Archive for April, 2011

Mr. shopper

Posted: April 27, 2011 in PR & more

დარწმუნებული ვარ, რომ Mystery shopper-ის შესახებ ყველას გსმენიათ. ვინაიდან საქართველოში ნაკლებად იყენებენ პერსონალის ეფექტიანობისა და მომსახურების შეფასების ამ აპრობირებულ მექანიზმს, გთავაზობთ დებულებაზე – „კლიენტი – მეფეა“ დაყრდნობით Mr. shopper-ის ამოქმედებას (მომხმარებელი ბატონია და მას უნდა ემსახურო), რომელიც მიზნად ისახავს როგორც კომპანიების ინფორმირებულობის გაზრდას მათ სტრუქტურაში არსებულ ხარვეზებზე, ისე ჩვენი, მომხმარებლების უფლებების დაცვას, რომლებიც ხშირად ირღვევა პერსონალისა და მენეჯმენტის არაკეთილსინდისიერების გამო.

რა არის საჭირო აქციაში მონაწილეობისთვის:

  • სურვილი 🙂
  • ცოტაოდენი ფული 🙂
  • მობილური ტელეფონი ვიდეო-კამერით;
  • USB კაბელი, რათა ფაილი ჩავტვირთოთ კომპიუტერში;

რა აქციას გთავაზობთ:

1 კვირის განმავლობაში ვიძენთ ერთი და იგივე დასახელების (ფირმის, ბრენდის) პროდუქტს / პროდუქციას მხოლოდ ერთ სავაჭრო ობიექტზე (It’s up to u); პროდუქტის შერჩევისას, მობილური ტელეფონის მეშვეობით ვაფიქსირებთ პროდუქტზე, ან/და დახლზე აღნიშნულ ფასს და ადგილზევე ვახდენთ შერჩეული პროდუქციის ღირებულების კალკულაციას (მით უმეტეს, რომ უამრავ პროდუქტზე დატანილია აბსოლუტურად გაუგებარი ფასები: 2,32 / 1,35 / 3,75 / 5,15 ლარი და ა.შ. გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება; ვაკვირდებით პროდუქციის ვარგისიანობის აღმნიშვნელ წარწერას და ასევე აღვბეჭდავთ მობილური ტელეფონით თუ პროდუქტის ვადა გასულია. მივემართებით სალაროსკენ…

რა უნდა ვიცოდეთ (მეტ-ნაკლებად) აქციის განხორციელების წინ და მის დროს:

  • „საქართველოს კანონი მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“;

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება სალაროსთან:

  • დახლზე დაწყობილ პროდუქტზე დატანილი ფასისა და სალარო ჩეკზე აღნიშნული თანხის შესაბამისობას, ან/და შეუსაბამობას;
  • შეუსაბამობის შემთხვევაში იშველიებს თუ არა მოლარე 2 ძირითად არგუმენტს: 1) „დახლზე ძველი ფასებია აღნიშნული“ და 2) „ვერ მოვასწარით კომპიუტერში ახალი ფასების შეყვანა“.
  • გვახსენებს თუ არა მოლარე, ან/და დამხმარე პერსონალი დაგროვებითი ბარათ(ებ)ის გამოყენების შესახებ / ითხოვს თუ არა თქვენგან აღნიშნულ ბარათს გასატარებლად;
  • დაგროვებითი ბარათის მიწოდების შემდეგ გვატყობინებს თუ არა მოლარე, რომ „გასატარებელი აპარატი არ მუშაობს“;
  • არის თუ არა სადმე აღნიშნული, ან/და გვატყობინებს თუ არა მოლარე შენაძენის შეფუთვის დროს ცელოფნის ან/და ქაღალდის პაკეტის ღირებულების შესახებ (ჯამურ ღირებულებაში ცელოფნის ფასის შეტანის თაობაზე მომხმარებლის ინფორმირება)?;
  • შეძენილი პროდუქტის / პროდუქციის ჩაწყობა თავადვე გიწევთ ცელოფნის, ან/და ქაღალდის პაკეტში თუ ამას პერსონალი აკეთებს;
  • და, რა თქმა უნდა, აქსიომატური – მაღაზიაში / სუპერ-მარკეტში შესვლისას ვინ ვის ესალმება პირველი – თქვენ პერსონალს თუ ისინი თქვენ;

რას ვეუბნებით მოლარეს, ან/და დამხმარე პერსონალს აქციის განხორციელებისას თუ აღმოვაჩინეთ, რომ:

  • დახლზე სხვა ფასებია აღნიშნული და ეკრანზე სხვა რიცხვს ვხედავთ;
  • შერჩეულ პროდუქტს ვადა (აშკარად) გაუვიდა;
  • მოლარე არ გვახსენებს დაგროვებითი ბარათის გამოყენების შესახებ;
  • მოლარე გვატყობინებს საბარათე აპარატის დაზიანების შესახებ;
  • მოლარე არ გვატყობინებს, რომ ცელოფნის, ან/და ქაღალდის პაკეტი ფასიანია;

და ვეუბნებით (მათ შორის რეკომენდაციის სახით), აი, რას:

  1. შეცდომით დათვალეთ! ნაკლები უნდა იყოს! მოდით ერთად დავითვალოთ!
  2. ამ პროდუქტს ვადა გაუვიდა! იქნებ ამოიღოთ გაყიდვიდან! (ცხადია, ამას უკან ვდებთ და არ ვიძენთ 🙂 )
  3. Unicard-ს (ან იმ ქსელის დაგროვებითი ბარათი) „ატარებთ“?
  4. იქნებ შეაკეთოთ აპარატი! Unicard-ს (ან იმ ქსელის დაგროვებით ბარათს) სულ ვიყენებ და თუ ეს ხარვეზი გამოსწორდება – აქ შევიძენ ყველაფერს!
  5. ეს ცელოფნის (ან/და ქაღალდის პაკეტი) ფასიანია?

მეორე, მესამე, მეოთხე დღეს… და ასე კვირის ბოლომდე, შევდივართ იმავე მაღაზიაში, ან/და სავაჭრო ობიექტში და ვიძენთ იმავე რაოდენობის პროდუქტს / პროდუქციას. აქტივობას ვაფიქსირებთ ტელეფონით; სალაროსთან Déjà vu-ს შემთხვევაში მოლარეს ვუსვამთ იმავე კითხვებს, ვაძლევთ იმავე რეკომენდაციებსა და რჩევებს („ხარვეზების“ გამოსწორების შემთხვევაში ავტომატურად ვეთიშებით აქციას). კვირის ბოლოს ვაჯამებთ შედეგებს:

  • გაითვალისწინა თუ არა მოლარემ / პერსონალმა ფასებთან დაკავშირებული შენიშვნა და მეორე დღეს შეესაბამება თუ არა დახლზე აღნიშნული და კომპიუტერში შეყვანილი ფასი ერთმანეთს?
  • მეორე დღესვე (და საერთოდ, კვირის დასრულებამდე) ამოღებული იქნა თუ არა გაყიდვიდან ვადაგასული პროდუქტი / პროდუქცია?
  • შეგვახსენა თუ არა მოლარემ მეორე დღეს (და მას შემდეგ ყოველდღიურად გვახსენებდა თუ არა) დაგროვებითი ბარათის გამოყენების შესახებ?
  • შეცვალეს თუ არა, ან/და შეაკეთეს გაფუჭებული აპარატი?
  • მეორე დღიდან გვატყობინებენ თუ არა იმის შესახებ, რომ ცელოფანი, ან/და ქაღალდის პაკეტი ფასიანია?

რას ვაკეთებთ იმ შემთხვევაში თუკი ჩვენს რეკომენდაციებს არავინ ითვალისწინებს:

  1. მობილური ტელეფონით დაფიქსირებულ ფაქტებს ვტვირთავთ სოციალურ მედიაში youtube  და myvideo, შესაბამისი კომენტარებით (It’s up to u) და „ვლინკავთ“ სოციალურ ქსელ(ებ)ში facebook, forum.ge და ა.შ. და ა.შ.
  2. ვწერთ ამის შესახებ პირად ბლოგებზე და ასევე „ვლინკავთ“ ზემოაღნიშნულ სივრცეში, ხოლო არგმენტაციის სახით ვიყენებთ ამავე ვიდეომასალას;
  3. “ვლინკავთ“ ამ აჯაბსანდალს ყველა საკვლევი მაღაზიისა და სავაჭრო ობიექტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  და ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელში facebook;

მაია ასათიანის საყვარელი კითხვა „რატომ“? იმიტომ, რომ:

მსხვილი და, რაც მთავარია, კეთილსინდისიერი და ნორმალური კომპანიის ჯამური ღირებულების დაახლოებით 80% შეადგენს ამავე კომპანიის რეპუტაცია; კვირის განმავლობაში თითოეული ჩვენთაგანის ფინანსური დანახარჯი და მოლარის, პერსონალისა და მენეჯმენტის არაკეთილსინდისიერების შედეგად მიყენებული ზარალი, მიზერულია იმასთან შედარებით, რაც შეიძლება მიადგეს ნებისმიერ კომპანიას მისი საქმიანი რეპუტაციის შელახვის შემდეგ. ჩვენი რეკომენდაციებისა და უკმაყოფილების იგნორირების შემთხვევაში ჩვენ გვაქვს სრული უფლება გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება და პოზიცია და ფაქტებზე დაყრდნობით ვისაუბროთ ამა თუ იმ კომპანიის არაკეთილსინდისიერებაზე. It’s up to us 🙂 და პირიქით, ჩვენი Face-control-ის გავლის შემთხვევაში, აქციის ბოლოს გამოვლინდება „მომხმარებლის რჩეული“ კომპანია, რომლისთვის „მომხმარებელი – მეფეა“.

Advertisements

მას შემდეგ, რაც გორის საკრებულოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ლეხ კაჩინსკის და ძმები ზუბალაშვილების მიერ ჩადენილი გმირობა განიხილეს და საკრებულოს ამ სჯა-ბაასს ზოია რუხაძის სახელობის ქუჩა შეეწირა, რამდენიმე დღე გავიდა. მას შემდეგ მაინტერესებს, როგორი შეიძლება ყოფილიყო გორის საინფორმაციო სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომლის ძირითადი საინფორმაციო წყარო იქნებოდა საკრებულო:

NEWS

სამხედრო: “გიორგი XI დაბრუნდა საქართველოში ავღანეთიდან, სადაც ის თავის ბრიგადასთან ერთად სამშვიდობო მისიას ასრულებდა. თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ მას საჯაროდ გადაუხადა მადლობა და მიანიჭა პირველი კატეგორიის მედალი… ბრწყინვალებისთვის.”

საზოგადოება: ”დავძლიოთ გენდერული ძალადობა ამიერკავკასიაში” გაეროს მოსახლეობის ფონდის  (UNFPA)  სამწლიანი პროექტის ფარგლებში განიხილა მოქალაქე შუშანიკის განცხადება, რომელშიც ქმრის მხრიდან მრავალგზის განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე კეთდება აქცენტი.”

კრიმინალი / ადამიანი და კანონი: “კალაშოვის ექსტრადიციის პარალელურად უკრაინელი სამართალდამცავებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება ქართული მხარისთვის არაერთგზის ნასამართლევი, კანონიერი ქურდისა თუ პლაგიატორის, შოთა “რუსთაველის” გადმოცემაზე.”

კულტურა: “ბექა და ბიშქენ ოპიზარებმა ხელნაკეთი სამკაულების პრეზენტაცია გამართეს ბიჭოლა-ფართიზე”

პოლიტიკა: “ლეიბორისტების ოფისში პრეს-კონფერენცია გაიმართა, რომელზეც მაია წყნეთელმა წყნეთში უკანონოდ გაჩეხილ ტყეებზე და უკანონოდ მითვისებულ მიწის ნაკვეთზე დოკუმენტური მასალა წარადგინა”

მიყვარს ანტინარკოტიკული რეკლამების სცენარების წერა. რამდენიმე მართლა კარგი გამომივიდა, მაგრამ საპატრიარქოს ტელევიზიაში რომ მივიტანე და დავტოვე ეტყობა არ მოეწონათ, თორემ პასუხს მაინც გამცემდნენ… რამდენიმე დღის წინ ვიწექი, ვერ ვიძინებდი, ნარკომანიის პრობლემაზე და ზოგადად ნარკომანიით დაავადებული ადამიანების თემაზე ფიქრი არ მასვენებდა, ეს ფიქრი ენერგიისგან მცლიდა და ამიტომ თითქოს თავისთავად გამიჩნდა კიდევ ერთი ანტინარკოტიკული რეკლამის იდეა, რომელიც, აი, ამ ბატარეიკაზე აიგო.

დიქტოფონში მინიკასეტა დევს, ამავე დიქტოფონში ვიღაცა ბატარეიკას დებს და play-ს აჭერს. იწყება ტექსტი “…თავიდან რომ გავსინჯე, გამიტაცა, ვიფიქრე ზეცამდე ამამაღლებდა და გვიან მივხვდი, რომ დამამიწა…” ნელ-ნელა რესპონდენტის თხრობა მონოტონური ხდება, აი, ისეთი, როგორიც ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ აქვს ხოლმე ადამიანს, ალაგ-ალაგ რომ “ითიშება” და კარგავს რეალობის აღქმას და იძინებს. შეუძლებელი ხდება ცალკეული სიტყვების გარკვევაც კი, თითქოს ბატარეიკა დაჯდა და ენერგია აღარ ყოფნის კასეტის დასატრიალებლად. გამოყენებულ, “დამჯდარ” ბატარეიკას იღებენ, სადღაც ჩადებენ და მის ნაცვლად დიქტოფონში ახალ ბატარეიკას დებენ. ტექსტი თითქოს შეწყვეტილი ადგილიდან გრძელდება: “…დამამიწა კი არა – დამანარცხა! დამამონა, მასზე დამოკიდებული გამხადა… ნარკოტიკულ შიმშილს ვერ ვიკმაყოფილებდი, რადგან თავად ნარკოტიკი მჭამდა…” ყველაფერი მეორდება, დიქტოფონი თითქოს სულს ღაფავს, ვეღარ ატრიალებს და ადგილიდან ვეღარ ძრავს კასეტას და ჩერდება… გამოყენებულ ბატარეიკას ისევ იღებენ და მის ნაცვლად ახალს დებენ. ტექსტი დასასრულს უახლოვდება: “…და რა შევიძინე ამითი? შიდსი… და რა დავკარგე? ყველაფერი… ვინც მიყვარდა და, რაც მთავარია, ვისაც ვუყვარდი. თუ შენ ამ ჩანაწერს უსმენ, ესე იგი, მე აღარ ვარ… მაგრამ ჩვენ ვსწავლობთ სხვის შეცდომებზე! არ გაიმეორო ჩვენი შეცდომა!”

მერე ვხედავთ, რომ ის ადგილი, სადაც ვიღაცის ხელი ენერგიადაცლილ ბატარეიკებს, ანუ ენერგიაგამოცლილ ადამიანებს აწყობდა – უსახელო ადამიანების სასაფლაოს ჰგავს – ბატარეიკები ისე დევს კოლოფში, როგორც ერთი-მეორის მიყოლებით ასაფლავებენ მიცვალებულებს და მათ თავზე პატარა ჯვარს აღმართავენ (ბატარეიკის +). სულ ბოლოს ხდება სლოგანის წაფენა – “ერთი ისტორია – ათასობით გახარჯული სიცოცხლე! არ გაიმეორო მათი შეცდომა!”

ძალიან პათეთიკურია, მაგრამ რას იზამ, ხანდახან მეტაკება ხოლმე ეს ხანდრა ტალღა…

შალვა the mythbusters

Posted: April 12, 2011 in Garbage

ჩვენ ვამსხვრევთ მითებს, – ამბობს შალვა რამიშვილი თავის საავტორო გადაცემაში “აკრედიტაციის გარეშე”, რომელსაც აგერ უკვე მეორე კვირაა დიდი ინტერესით ვადევნი თვალ-ყურს. “აკრედიტაციის გარეშე”, ალბათ, ტელეკომპანია “მაესტროს” ყველაზე რეიტინგული ტელეშოუა. შალვა რამიშვილი, რომელიც ვერ მოერგო ვერც იმ ხელისუფლებას, ვერც ამ ხელისუფლებას და საერთოდ საკუთარ თავზე, როგორც ჩანს, სხვისი ხელის უფლებას არ ცნობს, ეტაპობრივად ამსხვრევს მითებს.

OK, რა მითებს ხელყოფს რამიშვილი? უნაკლობის! კიდევ? ნაწილობრივ უარყოფს იმ მითსაც, რომ ბიზნესი პოლიტიკური ტერორის ქვეშ ვითარდება… ოღონდ ვითარდება პრინციპით “ნაბიჯი წინ – ორი უკან”. სულ ესაა და ეს? არა! რამიშვილის მთავარი სამიზნე საზოგადოებაა, რომელსაც ის ერთ ცოცხალ ორგანიზმად განიხილავს თავის გადაცემაში და ამიტომ სრულად გვიჩვენებს საზოგადოების თავისებურ ანატომიას.ამის შედეგად ის მთავარ მითს ამსხვრევს – ხალხი ძალაა, ძალა – ერთობაშია და ა.შ. და ა.შ.

როგორია შალვა რამიშვილისთვის ქართული საზოგადოება? “დაჩმორებული”! მე ასე ამოვიკითხე ერთ-ერთი გადაცემის ქვეტექსტი. რამიშვილის სამარშრუტო ტაქსში ადის და მგზაგრებს მიხეილ სააკაშვილის თუნდაც ერთი ნაკლის დასახელებას თხოვს. მიშას ნაკლი შესაძლოა ბევრმა იცოდა, მაგრამ ვერავინ დაასახელა. თავისუფალი აზრის იზღუდება? შესაძლოა. ან კიდევ ხალხს საკუთარი აზრის გამოთქმა არ სურს მედიის მეშვეობით, სატელევიზიო ეთერში. ვისაც სურს იყოს ასეთი გულუბრყვილო. მე კი მაინც მგონია, რომ ქართველმა ადამიანმა დიპლომატიის უნარი დაკარგა, თორემ არც მწვადს დაწვავდა და არც შამფურს.

  1. მორწმუნე ადამიანის (მრევლის) დიპლომატიური კომენტარი (კაცმა არ იცის, რაში უნდა სჭირდებოდეს დიპლომატიური პასუხი, მაგრამ მაინც): “უნაკლო და იდეალი ერთი გვყავდა და ისიც ჯვარს ვაცვით!”
  2. მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლის დიპლომატიური კომენტარი: “ჩვენ ყველანი საკუთარ შეცდომებზე ვსწავლობთ… თუ შეცდომა არ დაუშვი, ვერასოდეს გაიგებ რა გააკეთე არასწორად, ვერასოდეს გაიგებ რა არის სწორი… როგორც მთლიანი შედგება დეტალებისგან, ისე შედეგი შედგება ექსპერიმენტების ერთობლიობისაგან… “
  3. ნაციონალური მოძრაობის წევრის დიპლომატიური კომენტარი: “კი, ნაკლი აქვს, მაგრამ მისი უამრავი ღირსება გადაწონის, მით უმეტეს ერთ ნაკლს… ნაკლი რომ ჰქონდეს არასოდეს აღიარებდა იმას, რომ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია… დიახ, სწორად გაიგეთ – ნაკლი რომ ჰქონოდა. თავმდაბალი თუ არ ხარ და არ აღიარებ შენს შეცდომას, ესე იგი, დიდი ნაკლი გაქვს”

შალვა, ყველა ვერ იქნება პირშიმთქმელი, ალალი და მართალი, უშიშარი, ციხისთვის მზად, იდეისთვის თავდადებული, რევოლუციონერი, ევოლუციური პროცესების მომხრეც კი, თავისუფალი, დამოუკიდებელი, ლამაზი და კოხტა საკუთარი პოზიციის გამოთქმისას… “აკრედიტაციის გარეშე” დიდი ინტერესით ვუყურებ, მაგრამ ყველა გადაცემა ერთნაირად საინტერესო და ხარისხიანი როდია. ხანდახან აშკარაა, რომ გადაცემის საინორმაციო მიზეზი საკმაოდ სუსტია და წამყვანს ანგაჟირებული ავტორის პო(ზიცი)აში აყენებს, ოღონდ ეს პოზ(იცი)ა არ არის “ერის წყლული მაჩნდეს წყლულად, მეწოდეს მის ტანჯვით სული, მის ბედით და უბედობით დამედაგოს მტკიცე გული…” არამედ ეს უფრო მიწიერი ვნებათაღელვაა.

ინტერპრესის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად “საქართველოში საწვავი 10 აპრილს ისევ გაძვირდა. საცალო ქსელში ყველა ტიპის საწვავის ფასმა 5 თეთრით მოიმატა. “ვისოლის” ბენზინგასამართ სადგურებში აპი დიზელი ფასმა უკვე 2.40 ლარს მიაღწია, 2.35 ლარი ღირს ერთი ლიტრა აპი სუპერი. აპი პრემიუმის ფასი 2.30 ლარს შეადგენს, ევრო რეგულარის – 2.20 ლარს, დიზელ ენერჯი 2.25 ლარს, ხოლო რეგულარ ენერჯი – 2.15. 5 თეთრით გაძვირდა საწვავი “რომპელტროლის” ქსელშიც. კომპანიის ბენზინგასამართ სადგურებში Efix ევრო დიზელი” უკვე 2.40 ლარი ღირს, Efix ევრო პრემიუმი – 2.30 ლარი, ევრო სუპერი – 2.35 ლარი, ევრო რეგულარი 93 – 2.17 ლარი, ევრო დიზელი – 2.25 ლარი.
ფასებმა იმატა სხვა კომპანიების პროდუქტებზეც.”

მოკლედ, დავრწმუნდი, რომ ერთადერთი რაც ამ ქვეყანაში იკლებს – მოსახლეობაა, ან წონა, რომელშიც იკლებს ამ ქვეყანაში დარჩენილი მოსახლე… ამ 2-3 წლის ფასების “თამაშის” დინამიკა თუ სწორად მახსოვს, ბენზინზე ავარდნილი ფასი არასოდეს დაწეულა საწყის ტარიფამდე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ჩვენთაგანი “ამტანია” და იქამდე იტანს, სანამ მისი ავტომობილი იტანს იმ უხარისხო საწვავს, რომელსაც ხან “რეგულარს”, ხან “პრემიუმს”, ხან “სუპერს” ვუწოდებთ. ეს იმასაც ნიშნავს, რომ საქართველოში ფასი ელასტიურია… ელასტიურია უსასრულობამდე. კაცმა არ იცის, რა და როგორი ხარისხის საწვავისთვის ვიხდით “სუპერის” ფასს (არ ვლაპარაკობ მომხმარებლის მიერ აღქმულ ხარისხზე), მით უმეტეს, რომ რამდენიმე წელია რაც გაუქმდა საწვავის ხარისხის კონტროლის სამსახური და აწი ყოველ დღე ყური დაუგდეთ თქვენი მანქანის გულისცემას – ძრავის თხთხთხთხ-ს.

მაგრამ ჩვენ ქართველები (როგორ მიყვარს განზოგადება) ყველას და ყველაფერს მივდგებით და საფუძველს მაინც სხვა ქვეყანაში დავინახავთ! როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოში არსებული ბენზობესპრედელი კადაფის დიქტატურის შედეგია. გადაკეტა კაცმა მილი, შეიქმნა დეფიციტი, გაორმაგდა ფასი, შევარდნენ ამ ქვეყანაში პრაგმატიკოსი-დემოკრატ-ლიბერალები ლიბიელი ხალხის საშველად და აღარ დაადგა საშველი საქართველოში ბენზინის ფასის დარეგულირებას! მე ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა! ამინდი რომ იცვლება ქვეყანაში ყველანი მთავრობას მივსდგებით ხოლმე “აუ, ამათი დედას შევ..ი, ისევ მოიღრუბლა!” ვის დედას მოვიკითხავთ ხოლმე, ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ არ გვიყვარს ჩვენ მიზნობრივი კრიტიკა! საინტერესოა, რომ ჩვენ ზედაპირული შეფასებებით გამოვირჩევით ხოლმე განსაკუთრებით იქ და იმ დროს, როდესაც ყველაფერი ცხადია და ნათელი. სულ რომ სადამ ჰუსეინივით ჩამოახრჩონ კადაფი, საქართველოში ბენზინის ფასს არავინ დაწევს. სწორია! ასეც უნდა, რომ თვითმკვლელმა (ან პოტენციურმა) მოქალაქეებმა ბენზინი ვერ შეიძინონ! კიდევ უფრო გავზარდოთ ღირებულება – ამ კომპანიების სოციალური პასუხისმგებლობის გამოხატულებაც ძლივს არ მოიძებნა!

კადაფი, მე შენი დედა რომ ვატირე! შენ რომ არ იყო, სპეკულაციებიც ხომ არ იქნებოდა! OK, ჩამოახრჩვეს ეს ჩვენი კადაფი – ბენზინზე ფასი დაიწევს? არა! და აბა საიდან ვიცით, რომ კადაფის ბრალია მსოფლიოში და “განსაკუთრებით” საქართველოში ბენზინზე ფასების ზრდა? მიზეზ-შედეგობრივი კავშირი თუ ეს არის ფასის ზრდის დროს (შემთხვევაში), მყისიერი ეჭვი მაქვს, რომ მისტერ პრეზიდენტის ეგზეკუცია უნდა იყოს ფასის დაწევის მეორეხარისხოვანი მიზეზი მაინც. ხო, ვიცი, ვატრაკებ, თან მარტო ვარ… მარტო ვატრაკებ. შალვა ნათელაშვილი სხვა თემაზე ატრაკებს, შალვა რამიშვილი – სხვა თემაზე! და ჩვენ ყველამ – შალვამ, გიორგიმ, ნინკამ, ნიკამ, იკამ და სრულიად საქართველომ ერთად ამ ელასტიურ ფასებზე არ უნდა გავატრაკოთ?! მე გადავდივარ ბიო-დიზელზე… და თქვენ? 🙂 პაშლო ანო ვსიო კჩორტუ

ამ წერილს ია ვეკუას სტატიის „წერტილოვანი დარტყმები“ საპასუხოდ ვწერ („24 საათი“, 2 აპრილი). მეამა მისი სჯა-ბაასი. მეც მიყვარს იმის გამეორება, რომ ჭამა-სმა არის ქართველი კაცის, ხოლო ჭამა და სექსი ყოფილა ზოგადად ქართველი ადამიანის, მამაკაცისა თუ დედაკაცის ალფა და ომეგა. გზა მამაკაცის გულისკენ კუჭზე გადისო, ამიტომ კაცმა არ იცის, სად გვაქვს ქართველ მამაკაცებს ეროგენული ზონები და სიამოვნების რეცეპტორები… თუმცა ჯერ კიდევ 70-იან წლებში ირაკლი კვირიკაძემ თავის შესანიშნავ ფილმში „ქალაქი ანარა“ განახორციელა წერტილოვანი დარტყმა ქართველ კაცზე, რომელიც ტრადიციისამებრ ღვინოში ახრჩობს საკუთარ პატივმოყვარეობას და ადასტურებს იმ ფაქტს, რომ გზა ქართველის გულისკენ კუჭზე გადის.

გიორგი ლოფონავა ჯიმ ჯარმუში არ არის („ყავა და სიგარეტი“), ამიტომ ფილმსაც იმაზე იღებს, რისი კომბინირებაც საქართველოში პიცაზე უკეთ გამოსდით. რა თქმა უნდა, ყავა და სიგარეტი ჩვენი არ არის. ეს ევროპული ფსევდოფასეულობებია, რომელიც უკავშირდება ფიქრს, ანუ „უცხო სხეულს“. ჩვენ ხომ არ გვიყვარს ფიქრი. ჩვენ გვიყვარს ჭამა და სექსი… ან ჭამა სექსის შემდეგ. ფილმს პოსტერების ნაცვლად უნდა ჰქონდეს ეტიკეტი „დამზადებულია საქართველოში! ქართული ნატურალური 100%, კონსერვანტებისა და მინარევების გარეშე.“ ეს მართლაც 100% ქართული და ქართველებისთვის შექმნილი ფილმია. ფილმისადმი სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი. მივდიოდი უიმედოდ და განსაკუთრებული მოლოდინის გარეშე. თუმცა რაც ვნახე, მომეწონა და ვინანე კიდეც, რომ თავის დროზე, როცა კინოფესტივალი „სესილის“ ჟიურის წევრი ვიყავი, ლიფონავა „დავჩაგრეთ“ და არ მივეცით პრიზი საუკეთესო მუსიკალური კლიპისთვის. „ჭამა და სექსი“ ფილმიც იყო და მუსიკალური სიმფონიაც, რომელიც ნაცნობ ნოტებს უკრავდა და აღიზიანებდა მივიწყებულ სიმებს.

სადღაც ამოვიკითხე, – ოჯახური ძალადობა გენდერული ძალადობის ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომელსაც ოჯახის რომელიმე წევრი სხვა წევრებზე ახორციელებს. იგი არის განმეორებადი, ხშირი სექსუალური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური შეურაცხყოფა, რომელიც მოძალადის მიერ სხვაზე კონტროლსა და ძალაუფლების მოპოვებას გულისხმობს. ამიტომ „ჭამა და სექსი“ სატირული კინოკომედიაა ოჯახურ ძალადობაზე და როგორც აჩიკო ქავთარაძის “სუბორდინაციამ” შეასრულა თავის დროზე ჯგუფური თერაპიის როლი ნარკომანიით დაავადებული პირებისთვის და მათი ოჯახებისთვის, ისე ლოფონავას ფილმი “ჭამა და სექსი” ასრულებს ჯგუფური თერაპიის ფუნქციას ყველა იმ ადამიანისთვის, რომელმაც იცის, რას ნიშნავს ოჯახური ძალადობა და გამოუცდია მისი ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზემოქმედება. მაშ ასე, ძალადობის ანატომია რამდენიმე აქტად.

აქტი პირველი

ქართველის ვაზივით ძარღვებში სისხლის ნაცვლად რომ ღვინო ჩქეფს, ამაზე არავინ დაობს. ვინც ვერ სვამს, ის ყურძნად მიირთმევს. მოკლედ, გენეტიკას ვერსად გაექცევი! გენეტიკას ვერც პირველი ნოველის გმირები გაურბიან. ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ქორწილის შემდეგ სასტუმროში იხიზნება. ისინი კარს კეტავენ, გულებს ხსნიან, ერთმანეთის სიყვარულს უნდა დაეწაფონ, რომ ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან. აბა, ის რა ქართველია, რომელიც ყანწს, ანუ სუფრის წინაშე აღებულ ვალდებულებასა და თამადის წინაშე აღებულ პასუხისმგებლობას გაურბის. რა დროს ქალთან სექსია, როცა ჩვენი მამაკაცური სიყვარული და გაგება გვაქვს მოსაწესრიგებელი! ქალი მოიცდის… არ იცდის კვაზიტრადიცია – პატარა სასმისით და დიდი გულით ნათქვამი სადღეგრძელოები გამრავლებასა და ბედნიერებაზე! როგორც რუსები ამბობენ, – „სადღეგრძელო უნდა იყოს მოკლე და შინაარსიანი, როგორც გასროლა!“ ნამდვილად, ასე ვკლავთ სროლა-სროლით საკუთარ ბედნიერებას და ვამრავლებთ უბედურებას – ოჯახებს, რომლებშიც ჭამა იერარქიულად უფრო მაღალ საფეხურზე დგას, ვიდრე სექსი… უკაცრავად, ურთიერთობა!

აქტი მეორე

„სიდედრივით ცივი პივა“, – ბათუმელი გამყიდველის სარეკლამო სლოგანი გამახსენდა, რომელსაც ომახიანად გაჰკიოდა სანაპიროზე და ამის წყალობით სხვაზე მეტ ლუდს ჰყიდდა. ეს იმის სამაგალითოდ, რომ ჩვენ გვასწავლიან სტერეოტიპულად, ან გამყარებული სტერეოტიპებით აზროვნებას და რა გასაკვირია, რომ გიორგი ლიფონავას ფილმში „ჭამა და სექსი“ ამ სტერეოტიპების გაშარჟებას ვხედავთ. მეორე ნოველაში სიდედრი შაქარზე ტკბილია, მაგრამ სიძეს მაინც უმწარებს ყოფას. ცოლ-ქმრულ ცხოვრებაში მშობლების თანამონაწილეობაზე ერთი მარაზმატული ისტორია გამახსენდა, რომელიც ბავშვობაში მოვისმინე: სიდედრს ლოგინი განეთავსებინა ქალიშვილისა და სიძის საძინებლის კარს შუა და კარგა ხანი უთენებდა თეთრად ღამეებს, აქაო და ზედმეტი არაფერი აკადრონ ერთმანეთსო! არ არის აუცილებელი ბუკვალურად ჰქონდეს გაყოფილი თავი შვილის პირად ცხოვრებაში! ის, რაც მეორე ნოველაში ხდება, მეტწილად ფსიქოლოგიური ტერორია და პირადი ცხოვრების სიმბოლური ხელყოფა, როდესაც ზედმეტი ყურადღება მიყურადებას ემსგავსება. ამ ნოველაზე სულ ანდრეი მირონოვის ფრაზა მახსენდებოდა ფილმიდან „უფრთხილდი ავტომობილს“ – Жениться надо на сироте! ალბათ ასე ფიქრობს მეორე ნოველის გმირი (ვანიკო თარხნიშვილი), რომელიც ფინალში გაურბის ცოლს. მშობლებისთვის გაუგებარია სიძის უსაფუძვლო ღალატი (გაჭამე, გასვი, მოგეფერე და არ დამიფასე). სწორედ რომ ღალატი – ვანიკო თარხნიშვილის გმირი ხომ ქართველი მამაკაცის სტერეოტიპულ მდგომარეობას ღალატობს: როცა ქალს ირთავ, შენ ჯვარს იწერ არა მხოლოდ მის წარსულზე, აწმყოზე და მომავალზე; შენ ჯვარს იწერ მის დედაზე, მამაზე, ბიძაზე, ზოგადად სანათესაოზე, მათ შვილებზე და შვილთაშვილებზე… შენ ხდები ერთი ოჯახის ნაწილი… ანუ ყველაფერი შენი – ჩემია, ლხინი იქნება ეს თუ უბედურება! ყველაფერი შენი – ჩემია, მათ შორის ბავშვი, რომელსაც აუცილებლად ან დედის (მამის), ან სიდედრის (სიმამრის) სახელი უნდა დაარქვა! ქართულ მარაზმებს ეძღვნება მესამე ნოველაც.

აქტი მესამე

მარხვა დიეტა არ არის. პირველ შემთხვევაში სულ სხვა რაღაცაში უნდა დავიკლოთ და, შესაბამისად, მოვიკლოთ. მაგრამ წესებიც ხომ იმისთვის შეიქმნა, რომ დაარღვიო. მესამე ნოველაში ცოლ-ქმარი მოხელთებული იურისტივით სულ იმაზე ფიქრობს, როგორ აუაროს გვერდი კანონს (მაგალითად, ცოლი თუ მარხვას იცავს და ქმარი დიეტას, ანუ ცოლი თუ თავშეკავების სტადიაშია, მაგრამ ქმარი ითხოვს „მისაღები მივიღოთო“, კანონი გამონაკლისს უშვებს – „მოითხოვეთ და მოგეცემათო“). როგორც იქნა მარხვის დარღვევის მიზეზსაც იპოვნიან (სოიოს კატლეტი, რომელსაც შემთხვევით კარაქში შეწვავენ) და ცოლ-ქმრულ მოვალეობასაც შეასრულებენ, მაგრამ აქ რეჟისორი იმ მორალურ ხუნდებზე მიანიშნებს, რომლითაც ხელოვნურად ვამუხრუჭებთ ვნებებს, ბუნებრივ მოთხოვნილებებს. ხშირად მსმენია „მრევლისგან“ იმის შესახებ, რომ „რელიგიურად სექსით დაკავება დაშვებულია თუ სიამოვნებას არ იღებ და მხოლოდ გამრავლებაზე ფიქრობ“, ანუ არ ეძლევი ტკბობასა და ცდუნებაში არ აგდებ თავს… ჰმ, ამაზე მახსენდება პაზოლინის მიერ ვისკონტისადმი მიწერილი წერილი, რომელშიც ის აკრიტიკებს ლუკინოს ფილმში „ღმერთების დაღუპვა“ შვილის მიერ დედის (ინგრიდ ტულინი) გაუპატიურების სცენისთვის და აღნიშნავს, რომ „იქ სადაც არსებობს კმაყოფილებისა და ტკბობის ფაქტორი, შეუძლებელია დედის გაუპატიურების მოტივი მხოლოდ მისი დასჯა იყოს…“ მე მღვდელს ვიცნობ, რომელსაც 11 ბიჭი ჰყავს… მაგრამ მას არ უყვარს სექსი, ღმერთმანი, რა მოსატანია მასთან ამაოება ქვეყნისანი! მისიონერებს ხომ უფრო დიდი მისია აკისრიათ – ამრავლონ ქართველობა.

აქტი მეოთხე

ვისაც ქორწილში მოლხენა არ უყვარს, ის ქელეხში ილხენს. ვინც „ცოლს ვერ აკადრებს ამას“, ის „ამას“ სხვაგან კადრულობს. მეოთხე ნოველა სამი ქარაფშუტა ძმაკაცის ეგზორციზმზეა – ისინი ცდილობენ განდევნონ ცუდი ფიქრები მეძავის დახმარებით და ქელეხიდან ქალაქგარეთ, კიკეთში მიემგზავრებიან. ერთ-ერთი გმირი გზად სახლში შეივლის ცოლის გაკეთებული ნიყვის წამოსაღებად. და ცოლი ვინ არის? შორენა ბეგაშვილი, რომელიც პოლისჯოხით ხელმომარჯვებული წმენდს იატაკს და ამრიგად ამსხვრევს პერსონალურ მითს და პერსონალურად შორენა ბეგაშვილისთვის შექმნილ სტერეოტიპს (რა თქმა უნდა, ეს რომ ყოფილიყო ქერა ლამაზმანი, კვანტური ფიზიკის სახელმძღვანელოთი ხელში – მაშინ იქნებოდა განზოგადოებული სტერეოტიპი), რომლის თანახმად შორენა ბეგაშვილი 21-ე საუკუნის ქართული კინოს სექს-სიმბოლოა და დიასახლისის იმიჯის მორგებით რეჟისორი ახდენს მის სიმბოლურ დეკლასირებას. ისინი, რომლებიც შორენა ბეგაშვილ მართლაც 21-ე საუკუნის ქართული კინოს სექს-სიმბოლოდ მიიჩნევენ, ლოფონავას ამ პასაჟზე იხალისებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მაყურებელი იქნება დეზორიენტირებული და ვერ ამოხსნის ამოცანას „გამოიცანი რა უქნეს შორენას“. წინასწარ რომ არ გავეფრთხილებინე – აი, ნახავ და იხალისებ, შორენა ბეგაშვილი სულ სხვა ამპლუაშია – ბეგაშვილის გარდასახვას უყურადღებოდ დავტოვებდი. მოკლედ, მეგობრები კიკეთში ადიან, ერთმანეთში „ახალ ხორცს“ ინაწილებენ და… იწამლებიან ცოლის მიერ მომზადებული ნიყვით… ფილმის ამ ეპიზოდში მარტო პროსტიტუტები კი არა, ქართული მენტალიტეტიც კი შიშვლდება: პერსონაჟი, რომელიც მეძავს სთავაზობს ცოლის მიერ მომზადებულ სოკოს და ამაყობს ცოლით; მეძავი, რომელიც აგემოვნებს სოკოს და ბავშვის თავს იფიცება, რომ მსგავსი არაფერი გაუსინჯავს; მისი კოლეგა, რომელიც იმიტომ გახდა მეძავი, რომ უჭირს, თორე კი არ სიამოვნებს ათას… ბარიერზე გადახტომა! და თან ისე თამადობს და უძღვება სუფრას, რომ მასთან ინტიმური კავშირის დამყარება ძმურად თუ ძმაკაცურად „უტყდება“ ნოველის მთავარ გმირს.

აქტი მეხუთე

ეჭვიანობა – არასრულფასოვნების კომპლექსია. ამ არასრულფასოვნების განხილვას ეძღვნება მეხუთე ნოველა, რომელიც ჟანრის კანონებიდან გამომდინარე ლოგიკურას სრულდება – ეჭვიანი ქმარი მივლინებაშია, მიტოვებული ცოლს კი სხვა აკმაყოფილებს. აქამდე როგორ მივედით? ეჭვიანობის ნიადაგზე ქმარს ცოლი პლასტიკური ქირურგიის კლინიკაში მიჰყავს და როგორც მანქანაზე აყენებენ სიგნალიზაციას, ისე თხოვს ცოლის საქალწულე აპკის აღდგენას. ექიმის ირონიას საზღვარი არ აქვს – იქნებ წლისთავი გაქვთ და ასე აღნიშნავთო. არა, აქ უფრო მძაფრ შეგრძნებებზეა საუბარი – ცოლი ნივთია, რომელიც ხელუხლებელი უნდა დარჩეს და მისი ხელოვნურად „ჩარაზვა“ ხელშეუხებლობის ერთ-ერთი გარანტია. თუმცა კლიტეს ყოველთვის ორი გასაღები აქვს – ერთი იმას აქვს, ვინც კეტავს; მეორე – ვინც გააღებს. როდესაც ქმარი ცოლს ეუბნება „რაღაცა უნდა გთხოვოო“, ყველაზე ცუდი რამ ვივარაუდე – ალბათ ახლა აბორტის გაკეთებას თხოვსთქო! გულუბრყვილო ვიყავი! ახლა უკვე ვიცი, რომ ამასთან შედარებით აბორტი ნაკლები მარაზმია, რადგან მისი მოთხოვნა შეიძლება წარმოიქმნას სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე… მაგრამ საქალწულე აპკის აღდგენა?! ვისაც გაინტერესებთ, რა რინგტონი აქვს ეჭვიანი მამაკცის სიგნალიზაციას ცოლის წმინდათაწმინდაში უკანონოდ შეღწევის შემთხვევაში, აუცილებლად ნახეთ ფილმი „ჭამა და სექსი“…

P.S. ფილმის შემდეგ ჭამაზე ფიქრიც კი მეშინოდა – მერე არ მითხრან-მეთქი, რომ ყველა მამაკაცი ერთნაირი ხართ და მარტო ჭამაზე ფიქრობთ! რატომ მარტო ჭამაზე?

ეს ქვეყანა კი არა აეროპორტია – ყველა ცაში დაფრინავს და არავის უნდა მიწაზე დაშვება. მიწასთან კავშირი რომ იგრძნო სულაც არ არის საჭირო იყო გლეხი და მიწათმოქმედი, მთავარია არ დაკარგო კავშირი რეალობასთან. მით უმეტეს, რომ “Рождённому ползать, летать не суждено. ვინ დავამიწოთ? პირველ რიგში, დავამიწოთ ყველაზე არამიწიერი ეთერი 🙂 ჰაერში რომ იფანტება რადიოტალღების სახით. ის ეთერი, რომელიც (ბოდიში ამ ფორმულირებისთვის) ტრაკზე იხევა იმისათვის, რომ ჩვენ სახე აგვახიოს… ან ფული… ან არამატერიალური ღირებულება – თავმოყვარეობა და ღირსება. ვინ დავამიწოთ? აბა, გავიაროთ ამ მრუდე სარკეების სამეფოში, დერეფანში, შევაღოთ კარი… ამქვეყნიური ცხოვრება შედგება სამი დონისგან: ჯოჯოხეთისგან, განსაწმენდელისაგან და სამოთხისაგან.

ჯოჯოხეთი

“იმედის” ეთერს უყურებ და რწმუნდები, რომ ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ თუ შედეგად ტელეკომპანიამ დაკარგა არა მხოლოდ მამა-მარჩენალი, მას დედაც აღარ ჰყავს… არ ვუყურებთქო, როგორ ვიცრუო, არხს “იმედი” ქვია და მაინც იმედის თვალით ვუყურებ… თუმცა მაყურებელს აღარ სწამს, რომ იმედი ბოლოს კვდება – იმედი მოკვდა უფრო ადრე, ვიდრე ბადრი პატარკაციშვილი მოკვდებოდა. დღეს კი ეს არხი ჯოჯოხეთს ჰგავს! ჯოჯოხეთშიც ხომ არ ვითარდება მოვლენები! ჯოჯოხეთშიც ხომ სწორედ ის უნდა გტანჯავდეს, რომ ყოველი დღე დეჟავიუს ჰგავს! მაგრამ ვინაიდან “რუსთავი 2”-მა ძალიან ბევრი მომცა, “იმედმა” კი ბევრი მისცა ჩემს დას, ნანკა კალატოზიშვილს, ამ ორივე არხის კრიტიკის დროს მე ვხელმძღვანელობ პრინციპით “როცა მე გწყევლით, ჩემი ძუძუები გლოცავთ”. რა თქმა უნდა, სასარგებლო წამალს მეტწილად მწარე გემო აქვს. იქნებ შეგერგოთ, იქნებ გამოჯანმრთელდეთ 🙂 რაც შეეხება კონკრეტულ გადაცემებს: ვიცი, რომ პროდიუსერები რეიტინგულ გადაცემებს ქმნიან და ერთ-ერთი მათგანია “Face control”, რომელიც ეხმაურება ქართული არხების ზოგად ტენდენციას – დაამსგავსოს სტუდია “კომუნალკას”, სადაც ჟანგბადის დეფიციტს ჭორი ავსებს. ამ ჭორით  სულდგმულობს უკლებლივ ყველა წამყვანი და რა დასაძრახია ამისათვის “Face control”-ის წამყვანები. არ დავიწყებ გადაცემის კრიტიკას იმ კუთხით, რა კუთხითაც მას აფასებენ ინტერნეტში. ამისათვის ფორუმებიც კმარა. მე უფრო ის მაინტერესებს, რატომ შეირჩა ახალი რეიტინგული გადაცემის პლატფორმად სხვა ბრენდი – Facebook-ი? ვფიქრობ, რომ ეს მცდარი მიდგომაა რამდენიმე მიზეზის გამო:

  • გადაცემის პლატფორმას წარმოადგენს არა თვითმყოფადი, დამოუკიდებელი ღერძი, არამედ ის დამოკიდებულია (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით) facebook-ზე და ამავე ბრენდზეა მიბმული; ფბ-ს შეფერხება, გათიშვა კი საფრთხეს უქმნის როგორც ფეის კონტროლის რეიტინგს, ისე საერთოდ მის ეთერში გასვლას. როგორ ხდება ამ შემთხვევაში რისკ მენეჯმენტი? კონტროლის ერთადერთი მექანიზმი, რომელიც ჩანს, იქნებოდა გადაცემის ჩანაწერი და არა პირდაპირი ეთერი.
  • გადაცემის მეშვეობით ხდება facebook-ის პოპულარიზაცია, რაც ჩემთვის ცოტა არ იყოს გაუგებარია. ეს იგივეა, რომ “თრიალეთმა” აპიაროს CNN-ი… გასაგებია, რომ ბრენდების ომი წარსულს ჩაბარდა – აგერ “მაგთი”, “ბილაინი” და “ჯეოსელი” ერთ სამთავიან დრაკონს დაემსგავსა და დაკარგა ინდივიდუალური კაციჭამიას (ნუ, ფასი ნამდვილად “გჭამს” და რას იზამ!) იმიჯი, მაგრამ ლოკალური ბრენდი გლობალურს “არასკრუტკებდეს” – ასეთი რამე ჯერ არ მინახავს და არ გამიგია! იმ ბრენდებს რა ვუთხარი, რომლებიც თავის თავს აპიარებენ ფბ-ზე 🙂 ბირმან, შენ გეუბნები 🙂 დღეს მოდაშია ფბ-ზე მსოფლიო ბანკის პიარი, შეეშვი სბ-ს 🙂

განსაწმენდელი

ცრემლი წმენდს, სიღრმიდან ზედაპირზე გამოაქვს ჩვენი ტკივილი. ხოდა, აბა, რა დასაძრახია მაია ასათიანის უპროფილო თუ უსახური “პროფილი” იმისათვის, რომ გადაცემა სულიერ აბანოს დაემსგავსა – მიდიან და განიწმინდებიან, ტირიან და ტირიან მდიდრები თუ ღარიბები, უცნობი თუ ნაცნობები! მეც ვტირი… რა თქმა უნდა, სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ ყოფილიყო! ამ გადაცემის პროდიუსერებთან მხოლოდ ერთი, მაგრამ მრავალპროფილიანი კითხვა მაქვს 🙂 რატომ? მომიყევით, რატომ? იმიტომ, რომ ასეთი გადაცემები ყველა ქვეყანაში ყველაზე “ჟივუჩი” პროდუქტია! მიკრობიც ასეა, ყველაზე “ჟივუჩია”, ზოგი მათგანი 100 გრადუსზე არ კვდება.

სამოთხე

საზოგადოებრივი მაუწყებელი თუ სამოთხეა მიხარია, რომ აქედან ადამი, ანუ კაცი განდევნეს და დღეს აქ ქალთა ჰეგემონიაა. პირადად მე ასეთი “სამოთხის ვაშლები” ვერ მაცდუნებენ. ნამეტანი “ჭიანი” და დაბერებული პროდუქტი ჩანს და არ მიზიდავს. ვაშლი იყო შემეცნების, გარე სამყაროს შეცნობის საშუალება და რა უნდა შეიცნოს მაყურებელმა ამ სამოთხის ვაშლებისგან? ისეთ რთულად გადასამუშავებელ მარტივ სიბრძნე-სიცრუეს აფრქვევენ, რომ მიჭირს მონელება. სულიერი საზრდო აკლია ამ არხს და არა ვაშლები და აგრარული სექტორის განვითარება.

წიგნები იკითხეთ, ხალხნო, წიგნები! წიგნიერება არს ბედნიერება 🙂 მარტო მაღალპოლიგრაფიულ “გლანცევი” ჟურნალებს ნუ მიასკდებით, რომლებშიც ამ ჯოჯოხეთის, განსაწმენდელისა და ფსევდოსამოთხის დუბლირება ხდება. წიგნები იკითხეთ! სულ სხვა დონეა რაა! ღადაოოობ? არა!