Archive for February, 2011

 

 

 

 

 

 

”გული+” ანუ ირაკლი ჩხიკვაძის კინოს კარდიოგრამა და შეზღუდული პასუხისმგებლობით სიყვარულის ნაკლი

”ვალენტინობის დღეზე ბევრი გოგო იჯდა…” იქ, სადაც მათ მიუჩინა ადგილი დაღვინებულმა თუ მეტ-ნაკლებად მოთვინიერებულმა ირაკლი ჩხიკვაძემ – ანუ კინოდარბაზში და ეცნობოდა მის შემოქმედებას. მისი ფილმის ”გული+” პრემიერა ვალენტინობის დღეზე გაიმართა, რაც ბედის ირონიად აღვიქვი (ვინც ირაკლი ჩხიკვაძის ადრეულ პოეზიას იცნობს, ჩემს ირონიასაც ადვილად აღიქვამს). ფილმი ”გული+” დაიწყო კარგად, შუაში მოიკოჭლა, ხოლო ფინალმა გამიბათილა დადებითი შთაბეჭდილება, როდესაც გაირკვა, რომ მთავარი პერსონაჟი ნიკა ცარიელია და შიგ მხოლოდ ის აქვს, რაც ჩხიკვაძის დრამატურგიამ განსაზღვრა…

კინოდარბაზიდან გამოსვლისას ორ რამეზე ვფიქრობდი. პირველი – ასე თუ გაგრძელდა, ”სანგუკოსაც” ის ბედი ელის, რაც ”ცენტრ-პოინტს” – აშენებდნენ სახლებს, რომლებსაც ვერ ყიდდნენ, (გადა)იღებენ ფილმებს, რომლებსაც ან ვერ გაყიდიან, ან არ ეყოლება მაყურებელი… და მეორე – ირაკლი ჩხიკვაძის ფილმი კი არ უნდა გაგრძელდეს, უნდა შემოკლდეს და მაშინ მეტ-ნაკლებად შეგვაწუხებს ”გული+” ტემპო-რიტმის ტახიკარდია. რაზეა ფილმი? ფილმი, ქართული სტერეოტიპული და ბრუტალური ენით რომ ვთქვათ იმაზეა, რომ ქალები ჯერ გვეტენებიან და მერე სულ იმას ფიქრობენ თუ სად შეგვტენონ მამაკაცებს ეს ჩვენი ყურდაღება. სად გვეტენებიან? ნუ, დავუშვათ გულში. და თუ უგულო ხარ? ნუ, მაშინ ჯიბეში! ჩხიკვაძის ფილმშიც ასეა – ეკა (რუსკა მაყაშვილი) ნიკას (გიორგი ყიფიანი) შარდენზე ხვდება. მერე რა, რომ ზამთარია, ”ნატახტარი” მათ გულებს ათბობს ალკოჰოლით და აახლოვებს ერთი ღამით; დილით ისინი ერთმანეთს შორდებიან, ოღონდ ერთი პირობით, რომელსაც ნიკას ულტიმატუმის სახით აცნობენ – ან ერთად ვართ სიკვდილამდე (ანუ სანამ ”ბილაინში” მუშაობ და კარგი ხელფასი გაქვს), ან მარტო ხარ სიკვდილამდე (ანუ სანამ სულს არ ამოგხდიან ჩემი ნათესავები).

ირაკლი ცხიკვაძე პოეტიც არის, ამიტომ მან ამ თავისებური დუელის სცენაში Product Placement-ის ”ორიგინალურ” ხერხს მიმართა და ნიკასა და ეკას შორის დიალოგში გაათამაშა ყავა ”ნესკაფეს” ბრენდი:

 

 

 

 

 

 

 

ეკა: ”მოგწონს ეს კაფე?”

ნიკა: ”რა ნესკაფე?”

ბარმენი: ”რას მიირთმევთ?”

ნიკა: ”ერთი ნესკაფე”

შეიძლება ითქვას, რომ ეს თანამედროვე ქართულ კინოში ყველაზე უმტკივნეულო Product Placement-ი იყო. მისასალმებელია ირაკლი ჩხიკვაძის სითამამე Product Placement-ისადმი, რომელიც არ წარმოადგენს მისთვის ავტორიტეტს: ბარმენი (გიო მგელაძე) შეკვეთილ ყავაში აფურთხებს და ისე აწვდის კლიენტს… ასე მოხდა ერთი სტერეოტიპული აზრის გამყარება (რომ ბარმენი არ უნდა გააბრაზო!) და ერთის – უარყოფა (რომ სპონსორი – მეფეა, ვინც იხდის, ის უკვეთავს). ვერ ვიტყვი, რომ ბრენდი ”ნესკაფე” ბედნიერი იქნებოდა ასეთი ჩანართით, მაგრამ სწორედ ასეთ მიდგომაში გამოჩნდა ირაკლი ჩხიკვაძის რეჟისორული დამოუკიდებლობა. ისე იმის ეჭვიც გამიჩნდა, იქნებ ამ ბრენდებმა მის ფილმში ფული არ ჩადესთქო… თუმცა, რა სისულელეა… ღმერთმანი!

გაშმაგებული ნათესავების თავდასხმა ნიკაზე საკმაოდ შთამბეჭდავი სცენაა (რომელშიც კვლავ Product Placement-ისადმი მსუბუქი ირონია ჩანს: თავზე ტომარაჩამოცმულ ნიკას გზადაგზა ერთჯერადი კოვზით ტენიან პირში რომელიღაცა ცნობილი ბრენდის ე.წ. სწრაფ კვებას, რომლის რეკლამებით ჩვენც გამოგვკვებეს, ან სიმბოლურად ”გვტენიან” პირში ყოველდღე). მოქმედება ვითარდება ზღაპრულ კოშკში, რომელშიც იტანჯებიან პოტენციური სასიძოები; სადაც ამათრახებენ ჯაჭვით მიბმულ ურჩ ბიჭებს; სადაც ბნელ ოთახში ჩასაფრებულა კობრასავით გესლიანი, ბოროტი და ავი პოტენციური სიდედრი… რომელიც აძალებს! რომელიც აიძულებს! რომელიც თუ ვერ შეგჭამს, დაგკბიჩავს და ისე გაგიშვებს! მოკლედ, ჩხიკვაძე ცდილობდა გაეშარჟა ქართული ”დაძალებისა და იძულების პრინციპით ცოლის შერთვა”, ანუ როგორც ეს თავში აღვნიშნეთ – ”შეტენვა” და გაემყარებინა მომავალ სასიძოებში სიდედრისადმი მოკრძალებული ზიზღი.

ამის შემდეგ ნიკა მეგობრის რეკომენდაციით შპს ”გული+”-ში მიდის, იმიჯმეიკერ დიმიტრისთან (ზაზა პაპუაშვილი) კონსულტაციაზე, რომლის ამოცანაა დააშოროს ნიკა ეკას აპრობირებული მეთოდით – თავი მოაბეზროს ყურადღებით (უყურადღებობიდან – ყურადღებამდე, ანუ უკიდურესი პასიურობიდან – უკიდურეს აქტიურობამდე), დაიყვანოს ეკა განებივრებიდან – გაბრაზებამდე! ამისათვის დიმიტრი პიარშიკებისა და იმიჯმეიკერებისაგან ანტიკრიზისულ გუნდს კრავს. გუნდი, რომელსაც ერთი საღი აზრი არ მოდის თავში, ალბათ, თავად საჭიროებს დახმარებას. ეს რა უნდა ყოფილიყო? ირაკლი ჩხიკვაძის სატირა ქართველ იმიჯმეიკერებზე? ქართველ პიარშიკებზე? შესაძლებელია ასეც იყოს. ყოველ შემთხვევაში ადამიანი, რომელიც თავის შეურაცხყოფილ და ”საცოლე-ნაშას” ნათესაობით დაშინებულ კლიენტს სახლში მისვლას და დებოშის მოწყობას ურჩევს, მართლაც რომ არ უნდა იყოს კარგი იმიჯმეიკერი და პიარშიკი.

სხვათა შორის, ანტიკრიზისული გუნდის ჩართვამდე თავად ფილმს არაფერი ეტყობოდა კრიზისის. კარგი ოპერატორული ნამუშევარი პირველივე კადრიდან აღვნიშნე. მომეწონა, რომ ოპერატორი სანდრო დარახველიძე კარგად იღებს მიზანში ნებისმიერ ობიექტს და იღებს ფილმს დასავლური კინოს მანერზე (გაი რიჩი, ტარანტინო და სხვები). თუმცა, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია თუ რას ან ვის იღებს სამიზნეში რეჟისორი… ფილმის შუა ნაწილიდან იწყება გარდატეხის პერიოდი, რომელმაც ნამდვილად არ გარდატეხა მაყურებლის პოზიცია ჩხიკვაძის სასარგებლოდ… ამაზე გამახსენდა ჩემი ბავშვობა. ბავშვობაში სროლა მიყვარდა. ხშირად დავდიოდი ტირში მეგობართან ერთად, რომელსაც მეტსახელად ”კასოის” ვეძახდი – ათიდან ცხრას აუცილებლად აცილებდა! მერე, ტირიდან გამოსვლის წინ, დადებდა ამ პისტოლეტს მაგიდაზე, ერთს ამოიოხრებდა ხოლმე გულიანად და მეტყოდა ”ჰაი პაუერი” ან ”ბერეტა” რომ მქონოდა დავასვამდი უეჭველი, ეს მაკაროვი მაგარი ”დიშოვი” იარაღიაო”… ხოდა, ერთი რამ მინდა ვიკითხო – სულ რომ 100 მილიონიანი ბიუჯეტი მოგცე ხელში, თუ ”კასოი” ხარ გაარტყამ შენს სამიზნე აუდიტორიას? No Comment!

”გული+”-ის მინუსები აკნინებენ ფილმის ღირებულებას და ეს მინუსები აუცილებლად უნდა აღინიშნოს:

მინუსი პირველი – კინოს ისეთი პატრიარქიც კი, როგორიც არის სპილბერგი, თანამედროვე კინოს კრიზისს კარგი სცენარების დეფიციტს უკავშირებს. თუ არ ვარგა კარკასი, კოსმეტიკური რემონტით ვითარებას ვერ გამოასწორებ. ჩხიკვაძის ფილმიც სუსტი დრამატურგიით სცოდავს, რომელშიც მეათეხარისხოვანი პერსონაჯების გამოხშირვა სიუჟეტის გამოჯანსაღების სავალდებულო პირობაა. მაგალითად, ბატონი დიმიტრის ანტიკრიზისული გუნდის ბჭობის სცენას საერთოდ ამოვიღებდი, რადგან ეს სცენა ანონიმური ალკოჰოლიკების ყრილობას უფრო ჰგავს, რომელზეც უეტიკეტო კონიაკის სმის გარდა არაფერს აკეთებენ! ეს სცენა არაფრისმთქმელია!

მინუსი მეორე – როდის მორჩება ქართულ კინოში კინოანეკდოტების ეპოქა? ერთჯერადი ფილმების ერა? ხარჯთეფექტურია თუ არა პროდიუსერისთვის ისეთ ფილმებში თანხის ინვესტირება, რომელიც მხოლოდ გაცინებს და ისიც მეგობრობის ხათრით, ერთჯერადად? სიცილი აახალგაზრდავებს და აჯანსაღებს ორგანიზმს, მაგრამ როდესაც მეორედ გაცინების სურვილი აღარ გიჩნდება, ეს არ უნდა იყოს პოზიტიური ნიშანი რეჟისორისთვის. არ უნდა იყოს მომგებიანი ისედაც პატარა და კონკურენტუუნარო ქართული კინოსთვის!

ირაკლი ჩხიკვაძის რეჟისორული ნიჭის პატივისცემის მიუხედავად მაინც უნდა აღვნიშნო, რომ იმ დროს ინტუიციამ უმტყუვნა, როდესაც ერთ-ერთ მთავარ როლზე ზაზა პაპუაშვილი დაამტკიცა. ვუყურებდი ბატონი დიმიტრის (ზაზა პაპუაშვილი) თეატრალურ მანერულობას და მივხვდი, რომ ზაზა პაპუაშვილის ადგილი მიტინგზე და ”საკანში” უფრო იყო, ვიდრე ამ ფილმში… იქ უფრო დამაჯერებელი იყო. არადა, მიყვარს ეს მსახიობი და გული მწყდება, რომ სტურუას ”ჰამლეტში” წარმოთქმული რიტორიკული სიტყვების To be or not to be-ს საპასუხოდ განაჩენივით უნდა წარმოვსთქვა – ამ ფილმში? ცალსახად NOT!

ფილმის ფინალში ზაზა პაპუაშვილი, ანუ თავისებური მისტერ ჰიტჩი (გახსოვთ უილ სმიტი ფილმში ”Hitch”?) იმ უგულო საზოგადოებას, რომელსაც მისი შპს ”გული+”-ის დახმარება სჭირდება, ბინტგადახვეულ შუა თითს აჩვენებს. შუა თითს აჩვენებს ყველა იმ მამრს, რომელიც ცვდება სხვის საწოლში! შუა თითს აჩვენებს ყველა იმ მანდილოსანსაც, რომელიც გაიცვითა მდიდარი ბიჭუნების ხელში… გიყვარდეთ ერთმანეთი შეზღუდული პასუხისმგებლობის გარეშე, ანუ შპს ”გული+” გარეშე!

 

Advertisements

PR Course

Posted: February 28, 2011 in PR & more

 

 

 

 

 

 

http://nbcenter.ge/mtavarze/32-pr-bbbbbyibbbbb.html ვიწყებ-თ ლექციებს 🙂

ჩემს მეგობარს კახა მაღრაძეს (ჯეპრა) დიდი მადლობა დახმარებისთვის, თორემ ლექციების კურსს ვერ მოვამზადებდი. კომპიუტერი გადამეწვა მთელი თავისი შიგთავსით 😦 და კიდევ კარგი საჭირო ნედლი მასალა მეგულებოდა, თორემ რა პრეზენტაციას გავმართავდი, კაცმა არ იცის. მოკლედ, მადლობა კახას და ახლა ორიოდე სიტყვა პიარ კურსის შესახებ, რომელიც განკუთვნილია დამწყები პიარ მენეჯერებისთვის, რომლებსაც პიარი მხოლოდ მედიასთან ურთიერთობა და პრეს-რელიზის მომზადება-დაგზავნა გონია. რას გთავაზობთ? ჩამოვყვეთ თემატურად:
1) რა არის PR
2) ეფექტური PR სამსახური
3) PR კამპანიის დაგეგმვა
4) შიდა კორპორატიული PR
5) PR – ურთიერთობა მედიასთან
6) PR – ფაბლისითი, იმიჯი, რეპუტაცია
7) PR – კრიზისული კომუნიკაციების ეფექტური მართვა
8) PR – სოციალური პასუხისმგებლობა
9) დადებითი და უარყოფითი სტერეოტიპები
10) შავი PR და პროპაგანდა
11) PR – ეფექტური კომუნიკაციები
რატომ მაინცდამაინც ეს თემები? უსარგებლო თემებს, განყენებულ და აბსტრაქტულ საკითხებს, რომლებსაც პრაქტიკაში ვერ გამოიყენებთ არ გთავაზობთ და მიმაჩნია, რომ არც არის სასურველი დამწყებ პიარ მენეჯერს თავზე მოგახვიოთ ისეთი თემები, როგორიც არის “პიარის ისტორია” (საიდან დავიწყო მერე, ეგვიპტიდან თუ საბერძნეთიდან? როდესაც ღმერთების ჩანაცვლებამ გამოიწვია საზოგადოებაში შეშფოთება და ამისათვის წარიმართა ანტიკრიზისული კომუნიკაცია? 🙂 ამიტომ ეს თემა გამოვრიცხე ისევე, როგორც “პიარის ეთიკა”, რაც ვფიქრობ არ განსხვავდება ნებისმიერი საღი და პატიოსანი პროფესიული ეთიკისაგან. მოკლედ, იმედია დაგაინტერესებთ, მე კი მაინტერესებს, რამდენად კარგად გავართმევ თავს თქვენთის ჩემი ცოდნის გადმოცემას. გისურვებთ წარმატებებს, საკუთარ თავსაც ვუსურვებ წარმატებას და შევხვდებით ლექციებზე

ნანკა კალატოზიშვილი – ჩემი და! ჩემი ტყუპისცალი! ჩემი უსაყვარლესი მსახიობი, რომელსაც არასოდეს ”ვეპადხალიმებოდი” და არც ახლა ”ვეპადხალიმები”. ნანკამ ეს მშვენივრად იცის, რადგან არასოდეს შევდივარ სპექტაკლის შემდეგ კულისებში თუ არ მომწონს სპექტაკლი… მე ჩემი და მიყვარს, ამიტომ არ ვეპირფერები, არ ვატყუებ. ნანკაზე 15 წუთით ადრე გავჩნდი და ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ჩემმა რეიტინგმა მის რეიტინგს ”გაუსწრო”… ყოველთვის ჩემზე მაღალი იყო – 1 სანტიმეტრით, ანუ ჩემთვის მისთვის ამ უმნიშვნელო 1 სანტიმეტრით გასწრებას პრესტიჟის გოლის გატანის ტოლფასი ჰქონდა…

ბავშვობა

პეციალურად ჩვენთვის კუსტარულად ორადგილიანი ”კალიასკა” დამზადდა. ხშირად ვათვალიერებდი სურათს, რომელზეც 24 წლის ახალგაზრდა ქალი ამ ”კალიასკით” გვატარებდა მე და ნანკას. დედაჩემი გამორჩეული დედა იყო გამორჩეული ”კალიასკით”… გვატარებდა ასე მთელი დღე, საღამოსკენ მამაჩემი მიგვიღებდა ხოლმე ესტაფეტასავით და გვიყვებოდა ზღაპრებს, ისტორიებს, რომლის შესახებ ბუნებრივია მხოლოდ გადმოცემით ვიცი. ღამით, ძილის წინ დედა დიაფილმებს გვიჩვენებდა… რახანია ამის კულტურა გაჰქრა და ბუნებრივიც არის, რომ თანამედროვე პატარებმა არაფერი იციან ორ კარს შუა კარადაზე გაჭიმულ ზეწარზე დიაფილმების ყურების ხიბლის შესახებ. მე და ნანკას კი ძალიან გვიყვარდა დიაფილმების ყურება. თან არაჩვეულებრივი მთხრობელი გვყავდა – დედაჩემი… თეთრ ზეწარზე გამოსახულების ზიარება შეიძლება თუ არა ნანკასთვის (და ჩემთვისაც) კინოსადმი სიყვარულის წინაპირობა ყოფილიყო? რატომაც არა. თეატრისაც, ალბათ… ოთახში შუქი ქრებოდა და იწყებოდა წარმოდგენა… ალბათ ამ ზღაპრულმა ატმოსფერომ განაპირობა ნანკას არჩევანი გამხდარიყო მსახიობი. პატარაობიდან გიჟდებოდა სპექტაკლებზე, რომლებსაც თვითონვე დგამდა და ბავშვურად, წარბშეკრული, ლოყების დაბერვითა და ბრაზიანი ხმით საყვედურობდა ოჯახის წევრებს დაგვიანებით მისვლას. რომ ვუყურებ სცენაზე დღესაც ეს მომენტები მახსენდება და ღიმილით აღვნიშნავ ხოლმე ჩემთვის, რომ ბედნიერია ადამიანი, რომლისთვისაც მისი ხელობა – ხელოვნებაა და პირიქით…

პრიცეპივით – ყველგან ერთად

ერთხელ ერთ გადაცემაში თითქმის იდიოტური კითხვა დაგვისვეს – ”როდის გააცნობიერეთ, რომ ტყუპები ხართ?”. კამერაზე თამაში ორივეს გვიყვარს, ამიტომ ლავირება მეტ-ნაკლებად მოვახერხეთ და ხუმრობა-ხუმრობაში თავი დავიძვრინეთ პათეტიკური და იდიოტური პასუხის მიცემისგან! ნანკა და მე მთელი ცხოვრება ერთად ვართ – ბაღში, სკოლაში, ინსტიტუტში… სკოლა რამდენიმეჯერ შევიცვალეთ. არ უყვარდათ ნანკა, არც მე ვუყვარდი. არც ნანკას უყვარდა ისინი, განსაკუთრებით ენატანია და ბაფთაგაკეთებული ბეჯითი გოგონები, რომლებიც დაზუთხული ფრაზებით მეტყველებდნენ გინდ სკოლაში და გინდაც სახლში. მოკლედ, ტყუპი ”პრიცეპივით” არის – სადაც შენ მიდიხარ, ისიც იქით იწევს.

მწვანე ტანკი
ინსტიტუტი მახსოვს ძალიან კარგად. ისიც კარგად მახსოვს, რომ ამ ინსტიტუში სიარული არ მიყვარდა და მხოლოდ გამოცდებზე მივდიოდი. ნანკა უფრო ხშირად დადიოდა, მსახიობობა გულით უნდოდა და ამიტომ თავის პირველ სპექტაკლში ”ქორწინება” მთელი გულით ითამაშა… და პირველი სერიოზული ტრამვაც მაშინ მიიღო. პარტნიორი თავზე დაეცა… აკრობატული ნომრის შესრულების დროს მსახიობმა წონასწორობა ვეღარ შეინარჩუნა და ნანკას დაეცა. კისრის მალები იმდენად დაუზიანა, რომ თვეზე მეტი ფიქსატორით დადიოდა… გიჟს ვგავდი, ფეხებს დავატეხავთქო – სულ ამას ვფიქრობდი, მერე ნანკას ძველი ფათერაკები მახსენდებოდა და მეცინებოდა. გამახსენდა, რომ ერთხელ ნანკა, დედაჩემი და მე კუკიის ძმათა სასაფლაოზე ავედით, მამის საფლავის დასალაგებლად. მე და დედაჩემი ნანკას წინ მივდიოდით, ვსაუბრობდით და ნანკა უკან ჩამოვიტოვეთ. სასაფლაოს შესასვლელთან მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ჟანგიანი ტანკი იდგა და მისი მწვანე ფერის ლულა ჭიშკრისკენ იყო მოტრიალებული… ნანკამ ჭიშკარში შემოსვლისას ტანკის ლულას თავი დაარტყა. ამის შემდეგ როგორ გინდა არ გაგეცინოს. როგორ გინდა თეატრში მიღებული კისრის ტრამვა უბრალო შემთხვევითობას დააბრალო. ხო, კიდევ იმის თქმა მინდოდა, რომ რამდენიმე თვის შემდეგ რომ ავედით სასაფლაოზე – ტანკის ლულა ვიღაცას ძირიანად წაუჭრია…

ამას ყველაფერს იმიტომ კი არ ვწერ, რომ ”სიმართლის დროში” არავინ მიმიწვია და აქ ვიხარჯები. უბრალოდ, ხანდახან არის მომენტი, როდესაც ვიღაცას გინდა გაუზიარო შენი მოგონებები და როგორც პრუსტი წერს ”მოგონება საგნებსა და ადამიანებზე და არა საგნები და ადამიანები, რომლებიც გაგონდება”… რომლებიც გენატრება და გიყვარს.

პ.ს. დღეს ნანკას ახალი გადაცემა Face Control უნდა გავიდეს ტელეეთერში… ბადურაშვილთან ერთად მიყავს მგონი… ძალიან მაინტერესებს რა გამოვიდა.

UNDERGROUND

Posted: February 15, 2011 in Garbage


გუშინ გმირთა მოედნის მიმდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავედი… აქამდე სულ მიკვირდა, რას დარბოდნენ გზაზე ქვეითები, ხოლო გაშმაგებული მძღოლები ალაგ-ალაგ რას ”კრეფდნენ” ამ კონტინგენტს კომპიუტერული ბონუსებივით. და მივხვდი… და აღარ მიკვირს… ტოტალური შიში, განსაკუთრებით საღამო ჟამს, რომ ვიღაცა გაგძარცვავს, ვიღაცა გაგლახავს და კიდევ ვიღაცას ორი თავი და ჭკუის ნასახი თუ არ ექნება ”პადზემკაში” გაგაუპატიურებს. გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში ერთი ნათურაც კი არ არის! აქა-იქ ამოგდებულია ქვების ფილები, რაც ე.წ. ქათმის სიბრმავით დაავადებულ ადამიანს კარგს არაფერს უქადის! და მივხვდი ერთ რამეს – ყველაფერი ფასადურია! გზა მათთვის კეთდება, ვინც მასზე ძვირადღირებული ჯიპებით დადის! ჩვენ კი აქ უნდა ვიაროთ – მიწისქვეშეთში, სადაც შარდის ნელსურნელება იკმევა, რომლითაც ამ კედლებზე იწერებოდა თანამედროვე საქართველოს ისტორია…კი, მიწისქვეშეთში უნდა იარო, ისედაც ყველა Underground-შია წასული.

 

 

 

 

 

 

 

 

იმისათვის, რომ უკეთ ჩავწვდეთ თბილისის ბრენდინგის მიმართულებით დაშვებულ შეცდომებს (რომელსაც ეძღვნება ეს კრიტიკული წერილი) და გავაცნობიეროთ თუ რაზე დგას და რას ეყრდნობა მისი კონცეფცია, გთავაზობთ მცირე ექსკურსს მარკეტინგული პოზიციონირებისა და ქალაქების ბრენდინგის მიმართულებით. მაშ ასე:
1965 წელს ამერიკელმა დიპლიმატმა ედმუნდ გალიომ პირველად გამოიყენა ტერმინი ”საჯარო დიპლომატია”, რომლითაც აღნიშნა სახელმწიფოს ძალისხმევა მოახდინოს ნაციონალური ინტერესების დაწინაურება სხვა ქვეყნებში ამ სახელმწიფოს მოსახლეობასთან ურთიერთკავშირის დამყარების გზით.

1990 წლით თარიღდება ტერიტორიის მარკეტინგისადმი მიძღვნილი პირველი კვლევები, რომელიც ეფუძნებოდა იმ მოსაზრებას, რომ ისევე როგორც კომპანიები, ტერიტორიებიც ყიდიან პროდუქტებსა და მომსახურებას, მათ შორის საინვესტიციო ობიექტები, ტურიზმი, შიდა წარმოების პროდუქტი და სხვა.

1993 წელს გამოიცა ფილიპ კოტლერის წიგნი ”ტერიტორიების მარკეტინგი: ქალაქებში, შტატებსა და ქვეყანაში ტურიზმისა და ინვესტიციების მოზიდვა”, რომელმაც ფაქტობრივად პირველმა და პირველად ჩამოაყალიბა მარკეტინგის როლი ტერიტორიის დაწინაურების პროცესში.

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების სერიის შემდეგ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილედ საჯარო დიპლომატიის საკითხებში დაინიშნა სარეკლამო სააგენტო Ogilvy & Mather-ის ხელმძღვანელი შარლოტა ბეარსი. მისი ამოცანა იყო აშშ-ს რებრენდინგი და მისი პოზიტიური იმიჯის შექმნა პირველ რიგში მუსლიმთა შორის. თუმცა 2003 წელს შარლოტა საკუთარი ნებით გადადგა თანამდებობიდან და ამით ხაზი გაუსვა საკუთარი მისიის წარუმატებლობას.

2002 წელს (ზოგი მონაცემით კი 1996 წელს) ბრენდინგის სპეციალისტმა საიმონ ანჰოლტმა პირველმა გამოიყენა ტერმინი ”ადგილის ბრენდინგი”, ხოლო ამის შემდეგ შეიმუშავა ტერიტორიების ბრენდინგის დივერსიფიცირებული, კომპლექსური მიდგომა, რომელიც კონტრასტში შედიოდა მანამდე არსებულ ვიწროსპეციალიზირებულ მიდგომებთან (რომელიც ფოკუსირებული იყო ტერიტორიის ბრენდინგის მხოლოდ ერთ ასპექტზე, მაგალითად ტურიზმზე). ანჰოლტმა ჩამოაყალიბა კონკურენტული იდენტურობის კონცეფცია, რომელიც ტერიტორიის ბრენდინგს ექვსი პარამეტრის მიხედვით გულისხმობს: ინფრასტრუქტურა, პოლიტიკური მდგომარეობა, ტურიზმი, ბიზნეს გარემო და საინვესტიციო პირობები, კულტურა და მოსახლეობა. ამ პარამეტრების მიხედვით საიმონ ენჰოლტი ყოველწლიურად იკვლევს ამა თუ იმ ქალაქის ბრენდის ინდექსს (City Brand Index – CBI) მთელს მსოფლიოში.

ხო, და რაც მთავარია, 2010 წელს განხორციელდა თბილისის ბრენდინგი. რიტორიკული კითხვა – რას უნდა ემსახურებოდეს თბილისის ბრენდინგი? წინათქმიდან გამომდინარე თბილისის ბრენდინგი უნდა ემსახურებოდეს ამ ქალაქის კონკურენტუნარიანობის გაზრდას სხვა ქალაქებთან მიმართებაში და, შესაბამისად, გარე ტურისტული ბაზრის თუნდაც უმნიშვნელო წილის მოპოვებას; გარდა ამისა, ის უნდა საუბრობდეს ქალაქის უნიკალურობაზე… თბილისის მარკეტინგული პოზიციონირება შეიმუშავა თომას გედმა და ნიჭიერმა და გამოცდილმა პროფესიონალებმა, რომლებსაც პირადად ვიცნობ. ერთ-ერთი მათგანი ნაწილობრივ მაინც იზიარებდა და ალბათ ახლაც იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ ტელერეკლამაში tbilisi city that loves you თომას გედთან ერთობლივად შემუშავებული სლოგანის ვულგარული პროფანაცია მოხდა. შემუშავებულმა სლოგანმა ”ქალაქი, რომელსაც უყვარხარ” (ანუ თბილისი – თბილი ქალაქია და ა.შ.) განიცადა ვულგარული პროფანაცია (ანუ კვაზიბრენდინგი) და სკანდალურად ცნობილ სარეკლამო რგოლში ჩვენ ვხედავთ, რომ ახლა უკვე tbilisi city that loves you, მხოლოდ და მხოლოდ იმას გულისხმობს, რომ თბილისი ქალაქია, სადაც ”დაგაკმაყოფილებენ”! დაააკმაყოფილებენ სტუმრის სექსუალურ მოთხოვნებს! ეს კი იმას ნიშნავს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველოს და ქართველების სტერეოტიპული ცნობადობით თამაშობენ – მაჩოების მთავარი ექსპორტიორი საბჭოთა რუსეთში, სტუმარ-მასპინძლობის შეუდარებელი მხარე, სადაც იციან კარგი სტუმრის დახვედრა და სტუმრის კარგად გაცილება. მოკლედ, იცნობდეთ – tbilisi city that loves you, ანუ ქალაქი სადაც ”დაგაკმაყოფილებენ”! (ა, ბატონო, ამის დამადასტურებელი არგუმენტი).

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტი, რომ რემინისცენცია თემაზე ”ო, მე აქ სადღაც დამაკმაყოფილეს!” (საძინებელში, მანქანის სალონში, აუზში, საკონფერენციო დარბაზში) უკვე იქცა ჩვენი დედაქალაქის მარკეტინგულ პოზიციონირებად სრულიად მსოფლიოში და განსაკუთრებით მის ინგლისურენოვან ნაწილში.

რუსეთში ამბობენ ”ჩემ ბოგატი, ტემ ი რადი”… ხოდა, ასეა ჩვენს შემთხვევაშიც? რითიც ვუმასპინძლდებით, ეს ის არის, რასაც ვერავინ წაგვართმევს? ანუ, რაც გვაბ(ად)ია იმით ვართ მდიდრები და იმას ვთავაზობთ? თბილისის ბრენდინგზე კიდევ ერთი რამ მახსენდება, რუსები ამბობენ – ”ბუდ ჩელოვეკომ სბოლშოი ბუკვოი”, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში გაუკუღმართებული ინტერპრეტაცია მოვუძებნეთ ამ ფრაზასაც და ამ რეკლამითაც იმას გავიძახით, რომ უნდა ”იყო კაცი დიდი ასოთი!”. საგონებელში ვარ ჩავარდნილი ამ სარეკლამო რგოლის ნახვის შემდეგ, რადგან ჩემთვის ახლაც ამოუხსნელ ამოცანად რჩება დედა-ქალაქის ბრენდინგი განისაზღვრება მოსახლეობის პოტენციალით… თუ პოტენციით?

აქვე მინდა წარმატებული ბრენდინგის რამდენიმე მაგალითი მოვიყვანო, რომელიც ძალიან მომწონს. ავიღოთ სამაგალითოდ ამსტერდამი.

ამსტერდამი უდაოდ კონტრასტების ქალაქია. კონტრასტული ქალაქის ბრენდინგის დროს შეიმუშავეს ეფექტური სლოგანი, გზავნილი, რომელიც ზუსტად ასახავს ამ ქალაქისა და ხალხის არსს – I Amsterdam (”მე ვარ ამსტერდამი”, ან კიდევ ”ამსტერდამი ვარ მე”). როგორც ვხედავთ, სლოგანი გულისხმობს, რომ ამსტერდამი არის ის ადამიანები, რომლებიც იქ ცხოვრობენ, მაგრამ ამასთან ისინიც მის ნაწილს წარმოადგენენ, რომლებიც ამსტერდამს დროებით სტუმრობენ… ” I Amsterdam ანუ გახდით ამ ქალაქის ნაწილი” – მე ეს შეთავაზება მაწყობს!

ნომერი მეორე – კოპენჰაგენი, ანუ COPENHagen, ღია ქალაქი – ღია ურთიერთობებისთვის.

რა თქმა უნდა, კოპენჰაგენი კონკურენციას ვერ გაგვიწევს ტურისტების სიყვარულში, მაგრამ ეს ქალაქი პოზიციონირებულია, როგორც ღია ქალაქი კავშირისთვის, ცვლილებებისთვის, შემწყნარებლობისთვის, განვითარებისთვის…

კულტურის სამინისტრო სავიზო რეჟიმს ამკაცრებს. პროკურატურის ბრძანებით კი ქვეყნის საზღვრის უკანონოდ გადალახვის ბრალდებით დაკავებულია ნიკალა ფიროსმანაშვილი. მიმდინარეობს მოკვლევა… ჩვენც მოვიკვლიეთ გადაცემა P.S.-ის გადაცემა, რომელშიც კარგად ჩანს, რომ დანაშაულის აღკვეთას ხელი შეუწყო აბსურდისტანის ექსპერტთა ჯგუფმა, რომელმაც კარგად გაითავისა, რომ ფოროსმანია თუ არ არის ფიროსმანი, ერთ შემთხვევაში სჯობს უარყო, მეორე შემთხვევაში კი დაადასტურო. ორივე შემთხვევაში კი რწმუნდები, რომ კაპიკია ჩვენი ექსპერტიზის ფასი!

ცრუ ნიკალა

3 წლის წინ ცნობილმა ჟურნალისტმა თომა ჩაგელიშვილმა, როგორც თვითონ ვარაუდობდა, ნიკო ფოროსმანაშვილის მანამდე უცნობი ნამუშევარი „მამალი და კრუხ-წიწილა“ იპოვა. კიდევ ერთი სენსაცია ჩაგელიშვილის ხელში, – ალბათ გაუელვა მას თავში და საკუთარი პოზიციის გასამყარებლად მიმართა ექსპერტებს, რომლებმაც ჟურნალისტს იმედი გაუცრუეს. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს 2008 წლის 4 აპრილის, # 16/08/963 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად „სურათი მამალი და კრუხ-წიწილა“ წარმოადგენს ნიკო ფიროსმანაშვილის მაღალმხატვრულ მიბაძვას.“

ამ დასკვნის შემდეგ თომა ჩაგელიშვილმა თავისი დოკუმენტური ფილმის გადაღება შეაჩერა, რადგან აბსოლუტურად უსაფუძვლო იყო კიდევ ერთი ასლის შესახებ ხმამაღალი სიუჟეტების მომზადება. ასეთივე წარმატებით ჩაგელიშვილს შეეძლო ყოველდღიურ რეჟიმში ფოროსმანის ასლებზე მრავალსერიანი ფილმის გადაღება. მაგრამ საინტერესოა ის, რომ ულტრაიისფერმა ანალიზმა და რენტგენმა მაშინ დადებითი შედეგი გამოიღო – ანუ მეცნიერებამ და ობიექტურმა ფაქტმა თქვა „კი, ფიროსმანია“, მაგრამ ექსპერტთა ჯგუფმა თქვა „არა, არ არის“… ყველამ კარგად ვიცით, რომ საქართველოში ნიკალას უცნობი ნამუშევრების ძიება ისეთივე მანიად გვექცა, როგორიც რუსეთში რომანოვების დინასტიის ერთადერთი ვითომდა გადარჩენილი წარმომადგენლის ანასტასიას ძებნა. მოკლედ, ვერ გადაიღო თომა ჩაგელიშვილმა კარგი სიუჟეტი, ვერ გაყიდა ქ-მა ნელი ლომიძემ ოჯახური რელიქვია კარგ ფასად!

ხელს (მო)ვაწერ, რასაც ჩაწერ

გადის სამი წელი და 2011 წლის 3 თებერვლის „კურიერის“ ეთერში ცხადდება: „ნიკო ფოროსმანის დღემდე უცნობი ტილო ქვეყნიდან გატანას გადაურჩა, „მამალი და კრუხ-წიწილა“ დამნაშავეთა ჯგუფმა კერძო კოლექციონერისაგან შეიძინა და მის საზღვარგარეთ გატანას გეგმავდა.“

ამ სიუჟეტის შემდეგ ყველაზე მეტად ნელი ლომიძე შემეცოდა, ფერწერული ტილოს კანონიერი მეპატრონე, მოტყუებული კოლექციონერი (არა დამნაშავეთა ჯგუფის, არამედ ექსპერტების მიერ) და დაზარელებული, რომელმაც კაპიკების ფასად გაყიდა ფიროსმანის მანამდე უცნობი ნახატი (არ არისო ფიროსმანი და გაყიდა ჩალის ფასად). როგორ შეიძლება ღვინის დაყენების პრინციპით ნიკალა 3 წლის მერე ფოროსმანად დამდგარიყო, ამის ყველაზე მრავლისმეტყველ განმარტებას კურიერში გვაძლევენ.

კურიერი: „შეიძლება ისე ყოფილიყო, რომ ეს შეცდომაა?“ (ანუ „იქნებ არ არის ნიკალა?“)

მაია ციციშვილი, კულტურის სამინისტროს საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე: „არ არის შეცდომა! მე დარწმუნებული ვარ, რომ არ არის შეცდომა!“

კურიერი: „რატომ?“ (აგაშენა ღმერთმა, მეც ეგ მაინტერესებს იმ ხალხისგან, ვინც ჯერ უარყოფს ხოლმე და შემდეგ აღიარებს)

მაია ციციშვილი, კულტურის სამინისტროს საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე: „იმიტომ, რომ… რა ვიცი, ისე მგონია, რომ რასაც ვკიდებთ ხელს, ის ძალიან კარგად ვიცით…“ (თქვენც აშენდით თქვენს ოჯახთან ერთად, მე კიდევ მეგონა, რომ ორგზის არაკომპეტენტურები იყავით თქვენი დასკვნით „ან კი ან არა“).

კურიერი: „იმის გამო, რომ თქვენ გეშინიათ, რომ ეს ასლი არ იყოს, არ აღიარებთ, რომ ორიგინალია? ასე გამოდის?“

მაია ციციშვილი, კულტურის სამინისტროს საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე: „არა, არა, არ იყო კარგი აქამდე კარგი, რაც აქამდე ვნახეთ და აი ეს არის ერთი გამორჩეული და ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ აი ახლა გამოგვაცხადებინა, რომ ეს ისაა“ (ქ-ნო მაია, ერთი და იგივე ნამუშევარზეა საუბარი! მაშინ არ იყო, ახლა გახდა?)

ამის შემდეგ კიდევ სამ უნიკალურ არგუმენტს ვისმენთ ე.წ. ექსპერტებისგან, რომლებმაც სრულად მოახდინეს საკუთარი კომპეტენციის, კვალიფიკაციის, კეთილსინდისიერებისა და ლოგიკის დისკრედიტაცია;

პირველი – „სჯობს ითქვას, რომ არის, ვიდრე არ იყოს, ვიდრე ითქვას, რომ არ არის და გავიდეს საქართველოდან.“ (ვისთვის სჯობს?)

მეორე – „მირჩევნია, რომ არ იყოს და ჩაიწეროს, რომ არის, ვიდრე აღმოჩნდეს ორიგინალი და ჩაიწეროს, რომ არ არის“ (თქვენ რა გირჩევნიათ ეგ გრამოფონშია! რას ქვია, „მირჩევნია“?!)

მესამე ნანა მანაგაძე, რესტავრატორი: „თუ მართლაც ფიროსმანია და ჩვენ ვიტყვით, რომ არ არის ფიროსმანი და გავა საზღვარგარეთ, ეს უფრო დიდი დანაშაულია მე ვფიქრობ. ვიდრე შეცდე რაღაცაში, ვთქვათ და ის დარჩეს საქართველოში“ (კარგით ახლა, გეყოფათ! ეს ნელი ლომიძეს ვკითხოთ, რა სჯობს – ფიროსმანი გაყიდოს თუ ასლი).

მიამიტი რომ ვიყო ამ პოსტს ავაგებდი მხოლოდ არაკომპეტენტური ექსპერტების კრიტიკაზე, მაგრამ გულწრფელად უნდა გითხრათ, რომ ისინი(ც) მეცოდებიან. მე ვფიქრობ, რომ მალე რომელიმე მათგანს ძაააააალიან შავი დღეები დაუდგება. და, აი, რატომ!

მოვლენების შემდგომი განვითარების ჩემისეული პროგნოზი:

1)      კუდიანებზე ნადირობა – კულტურის სამინისტროს ექსპერტთა შორის აღმოჩნდება ერთ-ერთი არაკეთილსინდისიერი და კორუმპირებული, რომელმაც თავის დროზე სოლიდური ანაზღაურების ფასად გააყალბა ექსპერტიზა რომელიმე ცნობილი მხატვრის ნამუშევარზე და განაცხადა, რომ ეს არის ასლი და არა ორიგინალი და ამის წყალობით ტილო წარმატებით იქნა გატანილი ქვეყნიდან! ის არ მოქმედებდა მარტო! გამოავლენენ დამნაშავეთა მთელ ჯგუფს, რომელთა შორის აუცილებლად აღმოჩნდება კულტურის სამინისტროს რომელიმე მაღალჩინოსანი!

2)      მადლობა ქ-ნ ნელის – ქ-ნ ნელი ლომიძეს დიდ მადლობას გადაუხდის საქართველოს პრეზიდენტი იმისათვის, რომ „ამდენი წელი ინახავდა ამ საუნჯეს, რომელიც მთელი ერს და მთელ ქვეყანას ეკუთვნის! ქ-ნი ნელი ექვთიმე თაყაიშვილს გზის ღირსეული გამგრძელებელია… ეს ნამუშევარი მუზეუმში უნდა ინახებოდეს!“ და ა.შ. და ა.შ. ანუ ლომიძის კანონიერი მოთხოვნა დაუბრუნონ მას ტილო, ავტომატურად შერაცხული იქნება ოპოზიციურ განწყობად! გვინდა ახლა ეს ჩვენ, ქალბატონო ნელი?

3)      სხვა? თქვენ რა ვერსია გაქვთ?

რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონებაჩლუნგი? ვარდების რევოლუციამდე არავინ ფიქრობდა პოლიციის იმიჯის გამყარებაზე კომპიუტერული თამაშების მეშვეობით. გუშინ კი შსს-ოს დაკვეთით შეიქმნა პირველი ქართული კომპიუტერული თამაში პოლიციაზე (თავის დროზე იყო ანონსირებული მისი სათაური – “პოლიცია”), რომელსაც მთელი გულით მივესალმები და ორივე თავისუფალი ხელით ვეგებები. აბა რა, როდემდე უნდა ყალიბდებოდნენ ჩვენი ბავშვები ვირტუალურ კრიმინალებად კომპიუტერულ ბოროტმოქმედთან გაიგივების გამო! სიმართლე ითქვას, სულ რომ არ მოგწონდეს ეს ხელისუფლება და უნდობლობას უცხადებდე პოლიციას, რატომ უნდა მოგწონდეს ის ფაქტი, რომ შენი ბავშვი ბანკს ძარცვავს, ადამიანს იტაცებს, დაქირავებით კლავს, გაურბის მანქანით პოლიციას და ა.შ. და ა.შ. ეს ყველაფერი ამორალურია, რა თქმა უნდა! ხო, მორალს რაც შეეხება, აღარ მახსოვს კომპიუტერული თამაშის სახელწოდება (გეიმერებმა მაპატიონ და გამახსენონ), მაგრამ უცხეოთში უფრო შორს წავიდნენ და შექმნეს კომპიუტერული თამაში, რომელშიც დაქირავებულ მკვლელს აკავებს პოლიცია, მაგრამ პირდება ყველა ცოდვის შენდობასა და გათავისუფლებას თუ ის მოკლავს მაფიის ყველა კლანის უფროსს. ანუ როგორც რუსები ამბობენ – Клин клином вышибают. ეს მორალურია? ნუ, კანონიერია თუ არა ამაზე დავა შეიძლება, მაგრამ კი – მორალურია თუ მორალი გამომდინარეობს პრინციპიდან Клин клином вышибают. ერთადერთი რაც გახარებს ასეთი სახის კომპიუტერული თამაშების შექმნაში პოლიციის თანამონაწილეობა გამორიცხულია…

ქვემოთ გთავაზობთ სიმულაციური თამაშის რამდენიმე პოსტერს, რომელიც მოვიძიე ინტერნეტით და საინტერესო იქნება ბავშვებისთვის 🙂