Archive for June, 2011

“ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი… და მოვიქცევი,

რადაც უნდა მიღირდეს, როგორც ევროპელი… ბლიაძ!”

„უბრალო“ თუ „რიგითი“ მოქალაქე

მოვიქცეთ ევროპელებივით, მოვექცეთ და მოვაქციოთ ყველანი ევროპის ქვეშ. ოღონდ ეგ პროცესი ისეთივე ველური იქნება, როგორიც კაპიტალიზმი იყო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკლებლივ ყველა რესპუბლიკაში. ცივილური ევროპელობა არ გამოგვივა – ნაგვისა და ნარჩენების დახარისხების (და შემდგომ მისი გადამუშავების) კულტურას ვერ დავნერგავთ, ნაგვის ურნაში ტუალეტის ქაღალდის ჩაგდების კულტურა ვერ დავნერგეთ, ყველაფერს ისევ მტკვარს ვუანდერძებთ და რა გასაკვირია, რომ ნაგვის დახარისხების იდეა ქვეყნის გაერთიანების იდეის ტოლფასია. სამაგიეროდ ვიყოთ ევროპელები უკიდურესობაში – შვეიცარიული მოდელი ავიღოთ, ავითვისოთ, მით უმეტეს მაღალსართულიანი კორპუსების აღმშენებლობის ჟამს. შვეიცარიაში კანონმდებლებს თუ კანონდებილებს ერთი “ჭკვიანური” აზრი გაუჩნდათ: საღამოს 10 საათის შემდეგ (მგონი დღესაც) იკრძალება უნიტაზში წყლის ხმაურით ჩაშვება… მეზობლების სიმშვიდე რომ არ დაირღვეს!

ჩვენც ხომ სამოქალაქო საზოგადოებას ვაშენებთ და სოციალური პასუხისმგებლობის სტიმულირებას ვახდენთ და ამაზე დაყრდნობით ვიღებთ კანონებს! ასეც რომ იყოს, რა შუაშია დასუფთავების გადასახადისა და მოხმარებული ელექტროენერგიის ერთი-მეორეზე მიბმა?! რატომ უნდა გადავიხადოთ დასუფთავების საფასური მოხმარებული კილოვატების მიხედვით?! უფ უფ უფ, ვენაცვალე, რა დღეში იქნება ის, ვინც თონეს ამუშავებს ელექტროენერგიაზე! დასუფთავების ტარიფის ახალი სისტემით, 1 ივლისიდან აბონენტმა ყოველ დახარჯულ კვ.სთ ელექტროენერგიისთვის დასუფთავების გადასახადის სახით 5 თეთრი უნდა გადაიხადოს. მააააგრაააამ, მე უფრო დიდი ინიციატივით გამოვდივარ:

  1. წყლის გადასახადი გამოიანგარიშონ ტუალეტში ჩაღვრილი ფეკალური მასების რაოდენობიდან (სხვადასხვა დატვირთვა აქვს და, რაღა თქმა უდნა, ეს სავსებით სამართლიანი იქნება)!
  2. ნაგვის ურნებზე დაყენდეს სასწორი – ყველას მოეთხოვოს მისი ქმედების შესაბამისად! რამდენსაც ჩააგდებ – იმის წონის გადაგეხადოს!
  3. საწვავის – ბენზინისა და დიზელის ღირებულება დადგენილ იქნას მანქანის გაბარიტებიდან გამომდინარე!
  4. გაზის გადასახადი (და ამაში ვეთანხმები ვანო ჯავახიშვილს) მიაბან და გამოიანგარიშონ ტელეფონის მოხმარებიდან!
  5. კუბოს (“უბრალო”, “რიგითი” მოქალაქეებისთვის კუბოა და თქვენთვის იყოს სასახლე) ზომა დადგინდეს გარდაცვლილის სოციალური სტატუსიდან გამომდინარე!
  6. სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანების რეიტინგი გამოვიანგარიშოთ like-ბით!
  7. Anything else?

იძახიან, ეს ყველაფერი წაადგება სოციალურად დაუცველებსო! ანუ ეს ყველაფერი კი არა, მხოლოდ კილოვატზე 5 თეთრის გადახდა! 🙂 სპეკულირებენ სოციალურად დაუცველი ფენით. სოციალური სამართლიანობით, რომელიც უსამართლოდ ხორციელდება და დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებს. სოციალური სამართლიანობა იმას კი არ გულისხმობს, რომ შენ მე მომიმატო და ვიღაცას დაუკლო… ან კიდევ, რაც ყველაზე დიდი უნამუსობაა, მე მომიმატო და ვისაც დასაკლები აქვს, იმას იმავე ძველ ნიშნულზე დაუტოვო გადასახადი! შესაბამისად, სოციალური სამართლიანობა უკვე მერამდენედ ირღვევა ე.წ. მდუმარე უმრავლესობის ხარჯზე! აღარ დავიწყებ ამ გადაწყვეტილების პოლიტიკურ სარჩულზე საუბარს! ყელშია ამოსული! ყველა ამაზე ლაპარაკობს და ვერაფერს ვიტყვი ახალს! მაგრამ რა სამართლიანობაზე საუბარი, როდესაც იღებ კანონს დასუფთავებისა და ელექტროენერგიის გადასახადის “შედუღებაზე” და ფეხზე გკიდია ის ფაქტი, რომ ჯერაც არ დასრულებულა ქვეყნის სრული გაზიფიკაცია! ვინც მხოლოდ ბუნებრივი აირის წყალობით სულდგმულობს იმან რაღა თქვას? ასეთი, ნუ იტყვით და თურმე ძალიან ცოტანი არიან!

ბლოგინგი 2011

Posted: June 21, 2011 in Memento

ქართული ბლოგის დღეები თურმე შარშანაც ჩატარდა, მაგრამ 2012 წლის ბლოგის დღეების ბიუჯეტირებას ჯერ არ აპირებენ 🙂 მუშტმოღერილი როლანდ ემერიხი და მაიას ტომი არ გვასვენებს 🙂 არადა, როლანდი იქით იყოს, მაიას ტომი კი იმის იქით და სიამოვნებით წავიდოდი კვარიათში მომავალ წელსაც. თითქმის ყველა ბლოგერი ერთხმად აღვნიშნავთ იმას, რომ ორგანიზატორებს დამსახურებულად ეკუთვნით ჩვენი მადლობა. მზარეულებსაც დამასხურებულად და მომსახურე პერსონალს? ჯანდაბას, ნუ გავბოროტდებით, მადლობა ვუთხრათ იმ ადამიანებსაც, რომლებიც საჭმლის გადადებას დიდ თეფშზე გვთხოვდნენ, რათა მაგიდასთან მეორედ არ მივსულიყავით (სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ “კეთილშობილი” მიზნით გვეუბნებოდნენ – სხვასაც რომ ეყოსო) და სასტუმროს ნომრიდან გასვლის წინ გვამოწმებდნენ, რამე ხომ არ მიგვაქვს სამახსოვროდ 🙂 არაფერი წაგვიღია კარგი განწყობისა და დადებითი ემოციების გარდა, რომელიც 14 საათიანი მგზავრობის შემდეგაც კი არ შეცვლილა…

კვარიათში 30-მდე პრეზენტაცია გაიმართა სოციალური მედიის გამოყენებასთან დაკავშირებით, ოღონდ ზოგი პრეზენტაცია აშკარად კონფერენციის მსვლელობის დროს იქმნებოდა სახელდახელოდ 🙂 ხალტურშიკებს და ხალიავშიკებს რა გამოლევს, ზღვაზე დასვენების სურვილი ყველას ერთნაირი აქვს – ტრუდაგოლიკსაც და ალკოჰოლიკსაც, ხოდა დავისვენეთ გემოზე ყველა წონით კატეგორიაში – 146 კილოგრამიანმა პაჭომაც და 37 კილოგრამიანმა პაწუმაც 🙂 მაინც უნდა აღვნიშნო, რომ ბლოგერების პრეზენტაციებში ჩანდა სურვილი და მონდომება. გამიხარდა, რომ პრეზენტაციებში ისეთ სერიოზულ თემებსაც “ეჭიდავებოდნენ”, როგორიც არის ნარკომანიის პრობლემა. მეც ამ თემაზე მქონდა პრეზენტაცია, INJECTION რომელიც რეგლამენტირებული 5 წუთის ნაცვლად თითქმის 25 წუთი გაგრძელდა…

 

ძალიან მომეწონა ზემო აჭარაში, სოფელში, ისტორიული სახელწოდებით “საღორეთი”, რომელშიც ჩამახრჩეს უნიკალური ჯიშის ყურძნისგან დაწურულ “ჩხავერში”… ეს იყო დასასრულის დასაწყისი, რომელმაც გამახსენა სადღაც სამეგრელოში არსებული საფლავის ეპიტაფია “რა გინდოდა ტრაქტორო?! ჩემთვის ჩრდილშია ვიწექი…” დიდი… არა, განსაკუთრებული მადლობა ირაკლი ქაშიბაძეს, რომელმაც დააჩქარა დასასრულის მოახლოება და ნამდვილი ჩანჩქერო მომიწყო ღვინის სასმისში – ვცლიდი, მივსებდა. უნამუსო ხარ შენ, ირაკლი ქაშიბაძე:) უნამუსო ხარ შენც, მერაბ საღორეთიდან (გვარი არ ვიცი), ყველა სასმისით რომ მიჩხარუნე “ჩხავერი”. ის დიიდი, შავი, ულვაშიანი ტარაკანიც უნამუსოა, მაინცდამაინც ჩემს სასმისში რომ ამოყო თავი!

 

 

ყველა ოფიციალურ ღონისძიებას თავი ავარიდე! არც იუსტიციის სახლი მინახავს, არც ჩინოვნიკების მიერ ორგანიზებულ ფართიზე დამიფერთხავს წონა და არც სარფის საბაჟოზე მიდევნია თვალ-ყური განბაჟებისთვის… ერთადერთი კონფერენციაში მივიღე მონაწილეობა და სერტიფიკატიც მივიღე კაცმა არ იცის რისთვის და რატომ. არადა თვალთმაქცობ – მე კი ვიცი, რისთვის და რატომ მომცეს, მაგრამ ყველას რატომ გადასცეს – მიჭირს პასუხის გაცემა. ამით იმის თქმა მინდა, რომ კონფერენცია “გალაჩკის” ფუნქციას არ უნდა ატარებდეს, ხოლო სერტიფიკატი – ფორმალობის! მე, უნდა ვაღიარო, სერტიფიკატებისა და კონკურსების ნამდვილი მანიაკი ვარ და, ესე იგი, ძალიან პატივმოყვარეც 🙂 ვისურვებდი იმას, რომ მომავალ წელს როლანდ ემერიხის და მაიას ტომის პროგნოზი ისევე გამართლდეს, როგორც ჩვენი სინოპტიკოსების ვარაუდი ხვალინდელ ამინდზე და ისევ შევკრებილიყავით მრავალი საინტერესო იდეით, ახალი პრეზენტაციებით და ა.შ. და ა.შ. და დავითს, რომელიც არა ებრაელი ბირმანივით, არამედ გერმანელი ბორმანივით დაუნდობელი იყო ახალბედა ბლოგერების მიმართ – მეტი ტკბილეული ეჭამოს, იქნებ დატკბეს 🙂

კაკ ეტა ბыლა 🙂

როდესაც შერონ სტოუნი იმ აბაზანიდან, რომელიც ასე დეტალურად და ეგზალტირებულად გაგვაცნო ნოდარ მელაძემ, იმ საძინებელში გადიოდა, რომელშიც “ცხადია, ენდი გარსიას და შერონ სტოუნს ცალ-ცალკე ეძინათ”, კრეატიული ახალაზრდები სასტუმრო “რადისონის” წინ საპროტესტო აქციას მართავდნენ ტრანსპარანტებზე გამოსახული მოწოდებით Roses for Stone, stones for people… კარგი მოფიქრებულია, ვერაფერს დაუწუნებ. თუმცა შერონ სტოუნს, რომელიც ამ დროს იმ კარადიდან, რომელშიც “მსოფლიო ბრენდების კაბები” ჩამოკიდა ჩამოსვლისთანავე და ახლა საპრემიერო კაბას ირჩევდა, ამისათვის არ მიუქცევია ყურადღება… ჩინოვნიკი, რომელიც სტოუნს მიუჩინეს მასპინძლად, ალბათ, ისევე უთარგმნიდა მსახიობს სტუდენტების მოწოდებას, როგორც ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შესახებ FBI-ის მიერ შედგენილი ანგარიში გვითარგმნეს ოდეზღაც – უმტკივნეულოდ… თქვენ მერე იკითხეთ – შერონ სტოუნს მალე უთავო ძეგლს დაუდგამენ რუსთაველზე, ილიასა და აკაკის გვერდით… უთაოს იმიტომ, რომ კარიერულ წინსვლაში სტოუნს თავი არაფერში დასჭირვებია, ტან-ფეხი კი გამოადგა. ამიტომ ილიას და აკაკის გვერდით შერონს სტოუნის ფეხი-ფეხზე გადადებული უთავო სკულპტურა აღიმართება, წარწერით Красивые ноги заканчиваются в сердце мужчины… გავერთე ცოტა და სიტყვაც გამიგრძელდა, მაგრამ იმ პიროვნებისთვისაც მინდოდა კბილის გაკვრა, რომელსაც ილია მე-II და შერონ სტოუნის შეხვედრის იდეა დაებადა! რა იყო ეს? უწმინდესის და უნეტარესის დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა? მის მრევლში ავტორიტეტის “დაგდების” მცდელობა?! თუ არა, მაშინ რა საჭირო იყო ეროტიკული ფილმებით განთქმული ჰოლივუდელი მსახიობის საპატრიარქოში მიპატიჟება?! იქ, სადაც რომის პაპს იოანე პავლე მეორესაც კი არ გაუწიეს ასეთი გულმხურვალე მასპინძლობა! არ ვიცი! სიტყვა გამიგრძელდა და არ მინდა სხვა მიმართულებით წაგიყვანოთ. მაშ ასე, ჩვენი გუბერნიის ვნებები – “აგვისტოს 5 დღის” პრემიერა და წითელ ხალიჩაზე გაფეისებული ჩინოვნიკები 🙂

Stardust

ჩვენს გუბერნიაში “ოსკარის” დაჯილდოვების ცერემონიალის ატმოსფერო სუფევდა, ოღონდ როგორც ყველა გუბერნიაში, აქაც იფრქვეოდა მყრალი სუნი… კინოთეატრ “რუსთაველთან” საგანგებოდ მომზადებულ წითელ ხალიჩაზე ლიმუზინებიდან გადმოდიოდნენ სახელმწიფო მოხელეები და ჩინოვნიკები, რომლებსაც ჯებირებიდან უმზერდნენ “რიგითი მოქალაქეები” და ნერწყვმოდებულნი გაჰკიოდნენ ენდის და შერონს, ზოგი კი, ინგლისური რომ იცის მხოლოდ ტერმინატორის ალ ბი ბექით, რენი ჰარლინს იხმობდა თავისკენ “ეი, მისტერ, მისტერ…” ჩვენს გუბერნიაში იმ დღეს ხელოვნური ბარიერები აღიმართა მოსახლეობისთვის. აღიმართა იმ ადამიანების მიერ, რომლებმაც 2003 წლის შემდეგ თავადვე მოანგრიეს ჯებირები და ღობეები უკლებლივ ყველა სახელმწიფო დაწესებულებასთან, ხალხთან რომ ჰქონოდათ თავისუფალი “დოსტუპი”.

ეგ არაფერი, ყველა გუბერნიაში ასე ხდება – 12 საათამდე ყველა კონკია ნავარდობს, ყველა კონკიას მეჯლისის დედოფალი ჰგონია თავი! რენი ჰარლინის ფილმი პრემიერაზე “ნამდვილი ვარსკვლავთცვენა” იყო. ნანუკა ჟორჟოლიანი, ხათუნა კალმახელიძე, პრაიმ ტაიმის რედაქტორი და ა.შ. და ა.შ. რომლებსაც, რატომღაც, ჯებირებიდან უმზერდნენ ის ადამიანები, რომლებსაც შეაყვარეს თავი ტელეეთერიდან! მოკლედ, გადავირიე პირდაპირ ეთერში რომ ვუყურებდი იმას თუ როგორ გადმოდიან ყველასთვის ნაცნობი სახე(ლ)ები ლიმუზინებიდან და მიემართებიან ფოიეში. თითოეული მათგანი ცდილობდა ჰოლივუდელი ვარსკვლავების აქტივობის შედეგად წარმოქმნილი ვარსკვლავური მტვერი პუდრივით მიეყარა საკუთარი თავისთის და ასე გამორჩეულიყო… მოკლედ, სახალისო იყო… ძალიან.

მტერი კართან!

კრიტიკის შესახებ – 5 ივნისს პროდიუსერები სტალინგრადივით იცავდნენ თავის ფილმს. კობა ნაყოფიას ინტერვიუ გამოქვეყნდა ერთ-ერთ ონლაინ გამოცემაში, რომელმაც საკმაოდ დიდი რაოდენობის ინტერნეტმომხმარებლის გაღიზიანება გამოიწვია თავისი გამომწვევი კომენტარით „ვინც ამ ფილმს გააკრიტიკებს, ის ქვეყნის მტერიაო“. კობა ნაყოფიას ალბათ (ალბათ) იმის თქმა უნდოდა, რომ მტერია არა ფილმის კრიტიკოსი, არამედ ის სკეპტიკოსი, რომელსაც არ სჯერა უტყუარი ფაქტების, რომ ომი რუსეთმა წამოიწყო… ფილმიც ხომ ამის შესახებ მოგვითხრობს, ამიტომ, ბუნებრივია ნაყოფიას სიტყვებსაც იმთავითვე კრიტიკულად მიუდგნენ და ა.შ. ასეც რომ ყოფილიყო, ფილმის პრემიერაზე გამოჩნდა, რომ კობა ნაყოფია კრიტიკოსებსაც გულისხმობდა 🙂 ჩემი კოლეგები ფილმის პრემიერაზე ან არ დაუშვეს, ან თავად არ მისულან, ნაწილობრივ იმ სიტყვების გამო, რომელმაც თითოეული ჩვენთაგანი მტრებად შეგვრაცხა. მაგრამ ჟურნალისტებს რას ერჩოდნენ? 🙂 “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტიც კი, მაია ლომიძე, აღშფოთებული და შეურაცხყოფილი ტონით საუბრობდა იმაზე, რომ “ორგანიზატორებმა სამომავლოდ აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რომ ჯერ კეთდება დახურული ჩვენება პრესისთვის და უკვე შემდეგ ფილმის პრესს-კონფერენცია…” ამიტომ, ნუ გაუწყრებით ჟურნალისტებს იმის გამო თუკი 5 ივნისის სიუჟეტებში უხვად იქნებოდა შემოქმედებითი ჯგუფის შთაბეჭდილებები ხინკალსა და ჭაჭაზე…

რაც მთავარია – მოთხოვნა არის

გილოცავთ. ფილმის „აგვისტოს 5 დღე“ შესახებ წარმატების კონტექსტში ახსენებენ, რომ მსოფლიოს რიგ ქვეყნებში წარმოიქმნა დიდი მოთხოვნა მისი დვდ ვერსიის შეძენაზე, მაგრამ ფილმის, როგორც პროდუქტის სასიცოცხლო ციკლიდან ეს, პრინციპში, ერთ-ერთი ფინალური სტადიაა, რადგან კომერციული თვალსაზრისით (და ამ მხრივ გამონაკლისია მხოლოდ რიგი ქვეყნები, როგორიც არის გერმანია, სადაც ფილმის ჩვენება კინოთეატრებში და ტელევიზიით ხშირად პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს), ფილმი ჯერ კინოგაქირავებაში გამოდის, შემდეგ მასობრივ აუდიტორიას ტელეეთერით უჩვენებენ და მხოლოდ ამის შემდეგ გამოდის გაყიდვაში დვდ ვერსია, და ეს პროცესი ამავე დროს აზღვევს მწარმოებელს მეკობრული ვერსიების გავრცელებისაგან, ვინაიდან გაცილებით ადვილია აკონტროლო კინოთეატრში მიმდინარე პროცესი, ვიდრე ინდივიდუალური შენაძენის მოხმარებისა და საავტორო უფლებების დაცვისა თუ დარღვევის პროცესი; თუმცა დვდ-ზე ფილმის ნახვის მსურველი, თურმე, საკმარისზე მეტი გვყავს და რაღა დაგვრჩენია – ბავშვებივით გვიხარია.

პერფექციონიზმი და მაქსიმალიზმი – რაც შეეძლო, გააკეთა!

პერფექციონიზმი სხვა რამ არის და მაქსიმალიზმი სხვა. შედეგიც განსხვაბებული ექნება, ცხადია. მაქსიმალიზმი ყველას გვახასიათებს – ხანდახან ლიმონივით გამოვწურავთ ხოლმე საკუთარ თავს, მაგრამ მაინც მჟავე შედეგს ვიღებთ. რენიც ასეა. დაანებეთ რენის თავი! რაც შეეძლო, გააკეთა… და მიწასაც ემთხვია ვითარცა კოლუმბი. გოგი გვახარიამ ატეხა ერთი ამბავი 🙂 არიქა, ფილმი კანის კინობაზრობაზე აჩვენესო და არა კანის ფესტივალზეო. კარგი რა, გოგი, ახლა ეს იგივეა გლდანში გამართო ფილმის მსოფლიო პრემიერა და მედიამ გააჟღეროს თბილისში ფილმის მსოფლიო პრემიერა შედგაო… გლდანი რა, თბილისი არ არის? კინობაზრობა რა, კანის ფესტივალის ფარგლებში არ იმართება? თუ ვინმეს ეგონა, რომ ამ ფილმს კანის საკონკურსო ან კონკურსგარეშე პროგრამაში უჩვენებდნენ, ან საერთოდ სპეციალური ჩვენება გაიმართებოდა? 🙂 რატომღაც ამბობენ, რომ რენი ჰარლინი, ჰოლივუდში მოღვაწე ფინელი რეჟისორი ცნობილია მხოლოდ 2 თავისი ფილმით: „კერკეტი კაკალი – 2“ და „მთამსვლელი“, მაგრამ მის ფილმოგრაფიაშია ჩვენი მაყურებლისთვის ცნობილი ისეთი ფილმები, როგორიცაა: „თავზეხელაღებულთა კუნძული“, „ეგზორცისტი“, „კოშმარი თელეთის ქუჩაზე – 4“, „ღრმა ლურჯი ზღვა“ და სხვა. შეიძლება ამას განგებ აკეთებდნენ, რომ მოახდინონ ამ რეჟისორთან დაკავშირებული პათოსის დაგდება – თითქოს ის მეორეხარისხოვანი ბლოკბასტერებით შემოიფარგლება, თუმცა, როგორც ვხედავთ, მის კარიერაში საკმაოდ შემოსავლიანი ფილმებიც არის. ამიტომ ხელოსანის რეზიუმეს ნუ აკნინებთ! ხოლო მაღალი ხელოვნების ნიმუშს, ომის თემაზე დრამას თუ ელოდით – ელოდეთ ასე, სიკვდილივით!  ხოლო თუ გვსურს ხელოვნებაზე საუბარი, ვისაუბროთ ნინო კირთაძის დოკუმენტურ ფილმზე „ზოგი რამ საქართველოს შესახებ“, ანდრეი ნეკრასოვის დოკუმენტური ფილმის „რუსული გაკვეთილები“ შესახებ, მაგრამ რენი ჰარლინის ფილმი უნდა განვიხილოთ იმ კონტექსტში, რომელშიც ის იყო ჩაფიქრებული და ნამდვილად არ ქმნიდა გადაჭარბებულ მოლოდინს, როგორც ამას აღნიშნავენ ჩემი კოლეგები. თავიდანვე ცხადი იყო ის, რომ რენი ჰარლინის „აგვისტოს 5 დღე“ („ან ომის ხუთი დღე“ და ა.შ.) შეიქმნებოდა იგორ ვოლოშინის „ოლიპმუს ინფერნოს“ საპირწონედ (ახალგაზრდა ამერიკელი ენთომოლოგისა და რუსი ჟურნალისტი გოგონას ისტორია), რომელსაც უნდა გაებათილებინა საქართველოსთვის წაყენებული ბრალდება და პრეტენზიები, თითქოს აგვისტოს ომი ქართულმა მხარემ დაიწყო… მეტიც, მას უფრო ამბიციური მიზანი ჰქონდა – არა ბრალდებაზე პასუხი და თავისმართლება, არამედ თავდასხმა. და თქვენ რას ელოდით?

ქვის ლედი

მსახიობი პრეტენზიული არ არისო, თუმცა მან ისეთი ნომერი მოითხოვა, რომელშიც ერთი სიგარეტიც კი არ უნდა ყოფილიყო მოწეული… ასე რომ, მისთვის ნომერს საგანგებოდ არჩევდნენ. მიუხედავად იმისა, რომ რენი ჰარლინის ფილმში სტოუნი არ თამაშობს, მაინც გეტყვით ორიოდე სიტყვით ამ მსახიობის შესახებ. ცნობილია, რომ მან სამსახიობო კარიერა ვუდი ალენის ერთ-ერთ ფილმით დაიწყო, თუმცა მის აღმავლობას უკავშირებენ პოლ ვერჰოვენის სკანდალურად ცნობილ ეროტიკულ დეტექტივს „ძირითადი ინსტინქტი“ (1993 წელს მტვ-ის კინოჯილდო გადასცეს ფილმისთვის „ძირითადი ინსტინქტი“ ნომინაციაში „ყველაზე სასურველი ქალი“. თუმცა მას არ გაუმართლა, რადგან 2007 წელს მიიღო „ოქროს ჟოლო“ ფილმისთვის „ძირითადი ინსტინქტი 2“ ნომინაციაში „წლის ყველაზე ცუდი მსახიობი“), რომელშიც შერონს სტოუნი მომხიბვლელ მწერალსა და მკვლელს თამაშობს. ამ როლზე 14 მსახიობმა უარი თქვა (მათ შორის მიშელ ფაიფერმა და იზაბელ აჯანიმ, რომელიც ცნობილია პატრის შეროს შეუდარებელი და სკანდალური ფილმით „დედოფალი მარგო“), თუმცა შერონ სტოუნი უფრო გამბედავი აღმოჩნდა და ბრწყინვალედ შეასრულა ქეთრინის როლი. ამან, ბუნებრივია, მისადმი სტერეოტიპული დამოკიდებულება შექმნა, რომელიც ჩარჩოში აქცევდა მსახიობს და აქცენტს აკეთებდა ეროტიკულ როლებზე. მაგრამ მარტინს სკორსეზეს წყალობით მან ნამდვილად მოახერხა ამ ჯადოსნური წრის გარღვევა და საკმაოდ წარმატებულად შეასრულა ერთ-ერთი როლი მის საკულტო ფილმში „კაზინო“ (ამ როლისთის მან „ოქროს გლობუსი“ მოიპოვა და ნომინირებული იყო „ოსკარზე“), რომელშიც მისი მეწყვილე, როგორც გახსოვთ, რობერტ დე ნირო იყო. ამის შემდეგ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, შერონს სტოუნი კიდევ ერთ ფილმში შესრულებული დრამატული როლით დამამახსოვრდა – ეს არის ფილმში „ალფა დოგი“ შესრულებული როლი (ნიკ კასავეტესის ფილმი, რომელიც გადაღებულია რეალურ ამბავზე). საინტერესოა, რომ 2002 წელს შერონ სტოუნი იყო „კანის“ საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის წევრი. თუმცა მანამდე 2001 წელს მსახიობი სიკვდილის პირას იდგა – ტვინის სისხლძარღვების პრობლემის გამო. ასევე, ცნობილია, რომ მსახიობს აქვს დიაბეტი, ამიტომ ტკბილეულზე კატეგორიულად უარს ამბობს. თუმცა ნახეთ რა კარგად გამოიყურება 53 წლის მსახიობი… სხვათა შორის, შერონ სტოუნმა 1998 წელს გააფორმა ხელშეკრულება ფირმა „რალფ ლორენთან“ დაახლოებით 18 მილიონ დოლარზე და ამრიგად გახდა ყველაზე ძვირადღირებული მსახიობი ქალი, რომელიც გადაიღეს რეკლამაში; ჰოლივუდში მას „ქვის შერონს“ უწოდებენ და ამით ხაზს უსვამენ როგორც მის გვარს (სტოუნ – ინგლისურად ქვას ნიშნავს), ისე ხასიათს, რომელიც საკუთარ თავზე გამოცადეს ჰოლივუდის ყველაზე კერკეტმა კაკლებმა 🙂 მამაკაცებმა – სილვესტრ სტალონემ, არნოლდ შვარცენეგერმა, მაიკლ დუგლასი. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ შერონ სტოუნი დიდი ქველმოქმედია და ფილანტროპი. მაგალითად, 2005 წელს აფრიკაში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე ტანზანიის სახელმწიფოს პრეზიდენტის ბენჟამინ მკაპუს გამოსვლამ ქვეყანაში არსებულ კრიზისზე და დაავადებების პრევენციის აუცილებლობაზე იმდენად იმოქმედა მასზე, რომ შერონ სტოუნმა გააწყვეტინა მას გამოსვლა და საჯაროდ გადასცა 10000 დოლარი კოღოს საწინააღმდეგო ბადეების საყიდლად სიტყვებით „ამ თანხით თქვენ შეგიძლიათ იყიდოთ საკმაოდ ბევრი ბადე დღეს ღამით რომ დაიცვათ ბავშვები… კიდევ ვინმეს ხომ არ უნდა ქველმოქმედების გაღება?“ იკითხა მან და საინტერესოა, რომ ზუსტად 5 წუთში 1 მილიონი აშშ დოლარის მობილიზება მოახერხა ტანზანიის ბავშვების გადასარჩენად. სიმართლე გითხრათ, ამ ფაქტის გათვალისწინებით მეგონა, რომ სტოუნი რაღაც „შტუკას გააძრობდა“ და ბიზნესმენებს იმაზე მეტად გაწეწავდნენ, ვიდრე გაწეწეს 🙂

პატრიოტული “სააბრაჟენიებით”…

2011 წელს ჩვენ, ქართველებიც და რუსებიც ჯიუტად ვიცავთ ჩვენს პოზიციებს. ერთმანეთს მუშტს ვუღერთ და ისევ განვაგრძობთ სამხედრო რიტორიკას, რომელიც კარგს არაფერს უქადის პერიფერიაზე მცხოვრებ “უბრალო მოქალაქეებს”. რატომ ვამახვილებ ამაზე ყურადღებას? ფილმის პროდიუსერებად მოგვევლინენ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია და კობა ნაყოფია („მადნეულის“ და „კვარციტის“ ერთ-ერთი მეწილე და მმართველი); ატყდა ერთი ამბავი, ოპოზიციაც ითხოვდა ინფორმაციას როგორც ფილმის ჯამური ბიუჯეტის, ისე კონკრეტული დამფინანსებლების შესახებ. სკანდალს ის მასშტაბი არ მიუღია, როგორიც მოსალოდნელი იყო, თუმცა მაინც აღინიშნა, რომ ფილმზე იხარჯება ბიუჯეტის თანხები და ა.შ. როგორც გახსოვთ, 2005 წელს რუსული დუმის დეპუტატმა – ალექსეი მიტროფანოვმა დააფინანსა პორნოგრაფიული ფილმი და თავადვე დაწერა მისთვის სცენარი, რომელიც მოუწონეს დუმაში… ამ ფილმში საქართველოს და უკრაინის ორი პირის კავშირი იყო გაშარჟებული ბუნებრივია (მიხეულ სააკაშვილი – იულია ტიმოშენკო), მაგრამ აქ სხვა რამ საყურადღებო: მიტროფანოვს თუ არ ეთაკილა და საქვეყნოდ შეირცხვინა თავი არა მხოლოდ საკუთარ ქვეყანაში, როგორც ამაზე მოწმობს რუსული ფორუმებზე არსებული უკუკავშირი, რატომ არ შეიძლება რომ ასიმეტრიული საინფორმაციო ომის დროს ქართველმა პოლიტიკოსებმა მიიღონ მონაწილეობა პროპაგანდისტული ფილმის შექმნის პროცესში? ერთი რჩევა – ნამეტანი პანაცეად ნუ აქცევთ ახლა ამ ფილმს რუსეთ-საქართველოს ომში! რაღაც მისიის მატარებელი ნუ გახდება ახლა ჩვეულებრივი მძაფრსიუჟეტიანი ფილმი, რომელშიც, როგორც მაყურებელი ამბობს, პომიდვრებიდან მიღებული ტომატის პასტა უფრო ჩანს, ვიდრე დაღუპული გმირების სისხლი…

P.S. დანარჩენს ფილმის ნახვის შემდეგ მოგახსენებთ.

საინტერესოა, რომელ ქართულ კომპანიებში ისურვებდნენ ჩვენი თანამოქალაქეები მუშაობის დაწყებას და შესაბამისად, რომელ სფეროში დასაქმებას აღიქვამენ ისინი თვითრეალიზაციისა და კეთილდღეობის გარანტად.

აღმოჩნდა, რომ სასურველი დამსაქმებლების სიაში თანაბარი პოპულარობით სარგებლობს საქართველოს ბანკი და თიბისი ბანკი (14%-14%). მესამე-მეოთხე ადგილს კი ფარმაცევტული კომპანია ავერსი და პროკრედიტ ბანკი ინაწილებენ, მათთვის მუშაობა ურბანული მოსახლეობის 5-5%-ს სურს.

თქვენი ასაკის, პროფესიისა და დასაქმების სტატუსის მიუხედავად, გთხოვთ მითხრათ, დღეს საქართველოში მოქმედ რომელ კომპანიაში ისურვებდით მუშაობას ყველაზე მეტად?

შედარებით განსხვავებული სიტუაცია იყო 2008 წელს. მართალია საქართველოს ბანკი და თიბისი ბანკი ორი წლის წინაც სასურველი დამსაქმებლების სათავეში იყვნენ, მაგრამ ამ პერიოდში სამშენებლო კომპანიებიც ფიგურირებდნენ. 2010 წლის მონაცემებით კი ცენტრ-პოინტი და აქსისი აღარ ირიცხებიან სასურველი დამსაქმებლების ათეულში.

კვლევის შედეგების მიხედვით, ნათელი ხდება, რომ მოქალაქეთა დიდი ნაწილისთვის პრიორიტეტულია კომპანიის სტაბილურობა და ამასთანავე ის ფაქტიც, თუ რამდენად აქტიურ კომუნიკაციაშია კონკრეტული კომპანია საზოგადოებასთან (2010 წლის  დეკემბერში გამოიკითხა თბილისისა და საქართველოს დიდი ქალაქების 1200 ზრდასრული მაცხოვრებელი. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 2.4%).

გამოყენებულია კომპანია “ეისითის” მასალა – http://www.act.ge