა უნიქარდის ქულებით ჩვენთვის სასურველ ნივთს თუ შევიძენდით. შევედით, როგორც წესი და რიგია ყურადღება არავის მოუქცევია. გამყიდველი ჩვენს მისალმებას ელოდა (უკვე ნონსენსია), მაღალ ქუსლზე შემდგარმა ქედმაღალი მზერა გვესროლა (ჯინსი და სპორტული ქურქი მეცვა. აქ გამყიდველის ქართული სნობიზმი და ქაჯობა სრულად გამოჩნდა, იფიქრა – “ეს მხოლოდ დასათვალიერებლად თუ შემოვიდოდაო!”). მოკლედ, ვეკითხებით – უნიქარდის ქულებით შეიძლება თუ არა სამკაულის შეძენა? პასუხი მეტად შეურაცხმყოფელი იყო – მე რა ვიცი, მაგათ სერვის ცენტრი აქვთ, იქ მიბრძანდით და იქ გაარკვიეთ! Ok, ჩავყლაპე და განვაგრძე – 50 ლარიან სასაჩუქრე ბარათით რომელი სამკაულების შეძენა შეგვიძლია? Delfos-ის ორაკული მპასუხობს – მაგას რა მნიშვნელობა აქვს ახლა, ბარათი რომ გექნებათ მერე ნახავთ! Ok, მე ამტანი ვარ და ავიტანე, მაგრამ ელენეს ჰქონდა საყლაპავი მილი გადავსებული ამ შეურაცხყოფით და სათანადო პასუხი გასცა! თან მიანიშნა – სახე, სახე გაასწორეო! ამის საპასუხოდ გამყიდველმა, რომელმაც უნდა იცოდეს, რომ მომხმარებელი – მეფეა (მით უმეტეს სწორი მომხმარებელი, რომელიც შენ “მიდი! მოიტანე! გაინძერი! დღე რეზინის არ არის!” არ მოგმართავს) შეურაცხყოფილმა შემოგვიტია – ხალხნო, რა გჭირთ?! რა ხდება?! თქვენ თვითონ გაასწორეთ სახეო! არც დღეა რეზინის და არც ჩემი ნერვები! რა თქმა უნდა გავლანძღე… ხალხური სიტყვებით!

მორალი? არ ვიცი, შეგიტყვიათ თუ არა, რომ დაგროვებითი ბარათით საჩუქრის მიღება მეტად სათაკილოა? არა, მომხმარებლისთვის კი არა, გამყიდველისთვის, რომელიც მიიჩნევს, რომ რახან სასაჩუქრე ბარათით, ან ქულების სანაცვლოდ გსურს სამკაულის მიღება – ან ფული არ გაქვს და სრული მათხოვარი ხარ, ან გენანება! მე იმ პრინციპით ვთამაშობ, რომელსაც ისინი მთავაზობენ – ვხარჯავ, ვაგროვებ, ვხარჯავ, ვაგროვებ… ეს სათაკილოა? უნდა მრცხვენოდეს, რომ უნიქარდზე დაგროვილი 600-მდე ქულა მინდა გადავცვალო ამა თუ იმ საჩუქარზე 900-მდე ობიექტში? ასეთი აგდებული დამოკიდებულება მით უფრო დაუშვებელია გამყიდველის მხრიდან, რომ მე და ელენე შესაძლოა ვყოფილიყავით მისი კომპანიის მიერ დაქირაბებული ე.წ. იდუმალი მომხმარებლები, რომელსაც ევალება პერსონალის შეფასება სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით: თავაზიანობა, გარეგნობა, კომპეტენცია და ა.შ. Delfos – უმუშევარს დავტოვებდი თქვენს თანამშრომლებს! ამ კრიტერიუმებით ნულს ქვემოთ არის თქვენი თანამშრომლების “კომპეტენცია”!

გუშინ ვუყურებდი საზოგადოებრივი მაუწყებლის 8 საათიან საინფორმაციო გამოშვებას, რომელშიც ლაპარაკი იყო თითქმის ყველა ქართული ღვინის ბრენდის ერთი ბრენდის ქვეშ გაერთიანებაზე (ერთი სახელწოდება – ერთი ბრენდი = ერთი სტრატეგია = მონოპოლიზაცია?) და ვფიქრობდი – სად ჯანდაბაში მივდივართ? ვინ მიაწოდა ეს ბრწყინვალე იდეა სახელმწიფოს?

ეს ნიცშესეული ზეკაცის პრინციპების მიმდევრობა უკვე მანიად გვექცა და კაცმა არ იცის რისი მომტანი იქნება ეს გრძელვადიან პერსპექტივაში როგორც ქვეყნისთვის, ისე ეროვნული წარმოებისთვის. ერთიანი ბრენდი – ჰიბრიდი, მუტანტი, რომელმაც უნდა შთანთქოს ყველა დანარჩენი? ამას ვეუბნებით საკუთარ მწარმოებლებსა და მომხმარებლებს? მაშინ ისიც ვუთხრათ, რომ უნდა არსებობდეს მხოლოდ ერთი რასა, ერთი გენოტიპი. ასეთი ზედაპირული სტრატეგიული ხედვა არც დედა-ბრენდის და არც ქოლგა-ბრენდის ქვეშ გაერთიანების სურვილს ჰგავს. ეს უფრო ფაშისტური დამოკიდებულების მსგავსი მიდგომაა, რომელსაც, როგორც მედია იუწყება, ქართველ სპეციალისტებთან ერთად უცხოელი პროფესიონალებიც აყალიბებენ.

რუსეთში ქართული ღვინის ემბარგოს გამო ქართული ღვინისთვის ალტერნატიული ბაზრის ძიება წლებია მიმდინარეობს. ახლა თურმე ევროპაში და ამერიკაში უნდა გაიტანონ და ამისათვის ერთიანი სტრატეგია და ტაქტიკა შემუშავდება! სად ჯანდაბაში მივდივართ? ერთი (ერთიანი) ბრენდი? ვისი მეთვალყურეობის ქვეშ? ერთი პირის? სად ჯანდაბაში მივდივართ ასეთი მარკეტინგული ხედვითა და პიარ სტრატეგიით – კიდევ უფრო მძაფრი მონოპოლიზმისკენ, რომელიც საბოლოოდ მოშლის შიდა წარმოებას და უგულებელყოფს ჯანსაღი კონკურენციის პრინციპებს?

ჩვენ ისევ ცარიელ ნიშას ვეძებთ, მათ შორის მომხმარებლის გონებაში. არ ვიცი, რა პოზიციას იკავებს უცხოელი მომხმარებლის გონებაში ქართული ღვინო („ხვანჭკარა“, მაგალითად), მაგრამ ამა თუ იმ ბაზარზე ამა თუ იმ ქართულ ღვინოს, კონკრეტულ ბრენდს საკუთარი პოზიცია უკვე გააჩნია. მათ რას ვუშვებით? შენი გამოყავი, ჩემი უნდა შევყო? შეყო ხელი, ბატონებო, რა თქმა უნდა ხელი, რომელიც მხოლოდ იმ მიზნით არის გამართული, რომ უფრო კარგად ჩაეჭიდოს ბაზარსა და მომხმარებელს. ხოლო ერთიანი ბრენდის შექმნის იდეით შეპყრობილებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს დიდი მახეა, როდესაც გსურს იყო ყველაფერი და ყველასთვის. ერთიანი ბრენდი ტუალეტის ქაღალდის კატეგორიაშიც კი არ ყოფილა და არ არის და სად ჯანდაბაში მივდივართ ქართული ღვინის ერთიანი ბრენდის შექმნის კონცეფციით?