Archive for January, 2012

საინიციატივო ჯგუფი, ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მხარდაჭერით იწვევს ბლოგერებს  სემინარზე: „C ჰეპატიტი – მასთან დაკავშირებული სტიგმა-დისკრიმინაცია და საზოგადოების სწორი და დროული ინფორმირების აუცილებლობა“.

სემინარი 1 დღიანია და მისი მიზანია საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლება C ჰეპატიტთან დაკავშირებით და გამყარებული სტერეოტიპების რღვევის ხელშეწყობა, რომელიც აფერხებს C ჰეპატიტთან დაკავშირებული საფრთხეებისა და რისკ-ფაქტორების ადეკვატურ აღქმას და პრევენციული ღონისძიებების დროულად გატარებას.

სემინარზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები და თემები:
•    რა არის C ჰეპატიტი;
•    C ჰეპატიტის გადაცემის გზები და სარისკო ქცევა;
•    C ჰეპატიტის სტატისტიკა საქართველოში და სხვა ქვეყნებში;
•    რამდენად ხელმისაწვდომია C ჰეპატიტის დიაგნოსტირება და მკურნალობა საქართველოში;
•    C ჰეპატიტის პრობლემის გაშუქება მედიაში და ადვოკაციის საკითხები;
•    C ჰეპატიტთან დაკავშირებული სტიგმა-დისკრიმინაცია, რომელიც აფერხებს ინფორმაციის მიღებას და სწორ აღქმას;
•    როგორია საზოგადოების ინფორმირებულობის დონე C ჰეპატიტითან დაკავშირებით;
•    ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლების მიზნით წარმართული საინფორმაციო კამპანია და ცალკეული აქტივობები.

სემინარის შემდგომ, მეორე ეტაპზე გაიმართება მედია-კონკურსი მხოლოდ სემინარზე მონაწილე ბლოგერებისთვის. კონკურსის დასრულების შემდეგ ჟიური გამოავლენს სამი საუკეთესო პოსტის ავტორს, რომლებიც დაჯილდოვდებიან ფულადი ჯილდოთი:
•    1 საპრიზო ადგილი – 150 USD
•    2 საპრიზო ადგილი – 100 USD
•    3 საპრიზო ადგილი – 50 USD

სემინარზე დასწრების მსურველთა საყურადღებოდ: მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. სემინარზე დასასწრებად შეირჩევა 30 ბლოგერი.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ მითითებულ ელ-ფოსტაზე გადმოაგზავნოთ წერილი შემდეგი სახის ინფორმაციით:
•    რეზიუმე (ასეთის არ არსებობის შემთხვევაში – მოკლე ავტობიოგრაფია)
•    სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 150 სიტყვისა)
•    პირადი ბლოგის მისამართი

სემინარის დაწყების თარიღი 2012 წლის 2 მარტი;
სემინარის ხანგრძლივობა – 10:00 – 17:00 (მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან საინფორმაციო მასალებით);
სემინარის პროგრამით გათვალისწინებულია 2 კოფე-ბრეიქი;
საბუთების მიღების ბოლო ვადაა – 2012 წლის 15 თებერვალი, 18:00 საათი;

საკონტაქტო პირი: გიორგი კალატოზიშვილი, პროექტის კოორდინატორი: kalatozishvili.giorgi@gmail.com, ტელ: 577 151224 / 574 999356, skype: kalatozik

ველში Subject გთხოვთ ლათინური ასოებით ჩაწეროთ hepatitis – seminari blogerebistvis, წინააღმდეგ შემთხვევაში აპლიკანტის მოთხოვნა არ განიხილება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, სემინარი ტარდება უფასოდ და ორგანიზატორები დაუკავშირდებიან მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

Advertisements

დეგენე-რატი

Posted: January 6, 2012 in Memento

ერთი უბნელი მყავდა – რატი (გვარს, რომ მომკლა, მაინც არ ვიტყვი!). უსაქციელობის გამო სულ ასე აჯავრებდნენ “რატი, რატი, დეგენე-რატი”… იშვიათი ეგზემპლარი იყო, აი, ისეთი, პირველ სექსუალურ შთაბეჭდილებებს მტვერსასრუტს რომ უკავშირებენ და დარვინის პრემიის ღირსეული ლაურეატები რომ ხდებიან ამდაგვარი სუბლიმაციების გამო. იშვიათი ეგზემპლარი იყო! ბორდიურს რომ მიუყვებოდა ვინმე სერიოზული სახით ეუბნებოდა, ფრთხილად იარე, სუბორდინაცია არ დაგერღვეს, არ ჩამოვარდეო! ასეთი იყო რატი-რატი-დეგენე-რატი, კეთილი ნატურით და ფიტულივით უტვინო. მის შემხედვარე ერთი ზღაპარი მახსენდებოდა (Волшебник изумрудного города), რომელშიც ასეთივე უტვინო საფრთხობელა დაიარებოდა… დიდი ხანია არ მინახავს რატი-რატი-დეგენე-რატი. სანამ ცოლს შეირთავდა “ვერანდაზე” შემხვდა, გადამეხვია, მომიკითხა, ერთი ჭიქის დალევა მთხოვა (თუ მომთხოვა? მგონი მეორეს უფრო ჰგავდა თავისი ძალდატანებითა და სუფრისკენ დაქაჩვით). აქაც კი მოახერხა გამორჩევა მასების ფონზე – მჟავე კიტრის წნილს მიირთმევდნენ გომთან ერთად… ალბათ მაგარია ვერანდაზე კიტრის წნილით ამჟავებული ყელის გაგრილება ცივი და, რაც მთავარია, განახლებული გომით… ცოლს ირთავდა. სმს ლამის ყოველ 10 წუთში მოდიოდა, ისიც მომღიმარე სახით პასუხობდა, თან ძმაბიჭებს ეპასუხებოდა წარმოთქმულ სადღეგრძელოზე, გაიხარეთ, გაიხარეთო, მაგრამ ტელეფონიდან მზერას არ წყვეტდა და კოტიტა თითებით კრეფდა mec dzzzzzaaliaan mikvarxar chemo papaskuna 🙂 უცებ გამომიტრიალდა და მეკითხება “რამე არ იცი ისეთი, რომ მივწერო?” რა უნდა მიწეროთქო? – ვიფიქრე, რაღაცა გამომრჩა და ვერ გავიგე კარგად, მაგრამ მერე “მოვწვი” და დავეკითხე “სასიყვარულო მესიჯის პონტშითქო?” და იმანაც გამიღიმა. ხოდა, გამახსენდა მარკესის სიტყვები, მაგარი სიტყვები: I love you not for whom you are, but who I am when I’m by your side. არ ვიცი, მოეწონა თუ არა, ალბათ სნობობამ სძლია და ამიტომაც დაუმესიჯა. გაიხარეო, მითხრა და შენ გაიხარეთქო, მივუგე და გადავჯექი ჩემებთან. მოკლედ, დრო გავიდა, რამდენი არ მახსოვს, მაგრამ უკვე დაოჯახებული რატი შემხვდა კომუნალური გადასახადების დაფარვის დროს საქართველოს ბანკის აპარატთან. ისე არ გაუხარდა, როგორც მაშინ, გადამკოცნა, ხუთლარიანი შეაცურა ბანკომატში… რას შვები, რატი, როგორ ხარ? სიმართლე ითქვას, ისე იქცეოდა, დიაგნოზს უფრო ველოდი, ვიდრე პასუხს, მაგრამ უცებ სახე გაუნათდა და “აუ, მარკიზის სიტყვები გამახსენდა. ლალოს მაგრა გაუსწორდა, მარააა, ძმობას ვფიცავარ, ეგრევე მოწვა, რომ ჩემი არ იყო… გამბურღა და მერე ვუთხარი, რომ მარკიზის სიტყვებია…” მარკიზი არა ჟალუზი! ეგ რამ გათქმევიდა, შე დოყლაპია და უტვინო?! მარკიზ დე სადი მაინც გეთქვა, მარკესი თუ არ იცი! ეეეჰ, რატი-რატი კი არა დეგენე-რატი ხარ მართლა… ამას ვფიქრობდი და ბანკომატში ორლარიანს ვაგდებდი…

Храните деньги в банке! – მაგარია ეს რუსული ენა და რაც უდნა ხტოდე რწყილივით, ვერადავერ სჯობნის ქართული ენა მას ორმნიშვნელოვნებითა და სისხარტით. ჰო, ფული ქილაში უნდა გედოს და არა ბანკში! ჯერ ქილაში უნდა ჩადო, მერე ეზოში დამარხო, პროცენტს ვერ მოგიტანს, მაგრამ ის მაინც იცი, რომ ჰაჰა მატლმა შეგიჭამოს (რასაც ვერ შეჭამს, მაქსიმუმ დაკბიჩოს. ესეც ხეირია, ეროვნულში ხომ დაჭმულსაც იბარებენ და მონელებულსაც) და არა ბიუროკრატიულმა “კრისამ”. ახლა ამდენს რატომ ვყბედობ – საკუთარმა ბანკმა იმაზე მეტი მომიჭრა, ვიდრე კონკურენტი იზამდა. ნუ, გასაგებია, ბეი სვაიხ ჩტობი ჩუჟიე ბაიალის და ა.შ. და ა.შ. მარააააა ნოკდაუნში ვარ, მე მოვკვდე! შევდივარ ბანკში, პასპორტს ვაწვდი მოლარეს, თან მომღიმარე სახით ვეუბნები იმას, რომ სახელფასო ბარათი შინ დამრჩა… “უბარათოდ ანგარიშიდან თანხის მოხსნა 3 ლარი!”, – მეუბნება მშვიდი ტონით და ხურდას მიბრუნებს – ისიც მიღიმის. OK, გადავიტან როგორმე – გულში ამას ვფიქრობ თან, ცხადია, არ მსიამოვნებს, რომ საკუთარი ბანკი 3 ლარს მართმევს, როცა კონკურენტის ბანკომატიდან თანხის გატანა თუ არ ვცდები 0.2% მიჯდება… მერე უფრო მეტი მოვინდომე, 50 ლარის გადარიცხვა მინდათქო და დეჟავიუ დამემართა “სახელფასოდან გადარიცხვა 3 ლარი!”. სიმართლე ითქვას, ვიფიქრე, მეხუმრებათქო! მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ! ანუ “ჩემს” ბანკში შესვლა დამიჯდა 6 GEL! მერე ხუმრობის ხასიათზე დავდექი. იქნებ ამონაწერი მომცეთ რამდენი მაქვს ანგარიშზეთქო. ვიფიქრე კიდევ სამლარიანს გავირტყამდი, მაგრამ ამჯერად მტკიცე უარი მივიღე – ამობეჭდვით ვერ ამოგიბეჭდავთ, შემიძლია მხოლოდ სიტყვიერად გითხრათ! ამონაწერის მოცემა საკუთარ ანგარიშზე არსებულ თანხაზე დანაშაულიათქო, ვიკითხე, მაგრამ უპასუხოდ დამტოვეს… ინტერნეტ ბანკის ჩართვა, როგორც მითხრეს, დამიჯდება თვეში 2 ლარი (წინა ბანკში უფასოდ მქონდა). ნუ ამან საერთოდ გადამრია და გამოვედი ბანკიდან, ჩემი ბანკიდან… “ბანკმა ბანკაში ჩამაძვრინა!” ზუსტად ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა და ახლაც მაქვს, რადგან ნაწყენი ვარ 🙂 ახლა კითხვა – რომელ ბანკზეა საუბარი? 😀

P.S. ვოთომ ძალიან მაგარი კითხვა დავსვი 🙂

მენატრება

Posted: January 3, 2012 in Memento

მომენატრეთ ყველანი: წარსულები – უდროო და დროული, ახალგაზრდა და ხანდაზმული, ჩემი სისხლი და ხორცი და სხვისი სისხლის მქონეც, რომელიც შესისხლხორცებული მყავდა და მენატრება… უზომოდ მენატრება. 2 იანვარს მამაჩემის დაბადების დღეა. აგერ უკვე თითქმის 19 წლის განმავლობაში ახალ წელზე უფრო დიდი ჟინით, სიყვარულითა და სიხარულით აღვნიშნავ, რადგან ამ დღეს იშვა ის ადამიანი, რომელიც 18 წლის წინ მომიკლეს აფხაზეთში. მიყვარს იმის გახსენება, რომ დაიბადა! ყოველთვის მავიწყდება 7 დეკემბერს, მისი დაღუპვის დღეს სანთლის დანთება. და არა იმიტომ, რომ გზად ეკლესიაში შევლა მავიწყდება, არამედ ძალდატანებით ვივიწყებ! ახალი 2012 წელია და ისევ ისე მენატრება, როგორც უწინ. მენატრება სამზარეულოში თავისთვის მოკალათებული, ფეხი-ფეხზე გადადებული, სიგარეტის კვამლში გახვეული, ოდნავ ჭაღარა შეპარული თმით… მენატრება ბავშვობისდროინდელი გადაცემები, რომლებსაც ტელეპროგრამების გაზეთში კალმით გვიხაზავდა მე და ნანკას. დებდა გაზეთზე სახაზავს, ლურჯი კალმით უსვამდა სიმეტრიულ ხაზს (მიკვირდა, როგორ იცავდა ამ სიმეტრიას ყოველ გვერდზე და ყოველ დღე) და გვიტოვებდა მრგვალ მაგიდაზე. ამ მაგიდაზე მიტოვებდა დიდ ჭიქაში თავის ჩაის, რომელსაც სიამოვნებით ვსვამდი და განსაკუთრებით მენატრება ახლა, “ლიპტონის” პროვოკაცია ჩაის როცა მივირთმევ. ბებიაჩემი მიყურებდა ხოლმე და, როგორც ეს ონკოლოგ ქალს შეჰფერის და ეკადრება, მომღიმარი სახით მეუბნებოდა “ცივი ჩაი ვნებს ორგანიზმს! გაციებული ჩაის ტოქსიკურ ნივთიერებებსაც შეიცავს… არ გამოვრიცხავ, რომ კიბოს სიმსივნის ზრდასაც უწყობდეს ხელს…” ეეეეჰ, ბებო, ბებო, ისე მენატრება ეგ ცივი ჩაი და მამაჩემის თბილი თვალები, რომ ჩერნობილში დაკრეფილი ჩაიც რომ ყოფილიყო, მაინც დავლევდი. მენატრება მამაჩემის მოყოლილი ისტორიები… არა, თხრობის მანერა უფრო მენატრება – თითოეული სიტყვით რომ აცოცხლებდა პერსონაჟს, გმირებს, თავგადასავლებს. ვიძინებდი და თავი მაგელანი მიმაჩნდა… ეეეჰ, რაის მაგელანი, იმდენ აღმოჩენას ვაკეთებდი, გადაცემაში “ვაკრუგ სვეტა” ვერ ნახავდა კაცი… მენატრება ყველაფერი, რაც უკავშირდება მამაჩემს. არ ვიცი ამას აქ რატომ ვწერ, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ამ პოსტის წაკითხვა საინტერესო იყოს ვინმესთვის ჩემს გარდა, მაგრამ 2012 წელი დადგა და სადღეგრძელოს თქმისას “ყველაფერი ცუდი დაგვეტოვებინოს 2011-ში” მახსენდება, რომ აგერ უკვე თითქმის 19 წელია ვიმეორებ ამ სიტყვებს.