Posts Tagged ‘David Meerman Scott’

Slide1“If you think you are too small to make a difference, try sleeping with a mosquito.” – ეს სიტყვები ბრენდინგის შესახებ ერთ–ერთ წიგნში ამოვიკითხე და იმთავითვე ცხოვრების წესად მექცა იმაზე ფიქრი, რომ размер не имеет значения… ჭიანჭველა უფრო ამტანია, ვიდრე სპილო. ჭიანჭველა უფრო ძლიერია – თავის წონაზე ათჯერ მეტს ეზიდება… მართლაც, ცნობილი რუსული ბრენდის სლოგანის საპირისპიროდ უნდა ვთქვა, რომ размер не имеет значения. მაშინ, ვითომ რატომ უნდა ჰქონდეს ზომას მნიშვნელობა ბიზნესში? ბიზნესშიც ის არის ძლიერი (ნუ იქნება ლიდერი), ვინც აქტიურობს და არა ის, ვინც დიდია, მაგრამ ინერტული.

მაგრამ როცა პატარა ხარ – პატარა შესაძლებლობები გაქვს; როცა მცირე ზომის ხარ – მძლავრ ტალღას ვერ გამოიწვევ. როგორც წყალში ჩავარდნილი კენჭი წარმოქმნის მხოლოდ მცირე ზომის რგოლებს, შენი ძალისხმევაც წყალში შეიძლება ჩაგეყაროს… უშედეგოდ, რეზონანსის გარეშე. ეს რეალური ბარიერია, მათ შორის ფსიქოლოგიური, რომელიც ჩვენ საქმიანობაში ხშირად მთავარი დემოტივატორია. ამიტომ როცა პატარა ხარ, აირჩიე სერფერის გზა – ილივლივე იმ ტალღებზე, რომელიც სტიქიურად ან სხვის მიერ წარმოიქმნება. იმისათვის, რომ საინფორმაციო ტალღებზე ილივლივო მხოლოდ საინფორმაციო სივრცის მონიტორინგი არ კმარა. ამაზე ბევრს ლაპარაკობს და წერს პიარისა და მარკეტინგის ცნობილი სპეციალისტი, არაერთი ბესტსელერის ავტორი, დევიდ მირმან სკოტი თავის წიგნში „Newsjacking“.

Slide3რა არის Newsjacking. როგორც სკოტი წერს, Newsjacking–ის მთავარი პრინციპია მიუერთდე აქტუალურ თემებს (News+Jack), მიყვე დინებას. სიმართლე ითქვას, ჩვენ ამას ისედაც ვაკეთებდით და ვაკეთებთ. მაშინაც კი, როდესაც სხვის ციტირებას ვახდენთ; როდესაც სხვის ქმედებას ვაპროტესტებთ, ან ვიწონებთ, ჩვენ ვუერთდებით, ან ვიზიარებთ ჩვენგან დამოუკიდებლად წარმოქმნილ ენერგიას და ამ ენერგიას ჩვენ სასიკეთოდ ვამუშავებთ. That’s life, baby. სკოტი წერს, რომ სხვისი სიახლის თუ საინფორმაციო მიზეზის იერიშით აღება შეგვიძლია ისე, როგორც თავის დროზე იერიშით იღებდნენ მეკობრეები სხვის გემებს. ეს შედარება ნაკლებად მომწონს და, ჩემი ღრმა რწმენით, ნაკლებად შეესაბამება Newsjacking–ის არსს, რომელიც რესურსებისა და ენერგიის დაზოგვას ისახავს მიზნად და არა მის გახარჯვას. შევხედოთ ამ პროცესს სხვა თვალით. აი, მაგალითად – გუგული სხვა ფრინველის ბუდეში დებს კვერცხს. ასეთი მიდგომა პარაზიტობის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ეს ჩვეულებრივი სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, რომელიც დროისა და რესურსების დაზოგვას ითვალისწინებს. ზღვის მტაცებელს, ზვიგენსაც ჰყავს გუგულის მსგავსი მუქთახორა თანამგზავრები – თევზები, რომლებიც ზვიგენის ნანადირევის ნარჩენებით იკვებებიან და საკვების მოსაპოვებლად არ ხარჯავენ საკუთარ ენერგიას. ამ ბიზნეს–ოკეანეში ჩვენ ყველანი თევზები ვართ და, შესაბამისად,  ასეთივე მოქნილობა და ლავირების უნარი გვმართებს. სტრატეგია და ტაქტიკა, აი, ეს არის მნიშვნელოვანი მხოლოდ. And once again – That’s life, baby 😉

Newsjacking–ის ერთ–ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია „ახალგაზრდა“ არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიტივის“ აქტივობა, რომელიც გვაჩვენებს იმას თუ როგორ შეიძლება „ვიყიდოთ“ 20:00 საათიანი „კურიერის“ საეთერო დროის 4 წუთი სიმბოლურ ფასად – 1,5 ლარად . ამდენი ღირდა „მაკდონალდსის“ ჩიზბურგერი 2 წლის წინ, როდესაც „პოზიტივმა“ დამოუკიდებელი ექსპერიმენტისთვის შეიძინა მზა პროდუქტი.  2 წლის წინ შეძენილ ჩიზბურგერს დღემდე არ დაუკარგავს ფერი, ცხიმის სუნი, არ დადებია ობი და გარეგნულად არც სოკოს ნიშნები ატყვია. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამავე დროს დაემთხვა ცნობილი ბრიტანელი მზარეულის, ჯეიმი ოლივერის მიერ თავის ტელეგადაცემაში გაკეთებული ხმამაღალი განცხადება იმის თაობაზე, რომ „მაკდონალდსის“ ზოგი პროდუქცია მზადდება უვარგისი ხორცისგან, რომელსაც სასურველი შეფერილობის მისაცემად ამონიუმის ჰიდროქსიდში ავლებენ და, შესაბამისად, ის საფრთხეს უქმნის მომხმარებლების ჯანმრთელობას. „პოზიტივმა“ არ დააყოვნა და ოლივერის კვალდაკვალ პირველმა გააკეთა განცხადება საქართველოში „მაკდონალდსის“ პროდუქტის ლაბორატორიული გამოკვლევის აუცილებლობის შესახებ, რასაც ცხრა საათიანმა „კურიერმა“ 4 წუთი, ტელეკომპანია „ტვ 3“–მა კი წუთზე მეტი დაუთმო… უფასო ფაბლისითი, ორი სიუჟეტი, სოციალური პასუხისმგებლობის მკაფიო დეკლარირების შესაძლებლობა და „მაკდონალდსის“ პროდუქტის ავკარგიანობის გამოკვლევის პირობის მიღება საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოსგან – ეს ყველაფერი სულ რაღაც 1,5 ლარად…

Размер не имеет значения. უნდა იყო ოპერატიული, მოქნილი, თვალ–ყური ადევნო მედიას, გრძნობდე საზოგადოების მაჯისცემას… და, რაც მთავარია, ხშირად იმეორებდე სიტყვებს “If you think you are too small to make a difference, try sleeping with a mosquito.”