Posts Tagged ‘ძალადობა ციხეში’

სტუდენტების პათოსი და პასუხისმგებლობა მომწონს. მათი დევიზიც მომწონს – “სოლიდარობა პატიმრებს და არა პარტიებს”, რომელიც მიჯნავს მათ მოძრაობას მრავალგზის დისკრედიტირებული პოლიტიკური პარტიების მოძრაობისაგან. მოსალოდნელი იყო, რომ სტუდენტები მათ მიერ მოწყობილ მანიფესტაციებზე მკაცრად მოსთხოვდნენ პოლიტიკოსებს არ ეფრიალათ პარტიული ატრიბუტიკა, დროშები და ა.შ. რასაც უდაოად მოყვებოდა ახალგაზრდული მოძრაობის დასტიგმვა (მართული ძალა). სხვაგვარად რომ ვთქვათ, მარკეტინგულად, მაგალითად, სტუდენტების თაოსნობით ე.წ. ბრმა ტესტირება დაიწყო, როდესაც სამოქალაქო საზოგადოება გემოს უსინჯავს და ვარგისიანობაზეც სინჯავს კონკრეტულ ჯგუფებს. ამ შემთხვევაში ბრენდი (პარტიის დასახელება, მათი ატრიბუტიკა) არ უნდა ახდენდეს ზეგავლენას საზოგადოების დამოკიდებულებაზე თუ შეფასებებზე. მნიშვნელოვანია მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოება, სოლიდარობა პატიმრებს და არა პარტიებს.

მაგრამ სტუდენტების გულწრფელობას და თვითგამოხატვას სუსტი მხარე აქვს და შეიძლება ეს აღმოჩნდეს მათთვის აქილეუსის ქუსლი… ერთ-ერთ გადაცემაში (მგონი ბერიძესთან) ერთ-ერთი სტუდენტი აცხადებდა, რომ მათი პროტესტი არის თვითორგანიზებული. შესაბამისად, ისიც გვანიშნა, რომ არ არის მართული არც სტუდენტური თვითმართველობის და არც რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიერ… შესაბამისად, იმასაც უნდა ხვდებოდეს, რომ თვითორგანიზებული პროცესები უმართავი ხდება, როდესაც მოწოდება ხდება “შემოგვიერთდით!”; როდესაც დახურულ მასას (ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სტუდენტები) ღია მასა ცვლის (ზოგადად ახალგაზრდობა), რომელშიც თვითრეგულაციის დონე და ზოგადად მოთხოვნილება ნულოვან ზღვარს აღწევს. ამიტომ, მაინცდამაინც პროვოკაციას ნუ დააბრალებთ იმ ახალაგაზრდების გამოსვლას (“ძირს პატრიარქი”), რომლებიც ნებისმიერ სისტემას, პოლიტიკურს, საეროს თუ სასულიეროს ინდივიდზე ძალადობად მიიჩნევს და თვითგამოხატვისთვის თქვენი ტრიბუნით სარგებლობს.

სტუდენტების ნაწილმა ციხეებში არსებული ძალადობა და განუკითხაობა გუშინ პრეზიდენტის მიერ იუსტიციის ახალი სახლის გახსნაზეც გააპროტესტა. ამ შემთხვევაში ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი. მე რამდენადაც ვიცი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრი ახორციელებს უფასო იურიდიულ მომსახურეობას და სტუდენტებს შეგიძლიათ მიმართოთ ამ სამსახურს, რათა თავი დაიზღვიოთ კანონსაწინააღდემგო ქმედებებისაგან. ყოველ შემთხვევაში, მათი კონსულტანცია უფრო გამოგადგებათ, ვიდრე “ეტალონის” წამყვანის კომპეტენცია… პირველი დაპირისპირება სამართალდამცავებსა და სტუდენტებს შორის სწორედ გუშინ მოხდა. სტუდენტებს დაჩი ცაგურია ახლდა და მას მაინც უნდა ცოდნოდა და მოეხდინა რისკების სათანადო შეფასება. როგორც მახსოვს, შარშან მიღებული ცვლილებების შემდეგ გამოიკვეთა ის დისტანცია, რომელზეც კანონდარღვევის გარეშე მანიფესტანტებს და დემონსტრანტებს შეუძლიათ კონკრეტულ შენობებთან, უწყებებთან მიახლოება.

P.S. რევოლუაციას ევოლუცია სჯობს. უფრო გააზრებული და უმტკივნეულო პროცესია. ყველამ საარჩევნო ურნასთან უნდა გაიაროს ეს პროცესი. მანამდე კი გაიარეთ საიასთან კონსულტაციები, აუცილებლად გაიარეთ, სანამ კანონმა “გაიარა” თქვენზე. თუ ჩვენ სამართლიან სამოქალაქო საზოგადოებას ვაშენებთ და მას ნებისმიერ პოლიტიკურ პროცესში ბერკეტად მივიჩნევთ, კანონების ცოდნა არ გვაწყენდა.