Slide1“If you think you are too small to make a difference, try sleeping with a mosquito.” – ეს სიტყვები ბრენდინგის შესახებ ერთ–ერთ წიგნში ამოვიკითხე და იმთავითვე ცხოვრების წესად მექცა იმაზე ფიქრი, რომ размер не имеет значения… ჭიანჭველა უფრო ამტანია, ვიდრე სპილო. ჭიანჭველა უფრო ძლიერია – თავის წონაზე ათჯერ მეტს ეზიდება… მართლაც, ცნობილი რუსული ბრენდის სლოგანის საპირისპიროდ უნდა ვთქვა, რომ размер не имеет значения. მაშინ, ვითომ რატომ უნდა ჰქონდეს ზომას მნიშვნელობა ბიზნესში? ბიზნესშიც ის არის ძლიერი (ნუ იქნება ლიდერი), ვინც აქტიურობს და არა ის, ვინც დიდია, მაგრამ ინერტული.

მაგრამ როცა პატარა ხარ – პატარა შესაძლებლობები გაქვს; როცა მცირე ზომის ხარ – მძლავრ ტალღას ვერ გამოიწვევ. როგორც წყალში ჩავარდნილი კენჭი წარმოქმნის მხოლოდ მცირე ზომის რგოლებს, შენი ძალისხმევაც წყალში შეიძლება ჩაგეყაროს… უშედეგოდ, რეზონანსის გარეშე. ეს რეალური ბარიერია, მათ შორის ფსიქოლოგიური, რომელიც ჩვენ საქმიანობაში ხშირად მთავარი დემოტივატორია. ამიტომ როცა პატარა ხარ, აირჩიე სერფერის გზა – ილივლივე იმ ტალღებზე, რომელიც სტიქიურად ან სხვის მიერ წარმოიქმნება. იმისათვის, რომ საინფორმაციო ტალღებზე ილივლივო მხოლოდ საინფორმაციო სივრცის მონიტორინგი არ კმარა. ამაზე ბევრს ლაპარაკობს და წერს პიარისა და მარკეტინგის ცნობილი სპეციალისტი, არაერთი ბესტსელერის ავტორი, დევიდ მირმან სკოტი თავის წიგნში „Newsjacking“.

Slide3რა არის Newsjacking. როგორც სკოტი წერს, Newsjacking–ის მთავარი პრინციპია მიუერთდე აქტუალურ თემებს (News+Jack), მიყვე დინებას. სიმართლე ითქვას, ჩვენ ამას ისედაც ვაკეთებდით და ვაკეთებთ. მაშინაც კი, როდესაც სხვის ციტირებას ვახდენთ; როდესაც სხვის ქმედებას ვაპროტესტებთ, ან ვიწონებთ, ჩვენ ვუერთდებით, ან ვიზიარებთ ჩვენგან დამოუკიდებლად წარმოქმნილ ენერგიას და ამ ენერგიას ჩვენ სასიკეთოდ ვამუშავებთ. That’s life, baby. სკოტი წერს, რომ სხვისი სიახლის თუ საინფორმაციო მიზეზის იერიშით აღება შეგვიძლია ისე, როგორც თავის დროზე იერიშით იღებდნენ მეკობრეები სხვის გემებს. ეს შედარება ნაკლებად მომწონს და, ჩემი ღრმა რწმენით, ნაკლებად შეესაბამება Newsjacking–ის არსს, რომელიც რესურსებისა და ენერგიის დაზოგვას ისახავს მიზნად და არა მის გახარჯვას. შევხედოთ ამ პროცესს სხვა თვალით. აი, მაგალითად – გუგული სხვა ფრინველის ბუდეში დებს კვერცხს. ასეთი მიდგომა პარაზიტობის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ეს ჩვეულებრივი სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, რომელიც დროისა და რესურსების დაზოგვას ითვალისწინებს. ზღვის მტაცებელს, ზვიგენსაც ჰყავს გუგულის მსგავსი მუქთახორა თანამგზავრები – თევზები, რომლებიც ზვიგენის ნანადირევის ნარჩენებით იკვებებიან და საკვების მოსაპოვებლად არ ხარჯავენ საკუთარ ენერგიას. ამ ბიზნეს–ოკეანეში ჩვენ ყველანი თევზები ვართ და, შესაბამისად,  ასეთივე მოქნილობა და ლავირების უნარი გვმართებს. სტრატეგია და ტაქტიკა, აი, ეს არის მნიშვნელოვანი მხოლოდ. And once again – That’s life, baby😉

Newsjacking–ის ერთ–ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია „ახალგაზრდა“ არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიტივის“ აქტივობა, რომელიც გვაჩვენებს იმას თუ როგორ შეიძლება „ვიყიდოთ“ 20:00 საათიანი „კურიერის“ საეთერო დროის 4 წუთი სიმბოლურ ფასად – 1,5 ლარად . ამდენი ღირდა „მაკდონალდსის“ ჩიზბურგერი 2 წლის წინ, როდესაც „პოზიტივმა“ დამოუკიდებელი ექსპერიმენტისთვის შეიძინა მზა პროდუქტი.  2 წლის წინ შეძენილ ჩიზბურგერს დღემდე არ დაუკარგავს ფერი, ცხიმის სუნი, არ დადებია ობი და გარეგნულად არც სოკოს ნიშნები ატყვია. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამავე დროს დაემთხვა ცნობილი ბრიტანელი მზარეულის, ჯეიმი ოლივერის მიერ თავის ტელეგადაცემაში გაკეთებული ხმამაღალი განცხადება იმის თაობაზე, რომ „მაკდონალდსის“ ზოგი პროდუქცია მზადდება უვარგისი ხორცისგან, რომელსაც სასურველი შეფერილობის მისაცემად ამონიუმის ჰიდროქსიდში ავლებენ და, შესაბამისად, ის საფრთხეს უქმნის მომხმარებლების ჯანმრთელობას. „პოზიტივმა“ არ დააყოვნა და ოლივერის კვალდაკვალ პირველმა გააკეთა განცხადება საქართველოში „მაკდონალდსის“ პროდუქტის ლაბორატორიული გამოკვლევის აუცილებლობის შესახებ, რასაც ცხრა საათიანმა „კურიერმა“ 4 წუთი, ტელეკომპანია „ტვ 3“–მა კი წუთზე მეტი დაუთმო… უფასო ფაბლისითი, ორი სიუჟეტი, სოციალური პასუხისმგებლობის მკაფიო დეკლარირების შესაძლებლობა და „მაკდონალდსის“ პროდუქტის ავკარგიანობის გამოკვლევის პირობის მიღება საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოსგან – ეს ყველაფერი სულ რაღაც 1,5 ლარად…

Размер не имеет значения. უნდა იყო ოპერატიული, მოქნილი, თვალ–ყური ადევნო მედიას, გრძნობდე საზოგადოების მაჯისცემას… და, რაც მთავარია, ხშირად იმეორებდე სიტყვებს “If you think you are too small to make a difference, try sleeping with a mosquito.”

 

Image

(სურათი დაკოპირებულია ინტერნეტიდან :თავისდაზღვევადარამე:)

საქმიანი შეხვედრის შემდეგ რომ არ ვთქვათ “We’re so Fucked!” პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ – უფრო მეტი უნდა ვთქვათ თუ მოვისმინოთ. ეს პოსტი ჩემ მეგობარს, ნიკა ჯავახიშვილს ეძღვნება, რომელმაც PR სფეროში მომიყვანა და ხუმრობით სულ მიმეორებდა: Восточная мудрость – говори мало, слушай много а думай еще больше. წესი იმისთვის არსებობს, რომ დაარღვიო. ხოდა როცა ენა გონებას წინ უსწრებდა და პოტენციურ თუ არსებულ კლიენტს წყლის ღვინოდ ქცევას ვპირდებოდი, ჯავახიშვილი დამცინოდა, შენ კლიენტს უკვე კი არ “აბოლებ”, ჭვარტლავო! 

მოკლედ, დროთა განმავლობაში გავიგე თუ რა არ უნდა გავაკეთო, ან პირიქით, რა უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ საქმიანი შეხვედრიდან გამოსვლისას არ მომიწიოს ამის თქმა და 50×50 ვიყო დარწმუნებული იმაში, რომ ჩემ დამქირავებელ კომპანიას მოვუტანდი შემოსავალს. ამისათვის 5 მარტივი წესი უნდა დაიცვათ: 

წესი პირველი

შეხვედრაზე მარტო ნუ მიხვალთ, მეწყვილე, ან ვინმე სტაჟორი წაიყვანეთ, რომელიც თქვენი ლეონტი მროველი იქნება და შეხვედრის ყველა დეტალს აღწერს ბლოკნოტში. არავერბალური კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია და ნუ ეცდებით იყოთ ადამიანი ორკესტრი, ყველაფერს ერთად მაინც ვერ გაუმკლავდებით და ამასობაში კი ბევრის დაკარგვა შეგიძლიათ (დაამყარეთ ვიზუალური კონტაქტი). თან უსმინო, თან ჩაინიშნო, თან ანალიზი გააკეთო, თან გამოსავალი იპოვნო… წაიყვანეთ მეწყვილე და კლიენტთან საუბრის დროს, როცა კლიენტი აკეთებს საუბრის დროს პაუზებს, რათა ამოისუნთქოს (და არა მარტო, აზრის და ამოცანის ჩამოსაყალიბებლად დრო მასაც სჭირდება) აუცილებლად მიუთითეთ მეწყვილეს რაღაცეებზე, რომ ჩაინიშნოს. ნუ იქნებით მანიპულატორი, ამას არ გთხოვთ – იყავით უფრო ყურადღებიანი კლიენტის მიმართ.

წესი მეორე

აღმოსავლური სიბრძნე გაიხსენეთ🙂 მეტი მოუსმინეთ, ნაკლები ილაპარაკეთ. ჩვენი ამოცანაა ზედაპირზე ამოვიტანოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ამიტომ კითხვის დასმის ტექნიკას უნდა ფლობდეთ. აუცილებლად გაეცანით თანამედროვე ფსიქოლოლოგიისა და სოციოლოგიის ნაშრომებს, რომელშიც სხვადასხვა ტექნიკა ვრცლად განიხილება. რისთვის არის ეს საჭირო? ყველა ადამიანს აქვს გადაწყვეტილების მიღების ცნობიერი და ქვეცნობიერი მოტივები, მოტივები განსაზღვრავენ მოთხოვნებს, მოთხოვნები კი აყალიბებენ მიზნებსა და ქცევას. დარწმუნების ხელოვნება და მოლაპარაკების ტექნიკა გულისხმობს კლიენტის პირდაპირი თუ ფარული მოთხოვნების გაგებას და მათი დაკმაყოფილების გზების ძიებას. შესაბამისი კითხვების გარეშე, ანუ მხოლოდ კლიენტის მონათხრობზე დაყრდნობით არ იქმნება ნორმალური საპროექტო შეთავაზება. ყველაფერი, რასაც გეტყვით კლიენტი, მეტწილად ეყრდნობა მის სუბიექტურ აღქმას, რაც დამაზუსტებელი კითხვების იგნორირების შემთხვევაში ჩამოგიყალიბებთ სუბიექტური რეალობის დამახინჯებულ სურათს.

წესი მესამე

აფრქვიეთ მხოლოდ პოზიტივი. ჩემი კარიერის საწყის ეტაპზე, ამა თუ იმ საკითხის განხილვისას გამუდმებით ვდგამდი ფეხს ნაღმზე, რომელზეც ჩემთან ერთად კლიენტიც „ფეთქდებოდა“. მაინც რას ვაკეთებდი ასეთს, არ გაინტერესებთ? საუბრის დროს ვეუბნნებოდი, რომ მისი „პრობლემის“ გადაჭრა შეგვიძლია… ჰმ, პრობლემის? ანუ, მე პრობლემა მაქვს?! ანუ, თქვენ ფიქრობთ, რომ ჩვენ კოპმანიას პრობლემები აქვს?! დიახ, სულ არ არის აუცილებელი იყო ფიცხი ხასიათის ადამიანი, რომ იფეთქო იმის გაგონებაზე, რომ თურმე ბაზრის ერთ–ერთ ლიდერს, ან თუნდაც შპს „ცეროდენას“ პრობლემები აქვს… გაფილტრეთ კომუნიკაცია და ჩამოაშორეთ მას ნეგატიური კონოტაციის მქონე ნებისმიერი სიტყვა თუ წინადადება. თქვენი ამოცანაა კლიენტის „გაძლიერება“, მისი „ეფექტიანობის გაზრდა“, „მეტი“ შემოსავლის მოტანა, კომუნიკაციის „გაუმჯობესება“, რეპუტაციის „ზრდა“, „საკითხის“ (და არა „პრობლემის“) გადასაწყვეტად „საუკეთესო“ გადაწყვეტილების პოვნა.

წესი მეოთხე

მთავარია პროცესი, შედეგი მეორეხარისხოვანია. იმიტომ, რომ საბოლოო არჩევანს კლიენტი აკეთებს, საბოლოო გადაწყვეტილებას ის იღებს. თქვენ საქველმოქმედო შეხვედრაზე არ იმყოფებით, თქვენგან არაფერს შეიძენენ, ვერაფერს დაავალდებულებთ და ვერც თავზე მოახვევთ. ზემოხსენებული სამი წესი პროცესის შემადგენელი ნაწილია. ასე რომ, წესი მეოთხე – დაიცავით წინა სამი წესი🙂

წესი მეხუთე

ეს ალბათ თავშივე უნდა მეთქვა – Halo effect, ანუ როგორც რუსები ამბობენ, встречают по одёжке – провожают по уму. Yes, ეს პირველ რიგში იმ ბანკს თუ მიკრისაფინანსო ორგანიზაციას უნდა უთხრა, რომლის ერთ–ერთ რეკლამაში დახეულ ჯინსებში გამოწყობილი და „ნებრეჟნად“ ჩაცმული მსახიობი ჯაბა კილაძე გვარწმუნებს ბანკის სტაბილურობაში და სანდოობაში. C’mon man, მე უკვე არ მჯერა შენი. რა სტაბილურობაზე და სარგებელზეა საუბარი, ნორმალური ჯინსი ვერ გიყიდია კაცს… თუ თქვენ სარეკლამო ბიზნესის წარმომადგენელი არ ხართ, რეჟისორი ან ქოფირაითერი, დაივიწყეთ კედები და ჯინსები, გაუპარსავი ნუ მიხვალთ… მამაკაცები.

ამ ეტაპზე მგონი სულ ეს იყო და ეს. ასე რომ, კოლეგებს თუ მომავალ კოლეგებს, გისურვებთ წარმატებებს თქვენ საქმიანობაში🙂

 

Imageრამდენიმე დღის წინ ჩემი მეგობრის, ნიკა ჯავახიშვილის ფილმის „ნაწილები“ პრემიერაზე ვიყავი. ნუ after partyმ საერთოდ „დახურა“, მაგრამ ფილმზეც მინდოდა ორიოდე სიტყვა დამეწერა.

იმ ქვეყანაში, რომელშიც მიცვალებულთა განსაკუთრებული პატივისცემა და კულტი არსებობს, მათი უკვე გაჩერებული გულის მოსაგებად კი დიდ სუფრებს შლიან და მეგობრებს აპურებენ, ჯავახიშვილის „ნაწილები“ ერთ მთლიან დოგმატსა და ფასეულობას თავდაყირა აყენებს. ეს დოგმატი სულის ხელშეუხებლობას ეხება. ანუ იმას, რომ სულის წაბილწვა კი ძალუძს ადამიანს, მაგრამ მისი ხელყოფა ან დაუფლება მხოლოდ მამა ღმერთს, ან სატანას შეუძლია. როგორც ჩანს, ჯავახიშვილი ასე არ ფიქრობს და მთავარი კითხვა, რომელიც მე, როგორც მაყურებელს გამიჩნდა – რა ხდება ჩვენს თავს წესის აგებისა და პანაშვიდის გადახდის შემდეგ?

ის, რომ ფილმი მისტიკური ჟანრისაა, ამ პროვოკაციულ აქცენტს ვერ ანეიტრალებს. მეცნიერული თეორიისა და ჰიპოთეზების შესამოწმებლად, ქართველი მეცნიერები ძვირადღირებულ ექსპერიმენტს ახორციელებენ… ადამიანის გვამებზე. როგორც ნავთობს იღებენ ჭაბურღილით და ყიდიან, ასე იღებენ ფილმის პერსონაჟები ადამიანებიდან უცხო მასას, რომელიც, უკუვაგდოდ ფარისევლობა და ვაღიაროთ, რომ ყველა მათგანისთვის კარგად ნაცბობი უცნობია… რა, არ იციან, რას მოიპოვებენ?

„ნაწილები“ საინტერესო ფილმია, ოღონდ უფრო საინტერესო იქნებოდა, რომ არა მისი ნოველისტური თხრობის მანერა და ოდნავ ამორფული ტემპორიტმი. ჯავახიშვილისთვის ეს პირველი ფილმია, ამიტომ ის ფაქტი, რომ ქართულ მისტიციზმში იაპონური მისტიკისა და კულტურის ნოტები ორიგინალურად ჟღერს, მისი ნახვისა და შეფასების სურვილს აუცილებლად შეგიქმნით. ჩაპლინი და სხვა დიდი, კარგი, საშუალო, მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარმრავალი, ყმიანი რეჟისორები ყოველთვის შედეგზე იყვნენ ორიენტირებულები და მაშინაც კი, როდესაც ფილმი უკვე გაქირავებაში იყო გაშვებული, მაგრამ აუდიტორიის რეაქცია არ შეესაბამებოდა რეჟისორის მოლოდინსა და მოთხოვნებს, აკეთილშობილებდნენ ფილმს მონტაჟის მეშვეობით… ნიკალოზ, შენი იმედი მაქვს🙂 ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კომპიუტერულ გრაფიკაში აშკარად “უხალტურეს”, თორემ ფილმი უფრო კარგი გამოვიდოდა.

ჩემი და, ნანკა „ნაწილებში“ ერთ–ერთი მეცნიერის როლს ასრულებს და ასრულებს კარგად, სპეციალურად არ ვწერ ბრწყინვალედთქო, რომ მიკერძოებაში არ ჩამეთვალოს. სამაგიეროდ ყოველგვარი უხერხულობის გარეშე ვაღიარებ, რომ ნიკა თავაძე, რომელიც მისი მეუღლის როლს ასრულებს „ნაწილებში“, ბრწყინვალედ თამაშობს от А до Я. იგივეს ვიტყოდი გიორგი კალანდაძეზე.

ამაზე მეტი არც ნიკა ჯავახიშვილს უთქვამს ინტერვიუში, ამიტომ თავზე არ გადავახტები. ასჯერ გაგებას ერთხელ ნახვა სჯობს. „ნაწილები“ „ამირანში“ და „რუსთაველში“ გადის, მგონი 20:00 საათზე. მაინტერესებს, ფილმის ნახვის შემდეგ გაგიჩნდებათ თუ არა იმის განცდა, რომ როცა სხვის სულზე ნადირობ, საკუთარს კარგავ. ან კიდევ, როცა სხვის სულს (არ)აფასებ და ყიდი, შენივე სული უფასურდება… რა ვიცი, ზოგმა ქართველს რა უნდა მისტიკაშიო, ესაო, ისაო და ან თქვენ არ იცით ქართული კულტურა და მითები, ან მისტიკა ყოფილა საქართველოსთვის ისეთივე უცხო, როგორც სექსი იყო საბჭოთა კავშირში – ასე ამბობდნენ „არ გვაქვსო!“🙂

botichelis veneraდღეს მოკლე სამუშაო დღეა. წესით სახლში უნდა მივიჩქაროდე, ელენიკოსთან. მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ელენიკო მიყვარს ძალიან, იმის გაზიარება მომინდა თქვენთვის, რამაც ლამის დეპრესიაში ჩამაგდო. რამდენიმე დღის წინ თინა მოსიაშვილმა, ჩემმა მეგობარმა და კოლეგამ, წასაკითხად გადმომიგზავნა ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის მიერ და მისი მხარდაჭერით შემუშავებული საინფორმაციო მასალები და კვლევები. გულდასმით წავიკითხე, გზადაგზა ვინიშნავდი რაღაცეებს და ბოლოს მივხვდი, რომ ერთი პოსტი უნდა დამეწერა საქართველოში მცხოვრები ქალების მძიმე ყოფაზე.

8 მარტს ყველა ქალს ულოცავენ. აღმოჩნდა, რომ მარიამ ღვთისმშობლის წილნაყარ ქვეყანაში ბევრ მათგას ამ დღეს გადარჩენასაც ულოცავენ. ქალთა საერთაშორისო დღეს ვარდების სურნელი თუ არა, მათი ეკლები ბევრს ახსოვს. 2010 წელს ძალადობისაგან დაცვის ეროვნულმა ქსელმა ქვეყნის მასშტაბით 1252 ქალბატონი გამოკითხა, რომლიდან 852–მა (68%) ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო და, ალბათ, დღესაც არის. ოჯახური ძალადობის მსხვერპლიდან 85% ეთნიკური ქართველია, 6% აზერბაიჯანელი, 4% სომეხი და 2% ოსი. როდესაც თინას ვკითხე, ეს მონაცემები რამდენად შეცვლილიათქო? შეიძლება თუ არა საქართველოში დღესაც იგივე ვითარება იყოს–მეთქი? – პასუხი, სამწუხაროდ, დადებითი იყო.

აღმოჩნდა, რომ ქალზე ძირითადად სახლში ძალადობენ. სწორედ იმ ადგილას, რომელიც, წესით, უნდა იყოს ყველაზე უსაფრთხო მათთვის. ამ ქვეყანაში მგონი მასკულინური დევიზია “ჩემი სახლი – ჩემი ციხე სიმაგრეა”, თორემ გენდერული ნიშნით და ამ სტატისტიკის მიხედვით თუ ვიმსჯელეთ, ქალისთვის მისი სახლი – მისი ციხეა. ციხეში კი მკაცრი რეჟიმია. იმ ფაქტმა გამაოგნა, რომ მსხვერპლი თავისი “კეთილი ნებით” სამუდამო პატიმრობას ეგუება – უმეტესი მათგანი იმდენად დამოკიდებულია ფინანსურად და მატერიალურად ქმარზე, რომ დამცირებული და შეურაცხყოფილი თავს აფარებს სახელმწიფო თავშესაფარს, მაგრამ სამთვიანი სულისმოთქმის შემდეგ უკან ბრუნდება მოძალადის სახლში და სიცოცხლის ბოლომდე თავისებური მეხამრიდის ფუნქციასაც ასრულებს, რათა მასზე გაბრაზებულმა მეუღლემ ჯავრი არ იყაროს ბავშვზე… ღმერთო ჩემო, რა საშინელებაა, როდესაც ასე თავგანწირვით გიწევს ცხოვრება… ღმერთო ჩემო! თავშესაფრებში კი ძირითადად ისეთი ქალები ხვდებიან, რომელთა მიმართ წლების განმავლობაში ხორციელდება ძალადობა… ანუ ეს ის კონტინგენტია, რომელიც შეგუებულია ძალადობას და უკიდურეს შემთხვევაში მიმართავს ქსელს თუ პოლიციას დასახმარებლად (ღმერთო ჩემო!).

2009 წელს 201 პოლიციელი გამოკითხეს, რომელთა 92% აღნიშნავდა, რომ საქართველოში ოჯახური ძალადობა სერიოზული პრობლემაა. თუმცა ამის აღქმა არ კმარა – მსხვერპლის 74% არ მიუმართავს პოლიციისთვის შემთხვევის დროს. პოლიციას დახმარებისთვის უკიდურეს შემთხვევაში მიმართავენ და ეს არის განმეორებითი დანაშაულის მაპროვოცირებელი გარემოება და დანაშაულის ზრდის ირიბი თუ პირდაპირი ხელშეწყობა, რადგან რა მოწადინებული და პროფესიონალიც უნდა იყოს პოლიციელი, ის ვერ აღმოაჩენს შავ კატას ბნელ ოთახში, მით უმეტეს მაშინ, როცა ის იქ არ არის… ფაქტი თუ არ დაფიქსირდა, დამნაშავეს ისე როგორ დასჯი? მაგრამ აქ მეორე პრობლემას ვაწყდებით – პოლიციელების ჩარევის გამო მცირდება ფიზიკური ძალადობის ფაქტები და ოჯახური ძალადობა სხვა ჭრილში გადადის – ფარულ, ლატენტურ სტადიაში, როდესაც მართლმსაჯულების წინაშე არსებული შიშის გამო სუსტი და უსუსური მამაკაცები ამჯერად ქალზე ფსიქოლოგიურად ძალადობენ. სამართალის ძიებაში ქალი სასამართლომდეც რომ მივიდეს, მოძალადეზე ჩივილი პროცესის დროს ხშირად წყდება, რადგან მსხვერპლს სტერეოტიპული აზროვნების გამო არ სურს „მისი შვილების მამის გაწირვა“. საბოლოოდ დავრწმუნდი იმაში, რომ დედობრივი ინსტინქტი უფრო ძლიერია, ვიდრე მამობრივი… მაგრამ რად გინდა ასეთი ქმარი? ან მამა? ან მამაკაცი? რად გინდა, გეკითხები?

კვლევაში ვკითხულობ: “ძირითადი მიზეზი რის გამოც მსხვერპლი არ მიმართავს დახმარებისთვის ექიმს – პირველ რიგში სირცხვილის გრძნობაა და დანაშაულის შეგრძნება (!) იმაზე, რომ ქმარი ან მეწყვილე ასე ექცევა…” არანორმალურები ხართ! დანაშაულის კომპლექსი გაგიჩნდათ? მაგრამ თქვენ რას გერჩით, როდესაც აგერ საზოგადოების დამოკიდებულება თავზარს გცემს. ამ ძველი კვლევის მიხედვით, სამოქალაქო საზოგადოება კი არა, ნამდვილი მონსტრები ვყოფილვართ!!! ამონარიდი წიგნიდან “ხმა მდუმარეთა”: “2009 წელს ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის ჩატარებული ეროვნული კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 52.1% აზრით, თუ მამაკაცი მეუღლეს ცუდად ექცევა, ოჯახის სხვა წევრები არ უნდა ჩაერიონ; ხოლო 30.7%აზრით, ოჯახში ძალადობა პირადული საკითხია და დაუშვებელია მასში კანონის ჩარევა. 34.1% გარკვეულ შემთხვევებში ამართლებს ქმრის მიერ ცოლის ცემას. 50.7% -ის აზრით კი, კარგი ცოლი ქმარს უნდა უჯერებდეს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ ეთანხმება; 44.9%-ის აზრით, აუცილებელია მამაკაცმა ცოლს/პარტნიორს კარგად დაანახოს, ვინ არის ოჯახის უფროსი…” 

“50.7% -ის აზრით კი, კარგი ცოლი ქმარს უნდა უჯერებდეს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ ეთანხმება”… მაშინაც კი თუ არ ეთანხმება? ვაი მე! “ჩემი სახლი – ჩემი ციხეა” და 21–ე საუკუნის მონობის უღელი… აბა რა, ჩვენ, მამაკაცებს ხომ თამამად შეგვიძლია დავანახოთ ცოლს და ისედაც, ზოგადად სხვა ქალებს, Кто в доме главный! კი, შეგვიძლია, რადგან ჩვენს უკან – საზოგადოებაა და მხარდაჭერა! ექსპერტების თქმით, საზოგადოების მხრიდან ზეწოლა მსხვერპლზე (სტიგმა, მაგალითად) უფრო ხშირია, ვიდრე მოძალადეზე. ნამდვილად! გახსოვთ, ალბათ, 90–იან წლებში რომ ქალწულს “მოიტაცებდნენ” სადმე და მისი დისკრედიტაციისთვის ესეც კი იყო საკმარისი, თუნდაც მამაკაცს არ დაემყარებინა მასთან სქესობრივი კავშირი… რა მნიშვნელობა აქვს მაგას, მაინც იტყოდა ვიღაც უგუნური “იხმარა”, ან “ნახმარია” და ამის შემდეგ უკვე ოჯახის ღირსების საკითხი იყო გოგონას დარჩენა გამტაცებელთან. გამოდის, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ქალზე ძალადობას? იმ 30.7% მოქალაქის თავში ჩამახედა, რომელიც მიიჩნევს, რომ ოჯახში ძალადობა პირადული საკითხია და დაუშვებელია მასში კანონის ჩარევა.

8 მარტიო, ხო?! ამაზრზენია! ვიდრე ქვეყანაში მოჩვნებითი კანონმორჩილება და ასეთივე მოჩვენებითი თუ ეფემერული სამოქალაქო საზოგადოება გვეყოლება, არც პატრული გვიშველის, არც უბნის ინსპექტორი და არასამთავრობო სექტორის მეცადინეობა. მე მამას ვგავარ, რომელიც საყვარელ ქალს პატივს სცემდა და უყვარდა… და ჩემი შვილიც მე დამემსგავსება, იმედია… მიხარია, რომ აქ დავიხარჯე, აქ დავხარჯე უარყოფითი ემოცია და სახლში მივდივარ საყვარელ ადამიანთან დიდი მონატრებით, მაგრამ დანაშაულის გრძნობით. ხო, რა იყო, მსხვერპლ ქალს თუ აქვს სირცხვილის გრძნობა და დანაშაულის შეგრძნება (!) იმაზე, რომ ქმარი ან მეწყვილე ასე ექცევა, მეც ხომ შეიძლება ვიყო სოლიდარული და განვიცადო ის ფაქტი, რომ ასე ექცევა საკუთარ მეუღლეს ზოგი მამაკაცი!

ფბ-ზე დავპოსტე რამდენიმე დღის წინ “ქალი სულ ხელით უნდა ატარო… რა დროსაც მიწაზე დაუშვებ – გაგექცევა!” მიწაზე დაშვების თუ “დამიწების” სხვადასხვა მეთოდი არსებობს: შეგვიძლია საყვარელ ქალს დაბადების დღეზე ძვირადღირებული და ხარისხიანი ქვაბი ან ტაფა ვაჩუქოთ. ხო, რა იყო? მამაკაცის გულისკენ გზა, კუჭზე გადისო და… თუმცა, იმის გათალისწინებით, რომ ქალს ყურებით უყვარს, შეგვიძლია სადღეგრძელოების სერია მივუძღვნათ და გვისმინოს FM სიყვარულის ტალღაზე… ყველაზე მეტი დამიწება, წაქცეულზე ფეხის დაჭერას რომ ჰგავს უფრო მეტად, ერთ გათქვეფილ ფრაზას შეუძლია – “მე ჩემი ცოლი იმიტომ მიყვარს, რომ ჩემი ბავშვების დედაა!” არადა სიყვარული სხვა რამ არის. ერთ-ერთ სამედიცინო ჟურნალში წავიკითხე, ხანდაზმულ წყვილს მათი ყველაზე მღელვარე ასაკის დროინდელ ფოტოებს რომ უჩვენებდნენ, ტვინი სწორედ იმ ნივთიერებას გამოყოფდა, რომელსაც ადამიანის ეს ორგანო სიყვარულის პიკზე გამოყოფს… სიყვარული სპირტი არაა, რომ აორთქლდეს. სიყვარული იქამდე ცოცხლობს, სანამ ჩვენ მას ვკვებავთ.

სიყვარული რთული რამ არის. შალივით არის – თან გათბობს, თან გაწუხებს. იმ განცდას არაფერი სჯობს, დილის საუზმის მზადებისას ჩაის კოლოფში რომ ობლად შემორჩენილ ჩაის პაკეტს აღმოაჩენ… და იქვე მეორე აღმოჩენასაც გააკეთებ, რომ თურმე ხსნადი ყავა უფრო გყვარებია, ვიდრე ჩაი… მე გამიმართლა – ელენე, ჩემი ცოლი, დილით ყოველთვის ყავას მიირთმევს და არასოდეს დავუყენებივარ დილემის წინაშე – “ან – ან”🙂 სიყვარული ურთიერთგაგებაა, ცხადია. ოღონდ ისეთი ურთიერთგაგება, როდესაც საყვარელი ადამიანი სარკის წინ ორ სხვადასხვა სტილის საყურეს ატრიალებს, გეკითხება “რომელი გავიკეთო?” და შენ ბაგირზე მოსიარულის პოზიციაში დგები, რადგან უნდა მიხვდე თუ რომლის მორგება სურს… კითხვის დასმისას “რომელი გავიკეთო?” სინამდვილეში სხვა რამეს გვეუბნებიან – “რომელი მინდა გავიკეთო?” ინტუიცია კი მამაკაცებს, რბილად რომ ვთქვათ, არ გვაქვს განვითარებული🙂 სიყვარული რთული რამ არის🙂

სოციოლოგებმა და ფსიქოლოგებმა კარგად იციან რას ნიშნავს ე.წ. ემოციონალური რეზონანსი – რედეოსაც ერთი ადამიანის განწყობა გრიპივით ვრცელდება მეორეზე. ცოლ-ქმრის ურთიერთობაში ეს ემოციონალური რეზონანსი ხშირი მოვლენაა, როდესაც ცუდ გუნებაზე მყოფი საყვარელი ადამიანის მდგომარეობის ახსნა-განმარტებას ვერ პოულობ, მაშინ თავს გრძნობ ხოლმე გალიაში გამოკეტილი მხეცივით. თან საყვარელი ადამიანის უხასიათობას საკუთარ თავს აბრალებ. გულის სიღრმეში განიცდი იმას, რომ რაღაცა ისე არ გააკეთე და ამის შედეგი სახეზეა🙂 ეს კი მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს და იმ ადამიანებს, რომლებიც დაბადების დღეზე არც ქვაბებს ვჩუქნით და არც ბავშვების გამო გვიყვარს საყვარელი ქალი, ურთიერთობების სრულყოფის მოტივაციას გვაძლევს…

მე შენ მიყვარხარ. ბედნიერი ვარ, რომ ამ ქვეყნად გაჩნდი და მეც ხელახლა დავიბადე შენთან ერთად. მე შენ მიყვარხარ მარკესის სიტყვებით I love you not for whom you are, but who I am when I’m by your side… და რა კარგია, რომ ეს სიტყვები არ არის სინონიმი აღიარებისა “იმიტომ მიყვარხარ, რომ ჩემი ბავშვების დედა ხარ”…

მართალია ვერა ქობალია აღარ არის მინისტრი, მაგრამ ტურიზმის განვითარება იმდენად პრიორიტეტული გახადა საქართველოში, რომ დარწმუნებული ვარ ეს ადგილიც ეცოდინება. სამხრეთ კორეაში, ერთ-ერთ კუნძულზე, 28000 კვადრატულ კილომეტრზე უჩვეულო ეროტიკული პარკია გაშენებული, რომელსაც ყოველდღიურად ათასობით ცნობისმოყვარე ტურისტი სტუმრობს. კუნძულს ამშვენებს ხისგან და ქვისგან ნათალი ფალოსები… პარკის სახელწოდება „ხესინდანი“ ითარგმნება, როგორც „ზღვის ღმერთის ტაძარი“. ტაძრის შექმნის ისტორია უკავშირდება კორეელი ქალწულს, რომელიც ზღვაში დაიხრჩო და ამის შემდეგ ბოროტ სულად იქცა. ქალწულის შეუწყნარებელი სულის მომადლიერების მიზნით კუნძლზე ფალოსების დადგმა პირველად ადგილობრივმა მეთევზეებმა დაიწყეს, თუმცა დროთა განმავლობაში ეს ტრადიციად იქცა. ქალწულის სახელობის ტაძარიც ამავე პარკშია აღმართული და იქ ხშირად იმართება გოგონას სულის მომადლიერების მიზნით რიტუალები… კაცმა არ იცის, რა სახის რიტუალებია, თუმცა პარკის სპეციფიკიდან გამომდინარე მთლად უინტერესო და უსიამოვნო არ უნდა იყოს მონაწილეებისთვის… სხვათა შორის, ახალი ფალოსების გამოჭრის მიზნით კუნძულზე წელიწადში ოთხჯერ ტურისტებისთვის და ადგილობრივებისთვის შეჯიბრი ტარდება. ახალ ფალოსზე მისი ავტორის სახელი და გვარი იკვეთება. იქვე, სანაპიროსთან ახლოს, ფალოსებისგან საგულდაგულოდ მოწყობილი მოსასვენებელი ადგილია. „ხესინდანის“ პარკს ხშირად სტუმრობენ ორსული ქალბატონებიც, რომლებსაც სჯერათ იმისი, რომ ამ ადგილის მონახულებისა თუ მოლოცვის შემდეგ მათ აუცილებლად ბიჭი უნდა გაუჩნდეთ.

სტუდენტების პათოსი და პასუხისმგებლობა მომწონს. მათი დევიზიც მომწონს – “სოლიდარობა პატიმრებს და არა პარტიებს”, რომელიც მიჯნავს მათ მოძრაობას მრავალგზის დისკრედიტირებული პოლიტიკური პარტიების მოძრაობისაგან. მოსალოდნელი იყო, რომ სტუდენტები მათ მიერ მოწყობილ მანიფესტაციებზე მკაცრად მოსთხოვდნენ პოლიტიკოსებს არ ეფრიალათ პარტიული ატრიბუტიკა, დროშები და ა.შ. რასაც უდაოად მოყვებოდა ახალგაზრდული მოძრაობის დასტიგმვა (მართული ძალა). სხვაგვარად რომ ვთქვათ, მარკეტინგულად, მაგალითად, სტუდენტების თაოსნობით ე.წ. ბრმა ტესტირება დაიწყო, როდესაც სამოქალაქო საზოგადოება გემოს უსინჯავს და ვარგისიანობაზეც სინჯავს კონკრეტულ ჯგუფებს. ამ შემთხვევაში ბრენდი (პარტიის დასახელება, მათი ატრიბუტიკა) არ უნდა ახდენდეს ზეგავლენას საზოგადოების დამოკიდებულებაზე თუ შეფასებებზე. მნიშვნელოვანია მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოება, სოლიდარობა პატიმრებს და არა პარტიებს.

მაგრამ სტუდენტების გულწრფელობას და თვითგამოხატვას სუსტი მხარე აქვს და შეიძლება ეს აღმოჩნდეს მათთვის აქილეუსის ქუსლი… ერთ-ერთ გადაცემაში (მგონი ბერიძესთან) ერთ-ერთი სტუდენტი აცხადებდა, რომ მათი პროტესტი არის თვითორგანიზებული. შესაბამისად, ისიც გვანიშნა, რომ არ არის მართული არც სტუდენტური თვითმართველობის და არც რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიერ… შესაბამისად, იმასაც უნდა ხვდებოდეს, რომ თვითორგანიზებული პროცესები უმართავი ხდება, როდესაც მოწოდება ხდება “შემოგვიერთდით!”; როდესაც დახურულ მასას (ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სტუდენტები) ღია მასა ცვლის (ზოგადად ახალგაზრდობა), რომელშიც თვითრეგულაციის დონე და ზოგადად მოთხოვნილება ნულოვან ზღვარს აღწევს. ამიტომ, მაინცდამაინც პროვოკაციას ნუ დააბრალებთ იმ ახალაგაზრდების გამოსვლას (“ძირს პატრიარქი”), რომლებიც ნებისმიერ სისტემას, პოლიტიკურს, საეროს თუ სასულიეროს ინდივიდზე ძალადობად მიიჩნევს და თვითგამოხატვისთვის თქვენი ტრიბუნით სარგებლობს.

სტუდენტების ნაწილმა ციხეებში არსებული ძალადობა და განუკითხაობა გუშინ პრეზიდენტის მიერ იუსტიციის ახალი სახლის გახსნაზეც გააპროტესტა. ამ შემთხვევაში ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი. მე რამდენადაც ვიცი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრი ახორციელებს უფასო იურიდიულ მომსახურეობას და სტუდენტებს შეგიძლიათ მიმართოთ ამ სამსახურს, რათა თავი დაიზღვიოთ კანონსაწინააღდემგო ქმედებებისაგან. ყოველ შემთხვევაში, მათი კონსულტანცია უფრო გამოგადგებათ, ვიდრე “ეტალონის” წამყვანის კომპეტენცია… პირველი დაპირისპირება სამართალდამცავებსა და სტუდენტებს შორის სწორედ გუშინ მოხდა. სტუდენტებს დაჩი ცაგურია ახლდა და მას მაინც უნდა ცოდნოდა და მოეხდინა რისკების სათანადო შეფასება. როგორც მახსოვს, შარშან მიღებული ცვლილებების შემდეგ გამოიკვეთა ის დისტანცია, რომელზეც კანონდარღვევის გარეშე მანიფესტანტებს და დემონსტრანტებს შეუძლიათ კონკრეტულ შენობებთან, უწყებებთან მიახლოება.

P.S. რევოლუაციას ევოლუცია სჯობს. უფრო გააზრებული და უმტკივნეულო პროცესია. ყველამ საარჩევნო ურნასთან უნდა გაიაროს ეს პროცესი. მანამდე კი გაიარეთ საიასთან კონსულტაციები, აუცილებლად გაიარეთ, სანამ კანონმა “გაიარა” თქვენზე. თუ ჩვენ სამართლიან სამოქალაქო საზოგადოებას ვაშენებთ და მას ნებისმიერ პოლიტიკურ პროცესში ბერკეტად მივიჩნევთ, კანონების ცოდნა არ გვაწყენდა.