Archive for the ‘Cinema’ Category

Imageრამდენიმე დღის წინ ჩემი მეგობრის, ნიკა ჯავახიშვილის ფილმის „ნაწილები“ პრემიერაზე ვიყავი. ნუ after partyმ საერთოდ „დახურა“, მაგრამ ფილმზეც მინდოდა ორიოდე სიტყვა დამეწერა.

იმ ქვეყანაში, რომელშიც მიცვალებულთა განსაკუთრებული პატივისცემა და კულტი არსებობს, მათი უკვე გაჩერებული გულის მოსაგებად კი დიდ სუფრებს შლიან და მეგობრებს აპურებენ, ჯავახიშვილის „ნაწილები“ ერთ მთლიან დოგმატსა და ფასეულობას თავდაყირა აყენებს. ეს დოგმატი სულის ხელშეუხებლობას ეხება. ანუ იმას, რომ სულის წაბილწვა კი ძალუძს ადამიანს, მაგრამ მისი ხელყოფა ან დაუფლება მხოლოდ მამა ღმერთს, ან სატანას შეუძლია. როგორც ჩანს, ჯავახიშვილი ასე არ ფიქრობს და მთავარი კითხვა, რომელიც მე, როგორც მაყურებელს გამიჩნდა – რა ხდება ჩვენს თავს წესის აგებისა და პანაშვიდის გადახდის შემდეგ?

ის, რომ ფილმი მისტიკური ჟანრისაა, ამ პროვოკაციულ აქცენტს ვერ ანეიტრალებს. მეცნიერული თეორიისა და ჰიპოთეზების შესამოწმებლად, ქართველი მეცნიერები ძვირადღირებულ ექსპერიმენტს ახორციელებენ… ადამიანის გვამებზე. როგორც ნავთობს იღებენ ჭაბურღილით და ყიდიან, ასე იღებენ ფილმის პერსონაჟები ადამიანებიდან უცხო მასას, რომელიც, უკუვაგდოდ ფარისევლობა და ვაღიაროთ, რომ ყველა მათგანისთვის კარგად ნაცბობი უცნობია… რა, არ იციან, რას მოიპოვებენ?

„ნაწილები“ საინტერესო ფილმია, ოღონდ უფრო საინტერესო იქნებოდა, რომ არა მისი ნოველისტური თხრობის მანერა და ოდნავ ამორფული ტემპორიტმი. ჯავახიშვილისთვის ეს პირველი ფილმია, ამიტომ ის ფაქტი, რომ ქართულ მისტიციზმში იაპონური მისტიკისა და კულტურის ნოტები ორიგინალურად ჟღერს, მისი ნახვისა და შეფასების სურვილს აუცილებლად შეგიქმნით. ჩაპლინი და სხვა დიდი, კარგი, საშუალო, მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარმრავალი, ყმიანი რეჟისორები ყოველთვის შედეგზე იყვნენ ორიენტირებულები და მაშინაც კი, როდესაც ფილმი უკვე გაქირავებაში იყო გაშვებული, მაგრამ აუდიტორიის რეაქცია არ შეესაბამებოდა რეჟისორის მოლოდინსა და მოთხოვნებს, აკეთილშობილებდნენ ფილმს მონტაჟის მეშვეობით… ნიკალოზ, შენი იმედი მაქვს 🙂 ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კომპიუტერულ გრაფიკაში აშკარად “უხალტურეს”, თორემ ფილმი უფრო კარგი გამოვიდოდა.

ჩემი და, ნანკა „ნაწილებში“ ერთ–ერთი მეცნიერის როლს ასრულებს და ასრულებს კარგად, სპეციალურად არ ვწერ ბრწყინვალედთქო, რომ მიკერძოებაში არ ჩამეთვალოს. სამაგიეროდ ყოველგვარი უხერხულობის გარეშე ვაღიარებ, რომ ნიკა თავაძე, რომელიც მისი მეუღლის როლს ასრულებს „ნაწილებში“, ბრწყინვალედ თამაშობს от А до Я. იგივეს ვიტყოდი გიორგი კალანდაძეზე.

ამაზე მეტი არც ნიკა ჯავახიშვილს უთქვამს ინტერვიუში, ამიტომ თავზე არ გადავახტები. ასჯერ გაგებას ერთხელ ნახვა სჯობს. „ნაწილები“ „ამირანში“ და „რუსთაველში“ გადის, მგონი 20:00 საათზე. მაინტერესებს, ფილმის ნახვის შემდეგ გაგიჩნდებათ თუ არა იმის განცდა, რომ როცა სხვის სულზე ნადირობ, საკუთარს კარგავ. ან კიდევ, როცა სხვის სულს (არ)აფასებ და ყიდი, შენივე სული უფასურდება… რა ვიცი, ზოგმა ქართველს რა უნდა მისტიკაშიო, ესაო, ისაო და ან თქვენ არ იცით ქართული კულტურა და მითები, ან მისტიკა ყოფილა საქართველოსთვის ისეთივე უცხო, როგორც სექსი იყო საბჭოთა კავშირში – ასე ამბობდნენ „არ გვაქვსო!“ 🙂

Advertisements

კინოცენტრის კონკურსში მონაწილე ერთ-ერთი პროექტის სცენარს ვეცნობი. ვკითხულობ გულდასმით, ვცდილობ არაფერი გამომრჩეს, იქნებ სტრიქონებს შორისაც რამე ამოვიკითხო… ამოვიკითხე, როგორც იქნა. სცენა ბარში ვითარდება. მთვრალი მამაკაცი ბარის დახლთან მოკალათებული ქალბატონის შებმას ცდილობს. “მიდი გააჯვი!” პასუხობს ქალბატონი და აქ ავტორს ვერაფერს ეტყვი, ლიტერატურული ენაა, პერსონაჟის ხასიათი ითხოვს და ასე მეტყველებს. “და ტიპი გააჯვამს!” – აი, ეს კი უკვე რეჟისორის ენაა, ანუ მისი მენტალური თავისებურების გამომხატველი. ანუ ავტორისთვის “გაჯმა” ზოგადად “წასვლის”, “გამგზავრების”, “გაცლის”, “განშორების”, “ტოლი ნახე, კოჭი გააგორე”-ს სინონიმია. და რა უნდა კითხო ასეთ ავტორს გასაუბრებაზე? როგორ ხედავს რეჟისორი ამ სცენას? როგორია მისი რეჟისორული ხედვა? “და ტიპმა გააჯვა!”, ანუ წავიდა, ჰეეეე… იმავე სცენარში ვკითხულობ. სცენა საძინებელში, ქალბატონზე ძალადობენ, ანალური სექსით დაკავებას აიძულებენ… “და უკნიდან გაუკეთა”, ანუ აშკარად რუსული კალკაა და რუსულად ეს დაახლოებით ასე ჟღერს – Он ей вставил! სცენარი ბოლომდე წავიკითხე, კიდევ არაერთ მარგალიტს გადავეყარე, მაგრამ ეს ყველაზე ლიტერატურული პასაჟები აღმოჩნდა. ეს ტიპი, რომელიც კონკურსიდან, სავარაუდოდ “გააჯვამს”, ანუ წავა, თანამედროვე ქართული კინოს ერთ-ერთი იმედია, Product Placement-ის უბადლო ოსტატი, გასართობი კინოს ფუძემდებელი და ა.შ. და ა.შ. ამ ტიპმა კინოდან თუ არ “გააჯვა”, მაშინ მე “წავალ” კინოკრიტიკიდან!

როდესაც შერონ სტოუნი იმ აბაზანიდან, რომელიც ასე დეტალურად და ეგზალტირებულად გაგვაცნო ნოდარ მელაძემ, იმ საძინებელში გადიოდა, რომელშიც “ცხადია, ენდი გარსიას და შერონ სტოუნს ცალ-ცალკე ეძინათ”, კრეატიული ახალაზრდები სასტუმრო “რადისონის” წინ საპროტესტო აქციას მართავდნენ ტრანსპარანტებზე გამოსახული მოწოდებით Roses for Stone, stones for people… კარგი მოფიქრებულია, ვერაფერს დაუწუნებ. თუმცა შერონ სტოუნს, რომელიც ამ დროს იმ კარადიდან, რომელშიც “მსოფლიო ბრენდების კაბები” ჩამოკიდა ჩამოსვლისთანავე და ახლა საპრემიერო კაბას ირჩევდა, ამისათვის არ მიუქცევია ყურადღება… ჩინოვნიკი, რომელიც სტოუნს მიუჩინეს მასპინძლად, ალბათ, ისევე უთარგმნიდა მსახიობს სტუდენტების მოწოდებას, როგორც ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შესახებ FBI-ის მიერ შედგენილი ანგარიში გვითარგმნეს ოდეზღაც – უმტკივნეულოდ… თქვენ მერე იკითხეთ – შერონ სტოუნს მალე უთავო ძეგლს დაუდგამენ რუსთაველზე, ილიასა და აკაკის გვერდით… უთაოს იმიტომ, რომ კარიერულ წინსვლაში სტოუნს თავი არაფერში დასჭირვებია, ტან-ფეხი კი გამოადგა. ამიტომ ილიას და აკაკის გვერდით შერონს სტოუნის ფეხი-ფეხზე გადადებული უთავო სკულპტურა აღიმართება, წარწერით Красивые ноги заканчиваются в сердце мужчины… გავერთე ცოტა და სიტყვაც გამიგრძელდა, მაგრამ იმ პიროვნებისთვისაც მინდოდა კბილის გაკვრა, რომელსაც ილია მე-II და შერონ სტოუნის შეხვედრის იდეა დაებადა! რა იყო ეს? უწმინდესის და უნეტარესის დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა? მის მრევლში ავტორიტეტის “დაგდების” მცდელობა?! თუ არა, მაშინ რა საჭირო იყო ეროტიკული ფილმებით განთქმული ჰოლივუდელი მსახიობის საპატრიარქოში მიპატიჟება?! იქ, სადაც რომის პაპს იოანე პავლე მეორესაც კი არ გაუწიეს ასეთი გულმხურვალე მასპინძლობა! არ ვიცი! სიტყვა გამიგრძელდა და არ მინდა სხვა მიმართულებით წაგიყვანოთ. მაშ ასე, ჩვენი გუბერნიის ვნებები – “აგვისტოს 5 დღის” პრემიერა და წითელ ხალიჩაზე გაფეისებული ჩინოვნიკები 🙂

Stardust

ჩვენს გუბერნიაში “ოსკარის” დაჯილდოვების ცერემონიალის ატმოსფერო სუფევდა, ოღონდ როგორც ყველა გუბერნიაში, აქაც იფრქვეოდა მყრალი სუნი… კინოთეატრ “რუსთაველთან” საგანგებოდ მომზადებულ წითელ ხალიჩაზე ლიმუზინებიდან გადმოდიოდნენ სახელმწიფო მოხელეები და ჩინოვნიკები, რომლებსაც ჯებირებიდან უმზერდნენ “რიგითი მოქალაქეები” და ნერწყვმოდებულნი გაჰკიოდნენ ენდის და შერონს, ზოგი კი, ინგლისური რომ იცის მხოლოდ ტერმინატორის ალ ბი ბექით, რენი ჰარლინს იხმობდა თავისკენ “ეი, მისტერ, მისტერ…” ჩვენს გუბერნიაში იმ დღეს ხელოვნური ბარიერები აღიმართა მოსახლეობისთვის. აღიმართა იმ ადამიანების მიერ, რომლებმაც 2003 წლის შემდეგ თავადვე მოანგრიეს ჯებირები და ღობეები უკლებლივ ყველა სახელმწიფო დაწესებულებასთან, ხალხთან რომ ჰქონოდათ თავისუფალი “დოსტუპი”.

ეგ არაფერი, ყველა გუბერნიაში ასე ხდება – 12 საათამდე ყველა კონკია ნავარდობს, ყველა კონკიას მეჯლისის დედოფალი ჰგონია თავი! რენი ჰარლინის ფილმი პრემიერაზე “ნამდვილი ვარსკვლავთცვენა” იყო. ნანუკა ჟორჟოლიანი, ხათუნა კალმახელიძე, პრაიმ ტაიმის რედაქტორი და ა.შ. და ა.შ. რომლებსაც, რატომღაც, ჯებირებიდან უმზერდნენ ის ადამიანები, რომლებსაც შეაყვარეს თავი ტელეეთერიდან! მოკლედ, გადავირიე პირდაპირ ეთერში რომ ვუყურებდი იმას თუ როგორ გადმოდიან ყველასთვის ნაცნობი სახე(ლ)ები ლიმუზინებიდან და მიემართებიან ფოიეში. თითოეული მათგანი ცდილობდა ჰოლივუდელი ვარსკვლავების აქტივობის შედეგად წარმოქმნილი ვარსკვლავური მტვერი პუდრივით მიეყარა საკუთარი თავისთის და ასე გამორჩეულიყო… მოკლედ, სახალისო იყო… ძალიან.

მტერი კართან!

კრიტიკის შესახებ – 5 ივნისს პროდიუსერები სტალინგრადივით იცავდნენ თავის ფილმს. კობა ნაყოფიას ინტერვიუ გამოქვეყნდა ერთ-ერთ ონლაინ გამოცემაში, რომელმაც საკმაოდ დიდი რაოდენობის ინტერნეტმომხმარებლის გაღიზიანება გამოიწვია თავისი გამომწვევი კომენტარით „ვინც ამ ფილმს გააკრიტიკებს, ის ქვეყნის მტერიაო“. კობა ნაყოფიას ალბათ (ალბათ) იმის თქმა უნდოდა, რომ მტერია არა ფილმის კრიტიკოსი, არამედ ის სკეპტიკოსი, რომელსაც არ სჯერა უტყუარი ფაქტების, რომ ომი რუსეთმა წამოიწყო… ფილმიც ხომ ამის შესახებ მოგვითხრობს, ამიტომ, ბუნებრივია ნაყოფიას სიტყვებსაც იმთავითვე კრიტიკულად მიუდგნენ და ა.შ. ასეც რომ ყოფილიყო, ფილმის პრემიერაზე გამოჩნდა, რომ კობა ნაყოფია კრიტიკოსებსაც გულისხმობდა 🙂 ჩემი კოლეგები ფილმის პრემიერაზე ან არ დაუშვეს, ან თავად არ მისულან, ნაწილობრივ იმ სიტყვების გამო, რომელმაც თითოეული ჩვენთაგანი მტრებად შეგვრაცხა. მაგრამ ჟურნალისტებს რას ერჩოდნენ? 🙂 “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტიც კი, მაია ლომიძე, აღშფოთებული და შეურაცხყოფილი ტონით საუბრობდა იმაზე, რომ “ორგანიზატორებმა სამომავლოდ აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რომ ჯერ კეთდება დახურული ჩვენება პრესისთვის და უკვე შემდეგ ფილმის პრესს-კონფერენცია…” ამიტომ, ნუ გაუწყრებით ჟურნალისტებს იმის გამო თუკი 5 ივნისის სიუჟეტებში უხვად იქნებოდა შემოქმედებითი ჯგუფის შთაბეჭდილებები ხინკალსა და ჭაჭაზე…

რაც მთავარია – მოთხოვნა არის

გილოცავთ. ფილმის „აგვისტოს 5 დღე“ შესახებ წარმატების კონტექსტში ახსენებენ, რომ მსოფლიოს რიგ ქვეყნებში წარმოიქმნა დიდი მოთხოვნა მისი დვდ ვერსიის შეძენაზე, მაგრამ ფილმის, როგორც პროდუქტის სასიცოცხლო ციკლიდან ეს, პრინციპში, ერთ-ერთი ფინალური სტადიაა, რადგან კომერციული თვალსაზრისით (და ამ მხრივ გამონაკლისია მხოლოდ რიგი ქვეყნები, როგორიც არის გერმანია, სადაც ფილმის ჩვენება კინოთეატრებში და ტელევიზიით ხშირად პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს), ფილმი ჯერ კინოგაქირავებაში გამოდის, შემდეგ მასობრივ აუდიტორიას ტელეეთერით უჩვენებენ და მხოლოდ ამის შემდეგ გამოდის გაყიდვაში დვდ ვერსია, და ეს პროცესი ამავე დროს აზღვევს მწარმოებელს მეკობრული ვერსიების გავრცელებისაგან, ვინაიდან გაცილებით ადვილია აკონტროლო კინოთეატრში მიმდინარე პროცესი, ვიდრე ინდივიდუალური შენაძენის მოხმარებისა და საავტორო უფლებების დაცვისა თუ დარღვევის პროცესი; თუმცა დვდ-ზე ფილმის ნახვის მსურველი, თურმე, საკმარისზე მეტი გვყავს და რაღა დაგვრჩენია – ბავშვებივით გვიხარია.

პერფექციონიზმი და მაქსიმალიზმი – რაც შეეძლო, გააკეთა!

პერფექციონიზმი სხვა რამ არის და მაქსიმალიზმი სხვა. შედეგიც განსხვაბებული ექნება, ცხადია. მაქსიმალიზმი ყველას გვახასიათებს – ხანდახან ლიმონივით გამოვწურავთ ხოლმე საკუთარ თავს, მაგრამ მაინც მჟავე შედეგს ვიღებთ. რენიც ასეა. დაანებეთ რენის თავი! რაც შეეძლო, გააკეთა… და მიწასაც ემთხვია ვითარცა კოლუმბი. გოგი გვახარიამ ატეხა ერთი ამბავი 🙂 არიქა, ფილმი კანის კინობაზრობაზე აჩვენესო და არა კანის ფესტივალზეო. კარგი რა, გოგი, ახლა ეს იგივეა გლდანში გამართო ფილმის მსოფლიო პრემიერა და მედიამ გააჟღეროს თბილისში ფილმის მსოფლიო პრემიერა შედგაო… გლდანი რა, თბილისი არ არის? კინობაზრობა რა, კანის ფესტივალის ფარგლებში არ იმართება? თუ ვინმეს ეგონა, რომ ამ ფილმს კანის საკონკურსო ან კონკურსგარეშე პროგრამაში უჩვენებდნენ, ან საერთოდ სპეციალური ჩვენება გაიმართებოდა? 🙂 რატომღაც ამბობენ, რომ რენი ჰარლინი, ჰოლივუდში მოღვაწე ფინელი რეჟისორი ცნობილია მხოლოდ 2 თავისი ფილმით: „კერკეტი კაკალი – 2“ და „მთამსვლელი“, მაგრამ მის ფილმოგრაფიაშია ჩვენი მაყურებლისთვის ცნობილი ისეთი ფილმები, როგორიცაა: „თავზეხელაღებულთა კუნძული“, „ეგზორცისტი“, „კოშმარი თელეთის ქუჩაზე – 4“, „ღრმა ლურჯი ზღვა“ და სხვა. შეიძლება ამას განგებ აკეთებდნენ, რომ მოახდინონ ამ რეჟისორთან დაკავშირებული პათოსის დაგდება – თითქოს ის მეორეხარისხოვანი ბლოკბასტერებით შემოიფარგლება, თუმცა, როგორც ვხედავთ, მის კარიერაში საკმაოდ შემოსავლიანი ფილმებიც არის. ამიტომ ხელოსანის რეზიუმეს ნუ აკნინებთ! ხოლო მაღალი ხელოვნების ნიმუშს, ომის თემაზე დრამას თუ ელოდით – ელოდეთ ასე, სიკვდილივით!  ხოლო თუ გვსურს ხელოვნებაზე საუბარი, ვისაუბროთ ნინო კირთაძის დოკუმენტურ ფილმზე „ზოგი რამ საქართველოს შესახებ“, ანდრეი ნეკრასოვის დოკუმენტური ფილმის „რუსული გაკვეთილები“ შესახებ, მაგრამ რენი ჰარლინის ფილმი უნდა განვიხილოთ იმ კონტექსტში, რომელშიც ის იყო ჩაფიქრებული და ნამდვილად არ ქმნიდა გადაჭარბებულ მოლოდინს, როგორც ამას აღნიშნავენ ჩემი კოლეგები. თავიდანვე ცხადი იყო ის, რომ რენი ჰარლინის „აგვისტოს 5 დღე“ („ან ომის ხუთი დღე“ და ა.შ.) შეიქმნებოდა იგორ ვოლოშინის „ოლიპმუს ინფერნოს“ საპირწონედ (ახალგაზრდა ამერიკელი ენთომოლოგისა და რუსი ჟურნალისტი გოგონას ისტორია), რომელსაც უნდა გაებათილებინა საქართველოსთვის წაყენებული ბრალდება და პრეტენზიები, თითქოს აგვისტოს ომი ქართულმა მხარემ დაიწყო… მეტიც, მას უფრო ამბიციური მიზანი ჰქონდა – არა ბრალდებაზე პასუხი და თავისმართლება, არამედ თავდასხმა. და თქვენ რას ელოდით?

ქვის ლედი

მსახიობი პრეტენზიული არ არისო, თუმცა მან ისეთი ნომერი მოითხოვა, რომელშიც ერთი სიგარეტიც კი არ უნდა ყოფილიყო მოწეული… ასე რომ, მისთვის ნომერს საგანგებოდ არჩევდნენ. მიუხედავად იმისა, რომ რენი ჰარლინის ფილმში სტოუნი არ თამაშობს, მაინც გეტყვით ორიოდე სიტყვით ამ მსახიობის შესახებ. ცნობილია, რომ მან სამსახიობო კარიერა ვუდი ალენის ერთ-ერთ ფილმით დაიწყო, თუმცა მის აღმავლობას უკავშირებენ პოლ ვერჰოვენის სკანდალურად ცნობილ ეროტიკულ დეტექტივს „ძირითადი ინსტინქტი“ (1993 წელს მტვ-ის კინოჯილდო გადასცეს ფილმისთვის „ძირითადი ინსტინქტი“ ნომინაციაში „ყველაზე სასურველი ქალი“. თუმცა მას არ გაუმართლა, რადგან 2007 წელს მიიღო „ოქროს ჟოლო“ ფილმისთვის „ძირითადი ინსტინქტი 2“ ნომინაციაში „წლის ყველაზე ცუდი მსახიობი“), რომელშიც შერონს სტოუნი მომხიბვლელ მწერალსა და მკვლელს თამაშობს. ამ როლზე 14 მსახიობმა უარი თქვა (მათ შორის მიშელ ფაიფერმა და იზაბელ აჯანიმ, რომელიც ცნობილია პატრის შეროს შეუდარებელი და სკანდალური ფილმით „დედოფალი მარგო“), თუმცა შერონ სტოუნი უფრო გამბედავი აღმოჩნდა და ბრწყინვალედ შეასრულა ქეთრინის როლი. ამან, ბუნებრივია, მისადმი სტერეოტიპული დამოკიდებულება შექმნა, რომელიც ჩარჩოში აქცევდა მსახიობს და აქცენტს აკეთებდა ეროტიკულ როლებზე. მაგრამ მარტინს სკორსეზეს წყალობით მან ნამდვილად მოახერხა ამ ჯადოსნური წრის გარღვევა და საკმაოდ წარმატებულად შეასრულა ერთ-ერთი როლი მის საკულტო ფილმში „კაზინო“ (ამ როლისთის მან „ოქროს გლობუსი“ მოიპოვა და ნომინირებული იყო „ოსკარზე“), რომელშიც მისი მეწყვილე, როგორც გახსოვთ, რობერტ დე ნირო იყო. ამის შემდეგ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, შერონს სტოუნი კიდევ ერთ ფილმში შესრულებული დრამატული როლით დამამახსოვრდა – ეს არის ფილმში „ალფა დოგი“ შესრულებული როლი (ნიკ კასავეტესის ფილმი, რომელიც გადაღებულია რეალურ ამბავზე). საინტერესოა, რომ 2002 წელს შერონ სტოუნი იყო „კანის“ საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის წევრი. თუმცა მანამდე 2001 წელს მსახიობი სიკვდილის პირას იდგა – ტვინის სისხლძარღვების პრობლემის გამო. ასევე, ცნობილია, რომ მსახიობს აქვს დიაბეტი, ამიტომ ტკბილეულზე კატეგორიულად უარს ამბობს. თუმცა ნახეთ რა კარგად გამოიყურება 53 წლის მსახიობი… სხვათა შორის, შერონ სტოუნმა 1998 წელს გააფორმა ხელშეკრულება ფირმა „რალფ ლორენთან“ დაახლოებით 18 მილიონ დოლარზე და ამრიგად გახდა ყველაზე ძვირადღირებული მსახიობი ქალი, რომელიც გადაიღეს რეკლამაში; ჰოლივუდში მას „ქვის შერონს“ უწოდებენ და ამით ხაზს უსვამენ როგორც მის გვარს (სტოუნ – ინგლისურად ქვას ნიშნავს), ისე ხასიათს, რომელიც საკუთარ თავზე გამოცადეს ჰოლივუდის ყველაზე კერკეტმა კაკლებმა 🙂 მამაკაცებმა – სილვესტრ სტალონემ, არნოლდ შვარცენეგერმა, მაიკლ დუგლასი. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ შერონ სტოუნი დიდი ქველმოქმედია და ფილანტროპი. მაგალითად, 2005 წელს აფრიკაში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე ტანზანიის სახელმწიფოს პრეზიდენტის ბენჟამინ მკაპუს გამოსვლამ ქვეყანაში არსებულ კრიზისზე და დაავადებების პრევენციის აუცილებლობაზე იმდენად იმოქმედა მასზე, რომ შერონ სტოუნმა გააწყვეტინა მას გამოსვლა და საჯაროდ გადასცა 10000 დოლარი კოღოს საწინააღმდეგო ბადეების საყიდლად სიტყვებით „ამ თანხით თქვენ შეგიძლიათ იყიდოთ საკმაოდ ბევრი ბადე დღეს ღამით რომ დაიცვათ ბავშვები… კიდევ ვინმეს ხომ არ უნდა ქველმოქმედების გაღება?“ იკითხა მან და საინტერესოა, რომ ზუსტად 5 წუთში 1 მილიონი აშშ დოლარის მობილიზება მოახერხა ტანზანიის ბავშვების გადასარჩენად. სიმართლე გითხრათ, ამ ფაქტის გათვალისწინებით მეგონა, რომ სტოუნი რაღაც „შტუკას გააძრობდა“ და ბიზნესმენებს იმაზე მეტად გაწეწავდნენ, ვიდრე გაწეწეს 🙂

პატრიოტული “სააბრაჟენიებით”…

2011 წელს ჩვენ, ქართველებიც და რუსებიც ჯიუტად ვიცავთ ჩვენს პოზიციებს. ერთმანეთს მუშტს ვუღერთ და ისევ განვაგრძობთ სამხედრო რიტორიკას, რომელიც კარგს არაფერს უქადის პერიფერიაზე მცხოვრებ “უბრალო მოქალაქეებს”. რატომ ვამახვილებ ამაზე ყურადღებას? ფილმის პროდიუსერებად მოგვევლინენ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია და კობა ნაყოფია („მადნეულის“ და „კვარციტის“ ერთ-ერთი მეწილე და მმართველი); ატყდა ერთი ამბავი, ოპოზიციაც ითხოვდა ინფორმაციას როგორც ფილმის ჯამური ბიუჯეტის, ისე კონკრეტული დამფინანსებლების შესახებ. სკანდალს ის მასშტაბი არ მიუღია, როგორიც მოსალოდნელი იყო, თუმცა მაინც აღინიშნა, რომ ფილმზე იხარჯება ბიუჯეტის თანხები და ა.შ. როგორც გახსოვთ, 2005 წელს რუსული დუმის დეპუტატმა – ალექსეი მიტროფანოვმა დააფინანსა პორნოგრაფიული ფილმი და თავადვე დაწერა მისთვის სცენარი, რომელიც მოუწონეს დუმაში… ამ ფილმში საქართველოს და უკრაინის ორი პირის კავშირი იყო გაშარჟებული ბუნებრივია (მიხეულ სააკაშვილი – იულია ტიმოშენკო), მაგრამ აქ სხვა რამ საყურადღებო: მიტროფანოვს თუ არ ეთაკილა და საქვეყნოდ შეირცხვინა თავი არა მხოლოდ საკუთარ ქვეყანაში, როგორც ამაზე მოწმობს რუსული ფორუმებზე არსებული უკუკავშირი, რატომ არ შეიძლება რომ ასიმეტრიული საინფორმაციო ომის დროს ქართველმა პოლიტიკოსებმა მიიღონ მონაწილეობა პროპაგანდისტული ფილმის შექმნის პროცესში? ერთი რჩევა – ნამეტანი პანაცეად ნუ აქცევთ ახლა ამ ფილმს რუსეთ-საქართველოს ომში! რაღაც მისიის მატარებელი ნუ გახდება ახლა ჩვეულებრივი მძაფრსიუჟეტიანი ფილმი, რომელშიც, როგორც მაყურებელი ამბობს, პომიდვრებიდან მიღებული ტომატის პასტა უფრო ჩანს, ვიდრე დაღუპული გმირების სისხლი…

P.S. დანარჩენს ფილმის ნახვის შემდეგ მოგახსენებთ.

ამ წერილს ია ვეკუას სტატიის „წერტილოვანი დარტყმები“ საპასუხოდ ვწერ („24 საათი“, 2 აპრილი). მეამა მისი სჯა-ბაასი. მეც მიყვარს იმის გამეორება, რომ ჭამა-სმა არის ქართველი კაცის, ხოლო ჭამა და სექსი ყოფილა ზოგადად ქართველი ადამიანის, მამაკაცისა თუ დედაკაცის ალფა და ომეგა. გზა მამაკაცის გულისკენ კუჭზე გადისო, ამიტომ კაცმა არ იცის, სად გვაქვს ქართველ მამაკაცებს ეროგენული ზონები და სიამოვნების რეცეპტორები… თუმცა ჯერ კიდევ 70-იან წლებში ირაკლი კვირიკაძემ თავის შესანიშნავ ფილმში „ქალაქი ანარა“ განახორციელა წერტილოვანი დარტყმა ქართველ კაცზე, რომელიც ტრადიციისამებრ ღვინოში ახრჩობს საკუთარ პატივმოყვარეობას და ადასტურებს იმ ფაქტს, რომ გზა ქართველის გულისკენ კუჭზე გადის.

გიორგი ლოფონავა ჯიმ ჯარმუში არ არის („ყავა და სიგარეტი“), ამიტომ ფილმსაც იმაზე იღებს, რისი კომბინირებაც საქართველოში პიცაზე უკეთ გამოსდით. რა თქმა უნდა, ყავა და სიგარეტი ჩვენი არ არის. ეს ევროპული ფსევდოფასეულობებია, რომელიც უკავშირდება ფიქრს, ანუ „უცხო სხეულს“. ჩვენ ხომ არ გვიყვარს ფიქრი. ჩვენ გვიყვარს ჭამა და სექსი… ან ჭამა სექსის შემდეგ. ფილმს პოსტერების ნაცვლად უნდა ჰქონდეს ეტიკეტი „დამზადებულია საქართველოში! ქართული ნატურალური 100%, კონსერვანტებისა და მინარევების გარეშე.“ ეს მართლაც 100% ქართული და ქართველებისთვის შექმნილი ფილმია. ფილმისადმი სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი. მივდიოდი უიმედოდ და განსაკუთრებული მოლოდინის გარეშე. თუმცა რაც ვნახე, მომეწონა და ვინანე კიდეც, რომ თავის დროზე, როცა კინოფესტივალი „სესილის“ ჟიურის წევრი ვიყავი, ლიფონავა „დავჩაგრეთ“ და არ მივეცით პრიზი საუკეთესო მუსიკალური კლიპისთვის. „ჭამა და სექსი“ ფილმიც იყო და მუსიკალური სიმფონიაც, რომელიც ნაცნობ ნოტებს უკრავდა და აღიზიანებდა მივიწყებულ სიმებს.

სადღაც ამოვიკითხე, – ოჯახური ძალადობა გენდერული ძალადობის ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომელსაც ოჯახის რომელიმე წევრი სხვა წევრებზე ახორციელებს. იგი არის განმეორებადი, ხშირი სექსუალური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური შეურაცხყოფა, რომელიც მოძალადის მიერ სხვაზე კონტროლსა და ძალაუფლების მოპოვებას გულისხმობს. ამიტომ „ჭამა და სექსი“ სატირული კინოკომედიაა ოჯახურ ძალადობაზე და როგორც აჩიკო ქავთარაძის “სუბორდინაციამ” შეასრულა თავის დროზე ჯგუფური თერაპიის როლი ნარკომანიით დაავადებული პირებისთვის და მათი ოჯახებისთვის, ისე ლოფონავას ფილმი “ჭამა და სექსი” ასრულებს ჯგუფური თერაპიის ფუნქციას ყველა იმ ადამიანისთვის, რომელმაც იცის, რას ნიშნავს ოჯახური ძალადობა და გამოუცდია მისი ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზემოქმედება. მაშ ასე, ძალადობის ანატომია რამდენიმე აქტად.

აქტი პირველი

ქართველის ვაზივით ძარღვებში სისხლის ნაცვლად რომ ღვინო ჩქეფს, ამაზე არავინ დაობს. ვინც ვერ სვამს, ის ყურძნად მიირთმევს. მოკლედ, გენეტიკას ვერსად გაექცევი! გენეტიკას ვერც პირველი ნოველის გმირები გაურბიან. ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ქორწილის შემდეგ სასტუმროში იხიზნება. ისინი კარს კეტავენ, გულებს ხსნიან, ერთმანეთის სიყვარულს უნდა დაეწაფონ, რომ ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან. აბა, ის რა ქართველია, რომელიც ყანწს, ანუ სუფრის წინაშე აღებულ ვალდებულებასა და თამადის წინაშე აღებულ პასუხისმგებლობას გაურბის. რა დროს ქალთან სექსია, როცა ჩვენი მამაკაცური სიყვარული და გაგება გვაქვს მოსაწესრიგებელი! ქალი მოიცდის… არ იცდის კვაზიტრადიცია – პატარა სასმისით და დიდი გულით ნათქვამი სადღეგრძელოები გამრავლებასა და ბედნიერებაზე! როგორც რუსები ამბობენ, – „სადღეგრძელო უნდა იყოს მოკლე და შინაარსიანი, როგორც გასროლა!“ ნამდვილად, ასე ვკლავთ სროლა-სროლით საკუთარ ბედნიერებას და ვამრავლებთ უბედურებას – ოჯახებს, რომლებშიც ჭამა იერარქიულად უფრო მაღალ საფეხურზე დგას, ვიდრე სექსი… უკაცრავად, ურთიერთობა!

აქტი მეორე

„სიდედრივით ცივი პივა“, – ბათუმელი გამყიდველის სარეკლამო სლოგანი გამახსენდა, რომელსაც ომახიანად გაჰკიოდა სანაპიროზე და ამის წყალობით სხვაზე მეტ ლუდს ჰყიდდა. ეს იმის სამაგალითოდ, რომ ჩვენ გვასწავლიან სტერეოტიპულად, ან გამყარებული სტერეოტიპებით აზროვნებას და რა გასაკვირია, რომ გიორგი ლიფონავას ფილმში „ჭამა და სექსი“ ამ სტერეოტიპების გაშარჟებას ვხედავთ. მეორე ნოველაში სიდედრი შაქარზე ტკბილია, მაგრამ სიძეს მაინც უმწარებს ყოფას. ცოლ-ქმრულ ცხოვრებაში მშობლების თანამონაწილეობაზე ერთი მარაზმატული ისტორია გამახსენდა, რომელიც ბავშვობაში მოვისმინე: სიდედრს ლოგინი განეთავსებინა ქალიშვილისა და სიძის საძინებლის კარს შუა და კარგა ხანი უთენებდა თეთრად ღამეებს, აქაო და ზედმეტი არაფერი აკადრონ ერთმანეთსო! არ არის აუცილებელი ბუკვალურად ჰქონდეს გაყოფილი თავი შვილის პირად ცხოვრებაში! ის, რაც მეორე ნოველაში ხდება, მეტწილად ფსიქოლოგიური ტერორია და პირადი ცხოვრების სიმბოლური ხელყოფა, როდესაც ზედმეტი ყურადღება მიყურადებას ემსგავსება. ამ ნოველაზე სულ ანდრეი მირონოვის ფრაზა მახსენდებოდა ფილმიდან „უფრთხილდი ავტომობილს“ – Жениться надо на сироте! ალბათ ასე ფიქრობს მეორე ნოველის გმირი (ვანიკო თარხნიშვილი), რომელიც ფინალში გაურბის ცოლს. მშობლებისთვის გაუგებარია სიძის უსაფუძვლო ღალატი (გაჭამე, გასვი, მოგეფერე და არ დამიფასე). სწორედ რომ ღალატი – ვანიკო თარხნიშვილის გმირი ხომ ქართველი მამაკაცის სტერეოტიპულ მდგომარეობას ღალატობს: როცა ქალს ირთავ, შენ ჯვარს იწერ არა მხოლოდ მის წარსულზე, აწმყოზე და მომავალზე; შენ ჯვარს იწერ მის დედაზე, მამაზე, ბიძაზე, ზოგადად სანათესაოზე, მათ შვილებზე და შვილთაშვილებზე… შენ ხდები ერთი ოჯახის ნაწილი… ანუ ყველაფერი შენი – ჩემია, ლხინი იქნება ეს თუ უბედურება! ყველაფერი შენი – ჩემია, მათ შორის ბავშვი, რომელსაც აუცილებლად ან დედის (მამის), ან სიდედრის (სიმამრის) სახელი უნდა დაარქვა! ქართულ მარაზმებს ეძღვნება მესამე ნოველაც.

აქტი მესამე

მარხვა დიეტა არ არის. პირველ შემთხვევაში სულ სხვა რაღაცაში უნდა დავიკლოთ და, შესაბამისად, მოვიკლოთ. მაგრამ წესებიც ხომ იმისთვის შეიქმნა, რომ დაარღვიო. მესამე ნოველაში ცოლ-ქმარი მოხელთებული იურისტივით სულ იმაზე ფიქრობს, როგორ აუაროს გვერდი კანონს (მაგალითად, ცოლი თუ მარხვას იცავს და ქმარი დიეტას, ანუ ცოლი თუ თავშეკავების სტადიაშია, მაგრამ ქმარი ითხოვს „მისაღები მივიღოთო“, კანონი გამონაკლისს უშვებს – „მოითხოვეთ და მოგეცემათო“). როგორც იქნა მარხვის დარღვევის მიზეზსაც იპოვნიან (სოიოს კატლეტი, რომელსაც შემთხვევით კარაქში შეწვავენ) და ცოლ-ქმრულ მოვალეობასაც შეასრულებენ, მაგრამ აქ რეჟისორი იმ მორალურ ხუნდებზე მიანიშნებს, რომლითაც ხელოვნურად ვამუხრუჭებთ ვნებებს, ბუნებრივ მოთხოვნილებებს. ხშირად მსმენია „მრევლისგან“ იმის შესახებ, რომ „რელიგიურად სექსით დაკავება დაშვებულია თუ სიამოვნებას არ იღებ და მხოლოდ გამრავლებაზე ფიქრობ“, ანუ არ ეძლევი ტკბობასა და ცდუნებაში არ აგდებ თავს… ჰმ, ამაზე მახსენდება პაზოლინის მიერ ვისკონტისადმი მიწერილი წერილი, რომელშიც ის აკრიტიკებს ლუკინოს ფილმში „ღმერთების დაღუპვა“ შვილის მიერ დედის (ინგრიდ ტულინი) გაუპატიურების სცენისთვის და აღნიშნავს, რომ „იქ სადაც არსებობს კმაყოფილებისა და ტკბობის ფაქტორი, შეუძლებელია დედის გაუპატიურების მოტივი მხოლოდ მისი დასჯა იყოს…“ მე მღვდელს ვიცნობ, რომელსაც 11 ბიჭი ჰყავს… მაგრამ მას არ უყვარს სექსი, ღმერთმანი, რა მოსატანია მასთან ამაოება ქვეყნისანი! მისიონერებს ხომ უფრო დიდი მისია აკისრიათ – ამრავლონ ქართველობა.

აქტი მეოთხე

ვისაც ქორწილში მოლხენა არ უყვარს, ის ქელეხში ილხენს. ვინც „ცოლს ვერ აკადრებს ამას“, ის „ამას“ სხვაგან კადრულობს. მეოთხე ნოველა სამი ქარაფშუტა ძმაკაცის ეგზორციზმზეა – ისინი ცდილობენ განდევნონ ცუდი ფიქრები მეძავის დახმარებით და ქელეხიდან ქალაქგარეთ, კიკეთში მიემგზავრებიან. ერთ-ერთი გმირი გზად სახლში შეივლის ცოლის გაკეთებული ნიყვის წამოსაღებად. და ცოლი ვინ არის? შორენა ბეგაშვილი, რომელიც პოლისჯოხით ხელმომარჯვებული წმენდს იატაკს და ამრიგად ამსხვრევს პერსონალურ მითს და პერსონალურად შორენა ბეგაშვილისთვის შექმნილ სტერეოტიპს (რა თქმა უნდა, ეს რომ ყოფილიყო ქერა ლამაზმანი, კვანტური ფიზიკის სახელმძღვანელოთი ხელში – მაშინ იქნებოდა განზოგადოებული სტერეოტიპი), რომლის თანახმად შორენა ბეგაშვილი 21-ე საუკუნის ქართული კინოს სექს-სიმბოლოა და დიასახლისის იმიჯის მორგებით რეჟისორი ახდენს მის სიმბოლურ დეკლასირებას. ისინი, რომლებიც შორენა ბეგაშვილ მართლაც 21-ე საუკუნის ქართული კინოს სექს-სიმბოლოდ მიიჩნევენ, ლოფონავას ამ პასაჟზე იხალისებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მაყურებელი იქნება დეზორიენტირებული და ვერ ამოხსნის ამოცანას „გამოიცანი რა უქნეს შორენას“. წინასწარ რომ არ გავეფრთხილებინე – აი, ნახავ და იხალისებ, შორენა ბეგაშვილი სულ სხვა ამპლუაშია – ბეგაშვილის გარდასახვას უყურადღებოდ დავტოვებდი. მოკლედ, მეგობრები კიკეთში ადიან, ერთმანეთში „ახალ ხორცს“ ინაწილებენ და… იწამლებიან ცოლის მიერ მომზადებული ნიყვით… ფილმის ამ ეპიზოდში მარტო პროსტიტუტები კი არა, ქართული მენტალიტეტიც კი შიშვლდება: პერსონაჟი, რომელიც მეძავს სთავაზობს ცოლის მიერ მომზადებულ სოკოს და ამაყობს ცოლით; მეძავი, რომელიც აგემოვნებს სოკოს და ბავშვის თავს იფიცება, რომ მსგავსი არაფერი გაუსინჯავს; მისი კოლეგა, რომელიც იმიტომ გახდა მეძავი, რომ უჭირს, თორე კი არ სიამოვნებს ათას… ბარიერზე გადახტომა! და თან ისე თამადობს და უძღვება სუფრას, რომ მასთან ინტიმური კავშირის დამყარება ძმურად თუ ძმაკაცურად „უტყდება“ ნოველის მთავარ გმირს.

აქტი მეხუთე

ეჭვიანობა – არასრულფასოვნების კომპლექსია. ამ არასრულფასოვნების განხილვას ეძღვნება მეხუთე ნოველა, რომელიც ჟანრის კანონებიდან გამომდინარე ლოგიკურას სრულდება – ეჭვიანი ქმარი მივლინებაშია, მიტოვებული ცოლს კი სხვა აკმაყოფილებს. აქამდე როგორ მივედით? ეჭვიანობის ნიადაგზე ქმარს ცოლი პლასტიკური ქირურგიის კლინიკაში მიჰყავს და როგორც მანქანაზე აყენებენ სიგნალიზაციას, ისე თხოვს ცოლის საქალწულე აპკის აღდგენას. ექიმის ირონიას საზღვარი არ აქვს – იქნებ წლისთავი გაქვთ და ასე აღნიშნავთო. არა, აქ უფრო მძაფრ შეგრძნებებზეა საუბარი – ცოლი ნივთია, რომელიც ხელუხლებელი უნდა დარჩეს და მისი ხელოვნურად „ჩარაზვა“ ხელშეუხებლობის ერთ-ერთი გარანტია. თუმცა კლიტეს ყოველთვის ორი გასაღები აქვს – ერთი იმას აქვს, ვინც კეტავს; მეორე – ვინც გააღებს. როდესაც ქმარი ცოლს ეუბნება „რაღაცა უნდა გთხოვოო“, ყველაზე ცუდი რამ ვივარაუდე – ალბათ ახლა აბორტის გაკეთებას თხოვსთქო! გულუბრყვილო ვიყავი! ახლა უკვე ვიცი, რომ ამასთან შედარებით აბორტი ნაკლები მარაზმია, რადგან მისი მოთხოვნა შეიძლება წარმოიქმნას სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე… მაგრამ საქალწულე აპკის აღდგენა?! ვისაც გაინტერესებთ, რა რინგტონი აქვს ეჭვიანი მამაკცის სიგნალიზაციას ცოლის წმინდათაწმინდაში უკანონოდ შეღწევის შემთხვევაში, აუცილებლად ნახეთ ფილმი „ჭამა და სექსი“…

P.S. ფილმის შემდეგ ჭამაზე ფიქრიც კი მეშინოდა – მერე არ მითხრან-მეთქი, რომ ყველა მამაკაცი ერთნაირი ხართ და მარტო ჭამაზე ფიქრობთ! რატომ მარტო ჭამაზე?

ეკრანიზაცია – მე თუ მკითხავ, მშვენირი რამ არის. ერთის მხრივ, ის ახდენს მკითხველის ინტერესის სტიმულირებას ფილმისადმი, მეორეს მხრივ კი უღვივებს ინტერესს მაყურებელს წაიკითხოს ამავე სახელწოდების ნაწარმოები, ანუ პირველწყარო. ვერ გეტყვით, რამდენად ზრდის ქართული ნაწარმოების ეკრანიზაცია ამავე ნაწარმოების წაკითხვის სურვილს თანამედროვე ქართველ მაყურებელში (მით უმეტეს, რომ სტატისტიკა საკმაოდ საგანგაშო რიცხვს გვთავაზობს ზოგადად წიგნების კითხვასთან დაკავშირებით), მაგრამ ისიც ფაქტია, რომ თუ თანამედროვე ქართველი კინემატოგრაფისტები არ დაიწყებენ ამა თუ იმ ნაწარმოების ეკრანიზაციას, ვერასოდეს გავიგებთ და ვერ დავინახავთ რეალურ შედეგს. სხვათა შორის, ამაზე სჯა-ბაასი უკვე დიდი ხანია მიდის და წლებია გრძელდება – კარგი სცენარების დეფიციტის ფონზე რატომ არ მიმართავენ და იყენებენ რეჟისორები ლიტერატურულ მემკვიდრეობას.

როგორც მაყურებელს და თანაც ქართველ მაყურებელს, რომელსაც ქართული წიგნებიც კითხვაც მოსწონს, კინოეკრანებზე პიტერ ჯექსონის “ბეჭდების მბრძანებლის” (ტოლკიენის არაჩვეულებრივი ნაწარმოების ეკრანიზაცია) გამოჩენის შემდეგ მტანჯავს ფიქრი იმაზედ თუ რატომ არ ვთავაზობთ ჰოლივუდს შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაონის” ეკრანიზაციას? მესმის, თანამედროვე პოსტსაბჭოთა სივრცეში ხელოვან ხალხს, განსაკუთრებით კი კინემატოგრაფისტებს თავისი დაულაშქრავი მწვერვალები, ჯომოლუნგმა და K2 აქვთ – ბულგაკოვის “ოსტატი და მარგარიტა” და რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი”. გვერდიგვერდ იმიტომ ვაყენებ, რომ ორთივე ნაწარმოების ეკრანიზაცია რთულია. ამიტომაც ვერ ვხედავთ დღემდე ამ ლაშქრობისთვის გამზადებულ ღირსეულ ექსპედიციას. არადა, “ვეფხისტყაოსანზე” მაგარი ნაწარმოები მანახეთ ეკრანიზაციისთვის! პერსონაჟები, ნატურა, ბატალური სცენები, სიბრძნე, რომანტიკა, თავდადება… ტრა-ტა-ტა და ა.შ. და ა.შ. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ვიზუალური ეფექტების შესაძლებლობების გათვალისწინებით კი უნდა დაწერონ ქართველმა სცენარისტებმა ღირსეული (ან ღირებული) სცენარი… “ტიტანების ბრძოლა” მერე ნახეთ თქვენ, რომ გადააკვდება ერთმანეთს ეკრანიზაციის უფლების მოსაპოვებლად კამერონი, ჯექსონი, ანდერსონი და… შემომარტყით, გამომაფხიზლეთ, თორემ გავიჭერი ოლიმპისკენ… მოკლედ, ეკრანიზაცია მშვენიერი რამ არის.

აქვე მინდა დავდო რამდენიმე ნაწარმეობის ეკრანიზაციის პოსტერი, რომელზეც ლამის არის ვაფანატებ ისე მომწონს 🙂 აჯაბსანდალივით კი არის – ქართული, რუსული, ინგლისური ეკრანიზაცია და თითქოს გაუგებარია რა ნიშნით ვირჩევდი ეკრანიზაციას, მაგრამ დამერწმუნეთ – ნახეთ ეს ფილმები და აუცილებლად გაგიჩნდებათ ამავე სახელწოდების ნაწარმოების წაკითხვის სურვილი.

ბულგაკოვის “ძაღლის გული”-ს ეკრანიზაცია, ევსტიგნეევისა და კარცევის ძალიან მაგარი შესრულებით. სხვათა შორის რეჟისორი ვლადიმერ ბორტკო ბევრმა მაყურებელმა ამ ფილმით გაიცნო საბჭოთა კავშირში.

 

 

 

 

 

 

ნოდარ დუმბაძის “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” – კომედიის ანთოლოგიაში შევიყვანდი. ეს ის ნაწარმოებია, როდესაც უყურებ, იცინი და რწმუნდები, რომ გამოსახულება ტექსტუალურია. სამწუხაროდ იშვითად გამიგია, რომ კითხულობდნენ 😦

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ენტონი ბიორჯესის “მექანიკური ფორთოხალი”, სტენლი კუბრიკის შესრულებით. მალკოლმ მაკდაუელია – ღვთაებრივად ადამიანური, თამაშობს ღმერთივით დამიწებულ თუ მიწიერი ვნებებით შეპყრობილ ადამიანს.

8 განრისხებული მამაკაცი შეკრებილიყო დარბაზში და ბჭობდა, ვინ მოკლა ქართული კინო. რეანიმატორსაც დაეკითხნენ, რომელმაც დაიცვა მკურნალობის საკუთარი და მით უმეტეს აპრობირებული მეთოდები, მედექსპერტებმაც დაადასტურეს, რომ ქართული კინო რამდენი ხანია და მერამდენედ მოკვდა… და აღსდგა… და მოკვდა… და ისევ აღსდგა მრავალგზის და ამით გააუფასურა ამ სასწაულის მნიშვნელობა… ჩვენ ნებისმიერი ახალი ფილმი ქართული კინოს აღდგომა გვგონია და ცუდი ფილმი კი მისი უარყოფა. ეკა ხოფერიასთან გადაცემაში „აუდიტორია“ 8 კინორეჟისორი, 4 კინოკრიტიკოსი და ეროვნული კინოცეტრის დირექტორი საზოგადოებას თანამედროვე ქართული კინოს პრობლემებზე ესაუბრებოდა. ვინაიდან არ მქონდა საშუალება და შესაძლებლობა შევსულიყავი მათთან კამათში, მაგრამ როგორც კინომცოდნესა და მაყურებელს ამის დიდი სურვილი გამაჩნდა, ამას ახლა გავაკეთებ და მათ კომენტარებზე დაყრდნობით ავაგებ დიალოგს… მოდელირებულს.

მერაბ კოკოჩაშვილი, კინორეჟისორი: „კინოს უნდა მოეხსნას გადასახადები და ამ შემთხვევაში იზრდება კინოწარმოება 30%… ამაზე დიდი ხანია მიდის ლაპარაკი, მაგრამ ჯერაც არ გაკეთებულა…“

გ.კ. – გეთანხმებით, არ გაკეთებულა და არ გაკეთდება! ხელი – ხელს ბანს, ორივე კი პირს და ვიდრე ეს ორივე ხელი გაუგებარი ჩინოვნიკების, მათი შვილების, შვილიშვილების, შვილთა შვილების გაურკვეველი ზომისა და მადის მქონე პირს ბანენ, ასე იქნება. რატომ არ იღებენ ამ კანონს, ბატონო მერაბ? რატომ არ ცხადება ქართულ ფილმებზე დასწრების სტატისტიკა? რატომ არ იღებენ ლუსტრაციის შესახებ კანონს? რატომ აქვს მანქანას მუხრუჭი და „რუჩნოი“? ეს თითქოს არაფერ შუაშია და სწორი შემჩნევაც იქნება – თავშია! რატომ ფერხდება და ამუხრუჭებენ ქვეყანაში კანონების მიღებას? ფილმის გადაღება გსურთ? და ეს შეუწყობს ხელს ტურიზმის განვითარებას? არა? მაშინ, ნურას უკაცრავად, თქვენი დრო რახანია გავიდა და ახლა უკვე ცოცხალი რიგია… ახლა სერიოზულად. რაც შეეხება კინოსთვის გადასახადების შემცირებას – თაკო ტატიშვილის მეცადინეობით ეროვნული კინოცენტრის ვებ-გვერდზე საინტერესო კვლევები და დასაბუთებული რეკომენდაციები დევს ეროვნული ფილმწარმოების გაზრდის როგორც აუცილებლობაზე, ისე შესაძლებლობებზე. საქართველოში ამჟამად მხოლოდ 9 კინოთეატრი ფუნქციონირებს, დასწრება – საშუალოზე მაღალი აქვს, სავარძლების რაოდენობა – საშუალოდ 200, ფილმებზე დასწრების და შესაბამისად გაყიდული ბილეთების სტატისტიკა – უცნობია, ამიტომ აქ საშუალო მაჩვენებლის გამოყვანა ყველაზე მეტად გვჭირდება. როგორც არ უნდა იყოს, ბილეთებზე ბეგარის მოხსნა რაიმე მნიშვნელოვან ზიანს ვერ მიაყენებს სახელმწიფო ბიუჯეტს. ისევე, როგორც კათარზისის სრული დატვირთვით ფუნქციონირება ვერ აზარალებს მსხვილ რესტორანს. კინოს მართლაც უნდა მოეხსნას გადასახადები, თუნდაც გარკვეული დროით, რომ დავინახოთ ამ მიდგომის ეფექტიანობა. გარდა ამისა, საგადასახადო წახალისება ამ ქვეყანაში არა მხოლოდ ანაკლიაში სასტუმროების მშენებლებსა და ინვესტორებს სჭირდებათ. ადგილობრივ და საერთაშორისო ინვესტორებს სჭირდებათ ისეთივე წახალისება, როგორიც არსებობს ჩეხეთსა და უნგრეთში, სადაც ფილმში ჩადებული თანხების 20% ინვესტორს უკან უბრუნდება. მერე უკვე ამის PR – ინფორმირება, მოტივირება, სტიმულირება და შამპანურის გახსნა პრემიერაზე.

გიორგი შენგელაია, კინორეჟისორი: „რა უნდა კინოსტუდიის დირექტორად კობა დავარაშვილს?! რა უნდა ასეთ კაცს კინოსტუდიაში და რა ესმის მას საერთოდ კინოში?!“

გ.კ. – სამაგიეროდ რეკლამის წარმოებაში ესმის და იქ, სადაც რახანია კინორეჟისორი ვერ იპყრობს 90 წუთში მაყურებლის ყურადღებას კლიპმეიკერმა დავარაშვილმა (და თქვენს მიერ სარკასტულად მოხსენიებულმა წარმატებულმა სარეკლამო კომპანია „სარკემ“) 30 წამში მიაღწია სასურველ შედეგს. მოდით არ ვიდაოთ – კინოც და რეკლამაც კომუნიკაციის საშუალებაა. ახლა ვიკითხოთ, ვის უკეთ გამოსდის საზოგადოებასთან კომუნიკაცია? „მიდის მატარებელი“? რახანია წავიდა! ამიტომ ყველაფერს შევხედოთ საღი გონებითა და შეიარაღებული თვალით! მენეჯმენტი – აი, რა არის ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი ძველსა და ახალს შორის; თან თავად იძახით – „მე გადასაღებ მოედანზე აღარ დავდივარო“. ჩვენი უბედურებაც ეს არის, რომ ღვაწლმოსილი კინორეჟისორები მიტინგზე დადიან, რომელიც მდიდარია სანახაობებით… ხოდა, კამერა მაინც წაიღეთ, ძიგა ვერტოვის კვალდაკვალ იქნებ შექმნათ საინტერესო ჩანახატი!

დავით იმედაშვილი, კინორეჟისორი: „პირატობა არის ძირითადი მკვლელი კომერციული პროდუქტისა… არსებობს საფრთხე იმისა, რომ ჯერ კიდევ ეკრანზე გასვლამდე ფილმი იქნას მოპარული და ის აიტვირთოს ინტერნეტში.“

გ.კ. – არაფორმალური შეთანხმების თანახმად ისეთი რეიტინგული „პირატული“ ვებ-გვერდები და ფილმის პორტალები როგორიც არის simsim.ge და allmoves.ge აღარ ტვირთავენ იმ ფილმებს, რომლებიც ჯერ არ გასულა კინოთეატრებში. ესე იგი, გარიგება შედგა და კონტროლის მექანიზმი მოიძებნა და ამ მექანიზმს ქმნის ინტერნეტ-პროვაიდერებთან თანამშრომლობაც. რაც შეეხება თქვენს ფილმს „ოცნების ქალაქი“, უნდა დავეთანხმო ჩემს კოლეგას თეო ხატიაშვილს, რომ ფილმი ცარიელია, მაგრამ უდაოდ საინტერესო თბილისის ბრენდინგის თვალსაზრისით. თქვენი „ოცნების ქალაქი“ ეხმაურება თბილისის მერიის და თომას გედის მიერ შემუშავებულ მესიჯს – ქალაქი, რომელსაც უყვარხარ. სხვა? კონკიას ისტორია, მდიდარი მამის მოკრძალებული ქალიშვილი, „მგზავრების“ პოპულარიზაცია… სხვა? სხვა არაფერი, ცარიელი ფილმია და როგორც ყველა ფილმი, რომელიც ემსახურება კონკრეტულ მიზანს – ქალაქის პოპულარიზაციას და ტურისტების მოზიდვას, დროთა განმავლობაში ისიც  ამოწურავს თავის თავს.

კიდევ მაქვს ერთი შემჩნევა. ამბობთ, რომ „პირატობა არის ძირითადი მკვლელი კომერციული პროდუქტისა“, მე კი ვთვლი, რომ პროდუქტი შეიძლება გახდეს კომერციული კინოს სიკვდილის მიზეზი (Product Placement არ არის თვითმიზანი და ქართული კინოს აყვავების პანაცეა). რა ლოგიკა აქვს იმ ფილმის ტირაჟირებას, რომელიც არის ერთჯერადი და არ არის განკუთვნილი ყველა ასაკობრივ სეგმენტზე? ამ კითხვას სვამენ იმ ბრენდების წარმომადგენლები, რომლებიც უხვად ჩანან თანამედროვე ქართულ ფილმებში („გოგონა სლაიდიდან“, „ოცნების ქალაქი“). რეჟისორების მიერ დღეს კინოში საერთოდ არ არის გათვალისწინებული მაკდონალდსის სეგმენტი – ბავშვები, რომლებსაც ერთ-ერთმა პირველმა შალვა რამიშვილმა მოუსინჯა კბილი 3D ანიმაციით. პრიორიტეტულ სამიზნე ჯგუფებში არც 40-50 წლის მაყურებელი შედის, რაც ფილმში ინვესტირების, ანუ Product Placement-ის განთავსებას არამიმზიდველს ხდის როგორც ლოკალური, ისე საერთაშორისო ინვესტორისთვის. რა პროდუქტის რეკლამირება უნდა მოხდეს 16-25 წლის ახალგაზრდებში? რა თქმა უნდა განსაზღვრული. ქართული კინოთეატრების სიმწირის გამო და შესაბამისად შექმნილი კინოპროდუქტის გავრცელების შეზღუდული არეალის გამო პროდიუსერი და ინვესტორი ფილმზე გაწეულ ნებისმიერ ხარჯს აღიქვამს, როგორც ნეგატიურ ხარჯს. ფაქტობრივად შეუძლებელია ადგილობრივ დონეზე შემოსავლის მიღება, აღარაფერი რომ ვთქვათ სუფთა მოგებაზე. ამიტომ ფილმი იმაზე მეტი უნდა იყოს, ვიდრე ქალაქის ბრენდინგი.

მე არ ვარ Product Placement-ის წინააღმდეგი. პირიქით, როგორც რუსები ამბობენ, კინო – ბიზნესია, ბიზნესში ფული ტრიალებს და ამ ფულს თავიდან ხომ არ მოიშორებ?! მით უმეტეს თუ ფილმი კარგია, განა შეუძლია რეკლამას მისი გაფუჭება? მაგრამ აქ ლაპარაკია კარგ ფილმზე. კარგ ფილმს რეკლამით ვერ გააფუჭებ – ანუ кашу маслом не испортишь. „ტრანსფორმერებში“ 300-მდე ბრენდის Product Placement-ი, ანუ ფარული რეკლამა დევს, მაგრამ ის ორგანულად ერწყმის ფილმის სიუჟეტს და არ ყვირის. არ ყვირის, რომ კონკურენტებთან შედარებით ეს კომპიუტერი ჩვენს მაღაზიაში 20%-იანი ფასდაკლებით იყიდება!

სოსო ჯაჭვლიანი, მსახიობი და კინორეჟისორი: „მე რომ ვიყო საქართველოს პრეზიდენტი, კაპიკსაც კი არ მივცემდი ქართულ კინოს.“

გ.კ. – ქართულ ფილმს ფულს არც მე მივცემდი, არც კინოს და არც სააქციო საზოგადოებას. ამაში პრეზიდენტს სოლიდარობას ვუცხადებ! ქართული ფილმი – ეს არის ჩვენი ვატიკანი, აბსოლუტურად ავტონომიური, კუნძულივით მოწყვეტილი სრულიად ქართული კინოსგან, რომელსაც კაცმა არ იცის ვინ მართავს. რომელმაც, კაცმა არ იცის რა გააკეთა ამ წლებში! ვატიკანი, რომლის რელიგიური მრწამსის ტრანსფორმაციამ გადააგვარა ქართველი კინემატოგრაფისტები, დაუკარგა მათ საკუთარი თავის რწმენა და გაუღვივა ეროვნული ფილმწარმოებისადმი ურწმუნოება. მოკლედ, ლირიკა იქით იყოს და არახარჯთეფექტურია ქართული ფილმის სუბსიდირება!

რაც შეეხება ქართულ კინოს! ერთადერთი სტრატეგიული ხედვა, რომელიც აქვთ ქართველ ფილმმწარმოებლებს არის ინტუიცია და უნდა გათავდეს ერთხელ და სამუდამოდ კიბორჩხალას ტრაექტორიით სვლა და ქართული კინოს სტრატეგიული ხედვა უნდა დაეყრდნოს ამ სფეროში ჩატარებულ კვლევებს. მოშლილი ინფრასტრუქტურის გამო შეუძლებელია ფილმწარმოება. მაგრამ ნებისმიერ კრიზისს თან ახლავს პოზიტიური მხარეც. დაავადება ცუდია დაავადებულისთვის, მაგრამ ის შესაძლებლობებს აძლებს ვაქცინის მწარმოებელსა და საავადმყოფოებს. კინოს სრული გამოჯანმრთელების მიზნითაც თავისებური ვაქცინაციაა საჭირო. მაგალითად, ეროვნულმა კინოცენტრმა შექმნა კინოსექტორის ეკონომიკური რუკა და ერთიანი მონაცემთა ელექტრონული ბაზა, სადაც თავმოყრილია საქართველოში ფილმის საწარმოებლად აუცილებელი ინფორმაცია, მათ შორის ფილმწარმოებაში დასაქმებული ტექნიკური პერსონალის დეტალური მონაცემები. კინოცენტრის სტრატეგიული ხედვა გულისხმობს ქვეყნის იჯარას, რაც შესაბამისობაში მოდის ქვეყნის პოლიტიკური მნიშვნელობის (და განსაზღვრული სტატუსის) თვითიდენტიფიცირებასთან და ქვეყნის, როგორც „დერეფნის“ პოზიციონირებასთან. თუ პოლიტიკურ კონტექსტში დერეფანი ვართ იმიტომ, რომ ჩვენზე გადის გაზი და ნავთობი, კინოს შემთხვევაში დერეფანი გულისხმობს უცხოელებისთვის ფილმწარმოებისთვის ხელსაყრელი პირობებისა და გამართული ინფრასტრუქტურის შექმნა-შეთავაზებას, სხვაგვარად რომ ვთქვათ მათ მომსახურებას. თუ ქვეყანაში პროფესიონალი კადრების დეფიციტია და კინემატოგრაფის ტექნიკუქი მხარე, ტექნიკური პერსონალი არაკონკურენტუნარიანია, შენ ისღა გრჩება, რომ უცხოელებს შენი მიწა შესთავაზო. ეს არ არის სათაკილო თუ შენ არ გაქვს წარმოების შესაძლებლობა. თავმოყვარე ერის პოზიციის დაკავება არახელსაყრელია ნებისმიერი პროგრესული (ან პროგრესზე ორიენტირებული) ქვეყნისთვის და ამის დასტურად შეგვიძლია მოვიყვანოთ თავის დროზე იტალიაში მიღებული ეროვნული წარმოების დამღუპველი კანონი, რომელიც იტალიის ტერიტორიაზე ფილმების წარმოებას ითვალისწინებდა მხოლოდ შიდა ინვესტიციების ხარჯზე (ანუ ცირკულაცია და შესაბამისად სტაგნაცია) და სახელმწიფო ენაზე. ეს კანონი მაშინ მხოლოდ დინო დე ლაურენტისმა გააკრიტიკა, რომელმაც კანონმდებლების ამ ინიციატივას იდიოტიზმი უწოდა…

გიორგი ლიფონავა, კლიპმეიკერი და კინორეჟისორი: „ჩემთვის შემოქმედებითი დამოუკიდებლობა უფრო მნიშვნელოვანია, ამიტომ სანამ სახელმწიფო გულზე ხელდაკრეფილი ზის, ჩვენ ვიშოვეთ დაფინანსება დამოუკიდებლად და გადავიღეთ ხარისხიანი ფილმი… ყველაფერი გაიფილტრება დროთა განმავლობაში“.

გ.კ. – გასაგებია, რომ „რაც ყველაზე ძალიან გიყვართ“, ეს არის დამოუკიდებლობა, მაგრამ კინორეჟისორის მხრიდან ეს საკუთარი დამოუკიდებლობის საკმაოდ სუსტი არგუმენტაციაა – სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, კერძო ინვესტორი ავალდებულებს… კერძო დამკვეთი კი აუცილებლად მოგთხოვთ მისი Product placement-ის თვალსაჩინო ადგილას განთავსებას, ანუ ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს. და როგორ შეიძლება ამ შემთხვევაში ასე თამამად ლაპარაკი საკუთარ “დამოუკიდებლობაზე”? პირადად ჩემთვის ეს ცოტა გაუგებარიც კი არის.

ზაზა რუსაძე, კინორეჟისორი: „ქართული კინო ჩვენ გვგონია, რომ საინტერესოა დასავლეთისთვის, მაგრამ სამწუხარო რეალობა ისეთია, რომ ეს არის ოცნება და არა რეალობა“

გ.კ. – გასაგებია, ზაზა, თან მოიშველიეთ ენობრივი, კულტურული და პოლიტიკური ბარიერები. თქვენი პოზიცია სავსებით გასაგებია… საქართველოს კანონი ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ მე-5 მუხლის მე-2 ქვეპუნქტის მიხედვით „ეროვნულად ჩაითვლება უცხო ენაზე (არა სახელმწიფო ენაზე) გადაღებული ფილმი, თუ ეს (უცხო ენაზე გადაღება) განპირობებული იყო სცენარის სპეციფიკით…“ აღარ დავკონკრეტდები, კანონში კიდევ არის ერთობლივი ფილმწარმოების ხელშემწყობი ფაქტორები, მაგრამ განსჯისთვის ესეც კმარა. რა პრობლემაა, ზაზა? ჩვენი თუ არ ესმით, მათ ენაზე ველაპარაკოდ! რა პრობლემაა, ზაზა? ქართული კინო კი მართლაც საინტერესოა დასავლეთისთვის, ამის დასტურია გელა ბაბლუანის „13“, რომლის რიმეიქიც გადაიღეს ჰოლივუდში.

თუმცა ნაწილობრივ გეთანხმებით იმ მოსაზრებაშიც, რომ „ქართული კინო ჩვენ გვგონია, რომ საინტერესოა დასავლეთისთვის, მაგრამ სამწუხარო რეალობა ისეთია, რომ ეს არის ოცნება და არა რეალობა“. ასეთი რეალობა სტანჯავს ევროპის უკლებლივ ყველა განვითარებულ ქვეყანას, გამონაკლისი არც ლუმიერების სამშობლოა. ამას ადასტურებს სტატისტიკა – 700 ფილმიდან, რომელიც ყოველწლიურად იქმნება ევროპაში, მხოლოდ 10% შეიძლება გავიდეს სხვა ქვეყნის კინოგაქირავებაში. ამავე სტატისტიკიდან კარგად ჩანს, რომ 2005 წელს ფრანგული ფილმების წარმოებაზე დაიხარჯა 1,5 მილიარდი დოლარი, თუმცა ევროპის საზღვრებს მიღმა გაყიდვების მოცულობამ მხოლოდ 70 მილიონი დოლარი შეადგინა. არახარჯთეფექტურობა ის ძირითადი მძიმეწონიანი კონტრარგუმენტია, რომელსაც ასახელებენ ინვესტორები

შოთა კალანდაძე, კინორეჟისორი: „მე მედიამ გამიკეთა ცუდი პიარი და მე არ ვარ ეროტიკის რეჟისორი… სხვათა შორის დავდე ინტერნეტში და ყველაზე დიდი გამოხმაურება ქონდა“

გ.კ. – ეკა ხოფერიასთან კამათისას როგორც იქნა დაიბადა ჭეშმარიტება – შოთიკო კალანდაძე არაეროტიკული ეროტიკის ფუძემდებელია. ვიდრე ქვეყანაში ყველაფერს თავისი სახელი არ დაერქმევა, შოთა კალანდაძე იქნება თეთრი ყვავი ქართულ კინემატოგრაფში. შოთიკო, სჯობს პირველი იყოთ იქ, სადაც შეიძლება თქვენი ადგილი დაიმკვიდროთ… სჯობს იყოთ დიდი თევზი ტბაში, ვიდრე პატარა ოკეანეში. თქვენ უკვე იპოვნეთ თქვენი ადგილი, თქვენი ნიშა, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, კიდევ დიდი ხანი არ დაიკავებს სხვა და არავინ შეგეცილებათ. რატომ? იმიტომ, რომ თქვენ აქ მართლა გრძნობთ თავს როგორც თევზი წყალში… ახლა, დავეთანხმები ეკა ხოფერიას, ერთად დავსხდეთ და ვუყუროთ თქვენს საავტორო არაეროტიკულ-ეროტიკულ ფილმებს „გაელვება“, „უშვილო“, „მიტოვებული დონ ჟუანი“, „ასეთი ნოველები“, „ამბავი ღალატზე“, „პოეტური ფოტოკინო“ და უამრავი ფილმში არშესული კადრები 1 და 2, რომელიც მახსენებს ჟურნალ „ანაბეჭდში“2005 წლის 5 მაისის გამოცემაში გამოქვეყნებული ჩემი სტატიის „სიახLOVE“ ქვესათაურს – ეროტიკული კინო ესთეტიკურ ტკბობასთან ერთად ერექციასაც უნდა იწვევდეს. ვეთანხმები და ხელს ვაწერ.

კინომცოდნეები და მედია, რომელიც მათ სთავაზობდა საასპარეზო სივრცეს – დისკრედიტირებულნი არიან თავად რეჟისორების მიერ. ამიტომ ეკა ხოფერიას გადაცემიდან მივხვდი, რომ არსებობს მხოლოდ ერთი გამოსავალი სიტუაციიდან:

ვიდრე ქართული კინოს ხელახალ აღდგომას ვიხილავთ, დავაფუძნოთ ლოკალური ფესტივალი „ოქროს ჭინჭარი“ („ოქროს ჟოლოს“ ქართული ანალოგი), რომელზეც რეჟისორს, მსახიობს და ა.შ. და ა.შ. გადაეცემა „ოქროს როზგი“ რამდენიმე ძირითადი ნომინაციით: „მაყურებლის გვემა“ და „თვითგვემა“ და „თვითკმაყოფილება“, „უკმაყოფილება“ და „და-უკმაყოფილება“… კინოკრიტიკოსთა ჟიური საუკეთესო ნეკროლოგს გადასცემს ნომინაციაში „რაც გ(ვ)ინახავს, ვეღარ (ვ)ნახავ“, ხოლო მაყურებლის ანტიპატიის ნომინაციაში გამარჯვებულს ოვაციების ნაცვლად გადასცემენ (გააწნიან) „ოქროს სილას“… კინოფესტივალის ფარგლებში გაიხსნება სატელეფონო „ცხელი ხაზი“ და მასზე შემოსული ზარები გამოავლენენ გამარჯვებულს ამა თუ იმ ნომინაციაში. ხო, მგონი ასე აჯობებს, ეს იქნება სავსებით სამართლიანი გადაწყვეტილება და ეფექტურიც! და რაც მთავარია, რეჟისორების მიერ ჩატარებულ აქტივობაზე მიღებული უკუკავშირის თვალნათელი მაგალითი. Вся власть народу!

P.S. ეს სტატია დაიწერა სპეციალურად ჟურნალისთვის “არტ-ტაბულა”, რომელიც თითქმის ერთი თვის შემდეგ მეუბნება, რომ “მასალა დაძველდა და ვერ გაუშვებენ!” კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ჩემს კოლეგებს თხოვნით – უნდა მოვიფიქროთ საკუთარი საავტორო უფლებების დაცვის მექანიზმი – ჯერ ფული და შემდეგ პროდუქტი, წინააღმდეგ შემთხვევაში მასალა რომელიც მოწონდათ უცებ ძველდება ხოლმე… ეს მარაზმი უნდა მორჩეს! ჩვენი დრო + ინტელექტუალური პოტენციალი = ანაზღაურება, ან წადით უხსენებელში!

ო(სკა)როსნები

Posted: March 3, 2011 in Cinema

OSCAR 2011 – პროგნოზი და ანალიზი, ანუ იმედი და რეალობა

2011 წლის ”ოსკარების” გადაცემის ცერემონიალი ორ მსახიობს – ჯეიმს ფრანკოსა და ენ ჰეთეუეის მიჰყავდა. ჯეიმს ფრანკოს ეტყობა გული უგრძნობდა, რომ სანუკვარ ”ოსკარს” არავინ გააკარებდა, ამიტომ ჰეთეუეისგან განსხვავებით მას ცერემონიალი საკმაოდ უღიმღამოდ და უინტერესოდ მიჰყავდა. მთელი თავისი მიმიკითა და ჟესტიკულაციით ფრანკო უხმო მიმივით გადმოსცემდა საკუთარ მელოდრამატიზმსა და სათქმელს ”ეს ყველაფერი ფარსია! წამყვანიც იმიტომ ვარ, რომ თავისებური კომპენსაცია მეკუთვნის!”. ჯეიმს ფრანკოს თავისი სამსახიობო კარიერის მანძილზე მხოლოდ ერთი მნიშვნელოვანი პრიზი აქვს მოპოვებული – 2002 წლის ”ოქროს გლობუსი” ნომინაციაში ”მინი სერიალის საუკეთესო მსახიობი”. ის ფაქტი, რომ ფრანკოს არ გადასცეს ”ოქროს გლობუსი” მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის 2011 წელს, გვაფიქრებინებდა კიდევაც, რომ აკადემიკოსები ამ ახალგაზრდა მსახიობის იგნორირებას არჩევდნენ. ”ოქროს გლობუსებს” ”ოსკარის” გენერალურ რეპეტიციასა და თავისებურ მოთელვას უწოდებენ. არსებითად ეს მართლაც ასეა, მით უმეტეს, რომ წლევანდელი ”ოსკარის” ლაურეატების უმრავლესობამ მანამდე კბილი მოუსინჯა ”ოქროს გლობუსს”. საინტერესოა, როგორ გადანაწილდა ”ოსკარები” ძირითად ნომინაციებში?
საუკეთესო ფილმი
• The king’s speech
მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი
• კოლინ ფერტი (ფილმისთვის The king’s speech + ”ოქროს გლობუსი” ამავე ნომინაციაში)
ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი
• ნატალი პორტმანი (ფილმისთვის Black Swan + ”ოქროს გლობუსი” ამავე ნომინაციაში)
მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი
• კრისტიან ბეილი (ფილმისთვის The Fighter + ”ოქროს გლობუსი” ამავე ნომინაციაში)
ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი
• მელისა ლეო (ფილმისთვის The Fighter + ”ოქროს გლობუსი” ამავე ნომინაციაში)
საუკეთესო რეჟისორი
• ტომ ჰუპერი (ფილმისთვის The king’s speech)
საუკეთესო სცენარი
• დევიდ საიდლერი (ფილმისთვის The king’s speech)
საუკეთესო ადაპტირებული სცენარი
• აარონ სორკინი (ფილმისთვის The Social Network + ”ოქროს გლობუსი” ნომინაციაში ”საუკეთესო სცენარი”)
საუკეთესო ანიმაციური ფილმი
• Toy Story 3 (და ”ოქროს გლობუსი” ამავე ნომინაციაში)
საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი
• უოლი ფისტერი (Inception)
საუკეთესო მონტაჟი
• The Social Network
საუკეთესო ხმა
• Inception
ხმის საუკეთესო მონტაჟი
• Inception
საუკეთესო სპეცეფექტები
• Inception
საუკეთესო საუნდტრეკი
• ტრენტ რეზნორი და ანტიკუს როსსი (ფილმისთვის The Social Network + ”ოქროს გლობუსი” ამავე ნომინაციაში)
საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი
• In a Better World (და ”ოქროს გლობუსი” ამავე ნომინაციაში)

დავიწყოთ საუკეთესო ფილმის ნომინაციით, რომელშიც გაიმარჯვა ტომ ჰუპერის ოპუსმა მონარქზე, ინგლისის მეფე გეორგ მე-IV-ზე, ფილმმა The king’s speech. რუსები არასწორად თარგმნიან ფილმს, მაგალითად ისე, როგორც ”მეფე ლაპარაკობს”, ან ”მეფის სიტყვა”. თუმცა ”მეფის სიტყვა” ალბათ უფრო შეესაბამება ფილმს, რადგან მასში საუბარია მეფე გეორგის მეტყველების დეფექტის გამოსწორებაზე. მეფემ რადიოს მეშვეობით უნდა მიმართოს საკუთარ ხალხს და მოუწოდოს მათ გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლისაკენ. თანდაყოლილი დეფექტი მის სიტყვებს დამაჯერებლობას აკლებს. ამიტომ მეფის შველა მხოლოდ ფონეტიკის მასწავლებელს შეუძლია (ჯეფრი რაში). ბუნებრივია, უამრავ მაყურებელს გაახსენდა ბერნარდ შოუს ”პიგმალიონი”, რომელშიც პროფესორი ჰიგინსი ეხმარება ლიზა დულიტლს ანალოგიური დეფექტების გამოსწორებაში. ”პიგმალიონის” პირველი ეკრანიზაცია 1938 წელს გადაიღეს და კინოს ისტორიაში არაფერია ცნობილი იმის შესახებ თუ როგორ მიიღო ეს ფილმი მეფე გეორგმა, რომელიც 1954 წელს გარდაიცვალა. სამაგიეროდ ”ოსკარის” ცერემონიალის წამყვანმა, ენ ჰეთეუეიმ ტომ ჰუპერის გასაგონად იხუმრა, რომ ”მისი ფილმი დედოფალმა ელისაბედ მეორემ უკვე ნახა”. საინტერესოა, როგორი რეაქცია ჰქონდა დედოფალს აწგარდაცვლილი მამის ბილწსიტყვაობაზე, რომელიც მრავლად არის ამ ფილმში ენის გასატეხის სახით… და კიდევ – იგავისებურად თუ ”გავშიფრეთ” ფილმი, გამოვა, რომ თანამედროვე კონტექსტში The king’s speech-ი ეხება იმას თუ როგორ არ უნდა ”დაებას” ენა (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით) ინგლისის პრემიერ-მინისტრს, როდესაც მას მიჰყავს ხალხი სხვის ომში… სხვის, ანუ ამერიკის, ერაყსა და ავღანეთში, სადაც ბრიტანული ჯარები წარმოადგენენ სამხედრო კონტინგენტის შემადგენელ ნაწილს…

ფილმს თან ახლდა სკანდალი: პროდიუსერებმა დაადასტურეს, რომ ფილმს The king’s speech იღებდნენ იმავე პავილიონებში, რომელშიც იღებდნენ ჰომოსექსუალისტურ პორნოფილმებს. რეალურად ეს შეიძლება ყოფილიყო კონკურენტების, ან კიდევ უფრო სავარაუდოა, რომ ყოფილიყო ბუკმეკერული კანტორების სტრატეგია დაეგდოთ ამ ფილმის, ან ამ ფილმისადმი არსებული პათოსი და, შესაბამისად, შეემცირებინათ მოგების კოეფიციენტი. ამ ეჭვს ამძაფრებს ის ფაქტი, რომ ონლაინ ბუკმეკერული სააგენტო ”ბეტ365” (რომელიც აპოზიციონირებს საკუთარ თავს როგორც ”მსოფლიოში ყველაზე კონკურენტული პროგნოზებში”) აძლევდა რეკომენდაციას თავის მომხმარებლებს დაედოთ ფსონი ფილმზე The king’s speech და არა The Social Network-ზე, ხოლო მისი კონკურენტი ”უნიბეტი” ბუნებრივია საპირისპირო შეთავაზებას აკეთებდა, რომელიც ალბათ მეწტილად მიმზიდველი უნდა ყოფილიყო თინეიჯერებისთვის, რომლებსაც ხიბლავს ან უნდა ხიბლავდეს და იზიდავდეს 20 წლის მილიარდერების იდეა (მარკ ცუკერბერგი, რომელიც ზოგი თინეიჯერისთვის ლამის ტექნო-იესოა და რომელიც თავისი წარმატებით ახდენს ახალგაზრდა თაობის სტიმულირებას). საინტერესო ფაქტია, რომ ამ ფილმში facebook-ის არც ერთი თანამშრომელი არ მონაწილეობს. როგორც ამას აღნიშნავენ პროდიუსერები, მათ უბრალოდ არ მოისურვეს ფილმში მონაწილეობა. სხვათა შორის, საკმაოდ ”დამოუკიდებელი” ფილმია, დამოუკიდებელი ცუკერბერგისგან, რომელმაც, როგორც ფინალური ტიტრებიდან ჩანს, წააგო რამდენიმე სასამართლო პროცესი და იძულებული იყო გადაეხადა 50 მილიონი დოლარი მომჩივანისთვის. ამიტომ, რა თქმა უნდა, ცუკერბერგი არ არის ცალსახად პოზიტიური, ან უარყოფითი გმირი ამ ფილმში.

საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გამარჯვებულის გამოვლენა უფრო რთული იყო, ვიდრე მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლის. ფილმის ნომინაციაში ერთმანეთს ბოლომდე არ უთმობდნენ პოზიციას ”მეფის სიტყვა” და ”სოციალური ქსელი” (გამოგიტყდებით, ფინჩერის ”სოციალური ქსელი” არ მომწონს. მომწონს მხოლოდ მისი მარკეტინგული სლოგანი – ”შეუძლებელია მოიპოვო 500 მილიონი მეგობარი და არ შეიძინო ამასობაში თუნდაც ერთი მტერი”). სხვა პრეტენდენტი მათ ნაკლებად ადარდებდათ. მაგალითად, თითქმის გამორიცხული იყო დარენ არანოვსკის ფილმის ”შავი გედი” გამარჯვება, რადგან ”შავი გედი” იქნებოდა პირველი ოსკაროსანი ფილმი ბალეტზე… ნაკლებად სავარაუდო იყო ასევე ფილმების The Kids Are All Right და Winter`s Bone გამარჯვება იმ მიზეზით, რომ ორივე ფილმის რეჟისორი ქალია (პირველის ლიზა ხოლოდენკო, ხოლო მეორე ფილმის – დებრა გრანიკი), ხოლო 2010 წელს ქეთრინ ბიგელოუს გამარჯვების შემდეგ აკადემია აუცილებლად გააკეთებდა თავისებურ პაუზას… აკადემია ნაკლებად ანებივრებს თავისი ყურადღებით იმ რეჟისორებს, რომლებიც მუშაობენ ფანტასტიკის ჟანრში, ამიტომ კრისტოფერ ნოლანის გამარჯვებაც საეჭვო იყო. მართალია ფილმის Inception მეტწილად ”ტექნიკური” ”ოსკარებით” (საუკეთესო სპეცეფექტები, საუკეთესო ხმა, საუკეთესო მონტაჟი) დაჯილდოვება ვერ დააკნინებს ფილმის ჯამურ ღირებულებას, მაგრამ Inception-ის ასეთი ზედაპირული აღნიშვნა მეტყველებს აკადემიკოსების უუნარობაზე პარალელი გაავლონ ნოლანის შემოქმედებასა და ფედერიკო ფელინის, ინგმარ ბერგმანისა და, რა თქმა უნდა, ლუის ბუნუელის შემოქმედებას შორის, რომლებიც მუშაობდნენ სურეალიზმის და არა ფანტასტიკის ჟანრში… მით უმეტეს, რომ ნოლანის ფილმიც სიზმრებს ეხება. ლამის გამოგვრჩა დენი ბოილი. მან 2009 წელს მოიპოვა ”ოსკარი” ფილმისთვის ”მილიონერი გარეუბნიდან”, ასე რომ, ”ოსკარს” ვერც მისი 127 Hours ნახავდა 99%.

მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი

აღსრულდა – კოლინ ფერტმა თავისი პირველი ”ოსკარი” აიღო. ამ მარათონში მის გვერდით იდგნენ ჰავიერ ბარდემი, ჯეისი აიზენბერგი, ჯეფ ბრიჯესი და ჯეიმს ფრანკო. საკმარია ჩავრთოთ საღი გონება, ვიმსჯელოთ ლოგიკურად და ლაურეატის გამოთვლა ნამდვილად არ მოგვეჩვენებოდა ტიტანური შრომა, ან რთული განტოლება. მოკლედ, როგორც ზემოთ უკვე ითქვა, ჯეიმს ფრანკოს ცერემონიალი მიჰყავდა და ლაურეატებიდან იმთავითვე გამოირიცხა; True Grit – ჯოელ კოენისა და იტან კოენის მორიგი კარგი ფილმია, რომელიც ამჯერად ნაკლებად გამოირჩეოდა კოენებისთვის ჩვეული შავი იუმორით სხვა ნომინანტების ფონზე. ჯეფ ბრიჯესმა ფილმში მარშალი რუსტერის როლი შეასრულა, რომელიც იღბლიანი აღმოჩნდა 1968 წელს ჯონ უეინისთვის (ბრუსტერის როლისთვის მან ”ოსკარი” მოიპოვა მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის). ამიტომ ჩემთვის, როგორც კინომცოდნისთვის საინტერესო იყო რამდენად იღბლიანი აღმოჩნდებოდა ეს როლი ბრიჯესისთვის. თუმცა ჯეფ ბრიჯესმა ”ოსკარი” 2010 წელს აიღო და ნაკლებად სავარაუდო იყო, რომ აკადემია მას 2011 წელსაც ”ოსკარით” დააჯილდოვებდა. მით უმეტეს, რომ გამონაკლისის სახით ”ოსკარის” ისტორიაში არსებობს მხოლოდ ორი შემთხვევა, როდესაც მსახიობებმა ზედიზედ აიღეს ეს პრიზი – 1937-1938 წლებში ”ოსკარი” ზედიზედ აიღო ბრწყინვალე მსახიობმა სპენსერ ტრეისიმ, ხოლო 1993-1994 წლებში გაუმართლა ტომ ჰენქსს, რომელმაც პირველი ”ოსკარი” ფილმისთვის ”ფილადელფია”, მეორე კი ფილმისთვის ”ფორესტ გამპი” დაიმსახურა. ამავე ლოგიკით და გამოთვლით გამოვრიცხეთ ჩემი საყვარელი ჰავიერ ბარდემი, რომელმაც 2 წლის წინ უკვე მოიპოვა დამსახურებული პრიზი… რაც შეეხება ჯეისი აიზენბერგს – მისი სამსახიობო ტალანტების შეფასებისას უკიდურესი სუბიექტურობით გამოვირჩევი, ამიტომ თავს არ მოგაწყენთ მოსაწყენი გარჩევით. მხოლოდ ერთს დავძენ – ედრიან ბროუდის შემდეგ აიზენბერგი შეიძლება ყოფილიყო ”ოსკარის” ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი (”პიანისტის” გამარჯვების დროს ბროუდი – 29 წლის იყო, ხოლო აიზენბერგი – 27 წლის არის), მაგრამ ეს ა’ლა სენსაცია, რომელსაც ბევრი ელოდა, არ მოხდა. ”ოქროს გლობუსების” ცერემონიალზე კოლინ ფერტმა გაუსწრო ჯეისი აიზენბერგს და აიღო ”ოქროს გლობუსი” მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის, მაგრამ აიზენბერგს მაინც ჰქონდა გამარჯვების შანსი. მოდით ნუ დავივიწყებთ, რომ ”ოქროს გლობუსი” არის ჰოლივუდის უცხოური პრესის პრიზი, ხოლო აკადემიას შესაძლოა მიენიჭა ”ოსკარი” პატრიოტული და პრაგმატული მოტივებით ”სოციალური ქსელისთვის”, ან ჯეისი აიზენბერგისთვის.

საუკეთესო რეჟისორი

როგორც წესი, აკადემია იშვიათად ყოფს საუკეთესო რეჟისურისა და საუკეთესო ფილმის ლაურეატს (მაგ. ქეთრინ ბიგელოუ, რომელმაც მიიღო ”ოსკარი” საუკეთესო რეჟისურისა და საუკეთესო ფილმის ნომინაციაში შარშან) და ანიჭებს ორივე ოსკარს ერთ პირს. ამიტომ, მიუხედავად იმისა გაიმარჯვებდა ”სოციალური ქსელი” თუ ”მეფის სიტყვა”, მოლოდინი იყო მხოლოდ ერთი – საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში გამარჯვებულს ეგრებოდა ”ოსკარი” საუკეთესო ფილმის ნომინაციაშიც. ამგვარად, როდესაც ტომ ჰუპერმა ”ოსკარი” მოიპოვა საუკეთესო რეჟისურისთვის, იმედგაცრუებულმა ჩავიქნიე ხელი… და იმედგაცრუებული დავემშვიდობე Inception-ს… და საერთოდ სამართლიანობას!

ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი

არანოვსკის ”შავ გედში” შესრულებული როლისთვის ნატალი პორტმანმა ”ოსკარი” მოიპოვა. მან დაჩრდილა კონკურენტები, განსაკუთრებით ანეტა ბენინგი, რომელიც გამოირჩეოდა პრეტენდენტების ფონზე ღრმა ფსიქოლოგიზმის მატარებელ სოციალურ ფილმში შესრულებული როლით – ლესბოსელი დედა-კაცის როლით. აკადემიას არ უყვარს სოციალური თემები. მას უყვარს პოლიტკორექტული თემები. ანიტა ბენინგის პერსონაჟი, მიუხედავად აქტუალობისა, ნამდვილად ვერ გაიმარჯვებდა. რა თქმა უნდა თუ ამ შემთხვევაშიც არ ამყარებდნენ იმედს სასწაულზე. სასწაული იშვიათად ხდება. აკადემიას უყვარს მსახიობები, რომლებიც განასახიერებენ ფსიქიკურად აშლილ, გონებადაბინდულ პერსონაჟებს. ”რეი-მენის” შემდეგ ასეთი პერსონაჟების მოდა წარმოიქმნა, რომელსაც უკვე წლებია არ ღალატობენ. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვახდინოთ ფაქტის კონსტატაცია – ნატალი პორტმანის გამარჯვება იყო სავსებით კანონზომიერი.

მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი

ფაქტობრივად ერთადერთი ნომინაცია, რომლის გამარჯვებულსაც არ გავასაჩივრებ. მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებლად კრისტიან ბეილი დასახელდა… ამ ნომინაციაში ის კონკურენციის მიღმა იყო. თან კრისტიან ბეილიმ უკვე მეორედ დაამტკიცა, რომ არ ახასიათებს ზედაპირულობა და როლისთვის ყველაფერზე წავა. ფილმში ”მებრძოლი” შესრულებული როლისთვის მან 10 კილოგრამზე მეტი დაიკლო (”მემანქანის” შემთხვევაში ეს იყო 20 კგ), რათა უფრო დამსგავსებოდა კოკაინის მომხმარებელს. კრისტიან ბეილი ბრწყინვალედ ასრულებს თავის როლს ამ არც ისე კარგ ფილმში. თუმცა, ვისაც ერთხელ მაინც უნახავს მიკი უორდისა და არტურო გატის ორთაბრძოლა, ისინი დამეთანხმებიან, რომ მიკი უორდის (მარკ ვოლბერგი) ისტორია იმსახურებს ეკრანიზაციას. მიკი უორდისა და არტურო გატის ყველა შეხვედრა უკანასკნელი უნდა ყოფილიყო. ვერავის წარმოედგინა, რომ უბრალო, მომაკვდავი ადამიანები ამდენად ამტანები შეიძლება ყოფილიყვნენ. კრისტიან ბეილი სწორედ ამ ზე-კაცის, ზე-ადამიანის ძალიან მიწიერ ძმას განასახიერებს. მიწიერს თავისი ვნებებითა და განცდებით, იმედგაცრუებითა და ჯერ კიდევ განუხორციელებელი იმედით…

წლევანდელ ”ოსკარებზე” ბევრს ლაპარაკობდნენ, მათ შორის ნეგატიურ კონტექსტში. ამბობდნენ, რომ ”ოსკარზე” დაიჩაგრებიან ე.წ. დამოუკიდებელი და საავტორო კინო. სიმართლე ითქვას, ბოლომდე ვერ ვხვდები, მაინცდამაინც რას უკავშირდებოდა ეს მოლოდინი. მაგალითად მე სულ სხვა შედეგს ველოდი, მით უმეტეს, რომ წელს ნომინანტებში წარმოდგენილი იყო ის 10 ფილმი, რომელიც იყო წარმოდგენილი ”სანდენსის” კინოფესტივალზე ოფიციალურ პროგრამაში, ან სპეციალურ პროგრამაში. ამიტომაც მქონდა უფრო მეტის მოლოდინი.

”ოსკარის” წლევანდელ ცერემონიალთან მიმართებაში ხშირად ახსენებდნენ სიტყვას ”სენსაცია” და ”რევოლუციური”, მაგრამ ერთხელაც არ უხსენებიათ ”სკანდალური”. არადა მეტ-ნაკლებად სკანდალური იყო ჩარლზ ფერგიუსონის გამოსვლა (ფილმი Inside job – შიდა საქმე, შიდა საკითხი, რომელმაც მოიპოვა ”ოსკარი” საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში), რომელმაც გამახსენა დოკუმენტალისტი მაიკლ მურის 2003 წლის სკანდალური და პროვოკაციული გამოსვლა. როგორც ჩანს, დოკუმენტალისტები არ ეგუებიან იმ რეალობას, რომლის ”გაკეთილშობილებას”, ან შენიღბვას ცდილობენ მხატვრულ კინოში. ჩარლზ ფერგიუსონის ფილმი 2008 წლის ფინანსურ კრიზისსა და მის მიზეზ-შედეგობრივ კავშირს ეხებოდა. რეჟისორმა პირდაპირ, დაუფარავად ახსენა ”ამ დრომდე არ დაუსჯიათ ამ კრიზისის დამნაშავე არც ერთი ფინანსისტი!” შესაბამისად, 2003 წლის ცივმა სიომ მაინც დაუბერა, ხოლო ანონსირებული ”სენსაციური” და ”რევოლუციური” ცვლილება 2011 წლის ოსკარს მხოლოდ ოქროსფერი კონვერტების და სპეცეფექტების ნომინაციაში ერთი ნომინანტის დამატებით დაეტყო…

საინტერესო ფაქტები:

აღსანიშნავია, რომ ოსკარის ცერემონიალი გადაიდო სამჯერ:
1. 1938 წელს – დიდი წყალდიდობის გამო
2. 1968 წელს – მარტინ ლუტერ კინგის დაკრძალვის გამო
3. 1981 წელს – რონალდ რეიგანზე განხორციელებული თავდასხმის გამო.

უცნაურია, მაგრამ ოსკარის ცერემონიალი არ გადაუდიათ 2001 წელს, 11 სექტემბრის ტერაქტების დროს. აკადემიკოსების მხრიდან ეს ალბათ სიმტკიცისა და ნებისყოფის დემონსტრაცია უნდა ყოფილიყო…

რაც შეეხება ოსკარის სკანდალებსა და მის ორიგინალურობას, სიურპრიზებს, რომელიც ახასიათებს მას. 1976 წელს კომიკოსმა მარტინ ფელდმანმა საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში გამარჯვებული რეჟისორებისთვის განკუთვნილი ”ოსკარი” ძირს იატაკაზე დაანარცხა და გაკვირვებულ რეჟისორებს მისი ნამსხვრევები გადასცა, ხოლო განცვიფრებული აუდიტორიის წინაშე იხუმრა ”იქ ეწერა, რომ ეს ოსკარი ჰონგ-კონგშია დამზადებულიო”. ამიტომ რაღაცით რომ გააკვირვო აუდიტორია, იმაზე მეტი უნდა გააკეთო, ვიდრე მანამდე იქნა გაკეთებული წინამორბედის მიერ. დაველოდოთ ”სენსაციებს” და ”რევოლუციებს” 2012 წელს, მით უმეტეს, რომ როლანდ ემერიხის თქმით, ამ წელს არაჩვეულებრივი სანახაობა გველის…