Posts Tagged ‘ნანკა კალატოზიშვილი’

Imageრამდენიმე დღის წინ ჩემი მეგობრის, ნიკა ჯავახიშვილის ფილმის „ნაწილები“ პრემიერაზე ვიყავი. ნუ after partyმ საერთოდ „დახურა“, მაგრამ ფილმზეც მინდოდა ორიოდე სიტყვა დამეწერა.

იმ ქვეყანაში, რომელშიც მიცვალებულთა განსაკუთრებული პატივისცემა და კულტი არსებობს, მათი უკვე გაჩერებული გულის მოსაგებად კი დიდ სუფრებს შლიან და მეგობრებს აპურებენ, ჯავახიშვილის „ნაწილები“ ერთ მთლიან დოგმატსა და ფასეულობას თავდაყირა აყენებს. ეს დოგმატი სულის ხელშეუხებლობას ეხება. ანუ იმას, რომ სულის წაბილწვა კი ძალუძს ადამიანს, მაგრამ მისი ხელყოფა ან დაუფლება მხოლოდ მამა ღმერთს, ან სატანას შეუძლია. როგორც ჩანს, ჯავახიშვილი ასე არ ფიქრობს და მთავარი კითხვა, რომელიც მე, როგორც მაყურებელს გამიჩნდა – რა ხდება ჩვენს თავს წესის აგებისა და პანაშვიდის გადახდის შემდეგ?

ის, რომ ფილმი მისტიკური ჟანრისაა, ამ პროვოკაციულ აქცენტს ვერ ანეიტრალებს. მეცნიერული თეორიისა და ჰიპოთეზების შესამოწმებლად, ქართველი მეცნიერები ძვირადღირებულ ექსპერიმენტს ახორციელებენ… ადამიანის გვამებზე. როგორც ნავთობს იღებენ ჭაბურღილით და ყიდიან, ასე იღებენ ფილმის პერსონაჟები ადამიანებიდან უცხო მასას, რომელიც, უკუვაგდოდ ფარისევლობა და ვაღიაროთ, რომ ყველა მათგანისთვის კარგად ნაცბობი უცნობია… რა, არ იციან, რას მოიპოვებენ?

„ნაწილები“ საინტერესო ფილმია, ოღონდ უფრო საინტერესო იქნებოდა, რომ არა მისი ნოველისტური თხრობის მანერა და ოდნავ ამორფული ტემპორიტმი. ჯავახიშვილისთვის ეს პირველი ფილმია, ამიტომ ის ფაქტი, რომ ქართულ მისტიციზმში იაპონური მისტიკისა და კულტურის ნოტები ორიგინალურად ჟღერს, მისი ნახვისა და შეფასების სურვილს აუცილებლად შეგიქმნით. ჩაპლინი და სხვა დიდი, კარგი, საშუალო, მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარმრავალი, ყმიანი რეჟისორები ყოველთვის შედეგზე იყვნენ ორიენტირებულები და მაშინაც კი, როდესაც ფილმი უკვე გაქირავებაში იყო გაშვებული, მაგრამ აუდიტორიის რეაქცია არ შეესაბამებოდა რეჟისორის მოლოდინსა და მოთხოვნებს, აკეთილშობილებდნენ ფილმს მონტაჟის მეშვეობით… ნიკალოზ, შენი იმედი მაქვს 🙂 ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კომპიუტერულ გრაფიკაში აშკარად “უხალტურეს”, თორემ ფილმი უფრო კარგი გამოვიდოდა.

ჩემი და, ნანკა „ნაწილებში“ ერთ–ერთი მეცნიერის როლს ასრულებს და ასრულებს კარგად, სპეციალურად არ ვწერ ბრწყინვალედთქო, რომ მიკერძოებაში არ ჩამეთვალოს. სამაგიეროდ ყოველგვარი უხერხულობის გარეშე ვაღიარებ, რომ ნიკა თავაძე, რომელიც მისი მეუღლის როლს ასრულებს „ნაწილებში“, ბრწყინვალედ თამაშობს от А до Я. იგივეს ვიტყოდი გიორგი კალანდაძეზე.

ამაზე მეტი არც ნიკა ჯავახიშვილს უთქვამს ინტერვიუში, ამიტომ თავზე არ გადავახტები. ასჯერ გაგებას ერთხელ ნახვა სჯობს. „ნაწილები“ „ამირანში“ და „რუსთაველში“ გადის, მგონი 20:00 საათზე. მაინტერესებს, ფილმის ნახვის შემდეგ გაგიჩნდებათ თუ არა იმის განცდა, რომ როცა სხვის სულზე ნადირობ, საკუთარს კარგავ. ან კიდევ, როცა სხვის სულს (არ)აფასებ და ყიდი, შენივე სული უფასურდება… რა ვიცი, ზოგმა ქართველს რა უნდა მისტიკაშიო, ესაო, ისაო და ან თქვენ არ იცით ქართული კულტურა და მითები, ან მისტიკა ყოფილა საქართველოსთვის ისეთივე უცხო, როგორც სექსი იყო საბჭოთა კავშირში – ასე ამბობდნენ „არ გვაქვსო!“ 🙂

ნანკა კალატოზიშვილი – ჩემი და! ჩემი ტყუპისცალი! ჩემი უსაყვარლესი მსახიობი, რომელსაც არასოდეს ”ვეპადხალიმებოდი” და არც ახლა ”ვეპადხალიმები”. ნანკამ ეს მშვენივრად იცის, რადგან არასოდეს შევდივარ სპექტაკლის შემდეგ კულისებში თუ არ მომწონს სპექტაკლი… მე ჩემი და მიყვარს, ამიტომ არ ვეპირფერები, არ ვატყუებ. ნანკაზე 15 წუთით ადრე გავჩნდი და ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ჩემმა რეიტინგმა მის რეიტინგს ”გაუსწრო”… ყოველთვის ჩემზე მაღალი იყო – 1 სანტიმეტრით, ანუ ჩემთვის მისთვის ამ უმნიშვნელო 1 სანტიმეტრით გასწრებას პრესტიჟის გოლის გატანის ტოლფასი ჰქონდა…

ბავშვობა

პეციალურად ჩვენთვის კუსტარულად ორადგილიანი ”კალიასკა” დამზადდა. ხშირად ვათვალიერებდი სურათს, რომელზეც 24 წლის ახალგაზრდა ქალი ამ ”კალიასკით” გვატარებდა მე და ნანკას. დედაჩემი გამორჩეული დედა იყო გამორჩეული ”კალიასკით”… გვატარებდა ასე მთელი დღე, საღამოსკენ მამაჩემი მიგვიღებდა ხოლმე ესტაფეტასავით და გვიყვებოდა ზღაპრებს, ისტორიებს, რომლის შესახებ ბუნებრივია მხოლოდ გადმოცემით ვიცი. ღამით, ძილის წინ დედა დიაფილმებს გვიჩვენებდა… რახანია ამის კულტურა გაჰქრა და ბუნებრივიც არის, რომ თანამედროვე პატარებმა არაფერი იციან ორ კარს შუა კარადაზე გაჭიმულ ზეწარზე დიაფილმების ყურების ხიბლის შესახებ. მე და ნანკას კი ძალიან გვიყვარდა დიაფილმების ყურება. თან არაჩვეულებრივი მთხრობელი გვყავდა – დედაჩემი… თეთრ ზეწარზე გამოსახულების ზიარება შეიძლება თუ არა ნანკასთვის (და ჩემთვისაც) კინოსადმი სიყვარულის წინაპირობა ყოფილიყო? რატომაც არა. თეატრისაც, ალბათ… ოთახში შუქი ქრებოდა და იწყებოდა წარმოდგენა… ალბათ ამ ზღაპრულმა ატმოსფერომ განაპირობა ნანკას არჩევანი გამხდარიყო მსახიობი. პატარაობიდან გიჟდებოდა სპექტაკლებზე, რომლებსაც თვითონვე დგამდა და ბავშვურად, წარბშეკრული, ლოყების დაბერვითა და ბრაზიანი ხმით საყვედურობდა ოჯახის წევრებს დაგვიანებით მისვლას. რომ ვუყურებ სცენაზე დღესაც ეს მომენტები მახსენდება და ღიმილით აღვნიშნავ ხოლმე ჩემთვის, რომ ბედნიერია ადამიანი, რომლისთვისაც მისი ხელობა – ხელოვნებაა და პირიქით…

პრიცეპივით – ყველგან ერთად

ერთხელ ერთ გადაცემაში თითქმის იდიოტური კითხვა დაგვისვეს – ”როდის გააცნობიერეთ, რომ ტყუპები ხართ?”. კამერაზე თამაში ორივეს გვიყვარს, ამიტომ ლავირება მეტ-ნაკლებად მოვახერხეთ და ხუმრობა-ხუმრობაში თავი დავიძვრინეთ პათეტიკური და იდიოტური პასუხის მიცემისგან! ნანკა და მე მთელი ცხოვრება ერთად ვართ – ბაღში, სკოლაში, ინსტიტუტში… სკოლა რამდენიმეჯერ შევიცვალეთ. არ უყვარდათ ნანკა, არც მე ვუყვარდი. არც ნანკას უყვარდა ისინი, განსაკუთრებით ენატანია და ბაფთაგაკეთებული ბეჯითი გოგონები, რომლებიც დაზუთხული ფრაზებით მეტყველებდნენ გინდ სკოლაში და გინდაც სახლში. მოკლედ, ტყუპი ”პრიცეპივით” არის – სადაც შენ მიდიხარ, ისიც იქით იწევს.

მწვანე ტანკი
ინსტიტუტი მახსოვს ძალიან კარგად. ისიც კარგად მახსოვს, რომ ამ ინსტიტუში სიარული არ მიყვარდა და მხოლოდ გამოცდებზე მივდიოდი. ნანკა უფრო ხშირად დადიოდა, მსახიობობა გულით უნდოდა და ამიტომ თავის პირველ სპექტაკლში ”ქორწინება” მთელი გულით ითამაშა… და პირველი სერიოზული ტრამვაც მაშინ მიიღო. პარტნიორი თავზე დაეცა… აკრობატული ნომრის შესრულების დროს მსახიობმა წონასწორობა ვეღარ შეინარჩუნა და ნანკას დაეცა. კისრის მალები იმდენად დაუზიანა, რომ თვეზე მეტი ფიქსატორით დადიოდა… გიჟს ვგავდი, ფეხებს დავატეხავთქო – სულ ამას ვფიქრობდი, მერე ნანკას ძველი ფათერაკები მახსენდებოდა და მეცინებოდა. გამახსენდა, რომ ერთხელ ნანკა, დედაჩემი და მე კუკიის ძმათა სასაფლაოზე ავედით, მამის საფლავის დასალაგებლად. მე და დედაჩემი ნანკას წინ მივდიოდით, ვსაუბრობდით და ნანკა უკან ჩამოვიტოვეთ. სასაფლაოს შესასვლელთან მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ჟანგიანი ტანკი იდგა და მისი მწვანე ფერის ლულა ჭიშკრისკენ იყო მოტრიალებული… ნანკამ ჭიშკარში შემოსვლისას ტანკის ლულას თავი დაარტყა. ამის შემდეგ როგორ გინდა არ გაგეცინოს. როგორ გინდა თეატრში მიღებული კისრის ტრამვა უბრალო შემთხვევითობას დააბრალო. ხო, კიდევ იმის თქმა მინდოდა, რომ რამდენიმე თვის შემდეგ რომ ავედით სასაფლაოზე – ტანკის ლულა ვიღაცას ძირიანად წაუჭრია…

ამას ყველაფერს იმიტომ კი არ ვწერ, რომ ”სიმართლის დროში” არავინ მიმიწვია და აქ ვიხარჯები. უბრალოდ, ხანდახან არის მომენტი, როდესაც ვიღაცას გინდა გაუზიარო შენი მოგონებები და როგორც პრუსტი წერს ”მოგონება საგნებსა და ადამიანებზე და არა საგნები და ადამიანები, რომლებიც გაგონდება”… რომლებიც გენატრება და გიყვარს.

პ.ს. დღეს ნანკას ახალი გადაცემა Face Control უნდა გავიდეს ტელეეთერში… ბადურაშვილთან ერთად მიყავს მგონი… ძალიან მაინტერესებს რა გამოვიდა.