ო(სკა)როსნები

Posted: March 3, 2011 in Cinema

OSCAR 2011 – პროგნოზი და ანალიზი, ანუ იმედი და რეალობა

2011 წლის ”ოსკარების” გადაცემის ცერემონიალი ორ მსახიობს – ჯეიმს ფრანკოსა და ენ ჰეთეუეის მიჰყავდა. ჯეიმს ფრანკოს ეტყობა გული უგრძნობდა, რომ სანუკვარ ”ოსკარს” არავინ გააკარებდა, ამიტომ ჰეთეუეისგან განსხვავებით მას ცერემონიალი საკმაოდ უღიმღამოდ და უინტერესოდ მიჰყავდა. მთელი თავისი მიმიკითა და ჟესტიკულაციით ფრანკო უხმო მიმივით გადმოსცემდა საკუთარ მელოდრამატიზმსა და სათქმელს ”ეს ყველაფერი ფარსია! წამყვანიც იმიტომ ვარ, რომ თავისებური კომპენსაცია მეკუთვნის!”. ჯეიმს ფრანკოს თავისი სამსახიობო კარიერის მანძილზე მხოლოდ ერთი მნიშვნელოვანი პრიზი აქვს მოპოვებული – 2002 წლის ”ოქროს გლობუსი” ნომინაციაში ”მინი სერიალის საუკეთესო მსახიობი”. ის ფაქტი, რომ ფრანკოს არ გადასცეს ”ოქროს გლობუსი” მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის 2011 წელს, გვაფიქრებინებდა კიდევაც, რომ აკადემიკოსები ამ ახალგაზრდა მსახიობის იგნორირებას არჩევდნენ. ”ოქროს გლობუსებს” ”ოსკარის” გენერალურ რეპეტიციასა და თავისებურ მოთელვას უწოდებენ. არსებითად ეს მართლაც ასეა, მით უმეტეს, რომ წლევანდელი ”ოსკარის” ლაურეატების უმრავლესობამ მანამდე კბილი მოუსინჯა ”ოქროს გლობუსს”. საინტერესოა, როგორ გადანაწილდა ”ოსკარები” ძირითად ნომინაციებში?
საუკეთესო ფილმი
• The king’s speech
მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი
• კოლინ ფერტი (ფილმისთვის The king’s speech + ”ოქროს გლობუსი” ამავე ნომინაციაში)
ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი
• ნატალი პორტმანი (ფილმისთვის Black Swan + ”ოქროს გლობუსი” ამავე ნომინაციაში)
მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი
• კრისტიან ბეილი (ფილმისთვის The Fighter + ”ოქროს გლობუსი” ამავე ნომინაციაში)
ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი
• მელისა ლეო (ფილმისთვის The Fighter + ”ოქროს გლობუსი” ამავე ნომინაციაში)
საუკეთესო რეჟისორი
• ტომ ჰუპერი (ფილმისთვის The king’s speech)
საუკეთესო სცენარი
• დევიდ საიდლერი (ფილმისთვის The king’s speech)
საუკეთესო ადაპტირებული სცენარი
• აარონ სორკინი (ფილმისთვის The Social Network + ”ოქროს გლობუსი” ნომინაციაში ”საუკეთესო სცენარი”)
საუკეთესო ანიმაციური ფილმი
• Toy Story 3 (და ”ოქროს გლობუსი” ამავე ნომინაციაში)
საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი
• უოლი ფისტერი (Inception)
საუკეთესო მონტაჟი
• The Social Network
საუკეთესო ხმა
• Inception
ხმის საუკეთესო მონტაჟი
• Inception
საუკეთესო სპეცეფექტები
• Inception
საუკეთესო საუნდტრეკი
• ტრენტ რეზნორი და ანტიკუს როსსი (ფილმისთვის The Social Network + ”ოქროს გლობუსი” ამავე ნომინაციაში)
საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი
• In a Better World (და ”ოქროს გლობუსი” ამავე ნომინაციაში)

დავიწყოთ საუკეთესო ფილმის ნომინაციით, რომელშიც გაიმარჯვა ტომ ჰუპერის ოპუსმა მონარქზე, ინგლისის მეფე გეორგ მე-IV-ზე, ფილმმა The king’s speech. რუსები არასწორად თარგმნიან ფილმს, მაგალითად ისე, როგორც ”მეფე ლაპარაკობს”, ან ”მეფის სიტყვა”. თუმცა ”მეფის სიტყვა” ალბათ უფრო შეესაბამება ფილმს, რადგან მასში საუბარია მეფე გეორგის მეტყველების დეფექტის გამოსწორებაზე. მეფემ რადიოს მეშვეობით უნდა მიმართოს საკუთარ ხალხს და მოუწოდოს მათ გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლისაკენ. თანდაყოლილი დეფექტი მის სიტყვებს დამაჯერებლობას აკლებს. ამიტომ მეფის შველა მხოლოდ ფონეტიკის მასწავლებელს შეუძლია (ჯეფრი რაში). ბუნებრივია, უამრავ მაყურებელს გაახსენდა ბერნარდ შოუს ”პიგმალიონი”, რომელშიც პროფესორი ჰიგინსი ეხმარება ლიზა დულიტლს ანალოგიური დეფექტების გამოსწორებაში. ”პიგმალიონის” პირველი ეკრანიზაცია 1938 წელს გადაიღეს და კინოს ისტორიაში არაფერია ცნობილი იმის შესახებ თუ როგორ მიიღო ეს ფილმი მეფე გეორგმა, რომელიც 1954 წელს გარდაიცვალა. სამაგიეროდ ”ოსკარის” ცერემონიალის წამყვანმა, ენ ჰეთეუეიმ ტომ ჰუპერის გასაგონად იხუმრა, რომ ”მისი ფილმი დედოფალმა ელისაბედ მეორემ უკვე ნახა”. საინტერესოა, როგორი რეაქცია ჰქონდა დედოფალს აწგარდაცვლილი მამის ბილწსიტყვაობაზე, რომელიც მრავლად არის ამ ფილმში ენის გასატეხის სახით… და კიდევ – იგავისებურად თუ ”გავშიფრეთ” ფილმი, გამოვა, რომ თანამედროვე კონტექსტში The king’s speech-ი ეხება იმას თუ როგორ არ უნდა ”დაებას” ენა (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით) ინგლისის პრემიერ-მინისტრს, როდესაც მას მიჰყავს ხალხი სხვის ომში… სხვის, ანუ ამერიკის, ერაყსა და ავღანეთში, სადაც ბრიტანული ჯარები წარმოადგენენ სამხედრო კონტინგენტის შემადგენელ ნაწილს…

ფილმს თან ახლდა სკანდალი: პროდიუსერებმა დაადასტურეს, რომ ფილმს The king’s speech იღებდნენ იმავე პავილიონებში, რომელშიც იღებდნენ ჰომოსექსუალისტურ პორნოფილმებს. რეალურად ეს შეიძლება ყოფილიყო კონკურენტების, ან კიდევ უფრო სავარაუდოა, რომ ყოფილიყო ბუკმეკერული კანტორების სტრატეგია დაეგდოთ ამ ფილმის, ან ამ ფილმისადმი არსებული პათოსი და, შესაბამისად, შეემცირებინათ მოგების კოეფიციენტი. ამ ეჭვს ამძაფრებს ის ფაქტი, რომ ონლაინ ბუკმეკერული სააგენტო ”ბეტ365” (რომელიც აპოზიციონირებს საკუთარ თავს როგორც ”მსოფლიოში ყველაზე კონკურენტული პროგნოზებში”) აძლევდა რეკომენდაციას თავის მომხმარებლებს დაედოთ ფსონი ფილმზე The king’s speech და არა The Social Network-ზე, ხოლო მისი კონკურენტი ”უნიბეტი” ბუნებრივია საპირისპირო შეთავაზებას აკეთებდა, რომელიც ალბათ მეწტილად მიმზიდველი უნდა ყოფილიყო თინეიჯერებისთვის, რომლებსაც ხიბლავს ან უნდა ხიბლავდეს და იზიდავდეს 20 წლის მილიარდერების იდეა (მარკ ცუკერბერგი, რომელიც ზოგი თინეიჯერისთვის ლამის ტექნო-იესოა და რომელიც თავისი წარმატებით ახდენს ახალგაზრდა თაობის სტიმულირებას). საინტერესო ფაქტია, რომ ამ ფილმში facebook-ის არც ერთი თანამშრომელი არ მონაწილეობს. როგორც ამას აღნიშნავენ პროდიუსერები, მათ უბრალოდ არ მოისურვეს ფილმში მონაწილეობა. სხვათა შორის, საკმაოდ ”დამოუკიდებელი” ფილმია, დამოუკიდებელი ცუკერბერგისგან, რომელმაც, როგორც ფინალური ტიტრებიდან ჩანს, წააგო რამდენიმე სასამართლო პროცესი და იძულებული იყო გადაეხადა 50 მილიონი დოლარი მომჩივანისთვის. ამიტომ, რა თქმა უნდა, ცუკერბერგი არ არის ცალსახად პოზიტიური, ან უარყოფითი გმირი ამ ფილმში.

საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გამარჯვებულის გამოვლენა უფრო რთული იყო, ვიდრე მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლის. ფილმის ნომინაციაში ერთმანეთს ბოლომდე არ უთმობდნენ პოზიციას ”მეფის სიტყვა” და ”სოციალური ქსელი” (გამოგიტყდებით, ფინჩერის ”სოციალური ქსელი” არ მომწონს. მომწონს მხოლოდ მისი მარკეტინგული სლოგანი – ”შეუძლებელია მოიპოვო 500 მილიონი მეგობარი და არ შეიძინო ამასობაში თუნდაც ერთი მტერი”). სხვა პრეტენდენტი მათ ნაკლებად ადარდებდათ. მაგალითად, თითქმის გამორიცხული იყო დარენ არანოვსკის ფილმის ”შავი გედი” გამარჯვება, რადგან ”შავი გედი” იქნებოდა პირველი ოსკაროსანი ფილმი ბალეტზე… ნაკლებად სავარაუდო იყო ასევე ფილმების The Kids Are All Right და Winter`s Bone გამარჯვება იმ მიზეზით, რომ ორივე ფილმის რეჟისორი ქალია (პირველის ლიზა ხოლოდენკო, ხოლო მეორე ფილმის – დებრა გრანიკი), ხოლო 2010 წელს ქეთრინ ბიგელოუს გამარჯვების შემდეგ აკადემია აუცილებლად გააკეთებდა თავისებურ პაუზას… აკადემია ნაკლებად ანებივრებს თავისი ყურადღებით იმ რეჟისორებს, რომლებიც მუშაობენ ფანტასტიკის ჟანრში, ამიტომ კრისტოფერ ნოლანის გამარჯვებაც საეჭვო იყო. მართალია ფილმის Inception მეტწილად ”ტექნიკური” ”ოსკარებით” (საუკეთესო სპეცეფექტები, საუკეთესო ხმა, საუკეთესო მონტაჟი) დაჯილდოვება ვერ დააკნინებს ფილმის ჯამურ ღირებულებას, მაგრამ Inception-ის ასეთი ზედაპირული აღნიშვნა მეტყველებს აკადემიკოსების უუნარობაზე პარალელი გაავლონ ნოლანის შემოქმედებასა და ფედერიკო ფელინის, ინგმარ ბერგმანისა და, რა თქმა უნდა, ლუის ბუნუელის შემოქმედებას შორის, რომლებიც მუშაობდნენ სურეალიზმის და არა ფანტასტიკის ჟანრში… მით უმეტეს, რომ ნოლანის ფილმიც სიზმრებს ეხება. ლამის გამოგვრჩა დენი ბოილი. მან 2009 წელს მოიპოვა ”ოსკარი” ფილმისთვის ”მილიონერი გარეუბნიდან”, ასე რომ, ”ოსკარს” ვერც მისი 127 Hours ნახავდა 99%.

მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი

აღსრულდა – კოლინ ფერტმა თავისი პირველი ”ოსკარი” აიღო. ამ მარათონში მის გვერდით იდგნენ ჰავიერ ბარდემი, ჯეისი აიზენბერგი, ჯეფ ბრიჯესი და ჯეიმს ფრანკო. საკმარია ჩავრთოთ საღი გონება, ვიმსჯელოთ ლოგიკურად და ლაურეატის გამოთვლა ნამდვილად არ მოგვეჩვენებოდა ტიტანური შრომა, ან რთული განტოლება. მოკლედ, როგორც ზემოთ უკვე ითქვა, ჯეიმს ფრანკოს ცერემონიალი მიჰყავდა და ლაურეატებიდან იმთავითვე გამოირიცხა; True Grit – ჯოელ კოენისა და იტან კოენის მორიგი კარგი ფილმია, რომელიც ამჯერად ნაკლებად გამოირჩეოდა კოენებისთვის ჩვეული შავი იუმორით სხვა ნომინანტების ფონზე. ჯეფ ბრიჯესმა ფილმში მარშალი რუსტერის როლი შეასრულა, რომელიც იღბლიანი აღმოჩნდა 1968 წელს ჯონ უეინისთვის (ბრუსტერის როლისთვის მან ”ოსკარი” მოიპოვა მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის). ამიტომ ჩემთვის, როგორც კინომცოდნისთვის საინტერესო იყო რამდენად იღბლიანი აღმოჩნდებოდა ეს როლი ბრიჯესისთვის. თუმცა ჯეფ ბრიჯესმა ”ოსკარი” 2010 წელს აიღო და ნაკლებად სავარაუდო იყო, რომ აკადემია მას 2011 წელსაც ”ოსკარით” დააჯილდოვებდა. მით უმეტეს, რომ გამონაკლისის სახით ”ოსკარის” ისტორიაში არსებობს მხოლოდ ორი შემთხვევა, როდესაც მსახიობებმა ზედიზედ აიღეს ეს პრიზი – 1937-1938 წლებში ”ოსკარი” ზედიზედ აიღო ბრწყინვალე მსახიობმა სპენსერ ტრეისიმ, ხოლო 1993-1994 წლებში გაუმართლა ტომ ჰენქსს, რომელმაც პირველი ”ოსკარი” ფილმისთვის ”ფილადელფია”, მეორე კი ფილმისთვის ”ფორესტ გამპი” დაიმსახურა. ამავე ლოგიკით და გამოთვლით გამოვრიცხეთ ჩემი საყვარელი ჰავიერ ბარდემი, რომელმაც 2 წლის წინ უკვე მოიპოვა დამსახურებული პრიზი… რაც შეეხება ჯეისი აიზენბერგს – მისი სამსახიობო ტალანტების შეფასებისას უკიდურესი სუბიექტურობით გამოვირჩევი, ამიტომ თავს არ მოგაწყენთ მოსაწყენი გარჩევით. მხოლოდ ერთს დავძენ – ედრიან ბროუდის შემდეგ აიზენბერგი შეიძლება ყოფილიყო ”ოსკარის” ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი (”პიანისტის” გამარჯვების დროს ბროუდი – 29 წლის იყო, ხოლო აიზენბერგი – 27 წლის არის), მაგრამ ეს ა’ლა სენსაცია, რომელსაც ბევრი ელოდა, არ მოხდა. ”ოქროს გლობუსების” ცერემონიალზე კოლინ ფერტმა გაუსწრო ჯეისი აიზენბერგს და აიღო ”ოქროს გლობუსი” მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის, მაგრამ აიზენბერგს მაინც ჰქონდა გამარჯვების შანსი. მოდით ნუ დავივიწყებთ, რომ ”ოქროს გლობუსი” არის ჰოლივუდის უცხოური პრესის პრიზი, ხოლო აკადემიას შესაძლოა მიენიჭა ”ოსკარი” პატრიოტული და პრაგმატული მოტივებით ”სოციალური ქსელისთვის”, ან ჯეისი აიზენბერგისთვის.

საუკეთესო რეჟისორი

როგორც წესი, აკადემია იშვიათად ყოფს საუკეთესო რეჟისურისა და საუკეთესო ფილმის ლაურეატს (მაგ. ქეთრინ ბიგელოუ, რომელმაც მიიღო ”ოსკარი” საუკეთესო რეჟისურისა და საუკეთესო ფილმის ნომინაციაში შარშან) და ანიჭებს ორივე ოსკარს ერთ პირს. ამიტომ, მიუხედავად იმისა გაიმარჯვებდა ”სოციალური ქსელი” თუ ”მეფის სიტყვა”, მოლოდინი იყო მხოლოდ ერთი – საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში გამარჯვებულს ეგრებოდა ”ოსკარი” საუკეთესო ფილმის ნომინაციაშიც. ამგვარად, როდესაც ტომ ჰუპერმა ”ოსკარი” მოიპოვა საუკეთესო რეჟისურისთვის, იმედგაცრუებულმა ჩავიქნიე ხელი… და იმედგაცრუებული დავემშვიდობე Inception-ს… და საერთოდ სამართლიანობას!

ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი

არანოვსკის ”შავ გედში” შესრულებული როლისთვის ნატალი პორტმანმა ”ოსკარი” მოიპოვა. მან დაჩრდილა კონკურენტები, განსაკუთრებით ანეტა ბენინგი, რომელიც გამოირჩეოდა პრეტენდენტების ფონზე ღრმა ფსიქოლოგიზმის მატარებელ სოციალურ ფილმში შესრულებული როლით – ლესბოსელი დედა-კაცის როლით. აკადემიას არ უყვარს სოციალური თემები. მას უყვარს პოლიტკორექტული თემები. ანიტა ბენინგის პერსონაჟი, მიუხედავად აქტუალობისა, ნამდვილად ვერ გაიმარჯვებდა. რა თქმა უნდა თუ ამ შემთხვევაშიც არ ამყარებდნენ იმედს სასწაულზე. სასწაული იშვიათად ხდება. აკადემიას უყვარს მსახიობები, რომლებიც განასახიერებენ ფსიქიკურად აშლილ, გონებადაბინდულ პერსონაჟებს. ”რეი-მენის” შემდეგ ასეთი პერსონაჟების მოდა წარმოიქმნა, რომელსაც უკვე წლებია არ ღალატობენ. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვახდინოთ ფაქტის კონსტატაცია – ნატალი პორტმანის გამარჯვება იყო სავსებით კანონზომიერი.

მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი

ფაქტობრივად ერთადერთი ნომინაცია, რომლის გამარჯვებულსაც არ გავასაჩივრებ. მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებლად კრისტიან ბეილი დასახელდა… ამ ნომინაციაში ის კონკურენციის მიღმა იყო. თან კრისტიან ბეილიმ უკვე მეორედ დაამტკიცა, რომ არ ახასიათებს ზედაპირულობა და როლისთვის ყველაფერზე წავა. ფილმში ”მებრძოლი” შესრულებული როლისთვის მან 10 კილოგრამზე მეტი დაიკლო (”მემანქანის” შემთხვევაში ეს იყო 20 კგ), რათა უფრო დამსგავსებოდა კოკაინის მომხმარებელს. კრისტიან ბეილი ბრწყინვალედ ასრულებს თავის როლს ამ არც ისე კარგ ფილმში. თუმცა, ვისაც ერთხელ მაინც უნახავს მიკი უორდისა და არტურო გატის ორთაბრძოლა, ისინი დამეთანხმებიან, რომ მიკი უორდის (მარკ ვოლბერგი) ისტორია იმსახურებს ეკრანიზაციას. მიკი უორდისა და არტურო გატის ყველა შეხვედრა უკანასკნელი უნდა ყოფილიყო. ვერავის წარმოედგინა, რომ უბრალო, მომაკვდავი ადამიანები ამდენად ამტანები შეიძლება ყოფილიყვნენ. კრისტიან ბეილი სწორედ ამ ზე-კაცის, ზე-ადამიანის ძალიან მიწიერ ძმას განასახიერებს. მიწიერს თავისი ვნებებითა და განცდებით, იმედგაცრუებითა და ჯერ კიდევ განუხორციელებელი იმედით…

წლევანდელ ”ოსკარებზე” ბევრს ლაპარაკობდნენ, მათ შორის ნეგატიურ კონტექსტში. ამბობდნენ, რომ ”ოსკარზე” დაიჩაგრებიან ე.წ. დამოუკიდებელი და საავტორო კინო. სიმართლე ითქვას, ბოლომდე ვერ ვხვდები, მაინცდამაინც რას უკავშირდებოდა ეს მოლოდინი. მაგალითად მე სულ სხვა შედეგს ველოდი, მით უმეტეს, რომ წელს ნომინანტებში წარმოდგენილი იყო ის 10 ფილმი, რომელიც იყო წარმოდგენილი ”სანდენსის” კინოფესტივალზე ოფიციალურ პროგრამაში, ან სპეციალურ პროგრამაში. ამიტომაც მქონდა უფრო მეტის მოლოდინი.

”ოსკარის” წლევანდელ ცერემონიალთან მიმართებაში ხშირად ახსენებდნენ სიტყვას ”სენსაცია” და ”რევოლუციური”, მაგრამ ერთხელაც არ უხსენებიათ ”სკანდალური”. არადა მეტ-ნაკლებად სკანდალური იყო ჩარლზ ფერგიუსონის გამოსვლა (ფილმი Inside job – შიდა საქმე, შიდა საკითხი, რომელმაც მოიპოვა ”ოსკარი” საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში), რომელმაც გამახსენა დოკუმენტალისტი მაიკლ მურის 2003 წლის სკანდალური და პროვოკაციული გამოსვლა. როგორც ჩანს, დოკუმენტალისტები არ ეგუებიან იმ რეალობას, რომლის ”გაკეთილშობილებას”, ან შენიღბვას ცდილობენ მხატვრულ კინოში. ჩარლზ ფერგიუსონის ფილმი 2008 წლის ფინანსურ კრიზისსა და მის მიზეზ-შედეგობრივ კავშირს ეხებოდა. რეჟისორმა პირდაპირ, დაუფარავად ახსენა ”ამ დრომდე არ დაუსჯიათ ამ კრიზისის დამნაშავე არც ერთი ფინანსისტი!” შესაბამისად, 2003 წლის ცივმა სიომ მაინც დაუბერა, ხოლო ანონსირებული ”სენსაციური” და ”რევოლუციური” ცვლილება 2011 წლის ოსკარს მხოლოდ ოქროსფერი კონვერტების და სპეცეფექტების ნომინაციაში ერთი ნომინანტის დამატებით დაეტყო…

საინტერესო ფაქტები:

აღსანიშნავია, რომ ოსკარის ცერემონიალი გადაიდო სამჯერ:
1. 1938 წელს – დიდი წყალდიდობის გამო
2. 1968 წელს – მარტინ ლუტერ კინგის დაკრძალვის გამო
3. 1981 წელს – რონალდ რეიგანზე განხორციელებული თავდასხმის გამო.

უცნაურია, მაგრამ ოსკარის ცერემონიალი არ გადაუდიათ 2001 წელს, 11 სექტემბრის ტერაქტების დროს. აკადემიკოსების მხრიდან ეს ალბათ სიმტკიცისა და ნებისყოფის დემონსტრაცია უნდა ყოფილიყო…

რაც შეეხება ოსკარის სკანდალებსა და მის ორიგინალურობას, სიურპრიზებს, რომელიც ახასიათებს მას. 1976 წელს კომიკოსმა მარტინ ფელდმანმა საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში გამარჯვებული რეჟისორებისთვის განკუთვნილი ”ოსკარი” ძირს იატაკაზე დაანარცხა და გაკვირვებულ რეჟისორებს მისი ნამსხვრევები გადასცა, ხოლო განცვიფრებული აუდიტორიის წინაშე იხუმრა ”იქ ეწერა, რომ ეს ოსკარი ჰონგ-კონგშია დამზადებულიო”. ამიტომ რაღაცით რომ გააკვირვო აუდიტორია, იმაზე მეტი უნდა გააკეთო, ვიდრე მანამდე იქნა გაკეთებული წინამორბედის მიერ. დაველოდოთ ”სენსაციებს” და ”რევოლუციებს” 2012 წელს, მით უმეტეს, რომ როლანდ ემერიხის თქმით, ამ წელს არაჩვეულებრივი სანახაობა გველის…

Comments
  1. Alexander says:

    2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს იყავით თუ არა სისხლის დონორი?
    დიახ
    არა

    – Ar vikavi. Ravici tavshic ki ar momsvlia. Rac fuli mkonda me da chemma ertma Universitetis Lektorma tsavedit da ahal ltolvilebs ragaceebi vukidet… bevri rac shegvedzlo da aeroportis gzaze avitanet mat banakshi. Ik 2 kvira ase davdiodi sanam ar davrtsmundi rom ukve situacia ase tu ise moetsko da damhmare dzalac sakmarisi iko. Eh ra dgeebi iko… 😦

    • kalatozik says:

      Alexander
      დიდი მადლობა კომენტარისთის, მაგრამ “ოსკაროსნებში” რა გინდოდა შე კაი კაცო? 🙂 🙂

Leave a comment