Archive for May, 2011

უკვე მერამდენედ გვესმის – ოპოზიციამ ხალხი ქუჩაში შეყარა, ხელისუფლებამ ხალხი ქუჩიდან აყარა… ოპოზიციის ქმედება იყო უკანონო, ხელისუფლების ქმედება კი კანონიერი… ტელევიზია ასე იუწყება… 26 მაისის 00:09 წუთიდან დიდ კლიზმას უკეთებენ თითოეულ ჩვენთაგანს და მაინც ვერ განიწმინდა ორგანიზმი იმის შეგრძნებისაგან, რომ ამ უსახურ ქვეყანაში ორივე მხარე ცრუობს… კვირაში შვიდი დღეა, დღე-ღამეში 24 საათი და გაუგებარია, როგორ ახერხებენ ეს ადამიანები კვირაში შვიდჯერ საკუთარი პოზიციის და დღეში ოცდაოთხჯერ საკუთარი აზრის შეცვლას! პოზიცია პოზა არ არის – პოზიციას არ უყვარს შეცვლა! ნინო ბურჯანაძე, ქვეყნისა და დემოკრატიული ფასეულობების ბურჯი, 2007 წლის ნოემბერს სხვაგვარად აფასებდა იმ ვითარებას, რომელიც შემოგვინახა სოციალურმა მედიამ – youtube და myvideo-მ. ამავე მედიამ შემოგვინახა ბურჯანაძის კომენტარი აქციის დარბევის მართლზომიერებაზე, სპეცრაზმის ჩინებულ და ღირსეულ საქციელზე… მოკლედ, არ იყო ქალბატონი ნინო მაშინ დარბევის წინააღმდეგი და დღეს როცა თავად იწვნია რევოლუციაგამოვლილი ვარდების ეკალი საკუთარ მხრებზე, სულ მიშა MUST GO-ს გაიძახის ყველა ტრიბუნიდან. ამიტომ მე არ მჯერა მისი გულწრფელობის! არ მჯერა მისი გულახდილობის! არ მჯერა მას შემდეგ, რაც უცნობთან “საკანი #5”-ში თვინიერად ისმენდა გაჩეჩილაძის “შენ მიდი მიაწექი, რომ არაფერი გინდა… არაფერი გინდა… ეს ხალხზე მაგრად მუშაობს”…

ახლა ემოციები მოვთოკოთ და რაციონალური კრიტიკა დავიწყოთ:

ოპოზიცია

  • ოპოზიციური პარტიებიდან მიტინგზე წარმოდგენილი იყო მხოლოდ რამდენიმე გაერთიანება, რაც სიმპტომატური იყო: მართალია ძალა ერთობაშია, მაგრამ ვერ გაერთიანდნენ, შესაბამისად აბსოლუტურად ზედმეტი იყო სინერგიაზე საუბარი. ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს და ა.შ. და ა.შ.
  • ოპოზიციური გაერთიანება ორიენტირებული იყო ხალხის რაოდენობაზე, თუმცა თავიდანვე ჩანდა, რომ ეს არ იყო ღია მასა და ორგანიზატორები ისტერიულად ცდილობდნენ მომიტინგეთა შეკავებას; გასაგები იყო, რომ პოლიტიკური ამინდის შეცვლა რეალური ამინდის ცვლაზე იყო დამოკიდებული – თუ გაწვიმდებოდა, 90% შინ წავიდოდა…
  • “ჩვენ გვაქვს გეგმა…” – ამ განცხადებამ ცხადჰყო, რომ გეგმა არ არსებობს; ხალხის რაოდენობაზე ორიენტირებული ოპიზიციური გაერთიანება გეგმას გზადაგზა თხზავდა. ასეთ პირობებში კი შეუძლებელია მომიტინგეთა მობილიზება, ერთ მუჭად შეკვრა, მათი ლოიალობის მოპოვება – როდესაც თვითონაც მყარად დგას და სხვასაც ამავე გზაზე აყენებს…
  • კომუნიკაციის დეცენტრალიზაცია – ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ “უკონტროლო მიკროფონი”, ხოლო ყველამ კარგად ვიცით ნებისმიერი ჟურნალისტის დებულება: “ყველაფერი რასაც იტყვით, აუცილებლად იქნება გამოყენებული თქვენს წინააღმდეგ”… ეს იყო საბედისწერო შეცდომა, რომელიც დაუშვა ისედაც ამორფულმა ოპოზიციამ – აბსოლუტურად გაუგებარი, კონტექსტიდან ამოვარდნილი და, რაც მთავარია, უმისამართო გზავნილები, როგორიც იყო, მაგალითად რიტორიკული “გინდათ პიდარასტი შვილები?!”
  • კომბლეიზმი – ფალიკური სიმბოლოებით “თრახაობა”! დაურიგეს პლასტმასის “დუბინკები” კაცმა არ იცის ვის და რატომ! ესეც სიმპტომატური იყო, რაც არ უნდა ეძახა ოპოზიციას “მშვიდობიანი მიტინგიაო”. ჩეხოვი ხომ გახსოვთ? “თუ პირველ აქტში კედელზე კიდია თოფი, მაშინ ბოლო აქტში ის აუცილებლად გაისვრის.” ფალიკური სიმბოლო ტყუილად არ მიხსენებია – იმპოტენტ ოპოზიციას, რომელსაც სიტყვის ძალა აღარ გააჩნია, ერთადერთი ძალადობით შეუძლია “დააორსულოს” მომხრე;
  • მრისხანების დღე თუ გრძელი დანებისა და ბართლომეს ღამე – რის საფუძველზე აცხადებდნენ ამას?! 26 მაისის დადგომისთანავე იწურებოდა მომიტინგეთათვის გამოყოფილი დრო და რუსთაველზე შეკრებილი ხალხის დებოში კანონგარეშე გამოცხადდებოდა; ეს ყველამ იცოდა! თუმცა ნაკლებად სავარაუდოა ეს კანონებში გაუთვითცნობიერებულ ადამიანებს ცოდნოდათ, რომლებმაც მორწყეს იქაურობა თავისი სისხლით… ამის შესახებ კომენტარს აკეთებს თავისი კაბინეტიდან მაკიაჟგაკეთებული თუ გრიმწასმული ნინო ბურჯანაძე! ჩემი ნება იყოს, იმ ხალხის სისხლს წავუსვამდი სახეზე – უფრო დამაჯერებელი იქნებოდა კამერების წინ და ჩვენი საზოგადოებისათვის! ამ ადამიანებმა გაწირეს მომიტინგეები! მათ ან არ უთხრეს მიტინგისთვის გამოყოფილი ვადების შესახებ, ან უთხრეს “მეჟდუ პროჩემ”, რუპორისა და მიკროფონის გარეშე…
  • ოპოზიციამ დაიწყო თავისი დემარში მიხეილ სააკაშვილის დემონტაჟის მოთხოვნით – დაასრულა 26 მაისის აღლუმის ჩაშლის მოწოდებით! იქ რომ ვმდგარიყავი იმ კომბლს მივაყუდებდი და წამოვიდოდი, რადგან დავინახავდი, რომ სამართალი პურს ვერ შეჭამდა; გაუფასურებული ოპოზიციის დევალვირებული მესიჯები! ეს იგივეა ახლა მოწინააღმდეგეს ვერ უმკლავდებოდე და სახეში შეაფურთხო, სატრაბახო რომ გქონდეს – “ენით დაკოდილი ხომ წაგიკითხავს?! ხოდა ზუსტად ეგრე გრძნობს ახლა თავს ხელისუფლება…”
  • ბურჯანაძე-გაჩეჩილაძის საჯარო შერიგება – ეს სპექტაკლი მხოლოდ იმაზე მიანიშნებდა, რომ მათ შორის დაპირისპირება შეთხზული არ არის! ეს იყო ბოლო შანსი ეჩვენებინათ მომიტინგეებისთვის, რომ ნინო + ლევანი = ერთობას! ვაი პიარშიკების ასეთივე ვაი პიარაქცია…
  • პასუხისმგებლობის გადანაწილება – არ ხდება დღემდე! არავის სურს აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე! ოპოზიცია მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და გასაგები ხდება, რომ 26 მაისის 00:09 საათზე ოპოზიცია რუსთაველიდან განგებ არ იძროდა – მას სჭირდებოდა მსხვერპლი და სჭირდებოდა განტევების ვაცი, რომელსაც მათდა საუბედუროდ ჯიხვის რქები აღმოაჩნდა!

ხელისუფლება

  • ხელისუფლება იმას არ ნიშნავს, რომ შენს ხელს იმაზე მეტი უფლება მისცე, ვიდრე კანონი ითვალისწინებს… წყლის ჭვავი, გაზი, რომელიც რატომღაც შერაცხეს “მხუთავ აირად” და ა.შ. და ა.შ. იყო აბსოლუტურად კანონზომიერი და, რაც მთავარია, კანონიერი; ის, რაც დაიწყო 00:09 საათზე კი იყო უნიჭო დარბევა, ანუ კომბლეიზმის კანიბალიზმით შეცვლა…
  • ზონდერები – როცა გსურს, რომ საზოგადოებამ დარბევა აღიქვას, როგორც დაშლა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიყვანო ასპარეზზე ღიპიანი ზონდერები. რუსულად კარგად ჟღერს (თან ქართული ექვივალენტი არ მახსოვს) ложка дегтя может испортить бочку меда… ხოდა გააფუჭა და ეგ არის! 90% ეჭვი ეპარება, რომ სპეცრაზმი კი არა, ამ ხელისუფლებისადმი ლოიალური ზონდერებით იყო დაკომპლექტებული ეს რაზმი. არადა, რა კარგად იწყებოდა ყველაფერი – ფორმა, ფარი, ფიცი… ფაფუუუ.
  • ჟურნალისტების მარგალიტები მახსენდება – ნაპოვნია გვამი, რომელიც უარს ამბობს კომენტარზე! დაახლოებით ასეთივე აბსურდული და ლოგიკას მოკლებული იყო გარდაცვლილების გადაადგილება ა პუნქტიდან ბ პუნქტამდე! ქვეყანაში, რომელშიც ჯერ კიდევ მოუშუშებელი იარასავით იგრძნობა ჟვანიას გარდაცვალებისადმი არსებული სკეპტიციზმი (დღესაც კითხულობენ, როგორ და საიდან აღმოჩნდა სანდალია თუ კედი სადარბაზოში), უნდობლობის მორიგი დოზა მიიღეს ამ კადრების მეშვეობით!

დანარჩენზე ლაპარაკი მიჭირს… თან მეშინია ორი რამის და ორივე მხარის – ისე არ გამიგონ! თუმცა მე თავად არ მესმის საკუთარი თავის – ხან ვტირი, ხან ვიცინი… აბსურდისტანში ვცხოვრობთ, გეფიცებით!

Advertisements

ბატონო ჩემო, ზიგმუნდ, საგონებელში ვარ ჩავარდნილი. უცნაური რამ მესიზმრა და თქვენზე დიდ განმარტებით ლექსიკონს ვერსად მივაკვლიე. ერთადერთი თქვენი იმედიღა მაქვს. მოკლედ, სიმბოლურად თქვენს წინაშე მუხლმოდრეკილი, ხოლო რეალურად, აი, ამ რბილ სავარძელში მოკალათებული, თვალდახუჭული გაბარებთ აღსარებას.

სიზმარი სიზმარში

გაბარებთ აღსარებას, ხოლო თქვენ რატომღაც ჩემს ნაამბობს დიდი მონდომებითა და ენერგიით ინიშნავთ, ოღონდ ცარცით დაფაზე და არა საწერი კალმით ბლოკნოტში. დაფის ხმა მაღიზიანებს, აზრებს მიფანტავს, კონცეტრირებას მთხოვთ და ვერ ვახერხებ… დაფის ხმა მაღიზიანებს! ისე ფხაჭნით და კაწრავთ, როგორც კნუტი მაგიდის ზედაპირს. არა, მე ასე არ შემიძლია! აღსარება კი არა მათემატიკის გაკვეთილი მგონია. ვდგები, გემშვიდობებით, გავდივარ, მაგრამ კარის ზღურბლთან მეწევა თქვენი „დედა მომიკითხე“! თქვენ რომ არა, ამ სიტყვებს სხვა კონტექსტში ამოვიკითხავდი, მაგრამ თქვენგან ისე ჟღერს, თითქოს თავად გსურთ მიაკითხოთ… შეურაცხყოფილი და დამცირებული, მაგრამ ბოღმანარევი ღიმილით გტოვებთ და მივემართები სამშობიაროში.

სამშობიაროში

საშოთა ბიურო, ანუ სამშობიარო… ღმერთმანი, წამდაუწუმ ისე ვიმეორებ ამ სიტყვებს, თითქოს შესაფერის რითმას ვეძებდე. როგორც იქნა, მივადექი. კარს ჩავეჭიდე და ჩემსკენ მოვზიდე, კარს მიღმა ჩასაფრებული და უცებ ფეხზე წამომდგარი ბებიაქალი პეპლის საჭერით მიგერიებს. თავზეწამოცმულ ბადეში ოლიმპიური ნაკრების მოფარიკავე მგონია თავი. არც მე ვაკლებ – ეკლიანი ვარდით ვცდილობ ბებიაქალის განდევნას, მაგრამ არ მეშვება ეს ჩემისა! ისე მიყურებს, როგორც გამოჭერილ პეპელას, მითვალიერებს ბადეჩამოცმულ სახეს და თან ხმამაღლა ფიქრობს თავისთვის „ეს რა სახეობაა? ან „სინანულაა“, ან „აბორტმახერი“… „მახაონის“ არაფერი უგავს…“ როგორც იქნა გავთავისუფლდი! კედელ-კედელ მივუყვები დერეფანს, კიდევ ვინმემ რომ არ ჩამავლოს ხელი. პალატას ვუახლოვდები, რომელშიც ორპირი, მაგრამ ალალი ცოლი წევს. თუ ორპირია, მაშ ალალი როგორღაა, იკითხავთ, მაგრამ ორპირია პირდაპირი მნიშვნელობით – ორივე ლოყას ბაგე უმშვენებს, არც თვითონ იკლებს სიამოვნებას და არც მე მაკლებდა ოდესმე. ორმაგად ვუყვარდი და ვუყვარვარ… ორჯერ უფრო მეტად ვუყვარდი და ვუყვარვარ, ვიდრე ნებისმიერ მიწიერ ასულს. მახსოვს, სანამ გამაცნობდნენ, ხუმრობით მიხასიათებდნენ „აი, ნახავ, მაგარი ტიპშაა! რომ ეკითხები, კომუნიკაციის გარეშე რამდენი ხანი გაძლებო, გპასუხობს „ყვინთვა არ მიყვარსო“, ანუ მაგას წყალქვეშ თუ გააჩუმებ. ორპირია – რომ ჭამს, სულ იმას ამბობს „Когда я кушаю, я говорю и слушаю“. კარგი, ვიფიქრე მეღადავებიანთქო, მაგრამ რომ დავინახე, მივხვდით, რომ მართლაც ორპირია, მაგრამ ალალი. რა ქვია? აღარ მახსოვს, სამწუხაროდ. მოკლედ, პალატაში შევიხედე და შევნიშნე თუ არა, რომ ძინავს, გულმკერდი ადის და ჩადის, ის ფოთოლგაცვენილი ნაბრძოლი ვარდი მკერდზე დავუდე და ინკუბატორისკენ გავემართე.

ინკუბატორში

ვინა თქვა, ყველა ახალშობილი ბავშვი ლამაზიაო?! მე ასეთი სილამაზის არ მწამს და არ მჯერა. რაღაც მოუხარშავ, უმ კუპატებს ჰგვანან. ინკუბატორში ოცამდე ასეთი კუპატი იდო და მშობლებისგან თავის წილ „რა გემრიელია, ეს ოხერი, ლამისაა ჩავყლაპო“-ს მოლოდინში უკვე აფუჭებდა ჰაერს ბუნებრივი გაზით… არც იმის მჯერა, რომ ამბობენ მშობლებს ჰგავსო! ახალშობილი საერთოდ არავის და არაფერს ჰგავს (აკი გითხარით, კუპატს ჰგავსო) და 99% ერთმანეთს ჰგავს. „იზმენამ“ ამიტაცა, იქნებ უკვე შემიცვალეს და ვიღაც ბოშაქალის, ან ნარკომანის ლეკვი უნდა გამოვკვებო ჩემი დარიცხული ხელფასით! ფეხაკრეფით მივდივარ პირველივე ახალშობილთან, ინტუიციურად ვგრძნობ, რომ ჩემია, მეშინია არ შემიცვალონ… „იზმენა“ მეორედ მიტაცებს. ახალშობილს ხელს ისე ვუშლი განზე, როგორც შლიან წიგნს ხელმოსაწერად. ჯიბიდან კალამს ვიღებ და ზედ იღლიაზე ვაწერ „Калатозишвили“ (ამბობენ, რუსული კალიგრაფია უფრო ლამაზი მაქვს, ვიდრე ქართული). „რას შვები, შე მამაძაღლო?“, – ზურგსუკან მესმის ჩუმად შემოპარული ბებიაქალის სისინი. მხარზემოდან ვეუბნები ფროიდისეულ „დედა მომიკითხე“-ს და ვუჩინარდები.

გამოღვიძება (სიზმარი სიზმარში)

მაღვიძარა რეკავს, ლამისა დაფანტოს ყველა დეტალი. თვალს ვახელ, სულ მარტო ვარ. აღარც ორპირი ცოლი მიწევს გვერდით, აღარც ახალშობილის ტირილი ისმის… იგვლივ სრული სიჩუმეა, მხოლოდ ფერფლაც ქცეული ფურცლები მაცვივს თავზე ჭერიდან. ზოგი ჰაერშივე იქცევა ფერფლად და ჯერ კიდევ შემიძლია გავარჩიო ფოტოზე მინაწერი, რომელსაც უახლოვდება ცეცხლის ენა და თითქოს კოცნის უსახელო ცოლის ორპირ ბაგეს…

P.S. ბატონო ჩემო, ზიგმუნდ, I’m looking forward to your response.

გიხაროდენ

Posted: May 4, 2011 in Garbage

გიხაროდენ – ეს იყო ძველებრაული მისალმება,

მართლაც, რა შეიძლება ადამიანს უსურვო სიხარულზე დიდი;

სადაც სიხარულია, იქ ხომ აუცილებლად ღმერთიცაა,

სადაც სიხარულია, იქ ჯანმრთელობაა, მშვიდობაა, ბედნიერებაა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი II, თბილისი, 1997 წ.

რა სიხარული და ბედნიერება შეიძლება გამოიწვიოს მკვლელობამ! არა სიკვდილმა, არა გარდაცვალებამ, არამედ მიზანმიმართულმა ქმედებამ – მკვლელობამ! საზოგადოებრივი დაკვეთა აღსრულდა! მსოფლიო ისტორია გაცილებით უკეთესი იქნებოდა, ქვეყნად რომ არ ყოფილიყო ნერონი, კალიგულა, ჩინგიზ ყაენი, თემურ ლენგი, ივანე მრისხანე, ჰიტლერი და ათასი მისთანანი, მათ შორის ქართველი იოსებ ბესარიონის-ძე სტალინი, რომელსაც ისე ვუარყოფთ, როგორც უკანონო შვილს, ნაბიჭვარს, რომელსაც არ ვცნობთ და გვსურს ძირიანად ამოვძირკვოთ მისი კვალი ქართული ისტორიიდან, თურმე გვარცხვენს, ასახელებდა საბჭოთა კავშირს მხოლოდ… ყველა მათგანს ძლიერ უყვარდა თავისი საქმე – ტერორი, ძლიერ უყვარდა ეს საქმე ცხონებულ უსამა ბინ მუჰამედ ბინ ავად ლადენს, რომლის ლიკვიდაციაც უკვე მეექვსედ გვამცნეს შეერთებული შტატების სპეცსამსახურებმა (ყოველ წელიწადს ქმნიდნენ გადაჭარბებულ მოლოდინს).

მსოფლიო ისტორია გაცილებით უკეთესი იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო უსამა ბინ ლადენი? ამერიკაში მიმდინარე ღრეობის შემხედვარე ვშიშობ, რომ არა! როგორც აღდგომას ხარობდა სრულიად ქრისტიანული სამყარო, სიკვდილსაც ასე დიდსულოვნად ულოცავდნენ ერთმანეთს ჭეშმარიტი ქრისტიანები… უსამა ბინ ლადენის სიკვდილს, მკვლელობას, ლიკვიდაციას, ნეიტრალიზებას, არარად ქცევას. არ უხაროდათ მხოლოდ მათ, რომლებიც დაპირებულ 25 მილიონ აშშ დოლარს ვეღარ აიღებდნენ ნომერი პირველი ტერორისტის, უსამას ღალატისთვის. ეჰ, როგორ გაუფასურებულა ღალატის ფასი, უსამას თავი უწინ 50 მილიონი ღირდა… არც იმ ადამიანებს უხაროდათ, რომლებსაც უსამას ნეკროლოგის გამოქვეყნებისთანავე სხვა რამეც ახარეს – „მეფე მოკვდა! გაუმარჯოს მეფეს!“, ანუ ბინ ლადენის მკვლელობის შემდეგ (თუ შედეგად) მოსალოდნელია ტერორისტული დაჯგუფებების გააქტიურება! ერიდეთ ქუჩაში გამოსვლას! თავი შეიკავეთ ფრენისგან! მოსალოდნელი საფრთხის შესახებ განგაშის ატეხვა მასობრივი ფსიქოზის ნიშანია. ვაი, რომ ბევრ ამერიკელს სანატრელს გაუხდიან ბინ ლადენის მკვდრეთით აღდგომას და ბევრი გაიმეორებს თავისთვის გულში – შეჩვეული ჭირი მერჩივნა შეუჩვეველსაო… მედია აღნიშნავს, რომ ტერორის ჰიდრას ახალი თავები ამოუვა და ის კიდევ უფრო გააქტიურდება. მასობრივი ფსიქოზი უნდა განეიტრალდეს 2011 წლის 11 სექტემბრამდე, რათა არაფერმა გააუფასუროს 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების ათი წლის იუბილე. ბარაკ ობამა ქართველი რომ ყოფილიყო, უსამას ბოლოს მოუღებდა აუცილებლად ან გიორგობაზე, ან არჩევნების წინ, მაგრამ ბარაკ ობამა აფროამერიკელია და აბა რა გაეგება ამ კაცს ან ქართული სიმბოლიზმის, ან ეგეთივე ნატიფი იუმორისა, რომელიც გვახასიათებს და თავს იჩენს მტერთან მიმართებაში. გინდა ერმა ყოველწლიურად აღნიშნოს ბინ ლადენის სიკვდილი? შე დალოცვილო, მოგეკლა უსამა 4 ივლისს, აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს! მით უმეტეს, რომ ამ მკვლელობამ უნდა გაამყაროს შტატების ეკონომიკა, გაამყაროს დოლარის კურსი, შეასუსტოს „ალ-ქაიდა“, როგორც ბრენდი – ბინ ლადენი, როგორც საფირმო ლოგოტიპი კი სამუდამოდ წაშალოს საშუალო მუსლიმის მეხსიერებიდან.

ვუყურებ ამერიკაში მიმდინარე ღრეობას, რომელიც იქცა საერთაშორისო ტერორიზმის დამარცხების სიმბოლოდ და მაინტერესებს, რამდენი ლიტრი ლუდი დაილია ამ დღეებში, რამდენი შეიჭამა სტეიკი და ჰამბურგერი, რამდენი პროდუქტი და პროდუქცია გამოვიდა გაყიდვაში სპეციალურად ამ დღეს და რამდენს ამშვენებდა უსამა ბინ ლადენის ლოგოტიპი? უფ, რა ქელეხი გადაუხდიათ უსამასთვის…

გორის ჰოსპიტალის სამარშრუტო ავტობუსით მივემგზავრები თბილისისკენ. ჩემს გვერდით ახალგაზრდა ექიმი ზის, ინტერესით ეცნობა ს.ვ. გოტიეს წიგნს “Трансплантация печени” და პერიფერიული მზერით ამჩნევს, რომ მეც მასთან ერთად ვათვალიერებ წიგნს. “გაინტერესებთ? ხომ მაგარია?”, – მეკითხება აზარტით და ჩემი პასუხის მოლოდინში მორიგ გვერდზე გადადის. “მე ის უფრო მაინტერესებს, აწერია თუ არა მაგ წიგნს პირველ გვერდზე “სახსოვრად” და ა.შ.?”, – ღიმილით მივუგე და ორმაგად გავხალისდი, როდესაც ექიმმა ასეთი წარწერა მაჩვენა… ჩვენ ხანდახან გვგონია, რომ ერთმანეთს მხოლოდ მაღალმხატვრული ნაწარმოებები უნდა ვუსახსოვროთ, მაგრამ ეს ხომ წიგნებისადმი დისკრიმინაციული მიდგომა და დამოკიდებულებაა. მართალია, გოტიეს წიგნმა შემძრა, ფოტოები მეტისმეტად ნატურალისტური მომეჩვენა და სისხლის სუნიც კი მეცა, მაგრამ იმ ახალგაზრდა ექიმს სწორედ ის სჭირდებოდა ცხოვრების ამ ეტაპზე; სჭირდებოდა წიგნი, რომელიც მისცემდა ცოდნასა და ამავე ცოდნის გაღრმავების სტიმულს მომავალში. ზოგი წიგნი, რაოდენ არ უნდა მოგვწონდეს ეს სიტყვა წიგნებთან მიმართებაში, რეალურად გმოძღვრავს და გზრდის.

წიგნის კითხვაზე უფრო ინტიმური (და ერიტიულიც) მხოლოდ ქალთან განმარტოვებაა. სხვა ასეთი ინტიმური გარემო და სიახლოვე აღსარებაზეც კი არ გვაქვს – აქ ხომ ყოველთვის არსებობს მესამე მხარე, რომელსაც მედიატორის მეშვეობით ვუახლოვდებით. წიგნების კითხვაზე ინტიმური მხოლოდ ქალთან სიახლოვეა და ამ მიზეზით არასოდეს მიყვარდა წიგნის საჯარო კითხვა, ხმამაღალი ტონით ავტორისა თუ პერსონაჟების საჯაროდ გაშიშვლება… მე არასოდეს მიყვარდა ჯგუფური სექსი. და თქვენ? ჩემთვის აქსიომატურია ის დებულება, რომ წიგნი უნდა შეიცნო განმარტოვებულმა და მხოლოდ ამ შემთხვევაში გაშიშვლდება შენს წინაშე ნაწარმოების სიბრძნე-სიცრუისა. არ მიყვარს ის ადამიანები, რომლებსაც თაროებზე უძველდებათ ახალი და, რაც მთავარია, გადაუშლელი წიგნები. ისეთებიც შემხვედრია, რომლებიც წიგნს ყდაზე დატანილი ანოტაციის წაკითხვის შემდეგ “გაუშინაურდნენ”, მაგრამ აღარ გააღრმავეს მასთან მეგობრობა, არ გახადეს და არ გააშიშვლეს, რათა უკეთ შეეცნოთ მისი სილამაზე და მნიშვნელობა. გაუჭრელი ფურცლები წიგნში, სტამბის საღებავისა და მელნის სუნი – ძირითადად ეს არის ხოლმე იმის დასტური, რომ წიგნის მფლობელი მრავალრიცხოვანი წიგნებით მხოლოდ კედლის თავისუფალ ნიშას ავსებს და არა საკუთარი სულიერებისა და ცოდნის ნაპრალს. მათი უმეცრება შენ უფრო გტანჯავს, ვიდრე თავად მათ.

რა მაგარი სურათია, არა? 🙂 ამაზე მაგარი და ზუსტი სურათი ჯერ არ შემხვედრია – მათ შორის დიდი სიყვარულია. მე ასეთი წრფელი გრძნობით მიყვარს ყველა ჩემი ძველი საყვარელი… შევაღებ ხოლმე მათ საძინებელს, ნაზად შევეხები მოშიშვლებულ მხრებზე, მოვიწევ ჩემსკენ, მაგრად ჩავეხუტები, ჩურჩულით გავახსენებ ძველ დროს და კმაყოფილს (ან დაკმაყოფილებულს) ვტოვებ იმის შეგრძნებით, რომ “ის ახსოვთ და უყვართ…”. ჩემი წიგნის თარო ჰარამხანას ჰგავს – ყოველ წელიწადს ახალ “საყვარელს” ვამატებ; რა განწყობაზეც ვარ, იმის შესაბამის “საყვარელს” ვიხმობ. ჩემს სამეგობროში ყველამ კარგად იცის – გინდა მასიამოვნო? მაჩუქე დაბადების დღეზე წიგნი 🙂

გუშინ სტომატოლოგიურ კლინიკაში ჟურნალ “ფოკუსის” კითხვამ გამიტაცა. ნამეტანი უჩვეულო “ფოკუსი” იყო, რომელშიც ახალგაზრდა ქართველი მწერლების მოთხრობები დაებეჭდათ. კლინიკაში კბილის არხი დამიხურეს, სამაგიეროდ გონება გამიხსნეს – წიგნის მაღაზიაში შესვლა და ამ ავტორების წიგნების ყიდვა მომინდა. შემრცხვა იმის, რომ არასოდეს წამიკითხავს მათი ნაწარმოებები და, ამიტომ, სულ მალე, ჩემს ჰარამხანას “ახალგაზრდა” საყვარლები შეემატება.

P.S. ამდენი წელია მინდა ზაზა ბურჭულაძის “სიმფსონები” და “ადიბასი” წავიკითხო და თითქოს ფულის გადახდა მენანება წიგნებში! უნდა შეიგნო (ანუ მე უნდა შევიგნო, ამ შემთხვევაში ტიპურმა “ხამმა”), რომ წიგნი ქალი არ არის და თავისით, უფასოდ არაფერს მოგცემს… გინდა შეიცნო, ფული გადაიხადე 🙂 როცა ასეთი სიყვარულია, ფული – ნულია 🙂