Archive for September, 2012

სტუდენტების პათოსი და პასუხისმგებლობა მომწონს. მათი დევიზიც მომწონს – “სოლიდარობა პატიმრებს და არა პარტიებს”, რომელიც მიჯნავს მათ მოძრაობას მრავალგზის დისკრედიტირებული პოლიტიკური პარტიების მოძრაობისაგან. მოსალოდნელი იყო, რომ სტუდენტები მათ მიერ მოწყობილ მანიფესტაციებზე მკაცრად მოსთხოვდნენ პოლიტიკოსებს არ ეფრიალათ პარტიული ატრიბუტიკა, დროშები და ა.შ. რასაც უდაოად მოყვებოდა ახალგაზრდული მოძრაობის დასტიგმვა (მართული ძალა). სხვაგვარად რომ ვთქვათ, მარკეტინგულად, მაგალითად, სტუდენტების თაოსნობით ე.წ. ბრმა ტესტირება დაიწყო, როდესაც სამოქალაქო საზოგადოება გემოს უსინჯავს და ვარგისიანობაზეც სინჯავს კონკრეტულ ჯგუფებს. ამ შემთხვევაში ბრენდი (პარტიის დასახელება, მათი ატრიბუტიკა) არ უნდა ახდენდეს ზეგავლენას საზოგადოების დამოკიდებულებაზე თუ შეფასებებზე. მნიშვნელოვანია მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოება, სოლიდარობა პატიმრებს და არა პარტიებს.

მაგრამ სტუდენტების გულწრფელობას და თვითგამოხატვას სუსტი მხარე აქვს და შეიძლება ეს აღმოჩნდეს მათთვის აქილეუსის ქუსლი… ერთ-ერთ გადაცემაში (მგონი ბერიძესთან) ერთ-ერთი სტუდენტი აცხადებდა, რომ მათი პროტესტი არის თვითორგანიზებული. შესაბამისად, ისიც გვანიშნა, რომ არ არის მართული არც სტუდენტური თვითმართველობის და არც რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიერ… შესაბამისად, იმასაც უნდა ხვდებოდეს, რომ თვითორგანიზებული პროცესები უმართავი ხდება, როდესაც მოწოდება ხდება “შემოგვიერთდით!”; როდესაც დახურულ მასას (ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სტუდენტები) ღია მასა ცვლის (ზოგადად ახალგაზრდობა), რომელშიც თვითრეგულაციის დონე და ზოგადად მოთხოვნილება ნულოვან ზღვარს აღწევს. ამიტომ, მაინცდამაინც პროვოკაციას ნუ დააბრალებთ იმ ახალაგაზრდების გამოსვლას (“ძირს პატრიარქი”), რომლებიც ნებისმიერ სისტემას, პოლიტიკურს, საეროს თუ სასულიეროს ინდივიდზე ძალადობად მიიჩნევს და თვითგამოხატვისთვის თქვენი ტრიბუნით სარგებლობს.

სტუდენტების ნაწილმა ციხეებში არსებული ძალადობა და განუკითხაობა გუშინ პრეზიდენტის მიერ იუსტიციის ახალი სახლის გახსნაზეც გააპროტესტა. ამ შემთხვევაში ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი. მე რამდენადაც ვიცი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრი ახორციელებს უფასო იურიდიულ მომსახურეობას და სტუდენტებს შეგიძლიათ მიმართოთ ამ სამსახურს, რათა თავი დაიზღვიოთ კანონსაწინააღდემგო ქმედებებისაგან. ყოველ შემთხვევაში, მათი კონსულტანცია უფრო გამოგადგებათ, ვიდრე “ეტალონის” წამყვანის კომპეტენცია… პირველი დაპირისპირება სამართალდამცავებსა და სტუდენტებს შორის სწორედ გუშინ მოხდა. სტუდენტებს დაჩი ცაგურია ახლდა და მას მაინც უნდა ცოდნოდა და მოეხდინა რისკების სათანადო შეფასება. როგორც მახსოვს, შარშან მიღებული ცვლილებების შემდეგ გამოიკვეთა ის დისტანცია, რომელზეც კანონდარღვევის გარეშე მანიფესტანტებს და დემონსტრანტებს შეუძლიათ კონკრეტულ შენობებთან, უწყებებთან მიახლოება.

P.S. რევოლუაციას ევოლუცია სჯობს. უფრო გააზრებული და უმტკივნეულო პროცესია. ყველამ საარჩევნო ურნასთან უნდა გაიაროს ეს პროცესი. მანამდე კი გაიარეთ საიასთან კონსულტაციები, აუცილებლად გაიარეთ, სანამ კანონმა “გაიარა” თქვენზე. თუ ჩვენ სამართლიან სამოქალაქო საზოგადოებას ვაშენებთ და მას ნებისმიერ პოლიტიკურ პროცესში ბერკეტად მივიჩნევთ, კანონების ცოდნა არ გვაწყენდა.

საქართველოს ციხეებში პატიმრებს შეურაცხყოფენ და “აუპატიურებენ”, მათ შორის გლდანის მე-8 საპყრობილეში; მათ შორის არასრულწლოვანთა კოლონიაში. ამ ფაქტების შესახებ ყველას გვსმენია, მაგრამ სანამ უნიტაზში თავი არ ჩაგვაყოფინეს, მანამდე მყრალი სუნი ვერ ვიგრძენით. ეს სუნი ხათუნა კალმახელიძემაც იგრძნო – სამოქალაქო საზოგადოების აღშფოთებამ მინისტრი პოლიტიკურ ლეშად აქცია. ამიტომ ხათუნა კალმახელიძემ გუშინდელი დღის შემდეგ გადაწყვიტა პრემიერ-მინისტრისთვის მიემართა გადადგომის თხოვნით. მანამდე არა! ეს ფაქტი გასათვალისწინებელია, როდესაც მინისტრის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. მინისტრობის პერიოდში, როგორც ეს გვჩვევია, სინანულისა და მონანიების განცდა არ გეუფლება. ჩინოვნიკის მოთხოვნილებათა იერარქიაში ამ მოთხოვნილებას უკანასკნელი საფეხური უკავია.

ფბ-ზე ბევრს ვკითხულობ ქ-ნი ხათუნას გათავისუფლების შესახებ. ესეც, როგორც გვჩვევია, ქართული მენტალური თავისებურებაა – ჭირი ჭირს აღარ ჰგავს თუ შენგან შორს არის! მთავარია ძალაუფლების ჩამორთმევა და ჩინოვნიკის კასტრატად ქცევა და არა იმ “გაუპატიურებებზე” პასუხის გება, რომელსაც ერეგირებული იდეოლოგიით ახორციელებდა წლების განმავლობაში… ცხადია, სანამ ამ ქვეყანაში ვერ ვისწავლით დანაშაულის სამართლებრივ (უნდა დაისაჯოს) და არა სამედიცინო კუთხით (უნდა წავიდეს, მოგვშორდეს, როგორც გრიპი და სურდო გვშორდება) შეფასებას, მანამდე სამოქალაქო საზოგადოება არ ჩამოყალიბდება. მიკვირს იმ ადამიანების, რომლებიც ფბ-ზე წერენ იმას, რომ დამნაშავეები უნდა გადადგნენ… ჩვენ უნდა გავდგეთ განზე და პასუხი ვაგებინოთ ამ ადამიანებს ჩვენი ძმების, შვილების, მეგობრების, თანამოქალაქეების წამებაზე და შეურაცხყოფაზე. მოთმინება გვაქვს ქალიშვილის აპკივით ელასტიური – ამიტომაც აუპატიურებენ ასეთი ნაძირლები ჩვენი თანამოქალაქეების თავმოყვარეობას, ღირსებას! აუტანელია უკვე ტრაკში “პერო გარჭობილი” გლამურნი პოლიტიკოსები და ტრაკში ცოცხ-გარჭობილი საზოგადოება!

და ბოლოს, ვუძღვნი მთელი ერის სახელით ქ-ნ ხათუნა კალმახელიძეს და ყველა იმ მოძალადეს, რომელიც “წასვლას” აპირებს და არა “დარჩენას” და პასუხის გებას, 1996 წელს ბარი ლევინსონის მიერ გადაღებულ ფილმს Sleepers, რომელიც გუშინდელ ტელექრონიკას მახსენებს. თუმცა ლევინსონს ჩვენგან ბევრი აქვს სასწავლი. სხვათა შორის, ავტორსაც. რომანის ავტორი ლორენცო კარკატერა ირწმუნებოდა, რომ სიუჟეტი რეალურ მოვლენებს ეყრდნობა, თუმცა ნიუ იორკის იურიდიულ საზოგადოებამ ჩატარებული მოკვლევის შედეგად სახელმწიფო არქივში ამ მოვლენების დამადასტურებელ დოკუმენტებს ვერ მიაკვლია. ვაჯობეთ! ბრიუსელში გახიზნული ვალერი ბედუკიძე დოკუმენტურ ფაქტებს წარადგენს, ანუ ე.წ. “დამაშნი ზაგატოვკებს”, რომელსაც “ქართული ოცნება” არჩევნების წინ ასაჯაროებს. ამას კრიტიკის მიზნით არ აღვნიშნავ. ტაქტიკური სვლაა – არჩევნების წინ, როდესაც პოლიტიკური პარტიისთვის ჰაერივით აუცილებელია კრიტიკული მასის დაგროვება და ე.წ. მერყევი ელექტორატის საკუთარ მხარეზე მოქაჩვა, იწყება კომპრომატების ომი. თუმცა ეს უბრალო კომპრომატი როდია! ეს ერთ-ერთი “წარმატებული”, ევროპელებისა და დასავლეთის მიერ არაერთხელ ნაქები რეფორმის წარუმატებლობის დასტურია, რომელსაც 16 წლის სტაჟის მქონე ბედუკაძე, სულ მცირე, ერთი წლის განმავლობაში ინახავდა… იმ ჩინოვნიკებს შორის, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული, ბედუკაძეც არის. თუ ეს პიროვნება თავიდანვე არ ასრულებდა ორმაგი აგენტის როლს, მაშინ ისიც დასასჯელია კანონის სრული სიმკაცრით. ფბ-ზე ამის მომხრეებიც მრავლად არიან. ძირითადად ისინი, რომლებსაც ჯერათ, რომ სინანულისა და მონანიების განცდას ჩინოვნიკის მოთხოვნილებათა იერარქიაში უკანასკნელი საფეხური უკავია.