Archive for July, 2011

ანდერს ბრეივიკი მართლაც ყასაბია! ბავშვებს ასაფეთქებელი ტყვიებით ხოცავდა! მათ ახალგაზრდა სხეულს ნაფლეთებად აქცევდა! ყასაბია, რომელსაც, სავარაუდოდ, ქვეყნის კანონით გათვალისწინებულ მაქსიმალურ სასჯელს – 21 წელს მიუსჯიან! პლაზმური ეკრანი საკანში, მზარეულის რეცეპტით მომზადებული კერძი და საინფორმაციო გამოშვება, რომელშიც განვლილი კვირის ქრონიკას უყურებს… ამაზე ფიქრობს ახლა იმ 80-მდე დაღუპული ბავშვის მშობელი და არა იმაზე, რასაც ტოლმას ფარშივით გვტენის მედია – მას რთული ბავშვობა ჰქონდა, დედ-მამის გაშორების შემდეგ ტრამვირებულმა დედაზე მოახდინა საკუთარი ლიბიდოს პროეცირება და ა.შ. და ა.შ. თუ მედია, მათ შორის ქართული, მიზნად ისახავს მაყურებელში სინანულის დანერგვას, მაშინ მოვლენების ამდაგვარი გაშუქება მისაღებია, მაგრამ არ შეიძლება საკუთარი რეიტინგის გაზრდის გამო იდიოტურ მდგომარეობაში ჩააყენო დაზარალებულები და თავადაც შეუერთდე მათ რიგებს… და იყო იდიოტი! მედიის ეს არაჯანსაღი სიყვითლე გრძელვადიან მკურნალობას საჭიროებს! ყვითელი ფერი არ არის ჯანმრთელი საზოგადოების ფერი!

ბრეივიკის აღსარება არ ჰგავს აბდალაძის, ან სხვა ფოტოგრაფის აღიარებით ჩვენებას. ამას ზუსტად ახსოვს, სად და როდის შექმნა ფიქტიური კომპანიები სასუქის შეძენის მიზნით, რომლის დამუშავებითაც იღებდა ასაფეთქებელ ნივთიერებას! ისიც ახსოვს, რომ 2005 წელს შეიარაღების კლუბში გაწევრიანების შემდეგ ადვილად შეიძინა Glock 17 მოდელის პისტოლეტი. მართალია დღეს უკვე ბრეივიკს მიზანში სროლა აუკრძალეს, მაგრამ მოღვაწეობას სპორტის სხვა სახეობაში გააგრძელებს: ციხეში კარგი სპორტული დარბაზია, კლდეზე ცოცვის ხელოვნური კედელი, ჯანსაღი კვება… ერთ რამეს ვკითხავდი ციხის დირექტორს – რისთვის ამზადებთ პატიმრებს? გაქცევისთვის? ან ესენი ვერ არიან დალაგებული, ან მე ვალაგებ ჯერ კიდევ დაუვარცხნელ აზრებს… ეს სამყარო შეიშალა!

ანდერს ბრეივიკის სახელი მალე ჩაიწერება სერიული მკვლელების სიაში. ამ გვერდზე შესვლის შემდეგ ისეთი განცდა გრჩება, რომ ქაუნთერ სთრაიქის ოფიციალურ ჩემპიონატის შედეგებს ეცნობი – ამას თურმე 150 მოუკლავს, იმას 50, ამას მხოლოდ 5 მოკვლა დასცალდა… ვერ ყოფილა მთლად მოწოდების სიმაღლეზე! ანდერს ბრეივიკმა 2 ტურის შედეგად 80-მდე მოკლა და 97 დაჭრა. სერთიფიცირებული მკვლელია მე მოვკვდე! თან პროფესიით მენეჯერი ყოფილა. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ყველაზე გულისამრევი თამაში წინ გველის – რომელიმე ქერათმიანი მსახიობის მონაწილეობით აუცილებლად გადაიღებენ მხატვრულ ფილმს, სავარაუდო სათაურით „ნორვეგიული ტყე“, რომელშიც გას ვან სენტის ფილმის „სპილო“ მსგავსად მიაწერენ მსხვილი შრიფტით „ეყრდნობა რეალურ მოვლენებს…“

P.S. ნორვეგიაში მყოფი ქართველი გოგონა, თამთა ლიპარტელიანი დაკარგულთა სიაში აღმოჩნდა, რომელიც ბრიტანულმა გამოცემა “გარდიანმა”გაავრცელა . მე დიდი იმედი მაქვს, რომ გადარჩა…

საქართველოს საზღვრებთან ახლოს, მცირერიცხოვანი მოსახლეობითა და მრავალსაუკუნოვანი ისტორიით ქალაქი ალავერდი დგას, რომელშიც თამარ მეფის დროინდელ ქართულ კულტურას ბერმუხასავით გაუდგამს ფესვები. მე-XIII საუკუნის ხურითმოძღვრების პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი ძეგლი „ახტალა“ აღმოჩნდა, რომლის აგებულებაც და მოხატულობაც (ფრესკები) წმინდა ქართულია. თუმცა იქვე აღმართულ საინფორმაციო დაფაზე, რომელზეც ქართული ენის გარდა სხვა დანარჩენ 5 ენაზე ტაძრის შესახებ ინფორმაციას წაიკითხავთ, ვერსად ამოიკითხავთ თამარ მეფის, ივანე მხარგრძელისა და ზოგადად ქართველების კვალს. არადა ტაძარში შესულ ჯგუფს სწორედ რომ ქართველების სამარხებზე, მათ კვალდაკვალ გვიწევდა სიარული… მელიქიშვილების შტო სწორედ ერთ-ერთი ის ფესვია, რომელიც ვერადავერ ამოძირკვა დრომ. თუმცაღა საფლავის მრავალი ქვა დაბზარა, რომლის აღდგენას არავინ ჩქარობს.

ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ „ახტალას“ ქართულ წარმომავლობას არც UNESCO-ს პროტექცია და არც USAID-ის პატრონაჟი (უ)შველის. დრონი მეფობენ და არა მეფენი, რომელსაც ალავერდში განგებ არ ახსენებენ! თუმცა, სამართლიანობა ითხოვს აღინიშნოს, რომ ალავერდში არსებულ „თამარ მეფის ხიდს“ სომხებიც ასე მოიხსენიებენ. ეს არ არის ერთადერთი ისტორიული და კულტურული (თუ სიმბოლური) ხიდი ქართველებსა და სომხებს შორის – ადგილობრივი მოსახლეობა პროდუქტს ძირითადად ლილოს ბაზრობაზე იძენს, სამკურნალოდ თბილისში დადიან, ალავერდში და მის იქითაც სომხურ დრამთან ერთად ქართული ეროვნული ვალუტა მოქმედებს, რომლითაც საქართველოში დაბრუნებისას 3,360 გრამი გარგარი შევიძინეთ 4 კგ-ს ფასად… როგორც ვაჭარი გვეფიცებოდა იმაში, რომ „ამ ვედროში 4 კგ-ზე მეტი დევსო!“, ისე ეფიცებიან თურმე „ახტალაში“ და სხვა ქართულ, ან ქართულ-სომხურ ტაძრების სანახავად ასულ ტურისტებს სომეხი ჟამთა აღმწერნი „ეს არქიტექტურული ძეგლები სომხების აშენებულიაო“!

PR-ის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია თუ ჩვენ არ ვიზრუნეთ საკუთარ იმიჯზე, ამას ჩვენს მაგივრად სხვა იზამს! ხოდა ზრუნავენ „როგორც შეუძლიათ“… ალავერდში მივხვდი, რომ ჩვენს წინაპრებს საქართველო შარვალივით ჰქონდათ მოხდენილი, მერე მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში, ორჯონიკიძ წყალობით, ბრიჯივით შეგვიმოკლეს; 90-იან წლებში შორტივით დაგვიპატარავდა და 21-ე საუკუნეში ტანგა ტრუსიკივით გვაქვს ეს ქვეყანა – გვიჭერს და ვეღარ ვმოძრაობთ! 4 კგ-ს ფასად ნაყიდ 3,360 გრამ გარგარს კი არ ვუჩივი! ამ ფასად გაყალბებულ ისტორიას მივტირი, რომელზეც, მადლობა ჩვენს ხელოვნებათმცოდნეებსა და ისტორიკოსებს, დიდად შესტკივათ გული და პატარ-პატარა ჯგუფებად დარაზმულნი ავრცელებენ ინფორმაციას – საქARTველო სომხეთში!

ანუ მე C ჰეპატიტი მაქვს? არ ვიცი! მივალ, გავესინჯები, მკვეთრად გამოხატული სიმპტომები არ ქონია და თავს დავიზღვევ, მერე რომ საწუწუნო არ გამიხდეს. ღმერთმა იცის საქართველოში კიდევ რამდენი ადამიანი უსვამს საკუთარ თავს ამ კითხვას. ერთი კი არის ცხადი, რომ ამ კითხვაზე პასუხი უკვე აქვს ქვეყნის 200,000-ზე მეტ მოქალაქეს, რომლებსაც ამჟამად მხოლოდ ერთ კითხვაზე სურთ პასუხის მიღება – მოვაწერთ თუ არა ხელს პეტიციას, რომელსაც ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი და მასში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები ამზადებენ 28 ივლისისთვის, ჰეპატიტთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს. რას ითხოვენ პეტიციაში? როგორც ვიცი, საქართველოში ამ ინფექციის სრულყოფილი დიაგნოსტირება და დროული მკურნალობა არ არის ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, არ არსებობს ზუსტი და სანდო სტატისტიკა, რის გამოც ხდება პრობლემის უგულებელყოფა (არ არის რაოდენობა – არ არის პრობლემა! არ არის პრობლემა – არ არის მისი გადაწყვეტის აუცილებლობა!). ჰეპატიტი საქართველოში აქტუალური პრობლემაა, რომელიც ზედაპირზე არ ჩანს და ამაში დამნაშავე ხანდახან თავად ინფიცირებული ადამიანები არიან. იმის გამო, რომ ზოგიერთ მათგანს C ჰეპატიტი “უწყინარი”, ანუ რიგითი დაავადება ჰგონია, ALARM-ს დაგვიანებით რთავს. კუსტარულად დამზადებული და დაბინძურებული ნარკოტიკები, დაუცველი სქესობრივი კავშირები, ალკოჰოლიზმი სწორედ C ჰეპატიტის ლატარიაა, რომელშიც მხოლოდ სიკვდილი იგებს თქვენს ციროზსა და ღვიძლის კიბოს…

ზოგი ფიქრობს, არც ნარკოტიკს მოვიხმარ, არც სმა მიყვარს და პრეზერვატივის გარეშე სექსიც არასოდეს მქონიაო, მაგრამ ვირუსი შესაძლებელია გადაეცეს:

  • სხვისი კბილის ჯაგრისის გამოყენებისას;
  • სხვისი საპარსი საშუალებების გამოყენებისას;
  • დაუცველი (უპრეზერვატივოდ) ვაგინალური, ორალური, ანალური სქესობრივი კონტაქტის დროს;
  • ტატუირების (“ნაკოლკის”) გაკეთებისას;
  • სხვისი ნემსის და შპრიცის მოხმარებისას სამკურნალო მიზნებისათვის;
  • ნარკოტიკების ინექციური (ნემსით) გზით მოხმარებისას;
  • მანიკიურისა და პედიკიურის გაკეთებისას;

კიდევ ფიქრობთ, რომ C ჰეპატიტი თქვენი პრობლემა არ არის?

სამწუხაროდ ინფიცირებულთა 80%-ში დაავადების ნიშნები არ არის გამოხატული. ჰეპატიტი C ძირითადად სისხლით გადაეცემა, თუმცა არსებობს ინფიცირების რისკი მრავალ პარტნიორთან დაუცველი (უპრეზერვატივოდ) სქესობრივი კავშირისას (წყარო ziani.ge). მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელებში თავის დროზე აქტიურად განიხილებოდა ჰეპატიტების თემა, ამ საკითხის ან პროფანაცია მოხდა, ან ესა თუ ის გვერდი საერთოდ “მოკვდა”. არადა ეს ის სივრცეა, რომელშიც ახალგაზრდობის, 18-25 წლის ასაკის ინტერნეტ მომხმარებლების უმრავლესობა ყოველდღიურ რეჟიმში აქტიურობს და კარგი იქნებოდა მათთვისაც გვეთქვა თუ რამხელა საფრთხეს წარმოადგენს C ჰეპატიტი. მსოფლიოში დაახლოებით 350 მილიონ ადამიანს ქრონიკული B ჰეპატიტი აქვს, ხოლო დაახლოებით 170 მილიონი ინფიცირებულია C ჰეპატიტით. ვფიქრობ, საქართველოსთვის კატასტროფული მაჩვენებელია 200 ათასი დაავადებული და ამის შესახებ ყოველდღიურად უნდა იმართებოდეს დისკუსიები. ყოველგვარი (და ზედმეტი) პათეტიკის გარეშე უნდა ითქვას, რომ 28 ივლისი გარდატეხის პერიოდი იქნება ამ ადამიანებისთვის, რომლებიც პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ისინი სიკვდილის სამიზნეები არიან და ჩვენ აუცილებლად უნდა გავეცნოთ და შემდეგ ხელი მოვაწეროთ მათ “შეწყალებას”, პეტიციას.