Archive for March, 2011

ფასადური კეთილდღეობისა და ბედნიერების შესახებ ერთი გადაცემა ვნახე, საკმაოდ ზედაპირული „ყოფილი ცოლების კლუბი“, რომელიც „მიჰყავს სამ ძლიერ და მშვენიერ წამყვანს – ია ფარულავას, სალომე გოგიაშვილს და ნუკი კოშკელიშვილს, რომლებმაც საკუთარი გამოცდილებით იციან, როგორ უნდა დაეხმარნონ სხვა ქალებს“. ია ფარულავა დიდი ხანია ეხმარება ასეთ ქალებს… ია ფარულავა იმავე ლიანდაგებზე დგას, რომელზეც იდგა 8 წლის წინ და ამტკიცებდა თავის გადაცემაში „ჩემი მშვენიერი ლედი“, რომ მთავარია ფასადური კეთილდღეობა – გარეგნობა და არა შინაგანი სილამაზე და ფსიქიკური გაწონასწორება. წარბების კორექციით შუბლის ძარღვს რომ ვერ გაასწორებ ეს ია ფარულავამაც უნდა იცოდეს, მაგრამ რას იზამ, იყოს როგორც არის. გუშინდელ გადაცემაში მთავარი სტუმარი ჰყავდათ მერამ სეფაშვილი, რომელიც ტიპური ქართველივით მოიქცა. ქმრისა და მამამთილის ძალადობის მსხვერპლს „მეჟდუ პროჩიმ“ მიმართა რესტორანში „მოდი ერთი, სანამ მოგვიტანენ, მომიყევი რა და როგორ…“ კი, ბატონო მერაბ, მერე გოჭის მწვადს მოიტანენ, ტარხუნას ლიმონათს, ცხელ შოთებს და აბა რა გასახსენებელი იქნება ამ ლხინში ჭირი და უბედურება. გუშინდელი გადაცემის ტელეგმირი ნამდვილი გმირი იყო – 6 ბავშვს ზრდის და დღედაღამ ქუჩას ჰგვის, ამით არჩენს ოჯახს! ამიტომ ცოტა ცინიკურიც კი იყო რომელიღაცა ბუტიკისა და ბრენდებით შეკაზმული ქალების პოზიციიდან ქართველი კონკიას უბედურებაზე ზედაპირული მსჯელობა.

„ყოფილი ცოლების კლუბით“ შთაგონებულმა გადავწყვიტე საკუთარი „საავტორაო“ გადაცემა გავაკეთო და ვინაიდან და რადგანაც „რუსთავი 2“-თან დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებს, სწორედ მათ შევთავაზო რეიტინგული გადაცემა „მიტოვებული ქმრების კლუბი“… ნუ, ამაზე ორიგინალური ჯერ ვერაფერი მოვიფიქრე, მთავარია კონცეფცია. კონცეფცია კი ასეთია, გადაცემას წაიყვანს ორი გაშორებული მამაკაცი და ერთიც აბსოლუტურად უმანკო იდეალისტი და პლატონური სიყვარულის მოტრფიალე ყმაწვილი, რომელიც შეასრულებს ბალანსისა თუ ბალასტის ფუნქციას… ეს უკანასკნელი საჭიროა იმისათვის, რომ აღვირახსნილმა მამაკაცებმა არ ანთხიონ მხოლოდ აგრესია და საჭირო დროსა და საჭირო ვითარებაში ყმაწვილმა განხმუხტოს ჰაერი და დეზოდორანტივით გააფრქვიოს სტუდიაში მოწოდება „მათ შორისაც არიან კარგები…“ მაგრამ, ყმაწვილი მაინც იქნება მკაცრი, თუმცა სამართლიანი; გადაცემა შეფასდება პროფესიონალი ფსიქოლოგის მიერ საფუძვლიანად და მიუკერძოებლად, რაოდენობრივი და თვისებრივი მაჩვენებლების მიხედვით: პროცენტული თანაფარდობა – რეალურ და სიმულაციურ ორგაზმებს შორის; პროცენტული თანაფარდობა – რეალურ ღალატსა და ეჭვიანობის, ანუ ღალატში ბრალის დადების შორის; პროცენტული თანაფარდობა – დარიცხულ ხელფასსა და სახლში, ან/და სახლამდე მიტანილ ხელფასს შორის… შესაბამისად, გამოიკვეთება ყოფილი ცოლის წასვლის მიზეზი…

ამის შემდეგ ტელეგმირისთვის შემუშავებული იქნება სარეაბილიტაციო პროგრამა, რომელიც „მაქსიმალურად სწრაფად“ მოახდენს ტელეგმირების გათავისუფლებას კომპლექსებისგან, ტრამვებისგან, სხვადასხვა ფობიებისგან. ისინი შეარჩევენ და ერთ ღამეს გაატარებენ თავის რჩეულ მანდილოსანთან (ღამის თევა და ძილისპირული – უფასოა, აქტიური ღამის ცხოვრება – ფასიანი, მაგრამ მუდმივ კლიენტებზე ვრცელდება ფასდაკლება). სარეაბილიტაციო პროგრამა ითვალისწინებს: მათ ჩაცმა-დახურვას, სამჯერად კვებას სიდედრთან („იმედი“ ყოლვეკვირეულად გადასცემს ტელეგმირებს 30 ლარიან სასურსათო ვაუჩერს, რომელსაც ისინი გადასცემენ თავისი სურვილის მიხედვით… ხოლო, აბა ის რა მამაკაცია, რომელსაც სიდედრის დასაქმების სურვილი არ აქვს), საკვალიფიკაციო უფასო ტრეინინგების გავლას „პენთაუზში“…

გადაცემაში მონაწილეობის მსურველებმა მოგვწერეთ, ან დაგვირეკეთ. შერჩევა მიმდინარეობს გასაუბრების საფუძველზე. კანდიდატის შერჩევისას გათვალისწინებული იქბნება შემდეგი გარემოებები: ერთხელ მაინც უნდა გაეგო ცოლისგან ფრაზა „ეზოც პატარა ქონია…“;

Advertisements

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

თავმჯდომარეს ბატონ ი. ქრისტესაშვილს ამავე

წუთისოფლის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების

თანამშრომლის გიორგი კალატოზიშვილის

 

გ     ა     ნ     ც     ხ     ა     დ     ე      ბ     ა

მოგეხსენებათ, მობილური ოპერატორები უზრუნველყოფენ უმაღლესი დონის კავშირს უმაღლეს დონეზე (იერარქიულად, ქვემოდან – ზემოთ). მართალია ეს ბოლო ხანი ჩვენი კავშირი შეფერხებით მიმდინარეობს, ხოლო გუშინ კი საერთოდ ვერ მოხერხდა – ავტომოპასუხე სულ იმას იმეორებდა, რომ რიგში ვიყავი 1.587.321 და მადლობას მიხდიდა მოთმინებისთვის, შემდეგ უცებ ითიშებოდა და ასე მთელი დღის განმავლობაში. ამიტომ, ვითვალისწინებ რა თქვენს დატვირთულ გრაფიკს, გადავდივარ პირდაპირ საქმეზე: მოგეხსენებათ, აფხაზეთი და შიდა ქართლი, საკუთრივ სამაჩაბლო დღეს საქართველოს იურისდიქციის მიღმა იმყოფებიან და იქ სრული განუკითხაობა სუფევს. დაუშვებელია ასეთ ვითარებაში მონოპოლისტი და თანაც ჩვენი მომხმარებლისადმი მტრულად განწყობილის რუსული კომპანია “ბილაინის” მონოპოლიის განმტკიცება.

მიგვაჩნია რა, რომ მარიამ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში დაუშვებელია პროტექციონიზმით სარგებლობდეს არაქართული კომპანია, გთხოვთ მიიღოთ შესაბამისი ზომები და დაუხშოთ საკომუნიკაციო წყარო! ჩვენს მიერ უკვე შემუშავდა რუსული კომპანიების მავნე ზეგავლენის შეკავებისა თუ შემცირების სტრატეგია, თავისებური პრევენციული ქამარი – “ბილაინის” აბონენტებთან მიმდინარეობს ინტენსიური საინფორმაციო კამპანია (გადმოდი “ბანზე” და სხვა), რომლის ამოცანაა გადმოვიყვანოთ ეს გზააბნეული მრევლი ე.წ. ნათელი ფერიდან (ეს არაფერია თუ არა კიდევ ერთი პროპაგანდა, რომელიც ემსახურება ამ უკიდურესად გაჭირვებულ სოციალურ-ეკონომიკური ფონის ვუალირებას) და დავაყენოთ ჭეშმარიტ გზაზე… ანუ ვუზრუნველვყოთ მათი კავშირი თქვენს სამყაროსთან.

პ.ს. არანაკლებ ამაზრზენია რუსული კომპანია “ლუკ-ოილის” თარეში საქართველოში. ეს ხომ ცინიზმია – მომხმარებელი იმ საწვავში იხდის ფულს, რომლითაც რუსული ტანკები შემოდიოდნენ ქვეყანაში! გთხოვთ გადაამისამართოთ ეს მეორე საჩივარი შესაბამის ინსტაციაში, ხოლო სავაჭრო პალატას მისწეროთ, რომ რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის ემბარგოს საპირწონედ აუცილებელია შიდა ბაზარზე რუსული პროდუქციის აღმოფხვრა, რუსული პროდუქტისთვის ბოიკოტის გამოცხადება.

ეკრანიზაცია – მე თუ მკითხავ, მშვენირი რამ არის. ერთის მხრივ, ის ახდენს მკითხველის ინტერესის სტიმულირებას ფილმისადმი, მეორეს მხრივ კი უღვივებს ინტერესს მაყურებელს წაიკითხოს ამავე სახელწოდების ნაწარმოები, ანუ პირველწყარო. ვერ გეტყვით, რამდენად ზრდის ქართული ნაწარმოების ეკრანიზაცია ამავე ნაწარმოების წაკითხვის სურვილს თანამედროვე ქართველ მაყურებელში (მით უმეტეს, რომ სტატისტიკა საკმაოდ საგანგაშო რიცხვს გვთავაზობს ზოგადად წიგნების კითხვასთან დაკავშირებით), მაგრამ ისიც ფაქტია, რომ თუ თანამედროვე ქართველი კინემატოგრაფისტები არ დაიწყებენ ამა თუ იმ ნაწარმოების ეკრანიზაციას, ვერასოდეს გავიგებთ და ვერ დავინახავთ რეალურ შედეგს. სხვათა შორის, ამაზე სჯა-ბაასი უკვე დიდი ხანია მიდის და წლებია გრძელდება – კარგი სცენარების დეფიციტის ფონზე რატომ არ მიმართავენ და იყენებენ რეჟისორები ლიტერატურულ მემკვიდრეობას.

როგორც მაყურებელს და თანაც ქართველ მაყურებელს, რომელსაც ქართული წიგნებიც კითხვაც მოსწონს, კინოეკრანებზე პიტერ ჯექსონის “ბეჭდების მბრძანებლის” (ტოლკიენის არაჩვეულებრივი ნაწარმოების ეკრანიზაცია) გამოჩენის შემდეგ მტანჯავს ფიქრი იმაზედ თუ რატომ არ ვთავაზობთ ჰოლივუდს შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაონის” ეკრანიზაციას? მესმის, თანამედროვე პოსტსაბჭოთა სივრცეში ხელოვან ხალხს, განსაკუთრებით კი კინემატოგრაფისტებს თავისი დაულაშქრავი მწვერვალები, ჯომოლუნგმა და K2 აქვთ – ბულგაკოვის “ოსტატი და მარგარიტა” და რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი”. გვერდიგვერდ იმიტომ ვაყენებ, რომ ორთივე ნაწარმოების ეკრანიზაცია რთულია. ამიტომაც ვერ ვხედავთ დღემდე ამ ლაშქრობისთვის გამზადებულ ღირსეულ ექსპედიციას. არადა, “ვეფხისტყაოსანზე” მაგარი ნაწარმოები მანახეთ ეკრანიზაციისთვის! პერსონაჟები, ნატურა, ბატალური სცენები, სიბრძნე, რომანტიკა, თავდადება… ტრა-ტა-ტა და ა.შ. და ა.შ. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ვიზუალური ეფექტების შესაძლებლობების გათვალისწინებით კი უნდა დაწერონ ქართველმა სცენარისტებმა ღირსეული (ან ღირებული) სცენარი… “ტიტანების ბრძოლა” მერე ნახეთ თქვენ, რომ გადააკვდება ერთმანეთს ეკრანიზაციის უფლების მოსაპოვებლად კამერონი, ჯექსონი, ანდერსონი და… შემომარტყით, გამომაფხიზლეთ, თორემ გავიჭერი ოლიმპისკენ… მოკლედ, ეკრანიზაცია მშვენიერი რამ არის.

აქვე მინდა დავდო რამდენიმე ნაწარმეობის ეკრანიზაციის პოსტერი, რომელზეც ლამის არის ვაფანატებ ისე მომწონს 🙂 აჯაბსანდალივით კი არის – ქართული, რუსული, ინგლისური ეკრანიზაცია და თითქოს გაუგებარია რა ნიშნით ვირჩევდი ეკრანიზაციას, მაგრამ დამერწმუნეთ – ნახეთ ეს ფილმები და აუცილებლად გაგიჩნდებათ ამავე სახელწოდების ნაწარმოების წაკითხვის სურვილი.

ბულგაკოვის “ძაღლის გული”-ს ეკრანიზაცია, ევსტიგნეევისა და კარცევის ძალიან მაგარი შესრულებით. სხვათა შორის რეჟისორი ვლადიმერ ბორტკო ბევრმა მაყურებელმა ამ ფილმით გაიცნო საბჭოთა კავშირში.

 

 

 

 

 

 

ნოდარ დუმბაძის “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” – კომედიის ანთოლოგიაში შევიყვანდი. ეს ის ნაწარმოებია, როდესაც უყურებ, იცინი და რწმუნდები, რომ გამოსახულება ტექსტუალურია. სამწუხაროდ იშვითად გამიგია, რომ კითხულობდნენ 😦

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ენტონი ბიორჯესის “მექანიკური ფორთოხალი”, სტენლი კუბრიკის შესრულებით. მალკოლმ მაკდაუელია – ღვთაებრივად ადამიანური, თამაშობს ღმერთივით დამიწებულ თუ მიწიერი ვნებებით შეპყრობილ ადამიანს.

მოგზაური ამ დღიურებს ინტერნეტში, ერთ-ერთ რუსულ ვებ-გვერდზე გადავეყარე. ზოგისთვის წარსული არც იარაა და არც ტკივილი. შესაბამისად, წარსულში დაბრუნება განუსაზღვრელ ბედნიერებასა და ტკბობას ანიჭებს. ამ ადამიანის განა მშურს, პირიქით, როგორც ილია ჭავჭავაძემ დაწერა “შურს ისა სწყინს და გულს უკლავს, სხვას ჩემზე მეტი რადა აქვსო. ნატვრა-კი პატიოსნური სურვილია, მეც ის შევიძინო, რაც სხვას შეუძენია, მისდა სიკეთემდე, ღირსებამდე მივაღწიოო. შური ვერ იტანს სხვისა ღირსებას, ნატვრა-კი შეჰხარის. შური ებრძვის ღირსებას, ნატვრა-კი ეტრფის.” კი არ მშურს, ვნატრობ – ნეტავ ასეთი ბედნიერი მოგზაური ვყოფილიყავი 🙂

ამ ფოტოზეა ნათქვამი – მწარე ტკბილად მოგაგონდესო

ხო, მოგონება. ჩვენ ყველანი ვმოგზაურობთ, ჩვენს მოგონებებში, წარსულში. აქ უვიზო რეჟიმი გვაქვს. თუმცა უვიზოდ ისინი არღვევენ წარმოსახვის საზღვრებს, რომლებიც ხანდახან ძალდატანებით გვაბრუნებენ წარსულში. აღარ მახსოვს, ვინ თქვა, მაგრამ ვიზიარებ დღესაც, რომ იარა ერთადერთი ნიშანია იმისა, რომ წარსული – რეალურია. ხოდა, დროის შეკავშირების რამდენი ნაკერი, რამდენი ფიზიკური თუ სულიერი იარა გვაქვს? ალბათ უამრავი. იარა… იარა, იარა და არ გადამიარა – იოტყვის ვიღაცა და მართალიც იქნება, არასოდეს გადაივლის. დრო კურნავს მხოლოდ ტკივილის ფიზიკურ გამოხატულებას. ვიცი, ბანალურია, ტრივიალური, ტრუიზმია და ა.შ. სიმართლე გითხრათ, სარკეში ვიყურები ხოლმე და გულწრფელად მიკვირს ის, რომ ისე მკვეთრად აღარ მეტყობა – გაფერმკრთალებულია, მაგრამ “შერეკილებში” როგორც ამბობენ – აქედან ვერ წაშლი…აქედან ვერ წაშლი მოგონებას ძველ პოლიციაზე, რომელიც ახსოვს ჩემს თაობას, მაპატიეთ და დაკითხვის არაადამიანური, მაგრამ უდაოდ ეფექტიანი მეთოდებით: კაკლის სატეხში “ყვერების” ჩადებით, ჭრაჭუნა კარში თითების მოყოლებით, მითიური დენის ტრყმით (ზოგისთვის მითიური იყო ორივე მნიშვნელობით – ქალაქში არ იყო დენი, ან არ ურტყამდა დენი და ნაკლებად სჯეროდა ამ მითების). მოკლედ, მიეცი ნიჭსა გზა ფართო… ძველი მილიცია კი ნიჭიერი იყო, ხოლო შსს-ს მთავარი სამმართველო კი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტივით იყო – სულ იმას იკვლევდნენ შეეძლო თუ არა ადამიანს ფრენა…

ახლა რომ დაიწყებენ ხოლმე პოლიციის ლანძღვა-გინებას, სულ ის დრო მახსენდება, როდესაც პოლიცია გვაგინებდა და ვერავინ იცავდა გაუპატიურებულ თავმოყვარეობას. კი, რა თქმა უნდა, იყვნენ კამიკაძეები-ც. მაგრამ ვის ახსოვს ისინი? მხოლოდ ციხეს, საკანს, რომლის კედლებზე, როგორც ადამიანის სხეულზე დამჩნეული იარა, ან სვირინგი იკითხება მათი სახელები. ახლა რომ პოლიციას ლანძღავენ და აგინებენ სულ იმას ვფიქრობ, რომ გასტროლიორები არიან და არასოდეს უცხოვრიათ საქართველოში. გახსოვთ 90-იანები? მე მახსოვს ძალიან კარგად. იმიტომ მახსოვს კარგად, რომ ზოგი იარა ახლაც კარგად მეტყობა, ზოგი ნაკლებად. მახსოვს გვიანი ღამე იყო, პლეხანოვზე მეგობრებთან ერთად ვსვამდი… პატარა ვიყავი, იქნებოდა ასე 95 წელი მგონი… გამომაცილეს მეტრომდე, მეტრო კი მაშინ ადრე იკეტებოდა, შუა გზაში ელექტროენერგია ითიშებოდა და გიწევდა ასე ლოდინი, სანამ გამოჩნდებოდა ნათელი გვირაბის ბოლოს. მოკლედ, გამომაცილეს, გადამკოცნეს, გზა დამილოცეს და წავიდნენ. მივედი მეტროს “მარჯანიშვილის” კართან, დავქაჩე – არ გაიღო. მივხვდი, რომ გვიანი იყო და უკვე დაკეტილი იყო. ერთი შევიკურთხე და უკვე გამოტრიალებას ვაპირებდი, რომ იქვე “ბუდკიდან” ხმა მომესმა “რას იგინები?! არაფერიათქო, – ვუპასუხე, – რაღაც ძალიან ადრე დაუკეტავთ-მეთქი. მერე გამომლანძღა და ხელი შემოვარტყი… ამ ხელს მერე სულ თავში ვირტყამდი, ნეტავ რა მინდოდათქო! იმანაც გამარტყა, წავბორძიკდი თუ არა საიდანღაც კიდევ ორი მოჩვენება გაჩნდა, მეცნენ, ხელი გამიკავეს და წამათრიეს განყოფილებაში (თუ არ ვცდები “6 ატდელში”).

მივედით, შევედით, დამსევს სკამზე და შემდეგ იმავე სკამზე ხელბორკილითაც მიმაბეს. მილიციის თარეშს იმ დროს ყველა შეჩვეული იყო, ამიტომ დიდად გავაპროტესტეთქო, ტყუილის თქმა იქნება ჩემი მხრიდან. ნუ, წუწუნი კი დავიწყე, მაგრამ აზრი? ერთმა სიგარეტს მოუკიდა, მიყურა, მიყურა, მერე მომიახლოვდა, სახე გამიკავა ორივე ხელით და სიგარეტი სახეზე დამადო და ღრმა ნაფასი დაარტყა. ოდესმე თუ დაგიწვავთ… არა, თუ ჩაგიწვავთ ხელზე რამე? შემთხვევით თუნდაც? დამწვარ ხორცს სუნი აქვს, რომელსაც ვერაფერს შეადარებ! გამორჩეული! დამწვარი ადამიანის სუნი, რომელიც ალბათ მხოლოდ მეომრებმა თუ იციან და ეცნობათ… აღარ მახსოვს ზუსტად – ერთხელ მარცხენა ლოყაზე ჩამაწვა და ორჯერ მარჯვენაზე თუ პირიქით, მაგრამ სარკეში რომ ვიყურები, მადლობა ღმერთს, რომ ეს იარა უფრო მახსოვს, ვიდრე მეტყობა. ასე ვიჯექი იმ სკამზე რამდენიმე საათი, მერე გამომიყვანეს და რატომღაც იმას ამბობდნენ, რომ საბურთალოზე უნდა გადავეყვანე. სანამ მანქანაში ჩამაგდებდნენ, ხელბორკილი შემხსნეს და როგორღაც გავექეცი… ჰაერში სროლის ხმა გავიგე და, იფიქრა გაჩერდებაო, მაგრამ მე ეგ უფრო მარათონელის სასტარტო გასროლად აღვიქვი 🙂 მეცინება, ისეთი ვირბინე, გლანდები ხელში მეკავა. არ ეცინებოდა ჩემს დებს, არც დედაჩემს გაეცინა… რა თქმა უნდა.

არსად გამისაჩივრებია. აზრი? იმ დროს არაფერს ჰქონდა აზრი! დღეს პოლიცია უფრო ლმობიერია. უფროთქო, ყველაფერი შედარებითია. უფროთქო, ვამბობ იმ ადამიანების გასაგონად, რომელსაც მილიცია იქნება თუ პოლიცია შესაკრებთა გადანაცვლებით არ ეცვლება მიყენებული ტკივილისა და დანაკლისის ჯამი. პოლიციის აპოლოგეტად არ გამოვდგები, არც ეს პოსტია მათი დიფირამბი, მაგრამ დღეს რამდენმა იცით საკუთარი სხეულისა და ხორცის სუნი?

ძველ ფაილებს ვქექავდი და აღმოვაჩინე 2009 წელს ნაჩქარევად (შეიძლება სახელდახელოდ შექმნილიც მოგეჩვენოთ) მომზადებული პროექტი “თბილისობა – ყველა ფერი ერთად”. ეს პროექტი განუხორციელებელი დარჩა. აღარ შეგვითავაზებია მისი განხორციელება და ფაქტობრივად “ჩავკალით” მისი მოწყობის სურვილი. იმ დროს, ვფიქრობდი, რომ ეს იდეები ორიგინალური თუ არა, ყოველ შემთხვევაში საინტერესო მაინც იქნებოდა როგორც პოტენციური კლიენტისთვის, ისე საზოგადოებისთვის. ახლა რას ვფიქრობ ამას არ გაგანდობთ 🙂 რომ გადავიკითხე, რაღაც ნამეტანი ბებერი მეგონა თავი 🙂 ახლა უფრო თამამ იდეებზე და ვიზუალზე გავაკეთებდი აქცენტს. ამ პროექტის არასრულ ფორმატს ვტვირთავ, აბა რა საინტერესოა ახლა, მაგალითად, ამის ბიუჯეტი და განხორციელების გზები თუ ვადები.

პროექტის აღწერა

პროექტის „თბილისობა – ყველა ფერი ერთად“ მართვის პერიოდი განისაზღვრება 3 დღით – პარასკევი / შაბათი / კვირა (დღეში – 2 აქტივობა). ჩამოთვლილი დღეები ფაქტობრივად 3 სხვადასხვა მიზნობრივ სეგმენტს მოიზიდავს – 5-12 წ. ბავშვებს / 18-20 წ. მოზარდებს / 30-50 წ. პირებს.

პროექტში აღწერილი აქტივობები არ მეორდება. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ფოტოგამოფენა, რომელიც სამი დღის განმავლობაში გაიმართება (გამოიფინება) წინასწარ შერჩეულ ადგილას. აქტივობათა უმრავლესობა გულისხმობს დინამიზმს და თანამონაწილეობას, რაც ნაწილობრივ უზრუნველყოფს დამსწრე საზოგადოების მაქსიმალურ ჩართულობას ღონისძიებებში და გამორიცხავს მათ პასიურ როლს (მაყურებელი). (კაცმა არ იცის, რას ვგულისხმობდი მაშინ ამით 🙂

პროექტი „თბილისობა – ყველა ფერი ერთად“ გულისხმობს „მეიდან ჯგუფის“ ერთი იდეის ირგვლივ გაერთიანებასა და ამ იდეის პოზიციონირებას. კერძოდ:

  • „თბილისი (თბილისობა) თბილი ქალაქია…“
  • სტერეოტიპის მსხვრევა – თბილისობა, პირველ ყოვლისა, არის ქალაქის დღე (დღეობა და არა ღრეობა) და, ესე იგი, დღესასწაული. დღესასწაული არა მხოლოდ თბილისელებისათვის, არამედ ყველა სტუმარისათვის, რომელიც ამ დღეს ეწვია ქალაქს.

აქტივობების აღწერა

1) FLASH MOB – „ჩვენ ვაფრენთ“

„ჩვენ ვაფრენთ“ – „მეიდან ჯგუფის“ საიმიჯო აქტივობა, რომელიც გულისხმობს სამიზნე აუდიტორიის (მომხმარებლის) მაქსიმალურ ჩართულობას თბილისობის დღეს Flash Mob-ის მეშვეობით.

აქტივობის აღწერა – ქუჩაზე და ქუჩის გასწვრივ განლაგებულ კაფე-ბარებში განთავსდებიან საცეკვავო დასების წევრები; ისინი გაიფანტებიან საზოგადოებაში. ინტერიერში (და ექსტერიერში) დამონტაჟებული დინამიკებიდან ისმის მამაკაცის ხმა „გაფრენამდე დარჩა 10 წამი!“ და იწყება დროის ათვლა. დროის ამოწურვისთანავე ისევ ისმის ხმამაღალი „ჩვენ ვაფრენთ“ და ყველა, ვინც ჩართულია აქციაში, იწყებს სინქრონულ ცეკვას, რითიც იპყრობს საზოგადოების ყურადღებას. მუსიკის დასრულებისთანავე კიდევ ერთხელ ერთხმად მხიარულად გაიძახიან „ჩვენ ვაფრენთ“ და ხელებს აღმართავენ ზემოთ, თოთქოს რაღაცა ააფრინეს ჰაერში. ამის შემდეგ აქციის ყველა მონაწილე უბრუნდება ჩვეულ რიტმს, ხოლო ჰაერში ფრინდება „მეიდან ჯგუფის“ ლოგოტიპით აღნიშნული ბუშტები და ქმნიან „უწყვეტი“ შთაბეჭდილებების მრავალფეროვან ჯაჭვს.

კონცეფცია –  აღნიშნული Flash Mob-ის გამოყენება გამოიწვევს აქციის ორგანიზატორებისადმი ინტერესს; შექმნის მოულოდნელობის ეფექტს, როდესაც სტუმრებისთვის უცნობია, კიდევ რა სიურპრიზს უმზადებენ ამ დღეს. Flash Mob-ის სახელწოდება „ჩვენ ვაფრენთ“ ორმნიშვნელოვან დატვირთვას ატარებს: 1) თითოეული მონაწილე „აფრენს“ ზემოთ დადებით ენერგეტიკას, რომელიც იფანტება ჰაერში და ვრცელდება ყველგან და ყველაზე; 2) თითოეული მონაწილე „აფრენს“ და უყვარს ამ ტერიტორიაზე მდებარე კაფე-ბარები; ეს დღე… „აფრენს“ „მეიდან ჯგუფზე“, რომელიც ყოფით რეალობაში მათ ინდივიდუალობისა და თავისუფალი თვითგამოხატვის საშუალებას აძლევს.

რესურსი – ქორეოგრაფიული და თეატრალური დასის მსახიობები / მოცეკვავეები (40-50 ადამიანი);

2) დრამერების / მედოლეების ტურნირი – TAMA

TAMA – სიტყვა აღნიშნავს „დოლს, რომელსაც შეუძლია ადამიანის მეტყველების იმიტაცია“. შესაბამისად, მონაწილეები დოლს იყენებენ საკომუნიკაციო მიზნით და დამსწრე საზოგადოებასთან ამყარებენ ურთიერთობას მუსიკის, რიტმის მეშვეობით.

აქტივობის აღწერა – შერჩეულ ადგილას განთავსდება მცირე მოცულობის სცენა, რომელზეც განთავსდებიან მუსიკოსები. პირობითად 3 დრამერი / მედოლე / ტამტამზე დამკვრელი. მათ გამოსვლას ტურნირის ხასიათი ექნება, რაც გულისხმობს თითოეული მათგანის მიერ კონკრეტული ამოცანის გადაჭრას: თითოეულ მუსიკოსს ეძლევა მუსიკალური ნაწარმოები / კომპოზიცია დრამების პარტიის გარეშე. მან უნდა გამოიჩინოს იმპროვიზაციის უნარი და შეასრულოს მედოლეს პარტია, რომელიც ორგანულად შეერწყმება მთლიან კომპოზიციას. კონკურენტს უფლება აქვს იმავე კომპოზიციაზე დაუკრას, ან/და აირჩიოს სხვა მუსიკალური ნაწარმოები. ფინალში სამივე დრამერი დაუკრავს ერთ მელოდიაზე და პარალელურ რეჟიმში გამართავენ პაექრობას ერთმანეთში. გამარჯვებულს სიმბოლურად გამოავლენენ მსმენელები.

კონცეფცია –  რიტმი, დინამიზმი, სიცოცხლე; პირველყოფილი, ინსტინქტური ჰანგები – „თავიდან ამქვეყნად არსებობდა მხოლოდ ბგერა, რიტმი და… დოლი. თავიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იგი იყო… დაჰკარ (დაუკარ). დოლი (დასარტყამი მუსიკალური ინსტრუმენტები) გამოხატავს ცხოვრების რიტმს, გულის ცემას. თანამედროვე ადამიანი წარმოუდგენელია ჩქარი ტემპო-რიტმის გარეშე, რომელსაც დასარტყამი მუსიკალური ინსტრუმენტები წარმოქმნიან. თბილისობაზე თავმოყრილ საზოგადოებას ჩვენ წყნარ კლასიკურ მუსიკას კი არ ვთავაზობთ, არამედ ვთავაზობთ ენერგიას და გამოცოცხლებას.

რესურსი – დასარტყამი ინსტრუმენტები + 3 მუსიკოსი (პირობითად)

3) ვიდეო ინსტალაცია – „წამ-წამი“

„წამ-წამი“ – თვალის ერთ დახამხამებაში ჩვენ შეიძლება გამოვტოვოთ ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი მომენტი ჩვენს ცხოვრებაში. მშვიდი, მყუდრო გარემო გვაძლევს ამ დროის მოკლე მონაკვეთის შეჩერების საშუალებას; გვაძლევს თითოეული წამის მნიშვნელობის შეგრძნებას.

აქტივობის აღწერა – მეიდანი და მიმდებარე ქუჩები მშვიდი და მყუდრო ადგილებია. ეს ტერიტორია, ფაქტობრივად, მოწყვეტილია დანარჩენ ქალაქს და ქალაქის ხმაურს, მის რიტმს. ამისთვის ხაზგასმაც შეიძლება თუ კედლებზე დამონტაჟდება ეკრანები, რომელზეც „ცოფიანი“ ტემპო-რიტმით გაიელვებს ქალაქის, ქუჩების კადრები – სუბიექტური კამერა, რომელიც სწრაფად მგზავრობს ქალაქში და არსად ჩერდება… ასეთ ფონზე ადამიანს უფრო მეტად შეექმნება გარე სამყაროსგან მოწყვეტის შთაბეჭდილება. მუსიკა უნდა ქმნიდეს კონტრაპუნქტს პროეცირებულ გამოსახულებასთან და უნდა ქმნიდეს კონტრასტს. ხანდახან ეს ცოფიანი რიტმი ნელდება და იმ დროის მონაკვეთში კადრში გამოჩნდება ადამიანი, ან ჯგუფი, რომელიც თითქოს გარედან – შიგნით იყურება, სადაც მიმდინარეობს ღონისძიება. ზოგი მათგანი შუშაზე (ანუ ეკრანზე) ხელს მიადებს, თითქოს ისე ვერ ხედავს მოქმედებას და ასე განაგრძობს თვალთვალს; ზოგი ეკრანს ეტაკება და შიგნით შემოღწევას ცდილობს. ნებისმიერს უნდა ჩვენთან შემოსვლა, შემოერთება, მაგრამ ამ დროს კამერა ისევ ცოფიანი რიტმით იწყებს წინასვლას. შემდეგ ზემოაღწერილი მოქმედება მეორდება…

კონცეფცია – ამ ტერიტორიაზე დრო მუშაობს შენზე. შენ გეძლევა რელაქსაციის შესაძლებლობა და ივიწყებ დროის დინებას. აქ სრული ავტონომიაა. აქ დრო მუშაობს შენზე და შენ მას (დროს) იყენებ რაციონალურად. შენ ცხოვრობ იმ ტემპო-რიტმით, რომელიც შეესაბამება შენს განწყობას და არა შენს განრიგს.

რესურსი – ვიდეო მონიტორები (6 ცალი) (ალბათ მაშინ ვერ ვიყავი საღ გონებაზე 🙂 სხვა რესურსი რომ არ მიწერია:)

4) მოდების ჩვენება – „სიახLOVE“

„სიახLOVE– მოდების ჩვენება ამ სახელწოდებით გულისხმობს იმას, რომ საზოგადოება ეცნობა მას ახლო ხედით და არა ტელეეთერით ან/და ჟურნალების გარეკანზე გამოტანილი სურათებით. ამასთან, ქართული და ინგლისური სიტყვების ერთობლიობა ქმნის ჩვენი და „მაღალი“ მოდის სიახლოვისა და სიყვარულის შეგრძნებას.

აქტივობის აღწერა – მოდა ინაცვლებს ქუჩაში. 3-3 მამაკაცი და მანდილოსანი დიზაინერის შემოქმედების წარმოდგენა. ჩვენება უნდა იყოს თემატური და უნდა ჰქონდეს კონკურსის (შეჯიბრის) სახე. შესაძლებელია ეს იყოს სამხატვრო აკადემიის სტუდენტების სადიპლომო ნამუშევრების / კოსტიუმების ჩვენება ერეკლეს ქუჩაზე. ეს იქნება კონკურსი მათთვის, ვინც უკვე შეაფასა პედაგოგმა, მაგრამ ჯერ არ შეუფასებია საზოგადოებას / მაყურებელს. ამიტომ კონკურსზე იქნება ორი ნომინაცია – 1) ჟიურის სიმპათია და 2) მაყურებლის სიმპათია (ამ უკანასკნელს მაყურებელი გამოავლენს ოვაციებით, აპლოდისმენტებით. ოვაციით იმიტომ, რომ ეს მოგვცემს რესურსების ეკონომიის საშვალებას და თან ვერავინ „გააყალბებს“, თავისი მეგობრის მხარდასაჭერად ვერ ჩაყრის სხვის მაგივრად ბარათებს. ამის კონტროლი მხოლოდ შეფასების კრიტერიუმების შეცვლით შეიძლება – ოვაციებით. პრიზი შეიძლება იყოს სიმბოლური თანხა, მაგალითად 100-დან 300 ლარამდე. მოდების კონკურსის ჟიური შედგება:

  • დიზაინერისაგან (მაგ. ავთო ცქვიტინიძე, ნინო ჩუბინიშვილი და სხვა); (მაპატიეთ, მაგრამ 2009 წელს არ ვიცოდი ბიჭოლა)
  • მოდელისგან (რომელიმე სამოდელო სააგენტოს წამყვანი სახე ან/და უკვე ცნობილი მოდელი);
  • ფოტოგრაფისგან (მაგ. ჟურნალი „კოსმოპოლიტენი“);

წარმოდგენილი კოლექციას, ფაქტობრივად, შეაფასებს – ვინც ქმნის, ვინც ირგებს, ვინც აღბეჭდავს მოდას…

კონცეფცია – მოდა არ არის განყენებული, აბსტრაქტული ცნება. ის იქმნება ჩვენში და ჩვენთვის. ფეშენებელური პოდიუმიდან ის ინაცვლებს „შემოდგომის“ ქუჩაში და ხდება საყოველთაო სანახაობა.

რესურსი – ახალგაზრდა დიზაინერები / სამხატვრო აკადემიის სტუდენტები, რომლებსაც შესაძლოა ჰქონდეთ შექმნილი კოლექცია შემოდგომის თემაზე.

5) საბავშვო კუთხე – “გააცოცხლე ზღაპარი” (ზღაპარიყო)

„გააცოცხლე ზღაპარი“ – თბილისობის ყველაზე პატარა მონაწილეებს შეუძლიათ გააცოცხლონ და გამოიძახონ ზღაპრული სამყაროს პერსონაჟები. ამისათვის მხოლოდ ძლიერი წარმოსახვაა საჭირო. თავისი ფიქრით და დაძახებით ისინი ერთი დღით აცოცხლებენ „მიძინებულ“ გმირებს.

აქტივობის აღწერა – შერჩეულ ადგილას განთავსდება „ჯადოსნური კარიბჭე“, რომლის უკან აღემართება „დროის მანქანა“ (დიდი მოცულობის ყუთი ან/და ფერადი, ლამაზად გაფორმებული კონსტრუქცია). აქა-იქ განლაგებული ბავშვები უსმენენ მთხრობელს, რომელიც თავდაპირველად უყვება პატარებს იმის შესახებ, რომ თბილისში ყოველთვის ცხოვრობდნენ ზღაპრის პერსონაჟები; ეს მათი სამყარო იყო და ყოველ წელს, „თბილისობაზე“ ისინი ბრუნდებიან, რათა დატკბენ ბავშვებთან ერთად გამართული დღესასწაულით… ოღონდ ჩვენს სამყაროსა და ზღაპრულ სივრცეს შორის მაგიური კარიბჭე დგას და აუცილებელია მაგიური სიტყვებით პერსონაჟების გაცოცხლება და გამოძახება… ამის შემდეგ მთხრობელი წარმოსთქვამს ჯადოსნურ სიტყვებს – „შემოდგომის ფერები – მოვალ, მოგეფერები“ და კარიბჭიდან გამოდის რომელიმე ზღაპრის გმირი. ის მიდის ბავშვებთან და უყვება ისტორიებს იმის შესახებ თუ რა გადახდა ამ პერიოდის განმავლობაში (უყვება ისტორიას, რომელიც პატარებმა ისედაც კარგად იციან). გარკვეული დროის შემდეგ ის ურიგებს პატარებს ტკბილეულს და უჩინარდება. მთხრობელი აგრძელებს ზღაპრულ სამყაროში მოგზაურობას და კვლავ იძახებს სხვა ზღაპრებს / პერსონაჟებს…

კონცეფცია – თბილისობა პატარებსაც ახარებს. ისინი განვითარებული მოვლენების მიღმა რჩებიან და თავისი ფანტაზიის მეშვეობით თავად ქმნიან თავის სამყაროს და ანვითარებენ მასში მოვლენებს. ზღაპრული სამყარო ნებისმიერ ბავშვში აღძრავს სიკეთისა და სიყვარულის, თავგადასავალისა და ბედნიერების განცდას. „გააცოცხლე ზღაპარი“ არწმუნებს მათ, რომ სასწაულები კიდევ ხდება და ის ხდება პირდაპირ მათ თვალწინ, მათი სიტყვისა და წარმოსხვის ძალით.

რესურსი –  საბავშვო თეატრის დასი / ე.წ. ქუჩის მსახიობები / თეატრალური დეკორაცია.

6) ფოტოგამოფენა – „ადაპტაცია“

„ადაპტაცია“ – გარემოსთან შეწყობისა და მასთან ერთად განვითარების შესაძლებლობა.

აქტივობის აღწერა – შერჩეულ ადგილას გამოიფინება სამი დასახელებული ფოტოხელოვანის მიერ შერჩეული ნამუშევრები, რომელიც ყველაზე უკეთ გადმოსცემენ გამოფენის სახელწოდების არსს. მაქსიმალური კონტრსტისთვის შესაძლებელია სწორედ შავ-თეთრი და ფერადი ნამუშევრების გამოფენა, როგორც ეს თანდართულ სურათზეა აღბეჭდილი. სურათის გამოფენის პარალელურად, მის გვერდით შესაძლებელია გამოიფინოს იმ კომპანიისა თუ ორგანიზაციის ბანერი, რომელმაც გარკვეული წვლილი შეიტანა ქუჩის / შენობა-ნაგებობის სარეკონსტრუქციო სამუშაოებში.

კონცეფცია – ფოტოგამოფენა, რომელიც შედგება სამი სხვადასხვა თაობისა და განსხვავებული ხედვის მქონე ფოტოხელოვანთა ნამუშევრებისაგან. ფოტოგამოფენის სახელწოდება „ადაპტაცია“ გულისხმობს ისტორიული შენობა-ნაგებობის სხვადასხვა პერიოდში გადაღებული ფოტოების გამოფენას, რომელიც გვიჩვენებს მათ გარდასახვას, იმ ცვლილებებს, რომელიც ამ შენობებმა და ქუჩებმა განიცადეს თანამედროვეობასთან ადაპტირებისათვის… თბილისობის დღესასწაულისთვის სრულდება ქუჩებისა და ექსტერიერის აღდგენითი სამუშაოები. შესაბამისად, ამ ფონზე საკმაოდ საინტერესო იქნება ასეთი სახელწოდებით ფოტოგამოფენის მოწყობა. ხოლო, თანდართულ სურათზე ასახული მოქმედება და აღბეჭდილი ტექსტი გადმოსცემს „თბილისელების“ სიყვარულს „ძველი“ და „ახალი“ თბილისის მიმართ.

რესურსი – იური მეჩითოვი, გურამ წიბახაშვილი, გოგა ჩანადირი + „ფოტოსამყარო“.

 

 

 

 

 

 

უამრავი ხერხი არსებობს, მეთოდური სახელმძღვანელოები, სტრატეგიები, ტაქტიკები, ბლა, ბლა, ბლა და ა.შ. და ა.შ. კვლევის ჩატარების კომპეტენცია თუ არ გაქვთ და ბიუჯეტშიც ისე უჭირს და უჭერს კომპანიას, როგორც თქვენ ორი ზომით პატარა ჯინსი, მაშინ ვირჩევთ ოპტიმალურ გამოსავალს – დაკვირვებას.

  1. ვიღებთ სამიზნეში თანამშრომელს და დაუკითხავად ვჯდებით მის კომპიუტერზე… და ვსერჩავთ რას? სწორია, ვსერჩავთ jobs.ge-ს. აგდებს საძიებო ფანჯარაში? ესე იგი იმის რისკ-ფაქტორი, რომ თანამშრომელი ახალ შეგრძნებებს ეძებს საკმაოდ მაღალია…
  2. სოციალურ ქსელში facebook არ აlikeბს საყოველთაო პათოსით განთავსებულ ისეთ ფრაზებს, როგორიც არის “ჩემი კომპანია”, “მაგარი სასტავი”, “ეს დღე მენატრება”, და ულიმიტო “როგორ მომენატრეეეეეეეეთ”, “გაკოცეეეეეეეეეთ” და მოკრძალებული აღტაცების სხვა გამოხატულებებს;
  3. ცვლილებების მენეჯმენტი ივა კუზანოვის ოპერაციას ემსგავსება – მენეჯმენტი არ ხორციელდება უმტკივნეულოდ, რადგან: ა) ის(ინი) უარყოფენ ცვლილებებს, ბ) ის(ინი) ეწინააღმდეგებიან მას, გ) ის(ინი) შეისწავლიან მას პრინციპით “სწავლა სიბერემდე”, ვიდრე თქვენ ჭაღარა არ შეგეპარებათ ან/და არ გამოაცხადებთ კაპიტულაციას;
  4. თანამშრომელი ერთ ფინჯან ყავაზე გპატიჟებთ და ცდილობს გაარკვიოს კონფიდენციალური ინფორმაცია – რამდენი გაქვთ ანაზღაურება, ხოლო თვითონ საკუთარი სარგოს განსაზღვრავს სიტყვით “დაახლოებით”;
  5. გასვლით ღონისძიებებს არასოდეს ესწრება თუ კომპანია არ იღებს მის ორგანიზებაში ფინანსურ თანამონაწილეობას – ანუ ისედაც ცოტას მიხდიან და ისევ მე ვიხარჯები;
  6. თქვენს ოთახში მუდამ (ან მუდმივი) ორმხრივი მოძრაობაა – თქვენ შედიხართ, ის გამოდის. და ეს სიმპტომატურია – თუკი თქვენ სკუნსი არ ხართ, ესე იგი ყველაფერი გაცილებით მარტივია და ყველაფერს მხოლოდ ერთი რამის სუნი უდის – თქვენ მისთვის დისკომფორტის სინონიმი ხართ;