Posts Tagged ‘ნდობა’

რატომ არის აუცილებელი პროფესიული ეთიკა

რისთვის არის საჭირო პროფესიული ეთიკა? მორალურ-ზნეობრივი იმპერატივებისაგან განსხვავებით პროფესიული ეთიკა იცავს მომხმარებლებს სპეციალისტების მიერ თავისი საქმიანობის არაკეთილსინდისიერი შესრულებისაგან. როგორც სკოტ კატლიპი აღნიშნავს, პროფესიული ეთიკა საჭიროა იმისათვის, რომ თქვენ, როგორც მომხმარებელსა და კლიენტს თავს არ მოგახვიონ, მაგალითად, ექიმებმა ის წამლები და ის მკურნალობა, რომელიც არაფერში გჭირდებათ, მაგრამ რომლის თანამეწილეებიც თავად არიან ფარმაკომპანიებთან და საავადმყოფოებთან ერთად. ხშირად ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, რომ ადვოკატებს განგებ მოუხდენიათ კონფლიქტის ინსპირირება და მისი ესკალაცია, რათა მუდმივი წნეხის ქვეშ ყოლოდათ კლიენტი და, შესაბამის, მოეხდინათ საკუთარ მომსახურებაზე მოთხოვნის ხელოვნური სტიმულირება. მოკლედ, პროფესიული ეთიკა აზღვევს საზოგადოებას ყველა სახის მომსახურების მიღებისას და ამაღლებს იმ ორგანიზაციისა თუ კონკრეტული პირისადმი ნდობას, რომელიც კეთილსინდისიერად იცავს მას.

რომ არა PR სპეციალისტების პროფესიული ეთიკა, შავ PR-ს არავინ აღიქვამდა უცხო სხეულად და პარაზიტულ წარმონაქმნად, მით უმეტეს, რომ სპეციალისტების 99% ფორმალურად უარყოფს, საქმეზე კი ყოველდღიურად იყენებს შავ PR-ს კონკურენტებთან ბრძოლაში. არახალია, რომ ამ უკანასკნელთან ბრძოლაში PR-ის ამ მიმართულებას იყენებენ როგორც დამატებით იარაღს სასამართლო პროცესებისა და საბაზრო კონკურენციის პარალელურად, მაგრამ საზოგადოების მხრიდან ის აღქმულია, როგორც ბინძური და შეუფერებელი მეთოდი. ამ სტერეოტიპს ქმნის პროფესიული ეთიკა, რომელიც ყველა პროფესიაში, იქნება ეს საზოგადოებასთან ურთიერთობა თუ სხვა საზოგადოდ მნიშვნელოვანი საქმიანობა, ასრულებს მარეგულირებლის როლს.

პროფესიული ეთიკის კოდექსი

იმისათვის, რომ დაიცვან საკუთარი საქმიანი რეპუტაცია და სამუშაოს პრესტიჟი და, ამასთან, მომხმარებლის ინტერესები, პროფესიული ასოციაციები და კავშირები აყალიბებენ პროფესიული ეთიკის კოდექსებს, რომლებიც ხანდახან კანონის ძალასაც იძენენ.

PR სპეციალისტის პროფესიული ქცევის ამა თუ იმ კოდექსის გაცნობის თუ გადახედვის შედეგად ნათლად იკვეთება PR სპეციალისტისა და პროპაგანდისტის მუშაობის სპეციფიკის განმასხვავებელი ნიშნები. საერთაშორისო ასოციაციების მიერ სხვადასხვა დროს მიღებული კოდექსის პირველ პუნქტად თითქმის ყოველთვის მოდის PR სპეციალისტის პროფესიული ქცევისადმი არსებული მოთხოვნები. მაგალითად, ინგლისის PR ინსტიტუტის მიერ 1986 წლის 9 აპრილს ჩამოყალიბებული პროფესიული კოდექსის პირველი პუნქტის თანახმად: „IPR-ის წევრი თავის მოვალეობად უნდა თვლიდეს დაიცვას PR-ის სფეროში მიღებული ყველაზე მაღალი პროფესიული ნორმები. გარდა ამისა, IPR-ის წევრი ნებისმიერ ვითარებაში პირადად აგებს პასუხს საქმის სამართლიანი და გულახდილი მსვლელობისთვის, როგორც კლიენტის, ისე დამქირავებლის, არსებული და ყოფილი თანამშრომლების, კოლეგების, მას-მედიის წარმომადგენლებისა და, რაც მთავარია, საზოგადოების წინაშე.“

ასევე, საყურადღებოა 1989 წლის 13 მაისს მიღებული ე.წ. ლისაბონის კოდექსი, PR-ის სფეროში პროფესიული ქცევის ევროპული კოდექსის მე-3 თავი, რომელიც გვეუბნება, რომ: „თავის მოღვაწეობაში PR სპეციალისტი უნდა ავლენდეს სამართლიანობას, ინტელექტსა და ლოიალობას. კერძოდ, ის ვალდებულია არ გამოიყენოს ის ინფორმაცია და კომენტარი, რომლის სანდოობაშიც არ არის დარწმუნებული და რომელმაც შეცდომაში შეიძლება შეიყვანოს საზოგადოება. ამავე პრინციპით PR სპეციალისტი უნდა იჩენდეს სიფრთხილეს, რათა არ გამოიყენოს თუნდაც შემთხვევით მუშაობის ის ფორმა და მეთოდი, რომელიც შეუთავსებელი იქნება არსებულ კოდექსთან“.

პროფესიული ეთიკა რომ არ არსებობდეს, ექიმისა და პაციენტის, ადვოკატისა და ბრალდებულის, დამკვეთისა და შემსრულებლის ურთიერთობის კანონიერი, მაგრამ ინტიმური გარემოებები იქნებოდა საჯაროდ ცნობილი, რაც არახელსაყრელ პირობებს შექმნიდა მათ შორის გრძელვადიანი და სანდო ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის.