Posts Tagged ‘ხმა მდუმარეთა’

botichelis veneraდღეს მოკლე სამუშაო დღეა. წესით სახლში უნდა მივიჩქაროდე, ელენიკოსთან. მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ელენიკო მიყვარს ძალიან, იმის გაზიარება მომინდა თქვენთვის, რამაც ლამის დეპრესიაში ჩამაგდო. რამდენიმე დღის წინ თინა მოსიაშვილმა, ჩემმა მეგობარმა და კოლეგამ, წასაკითხად გადმომიგზავნა ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის მიერ და მისი მხარდაჭერით შემუშავებული საინფორმაციო მასალები და კვლევები. გულდასმით წავიკითხე, გზადაგზა ვინიშნავდი რაღაცეებს და ბოლოს მივხვდი, რომ ერთი პოსტი უნდა დამეწერა საქართველოში მცხოვრები ქალების მძიმე ყოფაზე.

8 მარტს ყველა ქალს ულოცავენ. აღმოჩნდა, რომ მარიამ ღვთისმშობლის წილნაყარ ქვეყანაში ბევრ მათგას ამ დღეს გადარჩენასაც ულოცავენ. ქალთა საერთაშორისო დღეს ვარდების სურნელი თუ არა, მათი ეკლები ბევრს ახსოვს. 2010 წელს ძალადობისაგან დაცვის ეროვნულმა ქსელმა ქვეყნის მასშტაბით 1252 ქალბატონი გამოკითხა, რომლიდან 852–მა (68%) ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო და, ალბათ, დღესაც არის. ოჯახური ძალადობის მსხვერპლიდან 85% ეთნიკური ქართველია, 6% აზერბაიჯანელი, 4% სომეხი და 2% ოსი. როდესაც თინას ვკითხე, ეს მონაცემები რამდენად შეცვლილიათქო? შეიძლება თუ არა საქართველოში დღესაც იგივე ვითარება იყოს–მეთქი? – პასუხი, სამწუხაროდ, დადებითი იყო.

აღმოჩნდა, რომ ქალზე ძირითადად სახლში ძალადობენ. სწორედ იმ ადგილას, რომელიც, წესით, უნდა იყოს ყველაზე უსაფრთხო მათთვის. ამ ქვეყანაში მგონი მასკულინური დევიზია “ჩემი სახლი – ჩემი ციხე სიმაგრეა”, თორემ გენდერული ნიშნით და ამ სტატისტიკის მიხედვით თუ ვიმსჯელეთ, ქალისთვის მისი სახლი – მისი ციხეა. ციხეში კი მკაცრი რეჟიმია. იმ ფაქტმა გამაოგნა, რომ მსხვერპლი თავისი “კეთილი ნებით” სამუდამო პატიმრობას ეგუება – უმეტესი მათგანი იმდენად დამოკიდებულია ფინანსურად და მატერიალურად ქმარზე, რომ დამცირებული და შეურაცხყოფილი თავს აფარებს სახელმწიფო თავშესაფარს, მაგრამ სამთვიანი სულისმოთქმის შემდეგ უკან ბრუნდება მოძალადის სახლში და სიცოცხლის ბოლომდე თავისებური მეხამრიდის ფუნქციასაც ასრულებს, რათა მასზე გაბრაზებულმა მეუღლემ ჯავრი არ იყაროს ბავშვზე… ღმერთო ჩემო, რა საშინელებაა, როდესაც ასე თავგანწირვით გიწევს ცხოვრება… ღმერთო ჩემო! თავშესაფრებში კი ძირითადად ისეთი ქალები ხვდებიან, რომელთა მიმართ წლების განმავლობაში ხორციელდება ძალადობა… ანუ ეს ის კონტინგენტია, რომელიც შეგუებულია ძალადობას და უკიდურეს შემთხვევაში მიმართავს ქსელს თუ პოლიციას დასახმარებლად (ღმერთო ჩემო!).

2009 წელს 201 პოლიციელი გამოკითხეს, რომელთა 92% აღნიშნავდა, რომ საქართველოში ოჯახური ძალადობა სერიოზული პრობლემაა. თუმცა ამის აღქმა არ კმარა – მსხვერპლის 74% არ მიუმართავს პოლიციისთვის შემთხვევის დროს. პოლიციას დახმარებისთვის უკიდურეს შემთხვევაში მიმართავენ და ეს არის განმეორებითი დანაშაულის მაპროვოცირებელი გარემოება და დანაშაულის ზრდის ირიბი თუ პირდაპირი ხელშეწყობა, რადგან რა მოწადინებული და პროფესიონალიც უნდა იყოს პოლიციელი, ის ვერ აღმოაჩენს შავ კატას ბნელ ოთახში, მით უმეტეს მაშინ, როცა ის იქ არ არის… ფაქტი თუ არ დაფიქსირდა, დამნაშავეს ისე როგორ დასჯი? მაგრამ აქ მეორე პრობლემას ვაწყდებით – პოლიციელების ჩარევის გამო მცირდება ფიზიკური ძალადობის ფაქტები და ოჯახური ძალადობა სხვა ჭრილში გადადის – ფარულ, ლატენტურ სტადიაში, როდესაც მართლმსაჯულების წინაშე არსებული შიშის გამო სუსტი და უსუსური მამაკაცები ამჯერად ქალზე ფსიქოლოგიურად ძალადობენ. სამართალის ძიებაში ქალი სასამართლომდეც რომ მივიდეს, მოძალადეზე ჩივილი პროცესის დროს ხშირად წყდება, რადგან მსხვერპლს სტერეოტიპული აზროვნების გამო არ სურს „მისი შვილების მამის გაწირვა“. საბოლოოდ დავრწმუნდი იმაში, რომ დედობრივი ინსტინქტი უფრო ძლიერია, ვიდრე მამობრივი… მაგრამ რად გინდა ასეთი ქმარი? ან მამა? ან მამაკაცი? რად გინდა, გეკითხები?

კვლევაში ვკითხულობ: “ძირითადი მიზეზი რის გამოც მსხვერპლი არ მიმართავს დახმარებისთვის ექიმს – პირველ რიგში სირცხვილის გრძნობაა და დანაშაულის შეგრძნება (!) იმაზე, რომ ქმარი ან მეწყვილე ასე ექცევა…” არანორმალურები ხართ! დანაშაულის კომპლექსი გაგიჩნდათ? მაგრამ თქვენ რას გერჩით, როდესაც აგერ საზოგადოების დამოკიდებულება თავზარს გცემს. ამ ძველი კვლევის მიხედვით, სამოქალაქო საზოგადოება კი არა, ნამდვილი მონსტრები ვყოფილვართ!!! ამონარიდი წიგნიდან “ხმა მდუმარეთა”: “2009 წელს ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის ჩატარებული ეროვნული კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 52.1% აზრით, თუ მამაკაცი მეუღლეს ცუდად ექცევა, ოჯახის სხვა წევრები არ უნდა ჩაერიონ; ხოლო 30.7%აზრით, ოჯახში ძალადობა პირადული საკითხია და დაუშვებელია მასში კანონის ჩარევა. 34.1% გარკვეულ შემთხვევებში ამართლებს ქმრის მიერ ცოლის ცემას. 50.7% -ის აზრით კი, კარგი ცოლი ქმარს უნდა უჯერებდეს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ ეთანხმება; 44.9%-ის აზრით, აუცილებელია მამაკაცმა ცოლს/პარტნიორს კარგად დაანახოს, ვინ არის ოჯახის უფროსი…” 

“50.7% -ის აზრით კი, კარგი ცოლი ქმარს უნდა უჯერებდეს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ ეთანხმება”… მაშინაც კი თუ არ ეთანხმება? ვაი მე! “ჩემი სახლი – ჩემი ციხეა” და 21–ე საუკუნის მონობის უღელი… აბა რა, ჩვენ, მამაკაცებს ხომ თამამად შეგვიძლია დავანახოთ ცოლს და ისედაც, ზოგადად სხვა ქალებს, Кто в доме главный! კი, შეგვიძლია, რადგან ჩვენს უკან – საზოგადოებაა და მხარდაჭერა! ექსპერტების თქმით, საზოგადოების მხრიდან ზეწოლა მსხვერპლზე (სტიგმა, მაგალითად) უფრო ხშირია, ვიდრე მოძალადეზე. ნამდვილად! გახსოვთ, ალბათ, 90–იან წლებში რომ ქალწულს “მოიტაცებდნენ” სადმე და მისი დისკრედიტაციისთვის ესეც კი იყო საკმარისი, თუნდაც მამაკაცს არ დაემყარებინა მასთან სქესობრივი კავშირი… რა მნიშვნელობა აქვს მაგას, მაინც იტყოდა ვიღაც უგუნური “იხმარა”, ან “ნახმარია” და ამის შემდეგ უკვე ოჯახის ღირსების საკითხი იყო გოგონას დარჩენა გამტაცებელთან. გამოდის, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ქალზე ძალადობას? იმ 30.7% მოქალაქის თავში ჩამახედა, რომელიც მიიჩნევს, რომ ოჯახში ძალადობა პირადული საკითხია და დაუშვებელია მასში კანონის ჩარევა.

8 მარტიო, ხო?! ამაზრზენია! ვიდრე ქვეყანაში მოჩვნებითი კანონმორჩილება და ასეთივე მოჩვენებითი თუ ეფემერული სამოქალაქო საზოგადოება გვეყოლება, არც პატრული გვიშველის, არც უბნის ინსპექტორი და არასამთავრობო სექტორის მეცადინეობა. მე მამას ვგავარ, რომელიც საყვარელ ქალს პატივს სცემდა და უყვარდა… და ჩემი შვილიც მე დამემსგავსება, იმედია… მიხარია, რომ აქ დავიხარჯე, აქ დავხარჯე უარყოფითი ემოცია და სახლში მივდივარ საყვარელ ადამიანთან დიდი მონატრებით, მაგრამ დანაშაულის გრძნობით. ხო, რა იყო, მსხვერპლ ქალს თუ აქვს სირცხვილის გრძნობა და დანაშაულის შეგრძნება (!) იმაზე, რომ ქმარი ან მეწყვილე ასე ექცევა, მეც ხომ შეიძლება ვიყო სოლიდარული და განვიცადო ის ფაქტი, რომ ასე ექცევა საკუთარ მეუღლეს ზოგი მამაკაცი!

Advertisements