Archive for the ‘Memento’ Category

botichelis veneraდღეს მოკლე სამუშაო დღეა. წესით სახლში უნდა მივიჩქაროდე, ელენიკოსთან. მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ელენიკო მიყვარს ძალიან, იმის გაზიარება მომინდა თქვენთვის, რამაც ლამის დეპრესიაში ჩამაგდო. რამდენიმე დღის წინ თინა მოსიაშვილმა, ჩემმა მეგობარმა და კოლეგამ, წასაკითხად გადმომიგზავნა ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის მიერ და მისი მხარდაჭერით შემუშავებული საინფორმაციო მასალები და კვლევები. გულდასმით წავიკითხე, გზადაგზა ვინიშნავდი რაღაცეებს და ბოლოს მივხვდი, რომ ერთი პოსტი უნდა დამეწერა საქართველოში მცხოვრები ქალების მძიმე ყოფაზე.

8 მარტს ყველა ქალს ულოცავენ. აღმოჩნდა, რომ მარიამ ღვთისმშობლის წილნაყარ ქვეყანაში ბევრ მათგას ამ დღეს გადარჩენასაც ულოცავენ. ქალთა საერთაშორისო დღეს ვარდების სურნელი თუ არა, მათი ეკლები ბევრს ახსოვს. 2010 წელს ძალადობისაგან დაცვის ეროვნულმა ქსელმა ქვეყნის მასშტაბით 1252 ქალბატონი გამოკითხა, რომლიდან 852–მა (68%) ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო და, ალბათ, დღესაც არის. ოჯახური ძალადობის მსხვერპლიდან 85% ეთნიკური ქართველია, 6% აზერბაიჯანელი, 4% სომეხი და 2% ოსი. როდესაც თინას ვკითხე, ეს მონაცემები რამდენად შეცვლილიათქო? შეიძლება თუ არა საქართველოში დღესაც იგივე ვითარება იყოს–მეთქი? – პასუხი, სამწუხაროდ, დადებითი იყო.

აღმოჩნდა, რომ ქალზე ძირითადად სახლში ძალადობენ. სწორედ იმ ადგილას, რომელიც, წესით, უნდა იყოს ყველაზე უსაფრთხო მათთვის. ამ ქვეყანაში მგონი მასკულინური დევიზია “ჩემი სახლი – ჩემი ციხე სიმაგრეა”, თორემ გენდერული ნიშნით და ამ სტატისტიკის მიხედვით თუ ვიმსჯელეთ, ქალისთვის მისი სახლი – მისი ციხეა. ციხეში კი მკაცრი რეჟიმია. იმ ფაქტმა გამაოგნა, რომ მსხვერპლი თავისი “კეთილი ნებით” სამუდამო პატიმრობას ეგუება – უმეტესი მათგანი იმდენად დამოკიდებულია ფინანსურად და მატერიალურად ქმარზე, რომ დამცირებული და შეურაცხყოფილი თავს აფარებს სახელმწიფო თავშესაფარს, მაგრამ სამთვიანი სულისმოთქმის შემდეგ უკან ბრუნდება მოძალადის სახლში და სიცოცხლის ბოლომდე თავისებური მეხამრიდის ფუნქციასაც ასრულებს, რათა მასზე გაბრაზებულმა მეუღლემ ჯავრი არ იყაროს ბავშვზე… ღმერთო ჩემო, რა საშინელებაა, როდესაც ასე თავგანწირვით გიწევს ცხოვრება… ღმერთო ჩემო! თავშესაფრებში კი ძირითადად ისეთი ქალები ხვდებიან, რომელთა მიმართ წლების განმავლობაში ხორციელდება ძალადობა… ანუ ეს ის კონტინგენტია, რომელიც შეგუებულია ძალადობას და უკიდურეს შემთხვევაში მიმართავს ქსელს თუ პოლიციას დასახმარებლად (ღმერთო ჩემო!).

2009 წელს 201 პოლიციელი გამოკითხეს, რომელთა 92% აღნიშნავდა, რომ საქართველოში ოჯახური ძალადობა სერიოზული პრობლემაა. თუმცა ამის აღქმა არ კმარა – მსხვერპლის 74% არ მიუმართავს პოლიციისთვის შემთხვევის დროს. პოლიციას დახმარებისთვის უკიდურეს შემთხვევაში მიმართავენ და ეს არის განმეორებითი დანაშაულის მაპროვოცირებელი გარემოება და დანაშაულის ზრდის ირიბი თუ პირდაპირი ხელშეწყობა, რადგან რა მოწადინებული და პროფესიონალიც უნდა იყოს პოლიციელი, ის ვერ აღმოაჩენს შავ კატას ბნელ ოთახში, მით უმეტეს მაშინ, როცა ის იქ არ არის… ფაქტი თუ არ დაფიქსირდა, დამნაშავეს ისე როგორ დასჯი? მაგრამ აქ მეორე პრობლემას ვაწყდებით – პოლიციელების ჩარევის გამო მცირდება ფიზიკური ძალადობის ფაქტები და ოჯახური ძალადობა სხვა ჭრილში გადადის – ფარულ, ლატენტურ სტადიაში, როდესაც მართლმსაჯულების წინაშე არსებული შიშის გამო სუსტი და უსუსური მამაკაცები ამჯერად ქალზე ფსიქოლოგიურად ძალადობენ. სამართალის ძიებაში ქალი სასამართლომდეც რომ მივიდეს, მოძალადეზე ჩივილი პროცესის დროს ხშირად წყდება, რადგან მსხვერპლს სტერეოტიპული აზროვნების გამო არ სურს „მისი შვილების მამის გაწირვა“. საბოლოოდ დავრწმუნდი იმაში, რომ დედობრივი ინსტინქტი უფრო ძლიერია, ვიდრე მამობრივი… მაგრამ რად გინდა ასეთი ქმარი? ან მამა? ან მამაკაცი? რად გინდა, გეკითხები?

კვლევაში ვკითხულობ: “ძირითადი მიზეზი რის გამოც მსხვერპლი არ მიმართავს დახმარებისთვის ექიმს – პირველ რიგში სირცხვილის გრძნობაა და დანაშაულის შეგრძნება (!) იმაზე, რომ ქმარი ან მეწყვილე ასე ექცევა…” არანორმალურები ხართ! დანაშაულის კომპლექსი გაგიჩნდათ? მაგრამ თქვენ რას გერჩით, როდესაც აგერ საზოგადოების დამოკიდებულება თავზარს გცემს. ამ ძველი კვლევის მიხედვით, სამოქალაქო საზოგადოება კი არა, ნამდვილი მონსტრები ვყოფილვართ!!! ამონარიდი წიგნიდან “ხმა მდუმარეთა”: “2009 წელს ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის ჩატარებული ეროვნული კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 52.1% აზრით, თუ მამაკაცი მეუღლეს ცუდად ექცევა, ოჯახის სხვა წევრები არ უნდა ჩაერიონ; ხოლო 30.7%აზრით, ოჯახში ძალადობა პირადული საკითხია და დაუშვებელია მასში კანონის ჩარევა. 34.1% გარკვეულ შემთხვევებში ამართლებს ქმრის მიერ ცოლის ცემას. 50.7% -ის აზრით კი, კარგი ცოლი ქმარს უნდა უჯერებდეს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ ეთანხმება; 44.9%-ის აზრით, აუცილებელია მამაკაცმა ცოლს/პარტნიორს კარგად დაანახოს, ვინ არის ოჯახის უფროსი…” 

“50.7% -ის აზრით კი, კარგი ცოლი ქმარს უნდა უჯერებდეს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ ეთანხმება”… მაშინაც კი თუ არ ეთანხმება? ვაი მე! “ჩემი სახლი – ჩემი ციხეა” და 21–ე საუკუნის მონობის უღელი… აბა რა, ჩვენ, მამაკაცებს ხომ თამამად შეგვიძლია დავანახოთ ცოლს და ისედაც, ზოგადად სხვა ქალებს, Кто в доме главный! კი, შეგვიძლია, რადგან ჩვენს უკან – საზოგადოებაა და მხარდაჭერა! ექსპერტების თქმით, საზოგადოების მხრიდან ზეწოლა მსხვერპლზე (სტიგმა, მაგალითად) უფრო ხშირია, ვიდრე მოძალადეზე. ნამდვილად! გახსოვთ, ალბათ, 90–იან წლებში რომ ქალწულს “მოიტაცებდნენ” სადმე და მისი დისკრედიტაციისთვის ესეც კი იყო საკმარისი, თუნდაც მამაკაცს არ დაემყარებინა მასთან სქესობრივი კავშირი… რა მნიშვნელობა აქვს მაგას, მაინც იტყოდა ვიღაც უგუნური “იხმარა”, ან “ნახმარია” და ამის შემდეგ უკვე ოჯახის ღირსების საკითხი იყო გოგონას დარჩენა გამტაცებელთან. გამოდის, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ქალზე ძალადობას? იმ 30.7% მოქალაქის თავში ჩამახედა, რომელიც მიიჩნევს, რომ ოჯახში ძალადობა პირადული საკითხია და დაუშვებელია მასში კანონის ჩარევა.

8 მარტიო, ხო?! ამაზრზენია! ვიდრე ქვეყანაში მოჩვნებითი კანონმორჩილება და ასეთივე მოჩვენებითი თუ ეფემერული სამოქალაქო საზოგადოება გვეყოლება, არც პატრული გვიშველის, არც უბნის ინსპექტორი და არასამთავრობო სექტორის მეცადინეობა. მე მამას ვგავარ, რომელიც საყვარელ ქალს პატივს სცემდა და უყვარდა… და ჩემი შვილიც მე დამემსგავსება, იმედია… მიხარია, რომ აქ დავიხარჯე, აქ დავხარჯე უარყოფითი ემოცია და სახლში მივდივარ საყვარელ ადამიანთან დიდი მონატრებით, მაგრამ დანაშაულის გრძნობით. ხო, რა იყო, მსხვერპლ ქალს თუ აქვს სირცხვილის გრძნობა და დანაშაულის შეგრძნება (!) იმაზე, რომ ქმარი ან მეწყვილე ასე ექცევა, მეც ხომ შეიძლება ვიყო სოლიდარული და განვიცადო ის ფაქტი, რომ ასე ექცევა საკუთარ მეუღლეს ზოგი მამაკაცი!

ფბ-ზე დავპოსტე რამდენიმე დღის წინ “ქალი სულ ხელით უნდა ატარო… რა დროსაც მიწაზე დაუშვებ – გაგექცევა!” მიწაზე დაშვების თუ “დამიწების” სხვადასხვა მეთოდი არსებობს: შეგვიძლია საყვარელ ქალს დაბადების დღეზე ძვირადღირებული და ხარისხიანი ქვაბი ან ტაფა ვაჩუქოთ. ხო, რა იყო? მამაკაცის გულისკენ გზა, კუჭზე გადისო და… თუმცა, იმის გათალისწინებით, რომ ქალს ყურებით უყვარს, შეგვიძლია სადღეგრძელოების სერია მივუძღვნათ და გვისმინოს FM სიყვარულის ტალღაზე… ყველაზე მეტი დამიწება, წაქცეულზე ფეხის დაჭერას რომ ჰგავს უფრო მეტად, ერთ გათქვეფილ ფრაზას შეუძლია – “მე ჩემი ცოლი იმიტომ მიყვარს, რომ ჩემი ბავშვების დედაა!” არადა სიყვარული სხვა რამ არის. ერთ-ერთ სამედიცინო ჟურნალში წავიკითხე, ხანდაზმულ წყვილს მათი ყველაზე მღელვარე ასაკის დროინდელ ფოტოებს რომ უჩვენებდნენ, ტვინი სწორედ იმ ნივთიერებას გამოყოფდა, რომელსაც ადამიანის ეს ორგანო სიყვარულის პიკზე გამოყოფს… სიყვარული სპირტი არაა, რომ აორთქლდეს. სიყვარული იქამდე ცოცხლობს, სანამ ჩვენ მას ვკვებავთ.

სიყვარული რთული რამ არის. შალივით არის – თან გათბობს, თან გაწუხებს. იმ განცდას არაფერი სჯობს, დილის საუზმის მზადებისას ჩაის კოლოფში რომ ობლად შემორჩენილ ჩაის პაკეტს აღმოაჩენ… და იქვე მეორე აღმოჩენასაც გააკეთებ, რომ თურმე ხსნადი ყავა უფრო გყვარებია, ვიდრე ჩაი… მე გამიმართლა – ელენე, ჩემი ცოლი, დილით ყოველთვის ყავას მიირთმევს და არასოდეს დავუყენებივარ დილემის წინაშე – “ან – ან” 🙂 სიყვარული ურთიერთგაგებაა, ცხადია. ოღონდ ისეთი ურთიერთგაგება, როდესაც საყვარელი ადამიანი სარკის წინ ორ სხვადასხვა სტილის საყურეს ატრიალებს, გეკითხება “რომელი გავიკეთო?” და შენ ბაგირზე მოსიარულის პოზიციაში დგები, რადგან უნდა მიხვდე თუ რომლის მორგება სურს… კითხვის დასმისას “რომელი გავიკეთო?” სინამდვილეში სხვა რამეს გვეუბნებიან – “რომელი მინდა გავიკეთო?” ინტუიცია კი მამაკაცებს, რბილად რომ ვთქვათ, არ გვაქვს განვითარებული 🙂 სიყვარული რთული რამ არის 🙂

სოციოლოგებმა და ფსიქოლოგებმა კარგად იციან რას ნიშნავს ე.წ. ემოციონალური რეზონანსი – რედეოსაც ერთი ადამიანის განწყობა გრიპივით ვრცელდება მეორეზე. ცოლ-ქმრის ურთიერთობაში ეს ემოციონალური რეზონანსი ხშირი მოვლენაა, როდესაც ცუდ გუნებაზე მყოფი საყვარელი ადამიანის მდგომარეობის ახსნა-განმარტებას ვერ პოულობ, მაშინ თავს გრძნობ ხოლმე გალიაში გამოკეტილი მხეცივით. თან საყვარელი ადამიანის უხასიათობას საკუთარ თავს აბრალებ. გულის სიღრმეში განიცდი იმას, რომ რაღაცა ისე არ გააკეთე და ამის შედეგი სახეზეა 🙂 ეს კი მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს და იმ ადამიანებს, რომლებიც დაბადების დღეზე არც ქვაბებს ვჩუქნით და არც ბავშვების გამო გვიყვარს საყვარელი ქალი, ურთიერთობების სრულყოფის მოტივაციას გვაძლევს…

მე შენ მიყვარხარ. ბედნიერი ვარ, რომ ამ ქვეყნად გაჩნდი და მეც ხელახლა დავიბადე შენთან ერთად. მე შენ მიყვარხარ მარკესის სიტყვებით I love you not for whom you are, but who I am when I’m by your side… და რა კარგია, რომ ეს სიტყვები არ არის სინონიმი აღიარებისა “იმიტომ მიყვარხარ, რომ ჩემი ბავშვების დედა ხარ”…

ეს ფოტო მე და ელენემ გადავიღეთ ერთ-ერთი ფოტოკონკურსისთვის. ფოტოკონკურსი ხელახლა გამოცხადდა, მაგრამ ეს ფოტო შესარჩევ ტურშიც კი ვერ გავიდა. მე მაინც მომწონს, რადგან მიმაჩნია, რომ ასე თუ ისე გადმოსცემს ნარკომომხმარებლების ტრაგიზმს – დაკარგული წლები, დაკარგული ურთიერთობები. ეს ტორტი ძალიან ბევრს ეცნობა.

ხოო, ალბათობა იმისა, რომ ალიგატორი შეგჭამთ იმაზე უფრო დიდია, ვიდრე ის, რომ ლატარეაში სოლიდურ თანხას მოიგებთ. მე, მაგალითად, რეგიონში თუ მიყიდია ლატარეა იმ პრაგმატული გათვლით, რომ იქ, სადაც მსყიდველუნარიანობა გაცილებით დაბალია, ვიდრე ცენტრში, კომპანია შეეცდემა მოახდინოს რეგიონში გაყიდვების ზრდის სტიმულირება მომგებიანი ბილეთების გადანაწილებით. ანუ გაცილებით მეტ მომგებიან ბილეთს გაუშვებს რეგიონების მიმართულებით, რასაც რეკლამებში დაფიქსირებული იღბლიანი ადამიანების წარმომავლობაც ადასტურებს.

დღეს რატომღაც მომინდა ლატარეის რამდენიმე ბილეთის ყიდვა. მივედი ჯიხურთან და რაც კი თვალში მომხვდა, ყველაფერი ვიყიდე. რა თქმა უნდა თითო-თითო. გზად პირჯვარი გადავიწერე (აშკარად ზედმეტია, ვიცი), თუ მოვიგე, მოგების 20% ეკლესიას შევწირავთქო (ხო, ესეც ზედმეტი იყო, ვიცი). არ ვიცი, პატარა მოგების მოლოდინში ვიჟმოტე და მეტი ვერ გავიმეტე. ვიფიქრე, ახლა 10 ან 5 ლარი თუ მოვიგე და ამის 50% ეკლესიას შევწირე, მე რა უნდა დამრჩესთქი. მოკლედ, გადავფხიკე და მოვიგე… ჯერ 2 ლარი, მერე 20 ლარი. მივედი იმავე ჯიხურთან და 10 ლარის ლატარეა ვიყიდე ისევ. აღარაფერი მომიგია. ჩავჯექი მანქანაში და დოლიძით გადავწყვიტე ბახტრიონზე გადასვლა. დოლიძეზე ეკლესიასთან შევჩერდი (არ ვიცი ვისი სახელობისაა, შესაწირი ყუთი იდო და მეც შევაჩერე მანქანა). გადმოვედი და შესაწირ ყუთთან შევყოვნდი… 22 ლარი ხომ მოვიგე? ხოდა მაგის 20% 4 ლარზე მეტი გამოდიოდა, მაგრამ მაშინ სვერხუ ჩემი ფულიც უნდა დამედო და აქაც ვიჟმოტე და მოგებული 10 ლარის 20%, ანუ 2 ლარი ჩავაგდე… უფრო მეტს მაშინ ჩავაგდებ, როცა დიდი კუშის მოგების ალბათობა იმაზე მეტი მექნება, ვიდრე იმის, რომ ნიანგი შემჭამს ჩიხში!

“აუ, შენ რა სულ ნიდავოლნი ხარ!”, – მითხრა ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა. თავიდან კი მეწყინა, ვიფიქრე საკუთარი თავისთვის არ შეუხედავს სარკეში დიდი ხანიათქო, მაგრამ მერე მეც თავის მხრივ ობიექტურ სარკეში – საყვარელი ადამიანის თვალებში ჩავიხედე და მივხვდი (ანუ თვალებმა მითხრეს), რომ სახის “ნიდავოლნი” გამომეტყველება მცდარ იმიჯს მიქმნის სხვის თვალში 🙂 ამიტომ ამის შემდეგ წავედი და ჩამოვაყალიბე ორგანიზაცია “პოზიტივი”. ჩამოვაყალიბე იმის დასტურად, რომ უნდა ვეძიოთ პოზიტიური მუხტი მაშინაც კი, როდესაც ფონი გვაქვს აბსოლუტურად განსხვავებული. ჩემი ორგანიზაციის მიზნად დავსახეთ პოზიტიური ცვლილებები და სოციალური მარკეტინგი, რომელიც ახალი, მოუმწიფებელი, მკვახე ხილია საქართველოში. მაგრამ მე თუ გადავწყვიტე პოზიტიურ რელსებზე ფეხის შედგმა, სხვა ვერ შემაშინებს 🙂 ობამას change მექნება მამაო ჩვენოსავით. პირველ რიგში ჩვენ ვიწყებთ C ჰეპატიტის თემაზე მუშაობას და ამ მიმართულებით საზოგადოებაში პოზიტიური ცვლილებების ინიციირებას ვაპირებთ. ერთი პროექტიც კი მაქვს მოფიქრებული და მთავარია ამ პროექტის სამიზნეს ჯგუფების სამიზნედ არ ვიქცეთ, ამის მოლოდინი კი პროექტის არსიდან და კონცეფციიდან გამომდინარე რეალურად არსებობს. ამის შესახებ მერე დავწერ, აქ კი მხოლოდ იმას დავამატებ, რომ მართლაც უნდა ვისწრაფვოდეთ იმისკენ, რომ ჩვენი საქმიანობით ვაქციოთ რეალობად ფრაზა today is better than yesterday.

დეგენე-რატი

Posted: January 6, 2012 in Memento

ერთი უბნელი მყავდა – რატი (გვარს, რომ მომკლა, მაინც არ ვიტყვი!). უსაქციელობის გამო სულ ასე აჯავრებდნენ “რატი, რატი, დეგენე-რატი”… იშვიათი ეგზემპლარი იყო, აი, ისეთი, პირველ სექსუალურ შთაბეჭდილებებს მტვერსასრუტს რომ უკავშირებენ და დარვინის პრემიის ღირსეული ლაურეატები რომ ხდებიან ამდაგვარი სუბლიმაციების გამო. იშვიათი ეგზემპლარი იყო! ბორდიურს რომ მიუყვებოდა ვინმე სერიოზული სახით ეუბნებოდა, ფრთხილად იარე, სუბორდინაცია არ დაგერღვეს, არ ჩამოვარდეო! ასეთი იყო რატი-რატი-დეგენე-რატი, კეთილი ნატურით და ფიტულივით უტვინო. მის შემხედვარე ერთი ზღაპარი მახსენდებოდა (Волшебник изумрудного города), რომელშიც ასეთივე უტვინო საფრთხობელა დაიარებოდა… დიდი ხანია არ მინახავს რატი-რატი-დეგენე-რატი. სანამ ცოლს შეირთავდა “ვერანდაზე” შემხვდა, გადამეხვია, მომიკითხა, ერთი ჭიქის დალევა მთხოვა (თუ მომთხოვა? მგონი მეორეს უფრო ჰგავდა თავისი ძალდატანებითა და სუფრისკენ დაქაჩვით). აქაც კი მოახერხა გამორჩევა მასების ფონზე – მჟავე კიტრის წნილს მიირთმევდნენ გომთან ერთად… ალბათ მაგარია ვერანდაზე კიტრის წნილით ამჟავებული ყელის გაგრილება ცივი და, რაც მთავარია, განახლებული გომით… ცოლს ირთავდა. სმს ლამის ყოველ 10 წუთში მოდიოდა, ისიც მომღიმარე სახით პასუხობდა, თან ძმაბიჭებს ეპასუხებოდა წარმოთქმულ სადღეგრძელოზე, გაიხარეთ, გაიხარეთო, მაგრამ ტელეფონიდან მზერას არ წყვეტდა და კოტიტა თითებით კრეფდა mec dzzzzzaaliaan mikvarxar chemo papaskuna 🙂 უცებ გამომიტრიალდა და მეკითხება “რამე არ იცი ისეთი, რომ მივწერო?” რა უნდა მიწეროთქო? – ვიფიქრე, რაღაცა გამომრჩა და ვერ გავიგე კარგად, მაგრამ მერე “მოვწვი” და დავეკითხე “სასიყვარულო მესიჯის პონტშითქო?” და იმანაც გამიღიმა. ხოდა, გამახსენდა მარკესის სიტყვები, მაგარი სიტყვები: I love you not for whom you are, but who I am when I’m by your side. არ ვიცი, მოეწონა თუ არა, ალბათ სნობობამ სძლია და ამიტომაც დაუმესიჯა. გაიხარეო, მითხრა და შენ გაიხარეთქო, მივუგე და გადავჯექი ჩემებთან. მოკლედ, დრო გავიდა, რამდენი არ მახსოვს, მაგრამ უკვე დაოჯახებული რატი შემხვდა კომუნალური გადასახადების დაფარვის დროს საქართველოს ბანკის აპარატთან. ისე არ გაუხარდა, როგორც მაშინ, გადამკოცნა, ხუთლარიანი შეაცურა ბანკომატში… რას შვები, რატი, როგორ ხარ? სიმართლე ითქვას, ისე იქცეოდა, დიაგნოზს უფრო ველოდი, ვიდრე პასუხს, მაგრამ უცებ სახე გაუნათდა და “აუ, მარკიზის სიტყვები გამახსენდა. ლალოს მაგრა გაუსწორდა, მარააა, ძმობას ვფიცავარ, ეგრევე მოწვა, რომ ჩემი არ იყო… გამბურღა და მერე ვუთხარი, რომ მარკიზის სიტყვებია…” მარკიზი არა ჟალუზი! ეგ რამ გათქმევიდა, შე დოყლაპია და უტვინო?! მარკიზ დე სადი მაინც გეთქვა, მარკესი თუ არ იცი! ეეეჰ, რატი-რატი კი არა დეგენე-რატი ხარ მართლა… ამას ვფიქრობდი და ბანკომატში ორლარიანს ვაგდებდი…

მენატრება

Posted: January 3, 2012 in Memento

მომენატრეთ ყველანი: წარსულები – უდროო და დროული, ახალგაზრდა და ხანდაზმული, ჩემი სისხლი და ხორცი და სხვისი სისხლის მქონეც, რომელიც შესისხლხორცებული მყავდა და მენატრება… უზომოდ მენატრება. 2 იანვარს მამაჩემის დაბადების დღეა. აგერ უკვე თითქმის 19 წლის განმავლობაში ახალ წელზე უფრო დიდი ჟინით, სიყვარულითა და სიხარულით აღვნიშნავ, რადგან ამ დღეს იშვა ის ადამიანი, რომელიც 18 წლის წინ მომიკლეს აფხაზეთში. მიყვარს იმის გახსენება, რომ დაიბადა! ყოველთვის მავიწყდება 7 დეკემბერს, მისი დაღუპვის დღეს სანთლის დანთება. და არა იმიტომ, რომ გზად ეკლესიაში შევლა მავიწყდება, არამედ ძალდატანებით ვივიწყებ! ახალი 2012 წელია და ისევ ისე მენატრება, როგორც უწინ. მენატრება სამზარეულოში თავისთვის მოკალათებული, ფეხი-ფეხზე გადადებული, სიგარეტის კვამლში გახვეული, ოდნავ ჭაღარა შეპარული თმით… მენატრება ბავშვობისდროინდელი გადაცემები, რომლებსაც ტელეპროგრამების გაზეთში კალმით გვიხაზავდა მე და ნანკას. დებდა გაზეთზე სახაზავს, ლურჯი კალმით უსვამდა სიმეტრიულ ხაზს (მიკვირდა, როგორ იცავდა ამ სიმეტრიას ყოველ გვერდზე და ყოველ დღე) და გვიტოვებდა მრგვალ მაგიდაზე. ამ მაგიდაზე მიტოვებდა დიდ ჭიქაში თავის ჩაის, რომელსაც სიამოვნებით ვსვამდი და განსაკუთრებით მენატრება ახლა, “ლიპტონის” პროვოკაცია ჩაის როცა მივირთმევ. ბებიაჩემი მიყურებდა ხოლმე და, როგორც ეს ონკოლოგ ქალს შეჰფერის და ეკადრება, მომღიმარი სახით მეუბნებოდა “ცივი ჩაი ვნებს ორგანიზმს! გაციებული ჩაის ტოქსიკურ ნივთიერებებსაც შეიცავს… არ გამოვრიცხავ, რომ კიბოს სიმსივნის ზრდასაც უწყობდეს ხელს…” ეეეეჰ, ბებო, ბებო, ისე მენატრება ეგ ცივი ჩაი და მამაჩემის თბილი თვალები, რომ ჩერნობილში დაკრეფილი ჩაიც რომ ყოფილიყო, მაინც დავლევდი. მენატრება მამაჩემის მოყოლილი ისტორიები… არა, თხრობის მანერა უფრო მენატრება – თითოეული სიტყვით რომ აცოცხლებდა პერსონაჟს, გმირებს, თავგადასავლებს. ვიძინებდი და თავი მაგელანი მიმაჩნდა… ეეეჰ, რაის მაგელანი, იმდენ აღმოჩენას ვაკეთებდი, გადაცემაში “ვაკრუგ სვეტა” ვერ ნახავდა კაცი… მენატრება ყველაფერი, რაც უკავშირდება მამაჩემს. არ ვიცი ამას აქ რატომ ვწერ, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ამ პოსტის წაკითხვა საინტერესო იყოს ვინმესთვის ჩემს გარდა, მაგრამ 2012 წელი დადგა და სადღეგრძელოს თქმისას “ყველაფერი ცუდი დაგვეტოვებინოს 2011-ში” მახსენდება, რომ აგერ უკვე თითქმის 19 წელია ვიმეორებ ამ სიტყვებს.

რა მასწავლა ამ ცხოვრებამ?

  • სიცოცხლეზე ძვირფასი არაფერია, მაგრამ საკუთარ სიცოცხლეზე ძვირფასია საყვარელი ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნება;
  • სიკვდილზე სწრაფი არაფერია, მაგრამ სწრაფი სიკვდილი გაუაზრებელ ქმედებას ჰგავს და არ მოაქვს შვება;
  • საკუთარ სიკვდილზე მეტად საყვარელი ადამიანის სიკვდილი გაშინებს და, ესე იგი, სიკვდილზე მეტად გაშინებს მარტოობა;
  • ჯანმრთელობა ფასდაუდებელია, მაგრამ ჯანმრთელობის შენარჩუნებას დიდი ფასი ადევს;
  • რწმენა გაძლიერებს მაშინ, როცა გიყვარს; მაგრამ როცა არ გწამს და იჯერებ, ეს უკვე ფანატიზმია;
  • ფული ხელის მტვერია, მაგრამ ფული ერთადერთი მტვერია და „ბაქტერიაა“, რომლის მოშორებასაც არ ჩქარობ ხელიდან;
  • თვითკრიტიკა თვითგვემა არ არის, თვითკრიტიკა სხვისი განიარაღების ხერხია;
  • სიძულვილი გამცირებს, მაგრამ დამცირება გაიძულებს გძულდეს;
  • გარდაცვლილის სახე მეხსიერებიდან იშლება, მაგრამ მისი ხსოვნა რჩება;
  • არ არის აუცილებელი ეძებდე სტატიკას და საბოლოო მიზანს, რადგან ცხოვრებაში მუდმივად იცვლება შენი მიზნები და პრიორიტეტები;
  • სამსახური მსახურად გაქცევს თუ სამსახური არის უსახური;
  • ძმა-ძმისთვის შავი დღისთვის ერთჯერადი აქციაა, მრავალგზის დახმარებას მხოლოდ ოჯახი გაგიწევს;
  • დედა მამაზე მეტია, რადგან 9 თვე გატარებს, 18 წელი გზრდის და დარჩენილი ცხოვრება გარჩენს;
  • “დრო კურნავს” თუ გიყვარდა სახალხო არტისტი, მაგრამ არ კურნავს პირად იარას;

ანდერს ბრეივიკი მართლაც ყასაბია! ბავშვებს ასაფეთქებელი ტყვიებით ხოცავდა! მათ ახალგაზრდა სხეულს ნაფლეთებად აქცევდა! ყასაბია, რომელსაც, სავარაუდოდ, ქვეყნის კანონით გათვალისწინებულ მაქსიმალურ სასჯელს – 21 წელს მიუსჯიან! პლაზმური ეკრანი საკანში, მზარეულის რეცეპტით მომზადებული კერძი და საინფორმაციო გამოშვება, რომელშიც განვლილი კვირის ქრონიკას უყურებს… ამაზე ფიქრობს ახლა იმ 80-მდე დაღუპული ბავშვის მშობელი და არა იმაზე, რასაც ტოლმას ფარშივით გვტენის მედია – მას რთული ბავშვობა ჰქონდა, დედ-მამის გაშორების შემდეგ ტრამვირებულმა დედაზე მოახდინა საკუთარი ლიბიდოს პროეცირება და ა.შ. და ა.შ. თუ მედია, მათ შორის ქართული, მიზნად ისახავს მაყურებელში სინანულის დანერგვას, მაშინ მოვლენების ამდაგვარი გაშუქება მისაღებია, მაგრამ არ შეიძლება საკუთარი რეიტინგის გაზრდის გამო იდიოტურ მდგომარეობაში ჩააყენო დაზარალებულები და თავადაც შეუერთდე მათ რიგებს… და იყო იდიოტი! მედიის ეს არაჯანსაღი სიყვითლე გრძელვადიან მკურნალობას საჭიროებს! ყვითელი ფერი არ არის ჯანმრთელი საზოგადოების ფერი!

ბრეივიკის აღსარება არ ჰგავს აბდალაძის, ან სხვა ფოტოგრაფის აღიარებით ჩვენებას. ამას ზუსტად ახსოვს, სად და როდის შექმნა ფიქტიური კომპანიები სასუქის შეძენის მიზნით, რომლის დამუშავებითაც იღებდა ასაფეთქებელ ნივთიერებას! ისიც ახსოვს, რომ 2005 წელს შეიარაღების კლუბში გაწევრიანების შემდეგ ადვილად შეიძინა Glock 17 მოდელის პისტოლეტი. მართალია დღეს უკვე ბრეივიკს მიზანში სროლა აუკრძალეს, მაგრამ მოღვაწეობას სპორტის სხვა სახეობაში გააგრძელებს: ციხეში კარგი სპორტული დარბაზია, კლდეზე ცოცვის ხელოვნური კედელი, ჯანსაღი კვება… ერთ რამეს ვკითხავდი ციხის დირექტორს – რისთვის ამზადებთ პატიმრებს? გაქცევისთვის? ან ესენი ვერ არიან დალაგებული, ან მე ვალაგებ ჯერ კიდევ დაუვარცხნელ აზრებს… ეს სამყარო შეიშალა!

ანდერს ბრეივიკის სახელი მალე ჩაიწერება სერიული მკვლელების სიაში. ამ გვერდზე შესვლის შემდეგ ისეთი განცდა გრჩება, რომ ქაუნთერ სთრაიქის ოფიციალურ ჩემპიონატის შედეგებს ეცნობი – ამას თურმე 150 მოუკლავს, იმას 50, ამას მხოლოდ 5 მოკვლა დასცალდა… ვერ ყოფილა მთლად მოწოდების სიმაღლეზე! ანდერს ბრეივიკმა 2 ტურის შედეგად 80-მდე მოკლა და 97 დაჭრა. სერთიფიცირებული მკვლელია მე მოვკვდე! თან პროფესიით მენეჯერი ყოფილა. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ყველაზე გულისამრევი თამაში წინ გველის – რომელიმე ქერათმიანი მსახიობის მონაწილეობით აუცილებლად გადაიღებენ მხატვრულ ფილმს, სავარაუდო სათაურით „ნორვეგიული ტყე“, რომელშიც გას ვან სენტის ფილმის „სპილო“ მსგავსად მიაწერენ მსხვილი შრიფტით „ეყრდნობა რეალურ მოვლენებს…“

P.S. ნორვეგიაში მყოფი ქართველი გოგონა, თამთა ლიპარტელიანი დაკარგულთა სიაში აღმოჩნდა, რომელიც ბრიტანულმა გამოცემა “გარდიანმა”გაავრცელა . მე დიდი იმედი მაქვს, რომ გადარჩა…

საქართველოს საზღვრებთან ახლოს, მცირერიცხოვანი მოსახლეობითა და მრავალსაუკუნოვანი ისტორიით ქალაქი ალავერდი დგას, რომელშიც თამარ მეფის დროინდელ ქართულ კულტურას ბერმუხასავით გაუდგამს ფესვები. მე-XIII საუკუნის ხურითმოძღვრების პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი ძეგლი „ახტალა“ აღმოჩნდა, რომლის აგებულებაც და მოხატულობაც (ფრესკები) წმინდა ქართულია. თუმცა იქვე აღმართულ საინფორმაციო დაფაზე, რომელზეც ქართული ენის გარდა სხვა დანარჩენ 5 ენაზე ტაძრის შესახებ ინფორმაციას წაიკითხავთ, ვერსად ამოიკითხავთ თამარ მეფის, ივანე მხარგრძელისა და ზოგადად ქართველების კვალს. არადა ტაძარში შესულ ჯგუფს სწორედ რომ ქართველების სამარხებზე, მათ კვალდაკვალ გვიწევდა სიარული… მელიქიშვილების შტო სწორედ ერთ-ერთი ის ფესვია, რომელიც ვერადავერ ამოძირკვა დრომ. თუმცაღა საფლავის მრავალი ქვა დაბზარა, რომლის აღდგენას არავინ ჩქარობს.

ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ „ახტალას“ ქართულ წარმომავლობას არც UNESCO-ს პროტექცია და არც USAID-ის პატრონაჟი (უ)შველის. დრონი მეფობენ და არა მეფენი, რომელსაც ალავერდში განგებ არ ახსენებენ! თუმცა, სამართლიანობა ითხოვს აღინიშნოს, რომ ალავერდში არსებულ „თამარ მეფის ხიდს“ სომხებიც ასე მოიხსენიებენ. ეს არ არის ერთადერთი ისტორიული და კულტურული (თუ სიმბოლური) ხიდი ქართველებსა და სომხებს შორის – ადგილობრივი მოსახლეობა პროდუქტს ძირითადად ლილოს ბაზრობაზე იძენს, სამკურნალოდ თბილისში დადიან, ალავერდში და მის იქითაც სომხურ დრამთან ერთად ქართული ეროვნული ვალუტა მოქმედებს, რომლითაც საქართველოში დაბრუნებისას 3,360 გრამი გარგარი შევიძინეთ 4 კგ-ს ფასად… როგორც ვაჭარი გვეფიცებოდა იმაში, რომ „ამ ვედროში 4 კგ-ზე მეტი დევსო!“, ისე ეფიცებიან თურმე „ახტალაში“ და სხვა ქართულ, ან ქართულ-სომხურ ტაძრების სანახავად ასულ ტურისტებს სომეხი ჟამთა აღმწერნი „ეს არქიტექტურული ძეგლები სომხების აშენებულიაო“!

PR-ის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია თუ ჩვენ არ ვიზრუნეთ საკუთარ იმიჯზე, ამას ჩვენს მაგივრად სხვა იზამს! ხოდა ზრუნავენ „როგორც შეუძლიათ“… ალავერდში მივხვდი, რომ ჩვენს წინაპრებს საქართველო შარვალივით ჰქონდათ მოხდენილი, მერე მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში, ორჯონიკიძ წყალობით, ბრიჯივით შეგვიმოკლეს; 90-იან წლებში შორტივით დაგვიპატარავდა და 21-ე საუკუნეში ტანგა ტრუსიკივით გვაქვს ეს ქვეყანა – გვიჭერს და ვეღარ ვმოძრაობთ! 4 კგ-ს ფასად ნაყიდ 3,360 გრამ გარგარს კი არ ვუჩივი! ამ ფასად გაყალბებულ ისტორიას მივტირი, რომელზეც, მადლობა ჩვენს ხელოვნებათმცოდნეებსა და ისტორიკოსებს, დიდად შესტკივათ გული და პატარ-პატარა ჯგუფებად დარაზმულნი ავრცელებენ ინფორმაციას – საქARTველო სომხეთში!