Posts Tagged ‘გიორგი კალანდაძე’

Imageრამდენიმე დღის წინ ჩემი მეგობრის, ნიკა ჯავახიშვილის ფილმის „ნაწილები“ პრემიერაზე ვიყავი. ნუ after partyმ საერთოდ „დახურა“, მაგრამ ფილმზეც მინდოდა ორიოდე სიტყვა დამეწერა.

იმ ქვეყანაში, რომელშიც მიცვალებულთა განსაკუთრებული პატივისცემა და კულტი არსებობს, მათი უკვე გაჩერებული გულის მოსაგებად კი დიდ სუფრებს შლიან და მეგობრებს აპურებენ, ჯავახიშვილის „ნაწილები“ ერთ მთლიან დოგმატსა და ფასეულობას თავდაყირა აყენებს. ეს დოგმატი სულის ხელშეუხებლობას ეხება. ანუ იმას, რომ სულის წაბილწვა კი ძალუძს ადამიანს, მაგრამ მისი ხელყოფა ან დაუფლება მხოლოდ მამა ღმერთს, ან სატანას შეუძლია. როგორც ჩანს, ჯავახიშვილი ასე არ ფიქრობს და მთავარი კითხვა, რომელიც მე, როგორც მაყურებელს გამიჩნდა – რა ხდება ჩვენს თავს წესის აგებისა და პანაშვიდის გადახდის შემდეგ?

ის, რომ ფილმი მისტიკური ჟანრისაა, ამ პროვოკაციულ აქცენტს ვერ ანეიტრალებს. მეცნიერული თეორიისა და ჰიპოთეზების შესამოწმებლად, ქართველი მეცნიერები ძვირადღირებულ ექსპერიმენტს ახორციელებენ… ადამიანის გვამებზე. როგორც ნავთობს იღებენ ჭაბურღილით და ყიდიან, ასე იღებენ ფილმის პერსონაჟები ადამიანებიდან უცხო მასას, რომელიც, უკუვაგდოდ ფარისევლობა და ვაღიაროთ, რომ ყველა მათგანისთვის კარგად ნაცბობი უცნობია… რა, არ იციან, რას მოიპოვებენ?

„ნაწილები“ საინტერესო ფილმია, ოღონდ უფრო საინტერესო იქნებოდა, რომ არა მისი ნოველისტური თხრობის მანერა და ოდნავ ამორფული ტემპორიტმი. ჯავახიშვილისთვის ეს პირველი ფილმია, ამიტომ ის ფაქტი, რომ ქართულ მისტიციზმში იაპონური მისტიკისა და კულტურის ნოტები ორიგინალურად ჟღერს, მისი ნახვისა და შეფასების სურვილს აუცილებლად შეგიქმნით. ჩაპლინი და სხვა დიდი, კარგი, საშუალო, მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარმრავალი, ყმიანი რეჟისორები ყოველთვის შედეგზე იყვნენ ორიენტირებულები და მაშინაც კი, როდესაც ფილმი უკვე გაქირავებაში იყო გაშვებული, მაგრამ აუდიტორიის რეაქცია არ შეესაბამებოდა რეჟისორის მოლოდინსა და მოთხოვნებს, აკეთილშობილებდნენ ფილმს მონტაჟის მეშვეობით… ნიკალოზ, შენი იმედი მაქვს 🙂 ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კომპიუტერულ გრაფიკაში აშკარად “უხალტურეს”, თორემ ფილმი უფრო კარგი გამოვიდოდა.

ჩემი და, ნანკა „ნაწილებში“ ერთ–ერთი მეცნიერის როლს ასრულებს და ასრულებს კარგად, სპეციალურად არ ვწერ ბრწყინვალედთქო, რომ მიკერძოებაში არ ჩამეთვალოს. სამაგიეროდ ყოველგვარი უხერხულობის გარეშე ვაღიარებ, რომ ნიკა თავაძე, რომელიც მისი მეუღლის როლს ასრულებს „ნაწილებში“, ბრწყინვალედ თამაშობს от А до Я. იგივეს ვიტყოდი გიორგი კალანდაძეზე.

ამაზე მეტი არც ნიკა ჯავახიშვილს უთქვამს ინტერვიუში, ამიტომ თავზე არ გადავახტები. ასჯერ გაგებას ერთხელ ნახვა სჯობს. „ნაწილები“ „ამირანში“ და „რუსთაველში“ გადის, მგონი 20:00 საათზე. მაინტერესებს, ფილმის ნახვის შემდეგ გაგიჩნდებათ თუ არა იმის განცდა, რომ როცა სხვის სულზე ნადირობ, საკუთარს კარგავ. ან კიდევ, როცა სხვის სულს (არ)აფასებ და ყიდი, შენივე სული უფასურდება… რა ვიცი, ზოგმა ქართველს რა უნდა მისტიკაშიო, ესაო, ისაო და ან თქვენ არ იცით ქართული კულტურა და მითები, ან მისტიკა ყოფილა საქართველოსთვის ისეთივე უცხო, როგორც სექსი იყო საბჭოთა კავშირში – ასე ამბობდნენ „არ გვაქვსო!“ 🙂