ჩვენი გუბერნიის ვნებები

Posted: June 8, 2011 in Cinema
Tags: , , , , ,

როდესაც შერონ სტოუნი იმ აბაზანიდან, რომელიც ასე დეტალურად და ეგზალტირებულად გაგვაცნო ნოდარ მელაძემ, იმ საძინებელში გადიოდა, რომელშიც “ცხადია, ენდი გარსიას და შერონ სტოუნს ცალ-ცალკე ეძინათ”, კრეატიული ახალაზრდები სასტუმრო “რადისონის” წინ საპროტესტო აქციას მართავდნენ ტრანსპარანტებზე გამოსახული მოწოდებით Roses for Stone, stones for people… კარგი მოფიქრებულია, ვერაფერს დაუწუნებ. თუმცა შერონ სტოუნს, რომელიც ამ დროს იმ კარადიდან, რომელშიც “მსოფლიო ბრენდების კაბები” ჩამოკიდა ჩამოსვლისთანავე და ახლა საპრემიერო კაბას ირჩევდა, ამისათვის არ მიუქცევია ყურადღება… ჩინოვნიკი, რომელიც სტოუნს მიუჩინეს მასპინძლად, ალბათ, ისევე უთარგმნიდა მსახიობს სტუდენტების მოწოდებას, როგორც ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შესახებ FBI-ის მიერ შედგენილი ანგარიში გვითარგმნეს ოდეზღაც – უმტკივნეულოდ… თქვენ მერე იკითხეთ – შერონ სტოუნს მალე უთავო ძეგლს დაუდგამენ რუსთაველზე, ილიასა და აკაკის გვერდით… უთაოს იმიტომ, რომ კარიერულ წინსვლაში სტოუნს თავი არაფერში დასჭირვებია, ტან-ფეხი კი გამოადგა. ამიტომ ილიას და აკაკის გვერდით შერონს სტოუნის ფეხი-ფეხზე გადადებული უთავო სკულპტურა აღიმართება, წარწერით Красивые ноги заканчиваются в сердце мужчины… გავერთე ცოტა და სიტყვაც გამიგრძელდა, მაგრამ იმ პიროვნებისთვისაც მინდოდა კბილის გაკვრა, რომელსაც ილია მე-II და შერონ სტოუნის შეხვედრის იდეა დაებადა! რა იყო ეს? უწმინდესის და უნეტარესის დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა? მის მრევლში ავტორიტეტის “დაგდების” მცდელობა?! თუ არა, მაშინ რა საჭირო იყო ეროტიკული ფილმებით განთქმული ჰოლივუდელი მსახიობის საპატრიარქოში მიპატიჟება?! იქ, სადაც რომის პაპს იოანე პავლე მეორესაც კი არ გაუწიეს ასეთი გულმხურვალე მასპინძლობა! არ ვიცი! სიტყვა გამიგრძელდა და არ მინდა სხვა მიმართულებით წაგიყვანოთ. მაშ ასე, ჩვენი გუბერნიის ვნებები – “აგვისტოს 5 დღის” პრემიერა და წითელ ხალიჩაზე გაფეისებული ჩინოვნიკები 🙂

Stardust

ჩვენს გუბერნიაში “ოსკარის” დაჯილდოვების ცერემონიალის ატმოსფერო სუფევდა, ოღონდ როგორც ყველა გუბერნიაში, აქაც იფრქვეოდა მყრალი სუნი… კინოთეატრ “რუსთაველთან” საგანგებოდ მომზადებულ წითელ ხალიჩაზე ლიმუზინებიდან გადმოდიოდნენ სახელმწიფო მოხელეები და ჩინოვნიკები, რომლებსაც ჯებირებიდან უმზერდნენ “რიგითი მოქალაქეები” და ნერწყვმოდებულნი გაჰკიოდნენ ენდის და შერონს, ზოგი კი, ინგლისური რომ იცის მხოლოდ ტერმინატორის ალ ბი ბექით, რენი ჰარლინს იხმობდა თავისკენ “ეი, მისტერ, მისტერ…” ჩვენს გუბერნიაში იმ დღეს ხელოვნური ბარიერები აღიმართა მოსახლეობისთვის. აღიმართა იმ ადამიანების მიერ, რომლებმაც 2003 წლის შემდეგ თავადვე მოანგრიეს ჯებირები და ღობეები უკლებლივ ყველა სახელმწიფო დაწესებულებასთან, ხალხთან რომ ჰქონოდათ თავისუფალი “დოსტუპი”.

ეგ არაფერი, ყველა გუბერნიაში ასე ხდება – 12 საათამდე ყველა კონკია ნავარდობს, ყველა კონკიას მეჯლისის დედოფალი ჰგონია თავი! რენი ჰარლინის ფილმი პრემიერაზე “ნამდვილი ვარსკვლავთცვენა” იყო. ნანუკა ჟორჟოლიანი, ხათუნა კალმახელიძე, პრაიმ ტაიმის რედაქტორი და ა.შ. და ა.შ. რომლებსაც, რატომღაც, ჯებირებიდან უმზერდნენ ის ადამიანები, რომლებსაც შეაყვარეს თავი ტელეეთერიდან! მოკლედ, გადავირიე პირდაპირ ეთერში რომ ვუყურებდი იმას თუ როგორ გადმოდიან ყველასთვის ნაცნობი სახე(ლ)ები ლიმუზინებიდან და მიემართებიან ფოიეში. თითოეული მათგანი ცდილობდა ჰოლივუდელი ვარსკვლავების აქტივობის შედეგად წარმოქმნილი ვარსკვლავური მტვერი პუდრივით მიეყარა საკუთარი თავისთის და ასე გამორჩეულიყო… მოკლედ, სახალისო იყო… ძალიან.

მტერი კართან!

კრიტიკის შესახებ – 5 ივნისს პროდიუსერები სტალინგრადივით იცავდნენ თავის ფილმს. კობა ნაყოფიას ინტერვიუ გამოქვეყნდა ერთ-ერთ ონლაინ გამოცემაში, რომელმაც საკმაოდ დიდი რაოდენობის ინტერნეტმომხმარებლის გაღიზიანება გამოიწვია თავისი გამომწვევი კომენტარით „ვინც ამ ფილმს გააკრიტიკებს, ის ქვეყნის მტერიაო“. კობა ნაყოფიას ალბათ (ალბათ) იმის თქმა უნდოდა, რომ მტერია არა ფილმის კრიტიკოსი, არამედ ის სკეპტიკოსი, რომელსაც არ სჯერა უტყუარი ფაქტების, რომ ომი რუსეთმა წამოიწყო… ფილმიც ხომ ამის შესახებ მოგვითხრობს, ამიტომ, ბუნებრივია ნაყოფიას სიტყვებსაც იმთავითვე კრიტიკულად მიუდგნენ და ა.შ. ასეც რომ ყოფილიყო, ფილმის პრემიერაზე გამოჩნდა, რომ კობა ნაყოფია კრიტიკოსებსაც გულისხმობდა 🙂 ჩემი კოლეგები ფილმის პრემიერაზე ან არ დაუშვეს, ან თავად არ მისულან, ნაწილობრივ იმ სიტყვების გამო, რომელმაც თითოეული ჩვენთაგანი მტრებად შეგვრაცხა. მაგრამ ჟურნალისტებს რას ერჩოდნენ? 🙂 “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტიც კი, მაია ლომიძე, აღშფოთებული და შეურაცხყოფილი ტონით საუბრობდა იმაზე, რომ “ორგანიზატორებმა სამომავლოდ აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რომ ჯერ კეთდება დახურული ჩვენება პრესისთვის და უკვე შემდეგ ფილმის პრესს-კონფერენცია…” ამიტომ, ნუ გაუწყრებით ჟურნალისტებს იმის გამო თუკი 5 ივნისის სიუჟეტებში უხვად იქნებოდა შემოქმედებითი ჯგუფის შთაბეჭდილებები ხინკალსა და ჭაჭაზე…

რაც მთავარია – მოთხოვნა არის

გილოცავთ. ფილმის „აგვისტოს 5 დღე“ შესახებ წარმატების კონტექსტში ახსენებენ, რომ მსოფლიოს რიგ ქვეყნებში წარმოიქმნა დიდი მოთხოვნა მისი დვდ ვერსიის შეძენაზე, მაგრამ ფილმის, როგორც პროდუქტის სასიცოცხლო ციკლიდან ეს, პრინციპში, ერთ-ერთი ფინალური სტადიაა, რადგან კომერციული თვალსაზრისით (და ამ მხრივ გამონაკლისია მხოლოდ რიგი ქვეყნები, როგორიც არის გერმანია, სადაც ფილმის ჩვენება კინოთეატრებში და ტელევიზიით ხშირად პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს), ფილმი ჯერ კინოგაქირავებაში გამოდის, შემდეგ მასობრივ აუდიტორიას ტელეეთერით უჩვენებენ და მხოლოდ ამის შემდეგ გამოდის გაყიდვაში დვდ ვერსია, და ეს პროცესი ამავე დროს აზღვევს მწარმოებელს მეკობრული ვერსიების გავრცელებისაგან, ვინაიდან გაცილებით ადვილია აკონტროლო კინოთეატრში მიმდინარე პროცესი, ვიდრე ინდივიდუალური შენაძენის მოხმარებისა და საავტორო უფლებების დაცვისა თუ დარღვევის პროცესი; თუმცა დვდ-ზე ფილმის ნახვის მსურველი, თურმე, საკმარისზე მეტი გვყავს და რაღა დაგვრჩენია – ბავშვებივით გვიხარია.

პერფექციონიზმი და მაქსიმალიზმი – რაც შეეძლო, გააკეთა!

პერფექციონიზმი სხვა რამ არის და მაქსიმალიზმი სხვა. შედეგიც განსხვაბებული ექნება, ცხადია. მაქსიმალიზმი ყველას გვახასიათებს – ხანდახან ლიმონივით გამოვწურავთ ხოლმე საკუთარ თავს, მაგრამ მაინც მჟავე შედეგს ვიღებთ. რენიც ასეა. დაანებეთ რენის თავი! რაც შეეძლო, გააკეთა… და მიწასაც ემთხვია ვითარცა კოლუმბი. გოგი გვახარიამ ატეხა ერთი ამბავი 🙂 არიქა, ფილმი კანის კინობაზრობაზე აჩვენესო და არა კანის ფესტივალზეო. კარგი რა, გოგი, ახლა ეს იგივეა გლდანში გამართო ფილმის მსოფლიო პრემიერა და მედიამ გააჟღეროს თბილისში ფილმის მსოფლიო პრემიერა შედგაო… გლდანი რა, თბილისი არ არის? კინობაზრობა რა, კანის ფესტივალის ფარგლებში არ იმართება? თუ ვინმეს ეგონა, რომ ამ ფილმს კანის საკონკურსო ან კონკურსგარეშე პროგრამაში უჩვენებდნენ, ან საერთოდ სპეციალური ჩვენება გაიმართებოდა? 🙂 რატომღაც ამბობენ, რომ რენი ჰარლინი, ჰოლივუდში მოღვაწე ფინელი რეჟისორი ცნობილია მხოლოდ 2 თავისი ფილმით: „კერკეტი კაკალი – 2“ და „მთამსვლელი“, მაგრამ მის ფილმოგრაფიაშია ჩვენი მაყურებლისთვის ცნობილი ისეთი ფილმები, როგორიცაა: „თავზეხელაღებულთა კუნძული“, „ეგზორცისტი“, „კოშმარი თელეთის ქუჩაზე – 4“, „ღრმა ლურჯი ზღვა“ და სხვა. შეიძლება ამას განგებ აკეთებდნენ, რომ მოახდინონ ამ რეჟისორთან დაკავშირებული პათოსის დაგდება – თითქოს ის მეორეხარისხოვანი ბლოკბასტერებით შემოიფარგლება, თუმცა, როგორც ვხედავთ, მის კარიერაში საკმაოდ შემოსავლიანი ფილმებიც არის. ამიტომ ხელოსანის რეზიუმეს ნუ აკნინებთ! ხოლო მაღალი ხელოვნების ნიმუშს, ომის თემაზე დრამას თუ ელოდით – ელოდეთ ასე, სიკვდილივით!  ხოლო თუ გვსურს ხელოვნებაზე საუბარი, ვისაუბროთ ნინო კირთაძის დოკუმენტურ ფილმზე „ზოგი რამ საქართველოს შესახებ“, ანდრეი ნეკრასოვის დოკუმენტური ფილმის „რუსული გაკვეთილები“ შესახებ, მაგრამ რენი ჰარლინის ფილმი უნდა განვიხილოთ იმ კონტექსტში, რომელშიც ის იყო ჩაფიქრებული და ნამდვილად არ ქმნიდა გადაჭარბებულ მოლოდინს, როგორც ამას აღნიშნავენ ჩემი კოლეგები. თავიდანვე ცხადი იყო ის, რომ რენი ჰარლინის „აგვისტოს 5 დღე“ („ან ომის ხუთი დღე“ და ა.შ.) შეიქმნებოდა იგორ ვოლოშინის „ოლიპმუს ინფერნოს“ საპირწონედ (ახალგაზრდა ამერიკელი ენთომოლოგისა და რუსი ჟურნალისტი გოგონას ისტორია), რომელსაც უნდა გაებათილებინა საქართველოსთვის წაყენებული ბრალდება და პრეტენზიები, თითქოს აგვისტოს ომი ქართულმა მხარემ დაიწყო… მეტიც, მას უფრო ამბიციური მიზანი ჰქონდა – არა ბრალდებაზე პასუხი და თავისმართლება, არამედ თავდასხმა. და თქვენ რას ელოდით?

ქვის ლედი

მსახიობი პრეტენზიული არ არისო, თუმცა მან ისეთი ნომერი მოითხოვა, რომელშიც ერთი სიგარეტიც კი არ უნდა ყოფილიყო მოწეული… ასე რომ, მისთვის ნომერს საგანგებოდ არჩევდნენ. მიუხედავად იმისა, რომ რენი ჰარლინის ფილმში სტოუნი არ თამაშობს, მაინც გეტყვით ორიოდე სიტყვით ამ მსახიობის შესახებ. ცნობილია, რომ მან სამსახიობო კარიერა ვუდი ალენის ერთ-ერთ ფილმით დაიწყო, თუმცა მის აღმავლობას უკავშირებენ პოლ ვერჰოვენის სკანდალურად ცნობილ ეროტიკულ დეტექტივს „ძირითადი ინსტინქტი“ (1993 წელს მტვ-ის კინოჯილდო გადასცეს ფილმისთვის „ძირითადი ინსტინქტი“ ნომინაციაში „ყველაზე სასურველი ქალი“. თუმცა მას არ გაუმართლა, რადგან 2007 წელს მიიღო „ოქროს ჟოლო“ ფილმისთვის „ძირითადი ინსტინქტი 2“ ნომინაციაში „წლის ყველაზე ცუდი მსახიობი“), რომელშიც შერონს სტოუნი მომხიბვლელ მწერალსა და მკვლელს თამაშობს. ამ როლზე 14 მსახიობმა უარი თქვა (მათ შორის მიშელ ფაიფერმა და იზაბელ აჯანიმ, რომელიც ცნობილია პატრის შეროს შეუდარებელი და სკანდალური ფილმით „დედოფალი მარგო“), თუმცა შერონ სტოუნი უფრო გამბედავი აღმოჩნდა და ბრწყინვალედ შეასრულა ქეთრინის როლი. ამან, ბუნებრივია, მისადმი სტერეოტიპული დამოკიდებულება შექმნა, რომელიც ჩარჩოში აქცევდა მსახიობს და აქცენტს აკეთებდა ეროტიკულ როლებზე. მაგრამ მარტინს სკორსეზეს წყალობით მან ნამდვილად მოახერხა ამ ჯადოსნური წრის გარღვევა და საკმაოდ წარმატებულად შეასრულა ერთ-ერთი როლი მის საკულტო ფილმში „კაზინო“ (ამ როლისთის მან „ოქროს გლობუსი“ მოიპოვა და ნომინირებული იყო „ოსკარზე“), რომელშიც მისი მეწყვილე, როგორც გახსოვთ, რობერტ დე ნირო იყო. ამის შემდეგ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, შერონს სტოუნი კიდევ ერთ ფილმში შესრულებული დრამატული როლით დამამახსოვრდა – ეს არის ფილმში „ალფა დოგი“ შესრულებული როლი (ნიკ კასავეტესის ფილმი, რომელიც გადაღებულია რეალურ ამბავზე). საინტერესოა, რომ 2002 წელს შერონ სტოუნი იყო „კანის“ საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის წევრი. თუმცა მანამდე 2001 წელს მსახიობი სიკვდილის პირას იდგა – ტვინის სისხლძარღვების პრობლემის გამო. ასევე, ცნობილია, რომ მსახიობს აქვს დიაბეტი, ამიტომ ტკბილეულზე კატეგორიულად უარს ამბობს. თუმცა ნახეთ რა კარგად გამოიყურება 53 წლის მსახიობი… სხვათა შორის, შერონ სტოუნმა 1998 წელს გააფორმა ხელშეკრულება ფირმა „რალფ ლორენთან“ დაახლოებით 18 მილიონ დოლარზე და ამრიგად გახდა ყველაზე ძვირადღირებული მსახიობი ქალი, რომელიც გადაიღეს რეკლამაში; ჰოლივუდში მას „ქვის შერონს“ უწოდებენ და ამით ხაზს უსვამენ როგორც მის გვარს (სტოუნ – ინგლისურად ქვას ნიშნავს), ისე ხასიათს, რომელიც საკუთარ თავზე გამოცადეს ჰოლივუდის ყველაზე კერკეტმა კაკლებმა 🙂 მამაკაცებმა – სილვესტრ სტალონემ, არნოლდ შვარცენეგერმა, მაიკლ დუგლასი. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ შერონ სტოუნი დიდი ქველმოქმედია და ფილანტროპი. მაგალითად, 2005 წელს აფრიკაში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე ტანზანიის სახელმწიფოს პრეზიდენტის ბენჟამინ მკაპუს გამოსვლამ ქვეყანაში არსებულ კრიზისზე და დაავადებების პრევენციის აუცილებლობაზე იმდენად იმოქმედა მასზე, რომ შერონ სტოუნმა გააწყვეტინა მას გამოსვლა და საჯაროდ გადასცა 10000 დოლარი კოღოს საწინააღმდეგო ბადეების საყიდლად სიტყვებით „ამ თანხით თქვენ შეგიძლიათ იყიდოთ საკმაოდ ბევრი ბადე დღეს ღამით რომ დაიცვათ ბავშვები… კიდევ ვინმეს ხომ არ უნდა ქველმოქმედების გაღება?“ იკითხა მან და საინტერესოა, რომ ზუსტად 5 წუთში 1 მილიონი აშშ დოლარის მობილიზება მოახერხა ტანზანიის ბავშვების გადასარჩენად. სიმართლე გითხრათ, ამ ფაქტის გათვალისწინებით მეგონა, რომ სტოუნი რაღაც „შტუკას გააძრობდა“ და ბიზნესმენებს იმაზე მეტად გაწეწავდნენ, ვიდრე გაწეწეს 🙂

პატრიოტული “სააბრაჟენიებით”…

2011 წელს ჩვენ, ქართველებიც და რუსებიც ჯიუტად ვიცავთ ჩვენს პოზიციებს. ერთმანეთს მუშტს ვუღერთ და ისევ განვაგრძობთ სამხედრო რიტორიკას, რომელიც კარგს არაფერს უქადის პერიფერიაზე მცხოვრებ “უბრალო მოქალაქეებს”. რატომ ვამახვილებ ამაზე ყურადღებას? ფილმის პროდიუსერებად მოგვევლინენ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია და კობა ნაყოფია („მადნეულის“ და „კვარციტის“ ერთ-ერთი მეწილე და მმართველი); ატყდა ერთი ამბავი, ოპოზიციაც ითხოვდა ინფორმაციას როგორც ფილმის ჯამური ბიუჯეტის, ისე კონკრეტული დამფინანსებლების შესახებ. სკანდალს ის მასშტაბი არ მიუღია, როგორიც მოსალოდნელი იყო, თუმცა მაინც აღინიშნა, რომ ფილმზე იხარჯება ბიუჯეტის თანხები და ა.შ. როგორც გახსოვთ, 2005 წელს რუსული დუმის დეპუტატმა – ალექსეი მიტროფანოვმა დააფინანსა პორნოგრაფიული ფილმი და თავადვე დაწერა მისთვის სცენარი, რომელიც მოუწონეს დუმაში… ამ ფილმში საქართველოს და უკრაინის ორი პირის კავშირი იყო გაშარჟებული ბუნებრივია (მიხეულ სააკაშვილი – იულია ტიმოშენკო), მაგრამ აქ სხვა რამ საყურადღებო: მიტროფანოვს თუ არ ეთაკილა და საქვეყნოდ შეირცხვინა თავი არა მხოლოდ საკუთარ ქვეყანაში, როგორც ამაზე მოწმობს რუსული ფორუმებზე არსებული უკუკავშირი, რატომ არ შეიძლება რომ ასიმეტრიული საინფორმაციო ომის დროს ქართველმა პოლიტიკოსებმა მიიღონ მონაწილეობა პროპაგანდისტული ფილმის შექმნის პროცესში? ერთი რჩევა – ნამეტანი პანაცეად ნუ აქცევთ ახლა ამ ფილმს რუსეთ-საქართველოს ომში! რაღაც მისიის მატარებელი ნუ გახდება ახლა ჩვეულებრივი მძაფრსიუჟეტიანი ფილმი, რომელშიც, როგორც მაყურებელი ამბობს, პომიდვრებიდან მიღებული ტომატის პასტა უფრო ჩანს, ვიდრე დაღუპული გმირების სისხლი…

P.S. დანარჩენს ფილმის ნახვის შემდეგ მოგახსენებთ.

Comments
  1. Nini Deida says:

    გიორგი, ეგრე გავიგე, თრიალეთში 3 ლარი ღირს ბილეთიო და მართალია? 😀 😀 😀

    • kalatozik says:

      😀 ავატარზე უფრო იაფია? 🙂 არადა იგივე დონის ფანტასტიკა არისო და წესით ერთი ფასი უნდა ქონდეს

      • Nini Deida says:

        ავატარი სამგანზომილებიანია და ეტყობა ამის გამო ღირს ძვირი 🙂
        ისე კი, ვისაც ეგ ომი თავად უნახავს, არა მგონია ფილმის ნახვის სურვილი ჰქონდეს, მე პირადად არ მინდა ნახვა და იმ განცდების განახლება, რაც მაშინ გადავიტანე.
        ჯერ ფილმის გადაღების დროს რა დღეში ვიყავი თვითმფრინავებს და ტანკებს რომ ვხედავდი. მაბრაზებს ის ფაქტი, რომ ის ხალხი, ვინც ომის დროს კონცერტზე იდგა და მღეროდა, კონოთეატრებიდან აცრემლებულები გამოდიოდნენ. ამერიკელებმა უნდა აგვატირონ, აუცილებელია?

      • kalatozik says:

        მოდი მაინც ნახე. მე ძალიან მაინტერესებს გორელები რეაქცია ამ ფილმზე.

      • Nini Deida says:

        რა თქმა უნდა ვნახავ, ისე რა მომასვენებს, მაგრამ იოლი ნამდვილად არ იქნება იმ ყველაფრის გაცოცხლება.

      • kalatozik says:

        მაინტერესებს შთაბეჭდილებები, მართლაც ისეთი სენტიმენტალური ფილმია, როგორც ამბობენ თუ ისე რა. როგორც წესი, ამერიკელებმა იციან ყველაფრის გადამლაშება და ამ ფილმშიც ალბათ ხშირად ფრიალებს ჩვენი დროშა და “ჩესტსაც” ისე უღებენ, როგორც ჰოლივუდის ფილმებში.

  2. Nini Deida says:

    ვნახოთ, ვნახოთ, წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, დიდად არც ამერიკული კინოს ცოდნით გამოვირჩევი 🙂

  3. Nini Deida says:

    ინტერნეტშიც დაიდო ლინკი ეხლა ვუყურებ, სიმართლე გითხრა, პირველი თავდასხმის სცენაზე ისტერიკაში არ ჩავვარდნილვარ, ვიცოდი, რომ ნამდვილი სისხლი არ იყო,

    • kalatozik says:

      მე კიდევ დღეს ვნახე მაგ ფილმის ნაწილი ავტობუსში და შოკში ვარ

      • Nini Deida says:

        ჰოო,გაგრძელება არ დამიწერია, მეც ნაწილი ვნახე და როცა ბოლომდე ვნახავ, აუცილებლად დავწერ ჩემ აზრს.
        ერაყში იყო თუ ავღანეთში ზუსტად ვერ დავიმახსოვრე, თავდასხმის სცენის შემდეგ მქონდა სწორედ ეგ რეაქცია, დადგმულია თქო და ვიცი ნამდვილი არ არის თქო. მერე ნამდვილები რომ დაიწყო და ფეხებმოჭრილი ადამიანები (ნამდვილები) რომ აჩვენეს, მგონი წნევა დამემართა. ძალიან მინდოდა გადაჭარბებული ყოფილიყო, მაგრამ ნამდვილად არაფერი არ იყო გადაჭარბებული ჯერჯერობით იმაში, რაც ვნახე, სამწუხაროდ. ეგ სცენები ალბათ ინტერნეტში ატვირთული რეალური კადრებიდან იყო (მოხუცი ქალის მოკვლა, დაჩოქება ბიჭების და დამცირება). ერთი სიტყვით, წნევასაც გეტყვი რამდენი მექნება ფილმის დასასრულს.

  4. litterator says:

    ან ფეისბუქ ლაიქ დაამატე ან შეარ ან ტვიტერის ან რა ვიცი 😀

    • kalatozik says:

      მე სოც. მედიის სემინარ-კონფერენც-ტრეინინგებზე მიყვარს სიარული და სოც. მედიის გაგნებაში არ ვარ ისე :D:D:D მითხარი, საიდან და როგორ დავამატო და რა თქმა უნდა დავამატებ 🙂

  5. kalatozik says:

    დანქე ლიტერატორ 🙂

Leave a comment