”უგულო” კავშირები

Posted: February 28, 2011 in Cinema

 

 

 

 

 

 

”გული+” ანუ ირაკლი ჩხიკვაძის კინოს კარდიოგრამა და შეზღუდული პასუხისმგებლობით სიყვარულის ნაკლი

”ვალენტინობის დღეზე ბევრი გოგო იჯდა…” იქ, სადაც მათ მიუჩინა ადგილი დაღვინებულმა თუ მეტ-ნაკლებად მოთვინიერებულმა ირაკლი ჩხიკვაძემ – ანუ კინოდარბაზში და ეცნობოდა მის შემოქმედებას. მისი ფილმის ”გული+” პრემიერა ვალენტინობის დღეზე გაიმართა, რაც ბედის ირონიად აღვიქვი (ვინც ირაკლი ჩხიკვაძის ადრეულ პოეზიას იცნობს, ჩემს ირონიასაც ადვილად აღიქვამს). ფილმი ”გული+” დაიწყო კარგად, შუაში მოიკოჭლა, ხოლო ფინალმა გამიბათილა დადებითი შთაბეჭდილება, როდესაც გაირკვა, რომ მთავარი პერსონაჟი ნიკა ცარიელია და შიგ მხოლოდ ის აქვს, რაც ჩხიკვაძის დრამატურგიამ განსაზღვრა…

კინოდარბაზიდან გამოსვლისას ორ რამეზე ვფიქრობდი. პირველი – ასე თუ გაგრძელდა, ”სანგუკოსაც” ის ბედი ელის, რაც ”ცენტრ-პოინტს” – აშენებდნენ სახლებს, რომლებსაც ვერ ყიდდნენ, (გადა)იღებენ ფილმებს, რომლებსაც ან ვერ გაყიდიან, ან არ ეყოლება მაყურებელი… და მეორე – ირაკლი ჩხიკვაძის ფილმი კი არ უნდა გაგრძელდეს, უნდა შემოკლდეს და მაშინ მეტ-ნაკლებად შეგვაწუხებს ”გული+” ტემპო-რიტმის ტახიკარდია. რაზეა ფილმი? ფილმი, ქართული სტერეოტიპული და ბრუტალური ენით რომ ვთქვათ იმაზეა, რომ ქალები ჯერ გვეტენებიან და მერე სულ იმას ფიქრობენ თუ სად შეგვტენონ მამაკაცებს ეს ჩვენი ყურდაღება. სად გვეტენებიან? ნუ, დავუშვათ გულში. და თუ უგულო ხარ? ნუ, მაშინ ჯიბეში! ჩხიკვაძის ფილმშიც ასეა – ეკა (რუსკა მაყაშვილი) ნიკას (გიორგი ყიფიანი) შარდენზე ხვდება. მერე რა, რომ ზამთარია, ”ნატახტარი” მათ გულებს ათბობს ალკოჰოლით და აახლოვებს ერთი ღამით; დილით ისინი ერთმანეთს შორდებიან, ოღონდ ერთი პირობით, რომელსაც ნიკას ულტიმატუმის სახით აცნობენ – ან ერთად ვართ სიკვდილამდე (ანუ სანამ ”ბილაინში” მუშაობ და კარგი ხელფასი გაქვს), ან მარტო ხარ სიკვდილამდე (ანუ სანამ სულს არ ამოგხდიან ჩემი ნათესავები).

ირაკლი ცხიკვაძე პოეტიც არის, ამიტომ მან ამ თავისებური დუელის სცენაში Product Placement-ის ”ორიგინალურ” ხერხს მიმართა და ნიკასა და ეკას შორის დიალოგში გაათამაშა ყავა ”ნესკაფეს” ბრენდი:

 

 

 

 

 

 

 

ეკა: ”მოგწონს ეს კაფე?”

ნიკა: ”რა ნესკაფე?”

ბარმენი: ”რას მიირთმევთ?”

ნიკა: ”ერთი ნესკაფე”

შეიძლება ითქვას, რომ ეს თანამედროვე ქართულ კინოში ყველაზე უმტკივნეულო Product Placement-ი იყო. მისასალმებელია ირაკლი ჩხიკვაძის სითამამე Product Placement-ისადმი, რომელიც არ წარმოადგენს მისთვის ავტორიტეტს: ბარმენი (გიო მგელაძე) შეკვეთილ ყავაში აფურთხებს და ისე აწვდის კლიენტს… ასე მოხდა ერთი სტერეოტიპული აზრის გამყარება (რომ ბარმენი არ უნდა გააბრაზო!) და ერთის – უარყოფა (რომ სპონსორი – მეფეა, ვინც იხდის, ის უკვეთავს). ვერ ვიტყვი, რომ ბრენდი ”ნესკაფე” ბედნიერი იქნებოდა ასეთი ჩანართით, მაგრამ სწორედ ასეთ მიდგომაში გამოჩნდა ირაკლი ჩხიკვაძის რეჟისორული დამოუკიდებლობა. ისე იმის ეჭვიც გამიჩნდა, იქნებ ამ ბრენდებმა მის ფილმში ფული არ ჩადესთქო… თუმცა, რა სისულელეა… ღმერთმანი!

გაშმაგებული ნათესავების თავდასხმა ნიკაზე საკმაოდ შთამბეჭდავი სცენაა (რომელშიც კვლავ Product Placement-ისადმი მსუბუქი ირონია ჩანს: თავზე ტომარაჩამოცმულ ნიკას გზადაგზა ერთჯერადი კოვზით ტენიან პირში რომელიღაცა ცნობილი ბრენდის ე.წ. სწრაფ კვებას, რომლის რეკლამებით ჩვენც გამოგვკვებეს, ან სიმბოლურად ”გვტენიან” პირში ყოველდღე). მოქმედება ვითარდება ზღაპრულ კოშკში, რომელშიც იტანჯებიან პოტენციური სასიძოები; სადაც ამათრახებენ ჯაჭვით მიბმულ ურჩ ბიჭებს; სადაც ბნელ ოთახში ჩასაფრებულა კობრასავით გესლიანი, ბოროტი და ავი პოტენციური სიდედრი… რომელიც აძალებს! რომელიც აიძულებს! რომელიც თუ ვერ შეგჭამს, დაგკბიჩავს და ისე გაგიშვებს! მოკლედ, ჩხიკვაძე ცდილობდა გაეშარჟა ქართული ”დაძალებისა და იძულების პრინციპით ცოლის შერთვა”, ანუ როგორც ეს თავში აღვნიშნეთ – ”შეტენვა” და გაემყარებინა მომავალ სასიძოებში სიდედრისადმი მოკრძალებული ზიზღი.

ამის შემდეგ ნიკა მეგობრის რეკომენდაციით შპს ”გული+”-ში მიდის, იმიჯმეიკერ დიმიტრისთან (ზაზა პაპუაშვილი) კონსულტაციაზე, რომლის ამოცანაა დააშოროს ნიკა ეკას აპრობირებული მეთოდით – თავი მოაბეზროს ყურადღებით (უყურადღებობიდან – ყურადღებამდე, ანუ უკიდურესი პასიურობიდან – უკიდურეს აქტიურობამდე), დაიყვანოს ეკა განებივრებიდან – გაბრაზებამდე! ამისათვის დიმიტრი პიარშიკებისა და იმიჯმეიკერებისაგან ანტიკრიზისულ გუნდს კრავს. გუნდი, რომელსაც ერთი საღი აზრი არ მოდის თავში, ალბათ, თავად საჭიროებს დახმარებას. ეს რა უნდა ყოფილიყო? ირაკლი ჩხიკვაძის სატირა ქართველ იმიჯმეიკერებზე? ქართველ პიარშიკებზე? შესაძლებელია ასეც იყოს. ყოველ შემთხვევაში ადამიანი, რომელიც თავის შეურაცხყოფილ და ”საცოლე-ნაშას” ნათესაობით დაშინებულ კლიენტს სახლში მისვლას და დებოშის მოწყობას ურჩევს, მართლაც რომ არ უნდა იყოს კარგი იმიჯმეიკერი და პიარშიკი.

სხვათა შორის, ანტიკრიზისული გუნდის ჩართვამდე თავად ფილმს არაფერი ეტყობოდა კრიზისის. კარგი ოპერატორული ნამუშევარი პირველივე კადრიდან აღვნიშნე. მომეწონა, რომ ოპერატორი სანდრო დარახველიძე კარგად იღებს მიზანში ნებისმიერ ობიექტს და იღებს ფილმს დასავლური კინოს მანერზე (გაი რიჩი, ტარანტინო და სხვები). თუმცა, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია თუ რას ან ვის იღებს სამიზნეში რეჟისორი… ფილმის შუა ნაწილიდან იწყება გარდატეხის პერიოდი, რომელმაც ნამდვილად არ გარდატეხა მაყურებლის პოზიცია ჩხიკვაძის სასარგებლოდ… ამაზე გამახსენდა ჩემი ბავშვობა. ბავშვობაში სროლა მიყვარდა. ხშირად დავდიოდი ტირში მეგობართან ერთად, რომელსაც მეტსახელად ”კასოის” ვეძახდი – ათიდან ცხრას აუცილებლად აცილებდა! მერე, ტირიდან გამოსვლის წინ, დადებდა ამ პისტოლეტს მაგიდაზე, ერთს ამოიოხრებდა ხოლმე გულიანად და მეტყოდა ”ჰაი პაუერი” ან ”ბერეტა” რომ მქონოდა დავასვამდი უეჭველი, ეს მაკაროვი მაგარი ”დიშოვი” იარაღიაო”… ხოდა, ერთი რამ მინდა ვიკითხო – სულ რომ 100 მილიონიანი ბიუჯეტი მოგცე ხელში, თუ ”კასოი” ხარ გაარტყამ შენს სამიზნე აუდიტორიას? No Comment!

”გული+”-ის მინუსები აკნინებენ ფილმის ღირებულებას და ეს მინუსები აუცილებლად უნდა აღინიშნოს:

მინუსი პირველი – კინოს ისეთი პატრიარქიც კი, როგორიც არის სპილბერგი, თანამედროვე კინოს კრიზისს კარგი სცენარების დეფიციტს უკავშირებს. თუ არ ვარგა კარკასი, კოსმეტიკური რემონტით ვითარებას ვერ გამოასწორებ. ჩხიკვაძის ფილმიც სუსტი დრამატურგიით სცოდავს, რომელშიც მეათეხარისხოვანი პერსონაჯების გამოხშირვა სიუჟეტის გამოჯანსაღების სავალდებულო პირობაა. მაგალითად, ბატონი დიმიტრის ანტიკრიზისული გუნდის ბჭობის სცენას საერთოდ ამოვიღებდი, რადგან ეს სცენა ანონიმური ალკოჰოლიკების ყრილობას უფრო ჰგავს, რომელზეც უეტიკეტო კონიაკის სმის გარდა არაფერს აკეთებენ! ეს სცენა არაფრისმთქმელია!

მინუსი მეორე – როდის მორჩება ქართულ კინოში კინოანეკდოტების ეპოქა? ერთჯერადი ფილმების ერა? ხარჯთეფექტურია თუ არა პროდიუსერისთვის ისეთ ფილმებში თანხის ინვესტირება, რომელიც მხოლოდ გაცინებს და ისიც მეგობრობის ხათრით, ერთჯერადად? სიცილი აახალგაზრდავებს და აჯანსაღებს ორგანიზმს, მაგრამ როდესაც მეორედ გაცინების სურვილი აღარ გიჩნდება, ეს არ უნდა იყოს პოზიტიური ნიშანი რეჟისორისთვის. არ უნდა იყოს მომგებიანი ისედაც პატარა და კონკურენტუუნარო ქართული კინოსთვის!

ირაკლი ჩხიკვაძის რეჟისორული ნიჭის პატივისცემის მიუხედავად მაინც უნდა აღვნიშნო, რომ იმ დროს ინტუიციამ უმტყუვნა, როდესაც ერთ-ერთ მთავარ როლზე ზაზა პაპუაშვილი დაამტკიცა. ვუყურებდი ბატონი დიმიტრის (ზაზა პაპუაშვილი) თეატრალურ მანერულობას და მივხვდი, რომ ზაზა პაპუაშვილის ადგილი მიტინგზე და ”საკანში” უფრო იყო, ვიდრე ამ ფილმში… იქ უფრო დამაჯერებელი იყო. არადა, მიყვარს ეს მსახიობი და გული მწყდება, რომ სტურუას ”ჰამლეტში” წარმოთქმული რიტორიკული სიტყვების To be or not to be-ს საპასუხოდ განაჩენივით უნდა წარმოვსთქვა – ამ ფილმში? ცალსახად NOT!

ფილმის ფინალში ზაზა პაპუაშვილი, ანუ თავისებური მისტერ ჰიტჩი (გახსოვთ უილ სმიტი ფილმში ”Hitch”?) იმ უგულო საზოგადოებას, რომელსაც მისი შპს ”გული+”-ის დახმარება სჭირდება, ბინტგადახვეულ შუა თითს აჩვენებს. შუა თითს აჩვენებს ყველა იმ მამრს, რომელიც ცვდება სხვის საწოლში! შუა თითს აჩვენებს ყველა იმ მანდილოსანსაც, რომელიც გაიცვითა მდიდარი ბიჭუნების ხელში… გიყვარდეთ ერთმანეთი შეზღუდული პასუხისმგებლობის გარეშე, ანუ შპს ”გული+” გარეშე!

 

Advertisements
Comments
  1. kalatozik says:

    ”ტაბულამ” გადამაგდო ამ რეცენზიის დაბეჭდვაზე. ღმერთმა შეუნდოს 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s