Posts Tagged ‘ახტალა’

საქართველოს საზღვრებთან ახლოს, მცირერიცხოვანი მოსახლეობითა და მრავალსაუკუნოვანი ისტორიით ქალაქი ალავერდი დგას, რომელშიც თამარ მეფის დროინდელ ქართულ კულტურას ბერმუხასავით გაუდგამს ფესვები. მე-XIII საუკუნის ხურითმოძღვრების პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი ძეგლი „ახტალა“ აღმოჩნდა, რომლის აგებულებაც და მოხატულობაც (ფრესკები) წმინდა ქართულია. თუმცა იქვე აღმართულ საინფორმაციო დაფაზე, რომელზეც ქართული ენის გარდა სხვა დანარჩენ 5 ენაზე ტაძრის შესახებ ინფორმაციას წაიკითხავთ, ვერსად ამოიკითხავთ თამარ მეფის, ივანე მხარგრძელისა და ზოგადად ქართველების კვალს. არადა ტაძარში შესულ ჯგუფს სწორედ რომ ქართველების სამარხებზე, მათ კვალდაკვალ გვიწევდა სიარული… მელიქიშვილების შტო სწორედ ერთ-ერთი ის ფესვია, რომელიც ვერადავერ ამოძირკვა დრომ. თუმცაღა საფლავის მრავალი ქვა დაბზარა, რომლის აღდგენას არავინ ჩქარობს.

ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ „ახტალას“ ქართულ წარმომავლობას არც UNESCO-ს პროტექცია და არც USAID-ის პატრონაჟი (უ)შველის. დრონი მეფობენ და არა მეფენი, რომელსაც ალავერდში განგებ არ ახსენებენ! თუმცა, სამართლიანობა ითხოვს აღინიშნოს, რომ ალავერდში არსებულ „თამარ მეფის ხიდს“ სომხებიც ასე მოიხსენიებენ. ეს არ არის ერთადერთი ისტორიული და კულტურული (თუ სიმბოლური) ხიდი ქართველებსა და სომხებს შორის – ადგილობრივი მოსახლეობა პროდუქტს ძირითადად ლილოს ბაზრობაზე იძენს, სამკურნალოდ თბილისში დადიან, ალავერდში და მის იქითაც სომხურ დრამთან ერთად ქართული ეროვნული ვალუტა მოქმედებს, რომლითაც საქართველოში დაბრუნებისას 3,360 გრამი გარგარი შევიძინეთ 4 კგ-ს ფასად… როგორც ვაჭარი გვეფიცებოდა იმაში, რომ „ამ ვედროში 4 კგ-ზე მეტი დევსო!“, ისე ეფიცებიან თურმე „ახტალაში“ და სხვა ქართულ, ან ქართულ-სომხურ ტაძრების სანახავად ასულ ტურისტებს სომეხი ჟამთა აღმწერნი „ეს არქიტექტურული ძეგლები სომხების აშენებულიაო“!

PR-ის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია თუ ჩვენ არ ვიზრუნეთ საკუთარ იმიჯზე, ამას ჩვენს მაგივრად სხვა იზამს! ხოდა ზრუნავენ „როგორც შეუძლიათ“… ალავერდში მივხვდი, რომ ჩვენს წინაპრებს საქართველო შარვალივით ჰქონდათ მოხდენილი, მერე მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში, ორჯონიკიძ წყალობით, ბრიჯივით შეგვიმოკლეს; 90-იან წლებში შორტივით დაგვიპატარავდა და 21-ე საუკუნეში ტანგა ტრუსიკივით გვაქვს ეს ქვეყანა – გვიჭერს და ვეღარ ვმოძრაობთ! 4 კგ-ს ფასად ნაყიდ 3,360 გრამ გარგარს კი არ ვუჩივი! ამ ფასად გაყალბებულ ისტორიას მივტირი, რომელზეც, მადლობა ჩვენს ხელოვნებათმცოდნეებსა და ისტორიკოსებს, დიდად შესტკივათ გული და პატარ-პატარა ჯგუფებად დარაზმულნი ავრცელებენ ინფორმაციას – საქARTველო სომხეთში!