Archive for September, 2011

„მომავალში ბაზარზე დარჩება მხოლოდ ის კომპანია, 

რომელიც ინტერნეტშია წარმოდგენილი…“

ბილ გეითსი

კომპანია „მაიკროსოფტის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი

რას გულისხმობდა ბილ გეითსი, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი (როგორც ფინანსურად, ისე იდეებით) ადამიანი, ნოვატორი, კომპიუტერული ტექნოლოგიების ერთ-ერთი პიონერი? ბილ გეითსი გულისხმობდა, რომ „თუ თქვენ არ ხართ წარმოდგენილი ინტერნეტში, ესე იგი ბიზნესშიც არ ხართ!“. ინტერნეტ მედია, სოციალური მედია – არა მხოლოდ მედიის მომავალია, არამედ ზოგადად კომუნიკაციის და გაყიდვების. სოციალური მედია მედიის ერთადერთი სახეობაა, რომელსაც ეცნობიან სამუშაო დროს, სამსახურში, ოფისში. ამით კიდევ უფრო იზრდება ამ მედიის ზემოქმედების ხარისხობრივი მაჩვენებელი.

სოციალური მედია კომუნიკაციის ინფრასტრუქტურის შემადგენელი ნაწილია და მისი ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი. კომპანიების / ორგანიზაციების აბსოლუტური უმრავლესობის – 99% PR სამსახურის ფუნქციონირება დაყვანილია მედიასთან ურთიერთობით. მათ მიაჩნიათ, რომ მთავარია საინფორმაციო სივრცეში მოხვედრა, რომელშიც მათ მიერ ან მათ შესახებ გამოქვეყნებული / გაჟღერებული ინფორმაციის ინტონაცია და რაოდენობა თავისთავად მიანიშნებს ამ ინფორმაციის აქტუალობაზე. თუმცა საინფორმაციო პროდუქტის აქტუალობა მაშინ იწყება, როდესაც ამ პროდუქტს მომხმარებელი ეცნობა და უმალ გამოხატავს თავის დამოკიდებულებას ინტერაქციის მეშვეობით. იმ მომენტამდე, სანამ ეს არ მოხდა, შეუძლებელია იმის თქმა, რომ თქვენმა სამიზნე ჯგუფებმა გამოხატეს ინტერესი, გაიგეს თქვენი მესიჯი, გაითავისეს თქვენი მოწოდება და მზად არიან იმოქმედონ თქვენი მოლოდინის შესაბამისად.

სოციალურმა მედიამ გახადა შესაძლებელი (მათ შორის, გახადა ეკონომიკურად გამართლებული) მომხმარებელთან პირდაპირი კომუნიკაცია და ე.წ. აზრის ლიდერების უფრო ფართო წრესთან მუშაობა, ვიდრე ამას ტრადიციული მედია ახერხებს.

და მაინც, რა არის „სოციალური მედია“?

სოციალური მედია რომ არ იყოს მედიის მომავალი, თბილისის მერი, გიგი უგულავა არ გამოიყენებდა ამ სივრცეს ონლაინ-კონფერენციისთვის (2011 წლის მაისში), რომელზეც იღებდა რეალურ უკუკავშირს საკუთარ აქტივობაზე, საკუთარ გამოსვლებზე, საკუთარ პოლიტიკაზე. პოლიტიკოსისთვის სოციალური მედია და სოციალური ქსელი არის საკუთარ ელექტორატთან ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი კავშირის არხი, როდესაც კითხვა – პასუხის რეჟიმში ნებისმიერი მათგანი იღებს უკუკავშირს საკუთარ ქმედებაზე.

Online მედია VS Offline მედია

სოციალური მედიის მეშვეობით ლოკალური ხდება გლობალური, გლობალური კი ხელმისაწვდომი. ტრადიციულ მედიასთან შედარებით სოციალურ მედიას გააჩნია შემდეგი უპირატესობა, რომელსაც ერთხმად აღნიშნავენ PR-ისა და მარკეტინგის სპეციალისტები:

  • ინფორმაციის ელვისებური სისწრაფით გავრცელება (მობილური ტელეფონითაც კი შესაძლებელია ონლაინ მედიაში ინტეგრირება და ვიდეო და ტექსტური მასალების განთავსება);
  • სწრაფი უკუკავშირი და ინტერაქცია (დამოკიდებულების შესწავლა შესაძლებელი ხდება პოზიციის გაჟღერებისთანავე);
  • სამიზნე ჯგუფების პოვნა ზედმეტი ძალისხმევისა და კვლევის გარეშე (მედია საზღრების გარეშე – გეოგრაფიული არეალი აღარ წარმოადგენს ბარიერს და შემაფერხებელ გარემოებას);
  • ინფორმაციის სასიცოცხლო ციკლის გაგრძელება (ტრადიციული მედიისგან განსხვავებით, სოციალურ მედიაში ინფორმაცია „ცოცხლდება“, ის აგრძელებს სიცოცხლეს ყოველდღიურ რეჟიმში სხვადასხვა ხერხით – გამოქვეყნებული ინფორმაციის გაზიარებით, გაკეთებული კომენტარების მეშვეობით და თავად გამოქვეყნებული ინფორმაციის განვითარებით, რომელიც შეიძლება ცვალო ან განაახლო შენი შეხედულებისამებრ);
  • და, რაც მთავარია, კომპანია / ორგანიზაცია / ინდივიდი – აღარ საჭიროებს შუამავალს საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის; ის უკვე პირდაპირ, დამოუკიდებლად ამყარებს ურთიერთობას თავის სამიზნე ჯგუფებთან (ტრადიციული მედიის, ანუ მედიუმის გარეშე);

სოციალური მედია (Online) და ტრადიციული მედია (Offline), როგორც იარაღი რომ შევადაროთ, გამოვა, რომ სოციალური მედიას უკეთ აქვს ამოღებული სამიზნეში თავისი სამიზნე ჯგუფები, ვიდრე ტელევიზიას. თუნდაც იმიტომ, რომ სოციალური მედია თავად პოულობს თავის სამიზნე ჯგუფებს, რაც შეუძლებელია ტრადიციული მედიის შემთხვევაში. ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ ტრადიციული მედია ქაოტურად არტყამს თავის სამიზნეს, სოციალური მედია კი ე.წ. თარგეთინგის პრინციპით პოულობს კონკრეტულ ჯგუფებს, რომელშიც იმყოფება მხოლოდ მისი სამიზნე აუდიტორია და, ამრიგად, ზრდის საკუთარი ზემოქმედებისა და ზეგავლენის ეფექტიანობას. ფაქტობრივად, სოციალური მედია ისე ახორციელებს ზუსტ წერტილოვან დარტყმას, როგორც სნაიპერი. მაშინ, როდესაც ტრადიციული მედიის აქტივობა ტვყიამფრქვევის ქაოტურ სროლას ჰგავს.

თუმცა არც ისეა საქმე, რომ სოციალური მედია ცალსახად პოზიტიური შედეგის მომტანია თქვენთვის. სოციალური მედიის უარყოფითი მხარე (თქვენთვის, რა თქმა უნდა) არის ის, რომ თქვენ ვეღარ აკონტროლებთ საინფორმაციო ნაკადებს თქვენი კომპანიის ირგვლივ, ვინაიდან ნებისმიერს შეუძლია შემოიჭრას ამ ოდეზღაც პრივატულ სივრცეში და დააყენოს ყველაფერი თავდაყირა. შესაბამისად, აქ ძალზედ აქტუალური ხდება სწორედ რეაქტიური კომუნიკაცია და კრიზისულ ვითარებაში საინფორმაციო ნაკადების წარმოქმნისა და მართვის სპეციფიკა. თუ მოგწონთ და იცით თქვენი კლიენტების დადებითი მხარე, უნდა იცოდეთ მათი უარყოფითი მხარეებიც. ამიტომ პიარის სავალდებულო მოვალეობა უნდა იყოს სოციალურ მედიაში ანტიკრიზისული ქმედებების განხორციელება. მაგალითად სასტუმრო მარიოტ ინტერნეიშენელის ქსელი იყენებს ტვიტერს (twitter.com) იმისათის, რომ ყველას აჩვენოს თუ რაოდენ სწრაფად და ეფექტიანად აგვარებს თავისი მობინადრეების პრობლემებს. საინტერესო ფაქტი – 2011 წელს twitter-მა ჩაატარა საიმიჯო კამპანია „მიწისძვრაზე სწრაფი“ (Twitter, faster than earthquakes), რაც სწორედ იმაზე მიანიშნებს, რომ ის ოპერატიულია და კრიზისის წინასწარმეტყველებაც კი შეუძლია.

სოცილაურ მედიას იგივე საფუძველი აქვს და პრინციპები, რაც ტრადიციულ ჟურნალისტიკას: გააშუქო და მიიღო უკუკავშირი. ეს აქსიომატურია სოციალური მედიისთვისაც. თუმცა სოციალურმა მედიამ გახადა შესაძლებელი ლოკალური ბრენდი გამხდარიყო საერთაშორისო ბრენდი, მისი ცნობადობა გაზრდილიყო კომეტის სისწრაფით და ა.შ. და ა.შ. სოციალურმა მედიამ გაარღვია ის საზღვრები, რომელიც აქვს ტრადიციულ სამაუწყებლო მედიას – ტელევიზიასა და რადიოს. ამ მხრივ სოციალური მედია გაცილებით ძლიერი ინსტრუმენტია საკუთარი თავის, კომპანიის და იდეის პროპაგანდისთვის.

ეფექტიანობის შეფასება სოციალურ მედიაში

საბოლოო ჯამში სოციალურ მედიაში კამპანიის წარმატება და ეფექტიანობა ფასდება სამი ძირითადი პარამეტრის მიხედვით:

1)      აუდიტორიის მოცვა (ჯამური დასწრება, უნიკალური მომხმარებლების რაოდენობა, განმეორებითი შემოსვლის სიხშირე, მასალების ნახვის რაოდენობა და ა.შ.);

2)      ჩართულობა (კომენტარების რაოდენობა და ელფერი, ინტონაცია – ჯამში და თითოეულ მომხმარებელზე; ვებ-გვერდზე ყოფნის დრო, მეგობრებისთვის გადამისამართების რაოდენობა და ა.შ.);

3)      ონლაინ კომუნიკაციის ოფლაინ კომუნიკაციასა და შესაბამის ქმედებაში გადაყვანა – რომელიც უნდა გამოიხატებოდეს ამა თუ იმ აქტიურ ქმედებაში: ცხელ ხაზზე განხორციელებული სატელეფონო ზარებით, გაყიდვების გაზრდით, საიტზე დარეგისტრირებულთა რაოდენობის ზრდით და ა.შ. მთავარია, რომ ონლაინ კომუნიკაციამ უბიძგოს ინფორმაციის მიმღებს განახორციელოს გარკვეული ქმედება ოფლაინ, ანუ ქსელის გარეთ. მაგალითად, ჟურნალ-გაზეთები, რომლებსაც აქვთ თავისი ვებ-გვერდიც და პირადი გვერდები სოციალურ ქსელებში, აქტიურად იყენებენ სოციალურ მედიას ბეჭდური პროდუქციის გაყიდვებისთვის – ონლაინ მედიაში გამოქვეყნებული მასალებით ისინი ახდენენ მყიდველის დაინტერესებას და გაყიდვების სტიმულირებას;

სოციალური მედიის ტენდენციები 2011 წელს

საზოგადოებასთან ურთიერთობების მართვის პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია „ვოკუსმა“ (www.vocus.com), რომლის მომსახურეობითაც სარგებლობს დასავლეთში წარმოდგენილი კომპანიების 80% მეტი, დაახლოებით ასეთი მონაცემები გამოაქვეყნა 2011 წელს:

  • მაღალკვალიფიციური PR სპეციალისტებისა და PR-ექსპერტების 67% აცხადებს, რომ მათი კომპანია აქტიურად არის ჩართული სოციალურ მედიაში;
  • 69% აცხადებს, რომ 2011 წელს სოციალური მედია კიდევ უფრო მეტ დატვირთვას და მნიშვნელობას შეიძენს ზოგადად მსოფლიოს PR საქმიანობაში და გახდება პრიორიტეტული;
  • ხოლო PR სპეცისლიტების აბსოლუტური უმრავლესობა – 80% ვარაუდობს, რომ 2012 წელს სოციალური მედია კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება საზოგადოებისთვის, მომხმარებლისთვის;

აღსანიშნავია, რომ ამავე PR სპეციალისტების თქმით, მათი 25% აყალიბებს ღირებულებებს ამა თუ იმ კონტენტის (შინაარსის, ვიზუალური მასალების) მეშვეობით სოციალურ მედიაში, 23% უზიარებენ პირადი ბრენდ-ისტორიებს სოციალური ქსელების მეშვეობით, ხოლო 19% აქტიურად მონაწილეობს დისკუსიებში;

ვაღიარებ, სხვაგან უნდა იცხოვრო, მაგრამ აუცილებლად აქ უნდა დაგმარხონ, რომ შენი ამწიოკებლის შთამომავლობის მიერ მოყვანილ მწვანილსა და კორტოფილს პესტიციდებივით გაუჯდე ფესვებში და გემო გაუმწარო მათ, ვინც შენ გამწარებდა ტკბილი მოგონებებით! დაღალეს ტვინი ამდენი რეკლამით! ჯგუფურ Report-ს ვაგროვებ უფალის სახელზე, რომ საიქიოში გადასულ პროდიუსერებს აჩვენონ სამოთხის რეკლამა და მერე ჯოჯოხეთის კუპრში ჩახარშონ სიტყვებით „მოგეწონა რეკლამა?“… მერე, ტანჯვა-წვალების სარეკლამო ჭრის დროს ისევ აჩვენონ სამოთხის ნეტარების რეკლამა და როდესაც მოდუნდება, იგრძნობს შვებას, ისევ ჩაუშვან მდუღარე ქვაბში… ისევ და ისევ. და ასე აწ და მარადის და უკუნითი უკინისამდე!!!  დაღალეს ტვინი! ნოსტალგია გამიჩნდა იმ დროისადმი, როდესაც ტელეეთერით მხოლოდ „Спят усталые игрушки…“ მესმოდა, ხოლო ერთადერთი პროდუქტი, რომლის მიმართაც გამოვირჩეოდი ლოიალობით – შაქრიანი მაწონი და კარაქიანი პეჩენია იყო! დღეს ასეთ გადაცემებს გატენიდნენ Product Placement-ით, საბავშვო გადაცემების შეთხზული გმირები აუცილებლად „ბარამბოს“ დააგემოვნებდნენ, შესვამდნენ „ნატახტარის“ ლიმონათს და იოლად გავიდოდნენ კუჭში მათ საყვარელ Pampers-ში… აღარ შემიძლია! მთელი ერი კუჭში გადის და კოლექტიური ფაღარათი აქვს იმის გამო, რომ ვეღარ ვინელებთ ამდენ უგემოვნო რეკლამას. დიაგნოზს ვსვამ – ყველას გვაქვს მრავლობითი ეროზიები და გასტრიტი, რომელიც არ ექვემდებარება მკურნალობას ამ პარლამენტის პირობებში და მის გადამკიდე! რეკლამის სანდოობა პლინტუსის დონეზეა დაწეული, მაგრამ სარეკლამო დრო იქამდე აწიეს, რომ უკვე ისტერიკა მაქვს – მეუღლე რომ სუფრასთან მეპატიჟება „ნიკორას“ შებოლილი ნეკნების დასაგემოვნებლად, ფარული რეკლამირება და საშინელი მომსახურებით გამორჩეული „ნიკორას“ Product Placement-ი მგონია იმ წმინდათაწმინდა სივრცეში, სადაც ერთადერთი სახე-ხატია ჩემი ელენე! დამღალეს! ჭკუიდან გადამიყვანეს, მათ შორის ამ ვაი პიარშიკებმა და „რეკლამისტებმა“, რომლებიც ვირუსულ რეკლამას ავრცელებენ თხოვნით „დამიlike რა. გეხვეწები!“ ეს სპამერობა ახლა მოდაშია, მაგრამ გაუგონარია ვირუსული რეკლამის გავრცელება ასეთი ხერხით – ხვეწნა-მუდარით და მათხოვრობით! ტფუ რა! პლანტაციაზე აღზრდილი მონა რომ იყოს, საკუთარ თავს ვერ გაყიდდა აუქციონზე და სხვას კი გაყიდვების გაზრდას ჰპირდება! გულზე ხელდადებით ვთქვათ, რამდენ ასეთ მათხოვარს შევეწიეთ ამ ბოლო დროს fb-ზე? გუშინ ტელევიზორი გამიფუჭდა. ყველა შრეკი მგონია – მწვანედ ანახებს ყველას და ყველაფერს, მაგრამ ჯიუტად ვაგრძელებ ცქერას. ერთი მამშვიდებს, რაც არ უნდა დაითხარო თვალები, ვერადავერ გაარჩევ სიგარეტის მარკას, ყავის ბრენდს და ქართულ ტიტრებს, რაც ინგლისურის სწავლის კიდევ ერთი დამატებითი მოტივატორია. დამღალეთ და გამაგიჟეთ! აქ რეკლამაა, დიმიტრი ობოლაძეზე გადართავ და სპორტული მატჩების სპონსორობას ამოგიყვანენ ყელში კომპანიები, ამინდის პროგნოზზე გადართავ და ძირითადად იმ კომპანიებს ხედავ ეკრანზე, რომლებიც თავად ქმნიან ამინდს ამ ქვეყანაში; საინფორმაციო გადაცემით გაუპატიურებულ გონებას გინდა მსუბუქი მასაჟი მოუწყო ფილმით ან სერიალით და Product Placement-ი მსხვერპლი ხდები! გარეთ გადიხარ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ადიხარ, თავისუფალ ადგილს იკავებ და იქვე გესმის სახელდახელოდ შეთხზული მითები რომელიღაცა კომპანიზე, რომელიღაცა კამპანიაზე… კიდევ ერთი სპამერი ცდილობს გაამართლოს საკუთარი პატრონის იმედი და ESM-ში ან Prschool-ში აღებული სერტიფიკატი!  დამიlikeთ, ძალიან გთხოვთ.

არც კი ვიცი, როგორ დავიწყო – გამოჩენილი მსახიობი… კალიფორნიის გუბერნატორი… პენსიონერი კულტურისტი… მოკლედ, ცხვირზეხელმოჭერით ვიტყვი – არნოლდ შვარცენეგერი (და არა შვარცნიგერი, როგორც ზოგს მიაჩნია და ამით ფაქტობრივად რასობრივ დისკრიმინაციას უწყობენ ხელს, რადგან გერმანულად „შვარც“ შავს ნიშნავს, ხოლო ნიგერი რას ნიშნავს, ამის განმარტება, ალბათ, არავის სჭირდება) წარმოგიდგენთ… თავის თეზას От боли пораждаются мускулы! ხოლო არაფერი ძაბავს სხეულს ისე, როგორც ფიქრი და, შესაბამისად, ისე არაფერი ავარჯიშებს ტვინს, როგორც სწავლა. თქვენ გეძლევათ უნიკალური შანსი მიიღოთ უფასო გაკვეთილები არნოლდ შვარცენეგერისაგან, მისტერ ოლიმპიისაგან, რომელმაც იცის რას ნიშნავს გახსნილი გონება.

გაკვეთილი პირველი – იმისათვის, რომ დააგროვო კუნთის საჭირო მასა, უნდა იფიქრო მხოლოდ ერთზე – როგორ დააგროვო კუნთის მასა! ასეთ სტრესულ ვითარებაში თქვენ გამოიმუშავებთ იმუნიტეტს კრიზისული ვითარებისადმი, რომლის დროსაც თქვენ მიეჩვევით ნებისმიერი საკვების გადამუშავებას. შესაბამისად, თქვენ გამოავლენთ პრობლემისადმი სტრატეგიულ მიდგომას (რას ვაკეთებთ) და მის ტაქტიკურ გადაწყვეტას (როგორ ვაკეთებთ)!

გაკვეთილი მეორე – ჩვენ, სპორტსმენებს, გვიყვარს ჭადრაკის თამაში, რადგან ის ავარჯიშებს… პირველ რიგში, გახსოვდეთ, რომ ფიგურების გადაადგილებას არა აქვს იმდენად დიდი მნიშვნელობა, რამდენიც თავად ამ ფიგურების მიერ განვლილი დისტანცია. ესე იგი, ფიგურების გადაადგილებაც მეტ ძალისხმევას საჭიროებს თქვენი მხრიდან. ისიც გახსოვდეთ, რომ ერთხელ დადგმულს, აღარავინ გადაგადგმევინებთ (ეს აქსიომაა და ჭადრაკის სპეციფიკა), ამიტომ ეცადეთ საბოლოო გადაწყვეტილებამდე რაც შეიძლება ბევრჯერ აზიდოთ ფიგურა… აწიეთ-დაწიეთ, აწიეთ-დაწიეთ – ასე მეტოქის დემორალიზებასაც მოახერხებთ და არც მწვადს დაწვავთ და არც შამფურს!

გაკვეთილი მესამე – სტერეოტიპების რღვევა არ შედის ჩვენს გეგმებში, ამიტომ ყველამ უნდა იფიქროს, რომ თქვენ მხოლოდ ერთი კუნთის დაძაბვა შეგიძლიათ… საჯაროდ დაძაბეთ ის კუნთი, სამაგიეროდ ისინი მოადუნებენ სხვას და ამ დროს თქვენი დროც მოვა. რა თქმა უნდა, კარგი გაგებით!

გისურვებთ წარმატებებს ტესტირებაზე. თქვენი – ა. შვარცნიგერი

ფრეიდი ამბობდა, სასქესო ორგანოებზე თითქმის არავინ იტყვის რომ ის ლამაზია, მაგრამ მიმზიდველი ხომ არისო? მაგრამ როცა ქალს „ქვედა სართულზე“ დაულაგებელი ოთახივით აქვს ყველაფერი, არავის სურს იქ შეხედვა. არც მამაკაცები გამოირჩევიან დიდი ესთეტურობით – მათ ბერმუხას ირგვლივ გაშენებული ბაღის ბიოდიზაინი მრავალფეროვანია და ეფექტურიც კი მათთვის, ვინც მხოლოდ ახლა ერკვევა დიზაინში. სიმპტომატურია, ქალს რომელსაც „ქვედა სართული“ მოუწესრიგებელი აქვს, მხოლოდ ერთ ბაგეზე ეალერსებიან და კოცნიან. არადა სექსის ხელოვნების უმაღლესი მწვერვალია აკოცო მას სწორ დროს და სწორ ადგილას… ამიტომ რა საჭიროა ეს ხელოვნური ბარიერები! რა საჭიროა ეს პარკები და რეკრეაციული ზონები თუკი შიდა ტურიზმი ვერ განავითარე?! ევროპეიზაცია კი, ერთის მხრივ, ტურიზმის განვითარებას, მეორეს მხრივ კი – ევროპული იმიჯის მორგებას გულისხმობს. მაგრამ აბა როგორ მოვირგოთ ევროპული იმიჯი თუკი ტყიური არსი არ უკუვაგდეთ? უდნა გვახსოვდეს, რომ ქვედა სართულზე აურზაური მხოლოდ ნონკონფორმისტებს მოსწონთ და ისიც გამონაკლისის სახით, როგორც ეს ტინტო ბრასის სტუმარ-მასპინძლებს სჩვევიათ. ანუ ტყიური არსი ეგზოტიკად უნდა იქცეს და არა ქვეყნის საფირმო ნიშნად. ვერ განვითარდება ასე შიდა ტურიზმი და ამაში დარწმუნებული ვარ 99%… ის 1% ეგზოტიკური ტყიურებისთვის მიმინდვია, რომლებიც იცავენ საკუთარ თავს ლოზუნგით „თუკი აბორტი მკვლელობაა, ორალური სექსი – კანიბალიზმია!“ მოდით შევქმნათ ლეგენდა, მითი – ადამმა და ევამ არ იცოდნენ რა არის სირცხვილი, დაიარებოდნენ ასე შიშვლები მცხუნვარე მზის ქვეშ და ა.შ. და ა.შ. როცა ცხელა, ბუნებრივი საფარის აუცილებლობა მით უმეტეს არ უნდა არსებობდეს. ამიტომ ადამი და ევა Bodyline-ს ცოცხალი Product Placement-ი იყო ედემში… შემდეგ ღმერთმა ისინი უკუაგდო, დასაჯა (ამ სიტყვას ხაზგასმით აღვნიშნავ) და დედამიწაზე განდევნა, სადაც ციოდა… Вы следите за ходом моих мыслей? 🙂 ესე იგი, გასაგებია საიდან წარმოიქმნა პარკები და რეკრეაციული ზონები – ადამმა და ევამ გააშენეს! ისე რა ლეგენდაა, ვერაფერს იტყვი. რელიგიის ისტორიის გაკვეთილისთვის არ ივარგებს, თუმცა სხვა გაკვეთილებზე რა მოგახსენოთ. გაკვეთილს დავასრულებდი დიდაქტიკური ტონით, როგორც ეს მასწავლებლებს სჩვევიათ – ნებისმიერი ადამიანი იბადება შიშველი, მაგრამ სამოსელის გახდა აქტია, რომელიც სხვის მზერას და შეფასებას ითვალისწინებს. ნუ დასჯით საკუთარ თავს, ეს დრო მითად იქცა. ნუ იქნებით დასჯილები, იყავით ბედნიერები 🙂 ფასადურმა სილამაზემ წალეკა ეს ქვეყანა უკვე და მივხედოთ შიდა ინტერიერს. განავითარეთ შიდა ტურიზმი. ეს ახლა მოდაშია.

პატივისცემით, ქ.თბილისის მთავარი „არქიტექტორი“

 

გ. კალატოზიშვილი

 

 

 

რა მასწავლა ამ ცხოვრებამ?

  • სიცოცხლეზე ძვირფასი არაფერია, მაგრამ საკუთარ სიცოცხლეზე ძვირფასია საყვარელი ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნება;
  • სიკვდილზე სწრაფი არაფერია, მაგრამ სწრაფი სიკვდილი გაუაზრებელ ქმედებას ჰგავს და არ მოაქვს შვება;
  • საკუთარ სიკვდილზე მეტად საყვარელი ადამიანის სიკვდილი გაშინებს და, ესე იგი, სიკვდილზე მეტად გაშინებს მარტოობა;
  • ჯანმრთელობა ფასდაუდებელია, მაგრამ ჯანმრთელობის შენარჩუნებას დიდი ფასი ადევს;
  • რწმენა გაძლიერებს მაშინ, როცა გიყვარს; მაგრამ როცა არ გწამს და იჯერებ, ეს უკვე ფანატიზმია;
  • ფული ხელის მტვერია, მაგრამ ფული ერთადერთი მტვერია და „ბაქტერიაა“, რომლის მოშორებასაც არ ჩქარობ ხელიდან;
  • თვითკრიტიკა თვითგვემა არ არის, თვითკრიტიკა სხვისი განიარაღების ხერხია;
  • სიძულვილი გამცირებს, მაგრამ დამცირება გაიძულებს გძულდეს;
  • გარდაცვლილის სახე მეხსიერებიდან იშლება, მაგრამ მისი ხსოვნა რჩება;
  • არ არის აუცილებელი ეძებდე სტატიკას და საბოლოო მიზანს, რადგან ცხოვრებაში მუდმივად იცვლება შენი მიზნები და პრიორიტეტები;
  • სამსახური მსახურად გაქცევს თუ სამსახური არის უსახური;
  • ძმა-ძმისთვის შავი დღისთვის ერთჯერადი აქციაა, მრავალგზის დახმარებას მხოლოდ ოჯახი გაგიწევს;
  • დედა მამაზე მეტია, რადგან 9 თვე გატარებს, 18 წელი გზრდის და დარჩენილი ცხოვრება გარჩენს;
  • “დრო კურნავს” თუ გიყვარდა სახალხო არტისტი, მაგრამ არ კურნავს პირად იარას;

პირველი გაკვეთილი, როგორც წესი, უფასოა. გაკვეთილი გვიტარდება… უკვე მერამდენედ! პრაქტიკული მეცადინეობის საათებიც ახლოვდება, რაც კანონზომიერიცაა – ბუნებრივია, თეორიული ცოდნა ხომ პრაქტიკული სავარჯიშოებითაც უნდა გაუმყარდეს და გაუჯდეს გახანგრძლივებულში გამწესებულ თითოეულ განკვეთილს… განმეორება – სწავლის დედააო! თეორიაში, არაფერია ცუდი თუ სოციალურ სამართლიანობაზე და პასუხისმგებლობაზე დაყრდნობით ერთმანეთს ხელს გავუმართავთ, ფეხზე დავაყენებთ… პრაქტიკაზე კი მხოლოდ ის ჩანს, რომ ფეხზეც იმიტომ ვაყენებთ, რომ წიხლი ვკრათ კარგად! წიხლსაც იმიტომ ვკრავთ, რომ განვკვეთოთ ჩვენი წრიდან. ეს ჯადოსნური კავკასიური ცარცის წრის მიღმა აღმოჩენილმა განკვეთილმა უნდა იხადოს დასუფთავების აბსურდული გადასახადი! განკვეთილმა უნდა იხადოს ბენზინის მაღალი გადასახადი! განკვეთილმა უნდა იდარდოს ინფლაციაზე! ო, რამდენი გაკვეთილი აქვს ასათვისებელი, სანამ ჩვენს ელიტარულ წრეს და ელიტარულ კლასს დაუბრუნდება! მაგრამ არაუშავს, რომც ვერ აითვისოს, დუმილის სპირალი თავისას იზამს, ოდეზღაც ხომ მიხვდება იმას, რომ  NO money – NO honey! ცოდნა კი მართლაც თაფლივითაა – სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდებისო, ნათქვამია ჩვენს სახელმძღვანელოში. ისიც ნათქვამია – ჯერ მწარე ჭამე, კვლავ ტკბილი თუ ეძებ გემოვნებასა, მაგრამ გემოს ვინ უჩივის, საღეჭ-საყლაპავი იყოს მხოლოდ. დეკლასირებული, ანუ განკვეთილი დაფასთან მიდის. რაღაცას ჯღაპნის, შლის და ხელახლა წერს დიდი მონდომებითა და ენერგიით.. „აღარ ვიზამ ამას! აღარ ვიზამ ამას! აღარ ვიზამ ამას!“ და ასეთი დაპირება ასი დავითვალე. მაგრამ ისინი იზამენ! აბა, შენ რისი მაქნისი ხარ, დეკლასირებული, ანუ ჩვენი კლასიდან განკვეთილი „რიგითი მოქალაქე“! თუ კაცსა ცოდნა არა აქვს, გასტანჯავს წუთისოფელი. ამიტომ უნდა ისწავლო ბეჯითად გაკვეთილები, რომელსაც დიდი მეცადინეობით წერენ სისხლისფრად… ანუ წითლად, ყველაზე გამაღიზიანებელ თუ აღმაგზნებ ფერში! საგამოცდოდ ისიც გასათვალისწინებელია, ვის რა რეფლექსი უმუშავდება – სისხლი… ანუ სისხლისფერი აღაგზნებს მასწავლებელს, მაგრამ აღიზიანებს განკვეთილს. გაკვეთილზე მაგვიანდება და ერთი კი უნდა ვთქვა მაინც – ამ განკვეთილმა უკვე მერამდენედ დაადგა ფეხი ფოცხს და მაინც ვერ ისწავლა ის, რომ განმეორება სწავლის დედაა მხოლოდ (თანა)მედროვე მასწავლებლისთვის. ჯერაც ვერ გაუგია, რომ თუ აპატიებენ, მხოლოდ გრამატიკულ შეცდომებს და არა სტილისტიკურად გაუმართავ მომართვას.